საქმე №ას-516-2024 18 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ს–ი (მოსარჩელე, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მ.დ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით:
1.1. ა.ს–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი მოპასუხე, ბავშვების დედა, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მ.დ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე მოპასუხე ან ბავშვების მამა) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. არასრულწლოვანი ბავშვების - ე.დ–ისა და ნ.დ–ის (შემდეგში: ბავშვები ან არასრულწლოვნები) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;
1.3. არასრულწლოვანი ბავშვების მამას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვების პასპორტების აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.4. დანარჩენ ნაწილში ბავშვების დედის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.5. ბავშვების მამის სარჩელი ბავშვების დედის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.6. შეწყდა მხარეთა შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის N62200930040, რეგისტრაციის თარ: 05.03.2009 წელი, ქორწინების მოწმობა N62161000120) განქორწინებით;
1.7. ბავშვების მამას მიეცა უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს თავის არასრულწლოვან შვილებთან თვის ყოველი მეორე კვირის პარასკევის 18 საათიდან კვირას 18 საათამდე, მათ შორის დედის საცხოვრებელი ადგილიდან, არასრულწლოვნების სურვილის შესაბამისად, მათი წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
1.8. მეორე მოსარჩელის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბავშვების დედის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა არასრულწლოვანი ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის ბარათების (,,social security”) გამოთხოვაზე (გადაწყვეტილების 1.3. პ.); ბავშვების მამისაგან გამოთხოვილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების სახელზე გაცემული სოციალური უზრუნველყოფის ბარათები (,,social security”) და აღნიშნული ბარათები გადაეცა ბავშვებს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
3. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრით შედავებულ ნაწილში ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
3.1. პირველი და მეორე მოსარჩელეები რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 5 მარტიდან იმყოფებიან;
3.2. პირველ და მეორე მოსარჩელეებს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2009 წლის 15 მარტს დაბადებული ე.დ–ი და 2011 წლის 1 აგვისტოს დაბადებული ნ.დ–ი;
3.3. მეორე მოსარჩელემ, 2016 წელს, ე.წ. ,,მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. 2017 წელს, მეორე მოსარჩელე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ), 2020 წლის ივლისის თვეში კი - პირველი მოსარჩელე შვილებთან ერთად. აშშ-ში წასვლამდე ე.დ–ი იყო ჭიათურის 1-ელი საჯარო სკოლის მე-5 კლასის, ხოლო ნ. - ამავე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე. ისინი 2019 წლიდან აშშ-ში პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფესტერვილში ცხოვრობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერიოდში მეუღლეები ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მეუღლეები მუშაობდნენ, ბავშვები კი სკოლაში დადიოდნენ. ბავშვები სწავლობდნენ “მაპლ პოინტის” საშუალო სკოლაში, ნაციონალური ბლუ რიბონის (ლურჯი ლენტის) სკოლა. ხოლო ოჯახი ცხოვრობდა ბავშვებთან ერთად ბინა 43-ე, 301 ჰეითსი, ფისტერვილ ტრევოსა, პენსილვანია 19053;
3.4. ნეშამინის სასკოლო უბნის 2022 წლის 9 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბავშვები ირიცხებიან ,,Maple Point“-ის საშუალო სკოლაში. ასევე საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 25 ნოემბერს ბავშვების დედისათვის გაცემული სადაზღვევო ბარათი. აღნიშნული დოკუმენტებით ასევე დასტურდება პირველი მოსარჩელისა და მისი შვილების საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, იგივე ადგილი, სადაც პირველი ჩასვლის დროს ცხოვრობდნენ ბინა - 43-ე, 301 ჰეითსი, ფისტერვილ ტრევოსა, პენსილვანია 19053;
3.5. არასრულწლოვან ბავშვებთან, 12.10.2022 წელს, გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ არასრულწლოვნების სურვილია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნება და სწავლა. იქ ჰყავთ მეგობრები, კარგი პედაგოგები, მათთვის იქ არის კეთილსაიმედო გარემო;
3.6. სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მიმოწერებით დასტურდება ის გარემოება, რომ ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის ბარათები, ე.წ. ,,social security“, მამასთან ინახება.
4. პირველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ქორწინების შეწყვეტა - განქორწინებით და უფლების დამადასტურებელი დოკუმეტების (ე.წ. ,,გრინკარდი“ და ,,სოუშელი“) დაბრუნება.
5. ბავშვების დედის სააპელაციო საჩივრით სადავო ნაწილში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც ბავშვების მამას სურს, კერძოდ, განქორწინებით ქორწინების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1122,,გ“ (ქორწინება წყდება განქორწინებით) და 1127.3-ე (განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც ბავშვების დედას სურს, კერძოდ, უფლების დამადასტურებელი დოკუმეტების დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 170.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ქორწინების შეწყვეტაა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლიდან გამომდინარე, სწორედ პირველმა მოპასუხემ (აპელანტი) უნდა დაამტკიცოს, რომ ბავშვების მამას (მეორე მოსარჩელეს) კვლავ სურს მასთან ერთად ცხოვრება და ქორწინებიდან გამომდინარე ნებაყოფლობითი კავშირი, თუმცა ამ ფაქტის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო წარმოების ეტაპზე მეორე მოსარჩელის პოზიციით ასეთი ნების არსებობა არ დადასტურდა.
8. ზემოთ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მეორე მოსარჩელის პირადი უფლებების ხელყოფას-ნებაყოფლობით კავშირში იმყოფებოდეს პირველ მოსარჩელესთან, რაც დაუშვებელია და რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
9. მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იმ საკითხის გარკვევა-შეფასება, ბავშვების მამა ფლობს თუ არა სადავო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, გააჩნია თუ არა მისი მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა მათი მესაკუთრეების ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
11. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვიდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ას: №ას-709-2022, 30.09.2022 წ.).
12. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ-ები: №ას- 1082-1039-2016, 14.02.2017 წ.; №ას-1043-1004-2016, 12.12.2016 წ.; №ას-901-867-2016, 9.12.2016 წ.; №ას-750-718-2016, 13.10.2016 წ.; №ას-3-3-2016, 09.03.2016 წ.; №ას-1032-952-2017, 17.10. 2017 წ.; №ას-1375-1295-2017, 22.12. 2017 წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პირველი მოსარჩელე და არასრულწლოვანი ბავშვები სადავო დოკუმენტების მესაკუთრეები არიან.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ბავშვებთან გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვების სურვილია იცხოვრონ და ისწავლონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ისინი ირიცხებიან სკოლაში და აქვთ საცხოვრებელი. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს და ამყარებს ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ კუთხით გამოიკვლია ბავშვების საუკეთესო ინტერესები და მისივე გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ბავშვების მამას შეუზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების პასპორტების აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე. მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში გასაჩივრებული არ არის და შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამდენად, სასამართლოსათვის უპირატესია ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.
16. საქართველოს კანონის ,,ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება.
17. მოცემული დავის კვლევის საგანი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრაა, თუ რა იქნება ბავშვების, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრების, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო.
18. მხარეთა შორის არსებული სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასების კუთხით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ მეორე მოპასუხე ფლობს სადავო დოკუმენტებს, პირველი მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებაა.
20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
21. საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილთაგან სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არც ერთს არ გააჩნია. ერთადერთი საგამონაკლისო ნორმა, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების ამ სტანდარტისგან განსხვავდება, 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი და პრეიუდიციული ფაქტებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი მათგანი სახეზე არ არის.
22. ამასთან, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება.
24. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მიმოწერებით დასტურდება ის გარემოება, რომ არასრულწლოვნების სოციალური უზრუნველყოფის ბარათები, ე.წ. ,,social security“, ინახება მათ მამასთან და მიუხედავად მათი მოთხოვნისა, იგი არ აბრუნებს მათ, რაც ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
25. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ე.წ. მწვანე ბარათების - „GREEN CARD”-ის დაბრუნების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხე არ ფლობს სადავო დოკუმენტებს, ვინაიდან ამ გარემოებას კატეგორიულად უარყოფს მეორე მოპასუხე, ხოლო პირველ მოსარჩელეს ამ გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნული კი გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
26. სსსკ-ის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
27. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ ნაწილში პირველი მოსარჩელის (აპელანტის) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად კი, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
28. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
28.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მეორე მოსარჩელის სარჩელის, განქორწინების ნაწილში, უარყოფა მოითხოვა.
28.2. კასატორის განმარტებით, მან სათანადო მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო დოკუმენტები (ე. წ. „მწვანე ბარათები“) ბავშვების მამის მფლობელობაშია;
28.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მეორე მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინებასთან დაკავშირებით არ უნდა დაეკმაყოფილებინა და მხარეთათვის 6-თვიანი შესარიგებელი ვადა უნდა მიეცა.
28.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით ბავშვების დედის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
28.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვების დედის საკასაციო საჩივარი ორ პრეტენზიას მოიცავს, კასატორი არ ეთანხმება განქორწინებას და მას ე.წ. „გრინ ქარდების“ მეორე მოპასუხისაგან დაბრუნება სურს.
31. საკასაციო სასამართლო განქორწინებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
32. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა. ამასთან, მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
34. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).
35. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ, განქორწინებასთან დაკავშირებით, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მხარეთა შორის თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მეორე მოსარჩელეს არ სურს პირველ მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნა. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მეორე მოსარჩელეს არ სურს პირველ მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: Nას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ; Nას-813-2019, 14.02.2020 წ;).
36. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი და მეორე მოსარჩელეების განქორწინებასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
37. კასატორის მეორე მოთხოვნა ბავშვების მამისაგან ე.წ. „მწვანე ბარათების“ დაბრუნებას შეეხება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა სადავო დოკუმენტების ბავშვებისათვის დაბრუნების მნიშვნელობაზე, თუმცა არასწორად დაადგინა, რომ ე.წ. „მწვანე ბარათებს“ ბავშვების მამა არ ფლობს (იხ. ამ გადაწყვეტილების 25-ე პუნქტი).
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას - ვინც უარყოფს.
39. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება (იხ. სუსგ №ას-1320-2019, 14.01.2020წ.).
40. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 06.03.2017წ.).
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბავშვების მამა ფლობს როგორც ე.წ. ,,სოუშელს“, ასევე - ე.წ. ,,გრინკარდს“. სააპელაციო სასამართლოს მეორე მოპასუხის მიერ სადავო მწვანე ბარათის ფლობა არ უნდა გამოერიცხა, რადგან თავად მეორე მოპასუხე (არასრულწლოვნების მამა) ადასტურდებდა, რომ სადავო დოკუმენტებს ის ფლობდა და ბავშვებს არ დაუბრუნებდა (იხ. მოპასუხის შესაგებელი-ტ.2, ს.ფ. 121, სადაც მოპასუხე უთითებს, რომ მასაც აქვს უფლება ფლობდეს შვილების დოკუმენტაციას და საამისოდ არ არის საჭირო მოსარჩელესთან (ბავშვების დედასთან) შეთანხმება, რადგან ორივე მშობელს თანაბარი უფლებები გააჩნიათ შვილების მიმართ).
42. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო დოკუმენტები არასრულწლოვნების დედას უნდა დაბრუნებოდა. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ დასკვნას არ იზიარებს, რომ სსკ-ის 172.1-ე მუხლის შესაბამისად სახეზე არ იყო მეორე მოპასუხის მიერ სადავო „გრინ ქარდების“ ფლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა დედა და თავად არასრულწლოვნები გასაუბრების ოქმებში აცხადებენ, რომ მამამ საბუთები დამალა და დედას არ უბრუნებს, რადგან მათი აშშ-ში დაბრუნება არ სურს (ტ. 2, ს/ფ 78-88). საქმეში წარმოდგენილია სატელეფონო მიმოწერა მამასა და არასრულწლოვან შვილს შორის, სადაც შვილი მამას ე.წ. „მწვანე ბარათების“ დაბრუნებას სთხოვს, იმისათვის, რომ აშშ-ში დარჩენა შეძლონ, მამა კი უარზეა და შვილებს საქართველოში ჩამოსვლას სთხოვს და ჰპირდება, რომ ე. წ. „მწვანე ბარათებს“ ამის შემდეგ დაუბრუნებს (ტ. 4, ს/ფ 67-72). ხსენებულ მიმოწერაში არასრულწლოვანი ანა მამას წერს, რომ „...დედა ჩამოვა და მიეცი“, მამა კი პასუხობს „ხოდა კარგად იყავით. ის გრინქარდებიც ჩემთან იქნება...“; არასრულწლოვანი ბავშვი - „...მე ჩამოვყვები დედას და მიეცი“, ბავშვების მამა - „კარგი. როცა გრინქარდებიც მოვა ერთად გნახავთ ყველას და გადმოგცემთ“; შვილი - „ახლა მომეცი. ვიცი რომ ორივე გაქ“; მამა - „კარგი წავედი მამი არ გინდათ ჩემი ნახვა და როცა მოგინდებათ დამირეკეთ“; შვილი - „მოდი ჩამოვალ და მომეცი. სხვა რა ვქნა“; მამა - „ჯერ გრინქარდები არ მოსულა, როცა მოვა ორივეს ერთად მოგცემთ“.
43. ამ გადაწყვეტილების 42-ე პუნქტში მომხმობილმა მტკიცებულებებმა და იმ გარემოებამ, რომ მეორე მოპასუხეს ე. წ. მწვანე ბარათების ფლობის ფაქტი არ უარუყვია, საკასაციო სასამართლო დაარწმუნა პირველი მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობაში, რომ მამამ დედას სოციალური უზრუნველყოფის ბარათებთან ერთად, ე. წ. „მწვანე ბარათებიც“ უნდა გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს მოკლებულია მსჯელობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების მნიშვნელობაზე, რადგან სწორედ „მწვანე ბარათებია“ არასრულწლოვნების მართლზომიერი ცხოვრებისა და შესაბამისი საფეხურის განათლების თუ სხვა მომსახურების მიღების სამართლებრივი საფუძველი აშშ-ში.
44. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სამართლებრივი შეფასებისა და საკასაციო წესით გასაჩივრებულ ნაწილში ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოწინააღმდეგე მხარეს, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300ლარის ნახევრის, 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 411-ე, 257.1, 264.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (ბინადრობის უფლების ე.წ. „GREEN CARD-ის“ დაუბრუნებლობის ნაწილში) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.დ–ისაგან (პირადი #.......) გამოთხოვილ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვების: ე.დ–ის (პირადი #.......) და ნ.დ–ის (პირადი #........) ბინადრობის უფლების დამადასტურებელი ბარათები ე.წ. „GREEN CARD“;
4. დანარჩენ ნაწილში ა.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
5. მ.დ–ს (პირადი #.........) ა.ს–ის (პირადი #............) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური