Facebook Twitter

საქმე №ას-637-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – გ.შ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ვა (მოპასუხე)

II კასატორი – ზ.ბ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.შ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ.შ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, დაზარალებული, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი ზ.ბ–ვას (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 65 465.88 ლარის გადახდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად, 25 000 ლარისა და 19 518.34 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. უძრავი ქონების მდებარე ქ. ფოთი, ........, ს.კ. .......; დაზუსტებული ფართი 116 300 კვ.მ-ის მესაკუთრეა მოსარჩელე.

3.2. მოპასუხემ ქ. ფოთში, ........ შპს „ს.გ.წ.კ–ის“ წყლის რეზერვუარების მიწით დაფარვის სამუშაოების განხორციელებისას წყლის რეზერვუარები შეფუთა ქ.ფოთში, ...... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ......) ამოთხრილი მიწით.

3.3. მოპასუხე ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის (N1/402- 19) განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამოთხარა და ფარულად დაეუფლა 2604.45მ3 მიწას, რამაც დიდი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

3.4. მოსარჩელე ფოთის რაიონული პროკურატურის 2019 წლის 27 ივლისის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი.

3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 მარტის N 001908619 დასკვნის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ......., ს.კ. ........, საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 6 745 400 ლარს, ხოლო აღნიშნული ტერიტორიიდან მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ საორიენტაციოდ შეადგენს 6 720 400 ლარს.

3.6. ქ. ფოთში, ......... არსებული უძრავი ქონებიდან 2604.45 კვ.მ. მიწის ამოთხრისა და გატანის შედეგად მიღებული ზიანი, 2015 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 25 000 ლარს.

3.7. 2019 წლის 22 ივლისის N005032119 დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ ამოთხრილი მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 65 465.88 ლარს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღრმული უნდა შეივსოს, მოშანდაკდეს ტერიტორია და შეტანილი იქნეს მცენარეული მიწა-ბელტები. მიწა-ბელტების ღირებულება შეადგენს 19 518.34 ლარს.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მისი დასკვნები სრულად იქნა გაზიარებული.

4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა მიყენებული ზიანის 65 465.88 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 28 968 682.288 ლარის და ზიანის სახით 19 518.34 ლარის გადახდას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს, ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 65 465.88 ლარის, ასევე 25 000 ლარისა და 19 518.34 ლარის გადახდა.

4.2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და ზიანის მოთხოვნილი ოდენობით ანაზღაურება, აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე/აპელანტმა განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის მოთხოვნილი სახით დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მხარე მზადაა, ნატურით აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა და შესაბამისად, აღნიშნულის ნაცვლად შეუსაბამო ოდენობით ფულადი სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, აპელანტის შეფასებით გაუმართლებელია, არ შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 992-ე მუხლით განსაზღვრულია დელიქტური ვალდებულების უზოგადესი წესი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), რომლის წინაპირობებიც არის: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა („გენერალური დელიქტი“). მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია ზიანის მიმყენებელს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, მაგალითად, ზიანის მიმყენებლის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არარსებობისას.

4.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ......, ს.კ. ......., დაზუსტებული ფართი 116 300 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე. მოპასუხემ ქ.ფოთში, ....... შპს „ს.გ.წ.კ–ის“ წყლის რეზერვუარების მიწით დაფარვის სამუშაოების განხორციელებისას წყლის რეზერვუარები შეფუთა ქ. ფოთში, ......... მდებარე დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2604.45 კბ.მ ამოთხრილი მიწით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს N1/402-19 განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

4.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ ამოთხრილი და გატანილი მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 65 465.88 ლარს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღრმულის შევსების, მოშანდაკების და მცენარეული მიწა-ბელტების შეტანის ღირებულება შეადგენს 19 518.34 ლარს. უდავოდ დადგენილია და მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ამოთხარა და გაიტანა მიწა.

4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მან სისხლისსამართლებრივი დევნის, მისი დამნაშავედ ცნობის და მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ამ უკანასკნელს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სახეზეა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის - მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 65 465.88 ლარის და მიწის ნაკვეთზე არსებული ღრმულის შევსების, მოშანდაკების და მცენარეული მიწა-ბელტების შეტანის ღირებულების 19 518.34 ლარის დაკისრების მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა მიუღებელი შემოსავლის 28 968 682.288 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ - 25 000 ლარის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს.

4.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მისთვის ფულადი ანაზღაურების დაკისრების ნაცვლად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის დავალდებულების შესახებ.

4.8. მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 28 968.288 ლარის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიუთითა უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე, რომელთაც სურდათ არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა, თუმცა მიყენეული ზიანის გამო სადავო მიწის ნაკვეთი უვარგისი და გამოუყენებელი გახდა. შესაბამისად, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმართ გაქრა და უარი განაცხადეს უძრავი ქონების შესყიდვაზე. აღნიშნულის დამადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 1კვ. მეტრზე განისაზღვრა 100 აშშ დოლარით. ამის საპასუხოდ მოპასუხემ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მეორე მხარის ხელმოწერა გახადა სადავოდ და მიუთითა მის არაავთენტურობაზე.

4.9. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია, როგორც მხარეთა შორის სადავო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულება 2015 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 6 745 400 ლარს, ხოლო მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ მისი ღირებულება შემცირდა და საორიენტაციოდ შეადგინა 6 720 400 ლარი, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 25 000 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის - 28 968 682.288 ლარის ოდენობით არსებობა და მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი რეალურად 25 000 ლარს შეადგენს. ამასთან, მხარეთა შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე დავის არარსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის დასკვნა, რომელმაც განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და ასევე მოპასუხის მიერ მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ მიყენებული ზიანის ოდენობა.

4.10. მოპასუხე სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებებს მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 დეკემბრის კ.ა–ვის განცხადების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისა და საქმიდან ამოღების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობა.

4.11. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომლის ფარგლებშიც სადავოდ გამხდარი 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების მონაწილე პირი - კ.ა–ვი ადასტურებს ხელშეკრულების დადების ნამდვილობას.

4.12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოხსენებული პრეტენზია და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება წარმოდგენილ სადავო მტკიცებულებას და კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, უფრო მეტიც, წარმოდგენილი ხელშეკრულება და სადავო განცხადება არ არის გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა და მტკიცებულების საქმიდან ამოღების საჭიროება.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. პირველი კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიის თანახმად სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ ინვესტორებთან, რომელთაც უნდა შეესყიდათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. თუმცა, ვინაიდან მიყენებული ზიანის გამო სადავო მიწის ნაკვეთი უვარგისი და გამოუყენებლი გახდა, ინვესტორებმა დაკარგეს ინტერესი და უარი განაცხადეს უძრავი ქონების შეძენაზე. მხარეებს შორის დადებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი კვ მეტრის ფართობის ფასად განისაზღვრა 100 აშშ დოლარი, რამაც ჯამში შეადგინა 12 638 600 აშშ დოლარი, სარჩელის შეტანის დროისთვის, 2022 წლის 7 მარტისთვის, 1 აშშ დოლარი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ღირდა 3.2744 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა მიუღებელი შემოსავალი 8 847 020 აშშ დოლარი, რაც სარჩელის შეტანის დროისთვის შეადგენდა 28 968 682.288 ლარს. აღნიშნულს დამადასტურებლად კი მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები.

6.2. მეორე კასატორმა (მოპასუხემ) მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა. ამასთან, კ.ა–ვის 2022 წლის 23 დეკემბრის განცხადების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა და საქმიდან ამოღება.

6.3. მოპასუხის (მეორე კასატორი) პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულება და არასწორად დაასკვნა, რომ 2019 წლის 22 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებული მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისთვის - ნაკვეთის პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად საჭიროა 65 465.88 ლარი და 19 518.34 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში სადავოდ გახადა აღნიშნული საკითხი და მიუთითა, რომ 2019 წლის 22 ივლისის N 005032119 და 2019 წლის 25 დეკემბრის N 008974019 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დაზიანებული მიწის პირვანდელ მდგომარეობამდე აღსადგენად ჯამში საჭიროა 65 465.88 ლარი. კერძოდ, დაზიანებული მიწის ნაკვეთისთვის საჭიროა - 2604.45 კუბური მეტრი გრუნტის შეტანა, გრუნტის უკუჩაყრა, მოსწორება და მიწა-ბელტების შეტანა/დაგება. მეორე კასატორის განმარტებით, 2019 წლის 22 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ქ. ფოთში, ........ ქუჩა N16 მდებარე მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისთვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, N1 დანართის თანახმად შეადგენს 65 465.88 ლარს. პირველ რიგში უნდა შეივსოს ტერიტორიაზე არსებული ღრმული, მოშანდაკდეს ტერიტორია და შეტანილ იქნას მცენარეული მიწა-ბელტები. მიწა-ბელტების ღირებულება N1 დანართის თანახმად დღგ-ის გარეშე შეადგენს 19 518.34 ლარს. ამავდროულად 2019 წლის 25 დეკემბრის N008974019 ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილით, 2015 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, სამშენებლო რესუსრული ფასებით, გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეკულტივაციის სამუშაოების ღირებულება, რომელიც N1 დანართის თანახმად 65 431.38 ლარს შეადგენს.

6.4. მოპასუხის (მეორე კასატორის) განმარტებით, ზემოხსენებული ორი ექსპერტიზის დასკვნით ცხადია, რომ რეკულტივაციისთვის საჭირო თანხა 65 465.88 ლარი მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას და რესურსების ღირებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მოსაზრებით 65 465.88 ლართან ერთად 19 518.34 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა.

6.5. მეორე კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მიწის ამოთხრისა და გატანის შედეგად, მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა 25 000 ლარის ზიანი.

6.6. მეორე კასატორის განმარტებით, 2019 წლის 22 მარტის ექსპერტიზის N001908619 დასკვნის მიხედვით, მიწის დაზიანებამდე მისი საბაზრო ღირებულება იყო 6 745 400 ლარი, ხოლო მისი დაზიანების შემდეგ, მისი ღირებულება შემცირდა 25 000 ლარით და შეადგინა 6 720 400 ლარი. დასკვნის თანახმად, ქონების ღირებულების 25 000 ლარით შემცირებით, ქონებას მიადგა 25 000 ლარის ზიანი. კასატორის მტკიცებით, 25 000 ლარი, ისევე, როგორც რეკულტივაციის საჭირო თანხა 65 468,88 ლარი არის არა მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული, არამედ უშუალოდ მიწის დაზიანების გამო, ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. მოპასუხის მოსაზრებით ცალკე საკითხია ფაქტობრივად დამდგარი რომელი ზიანი უნდა ჩაითვალოს მოსარჩელისთვის რეალურად მიყენებულ ზიანად.

6.7. მოპასუხის განმარტებით, მიწის რეკულტივაციის შედეგად, მიწის პირვანდელი მდგომარეობა აღდგება, მისი საბაზრო ღირებულება გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ 25 000 ლარიანი ზიანი აღმოიფხვრება, ხოლო მიწის პირვანდელი მდგომარეობის აღუდგენლობისას, მიყენებული ზიანის ოდენობა დარჩება 25 000 ლარი. მეორე კასატორის მოსაზრებით, მიწის დაზიანების გამო მოსარჩელეს არ მისდგომია 65 468.88 ლარის და 25 000 ლარის ზიანი ერთად. მისი განმარტებით, უძრავი ქონების არ/ვერ გაყიდვის გამო, მიუღებელი ნასყიდობის საფასური არ წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რადგან გამყიდველს არ განუცდია წმინდა ეკონომიკური დანაკარგი. მას საკუთრებაში დარჩა უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 25 000 ლარით შემცირდა.

6.8. მეორე კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სასამართლოს არ შეუფასებია 2017 წლის 19 დეკემბრის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ავთენტურობა, რომლითაც დასტურდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის 28 968 682.288 ლარის მიყენების ფაქტი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

11. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-1027-2020, 27.11.2020წ.; N ას-634-2021, 4.11.2021წ.; N ას-1363-2021, 5.04.2022წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-859-2023, 20.10.2023წ.)

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის/მოსარჩელის პრეტენზიას მოპასუხისთვის, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის, 28 968 682.288 ლარის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე მიყენებული ზიანის გამო ინვესტორებმა უარი განაცხადეს ქონების შესყიდვაზე და მიუთითა 2017 წლის 19 დეკემბრის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელშიც უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 1კვ. მეტრზე განისაზღვრა 100 აშშ დოლარით.

13. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს.

14. „ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სუსგ-ები №ას-940-2021, 01.12.2021 წ.; №ას-607-2022, 15.02.2023წ.; №ას-1138 -2023, 26.12.2023წ.;).

15. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება არ არის წინასწარ სავალდებულო. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.) (იხ. სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022 წ.; №ას-666-2022, 07.07.2022წ.; ას-1038-2022, 20.07.2023წ.; №ას-687-2021, 16.05.2024წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია როგორც მხარეთა შორის სადავო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულება, 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 6 745 400 ლარს, ხოლო მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ მისი ღირებულება შემცირდა და საორიენტაციოდ შეადგინა 6 720 400 ლარი. შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 25 000 ლარი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ თავის მტკიცების ფარგლებში ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის - 28 968 682.288 ლარის ოდენობით არსებობა.

18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების უდავოდ აღიარების შემთხვევაშიც, სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა მასში დაფიქსირებულ ფასს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სპეციალური ცოდნის მქონე პირის ექსპერტის დასკვნა, რომელმაც განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მოპასუხის მიერ მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ მიყენებული ზიანის ოდენობა.

19. მეორე კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე 2015 წელს, ქ. ფოთში, ........ ქუჩა #2-ში აწარმოებდა შპს „ს.გ.წ.კ–ის“ წყლის რეზერვუარების მიწით დაფარვის სამუშაოებს. მოპასუხემ წყლის რეზერვუარები შეფუთა ქ. ფოთი, ........ ქუჩა #16-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ამოთხრილი მიწით, რისთვისაც მან დაიქირავა სპეციალური ტექნიკური საშუალებები მძღოლებთან ერთად, რომელთა მეშვეობითაც დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამოთხარა და ფარულად დაეუფლა 19 518,34 ლარის ღირებულების 2604, 45 კუბურ მეტრ მიწას, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

20. ფოთის რაიონული პროკურატურის დადგენილებით 2019 წლის 27 ივლისს მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. დადგენილების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოპასუხე უკანონოდ შეიჭრა მოსარჩელის საკუთრებაში სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელთა მეშვეობითაც მესაკუთრის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოთხარა და ფარულად დაეუფლა 2604,45 კუბურ მეტრ მიწას, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ამასთანავე, აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზიანდა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რითაც ამ უკანასკნელს ჯამში 65 465.88 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრულია დელიქტური ვალდებულების უზოგადესი წესი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), რომლის წინაპირობებიც არის: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა („გენერალური დელიქტი“). მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია ზიანის მიმყენებელს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, მაგალითად, ზიანის მიმყენებლის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არარსებობისას.

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ........ ქუჩა N16, ს.კ. ......, დაზუსტებული ფართი 116 300 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე. მოპასუხემ ქ.ფოთში, ........ ქუჩა #2-ში შპს „ს.გ.წ.კ–ის“ წყლის რეზერვუარების მიწით დაფარვის სამუშაოების განხორციელებისას წყლის რეზერვუარები შეფუთა ქ. ფოთში, ........ ქუჩა #16-ში მდებარე დაზარალებულის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2604.45 კბ.მ ამოთხრილი მიწით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს N1/402-19 განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

23. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ ამოთხრილი და გატანილი მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 65 465.88 ლარს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღრმულის შევსების, მოშანდაკების და მცენარეული მიწა-ბელტების შეტანის ღირებულება შეადგენს 19 518.34 ლარს.

24. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ფაქტი, რომ მან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ამოთხარა და გაიტანა მიწა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მან სისხლისსამართლებრივი დევნის, მისი დამნაშავედ ცნობის და მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შემდეგ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, შესაბამისად სახეზეა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის - მიწის ნაკვეთის რეკულტივაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 65 465.88 ლარის და მიწის ნაკვეთზე არსებული ღრმულის შევსების, მოშანდაკების და მცენარეული მიწა-ბელტების შეტანის ღირებულების 19 518.34 ლარის დაკისრების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები.

25. მოპასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მისთვის ფულადი ანაზღაურების დაკისრების ნაცვლად, მიწის ნაკვეთის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის დავალდებულების შესახებ საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 408-ე მუხლზე, რომელიც, სრულად გამოსწორების პრინციპის გარდა, მოიცავს ნატურით რესტიტუციის პრინციპსაც. ნორმის მიზანია დაზარალებულის ე.წ. შენარჩუნების ინტერესის დაცვა. შენარჩუნების ინტერესმა შეიძლება გადააჭარბოს ღირებულების ინტერესს. თუ ნატურით რესტიტუცია ზიანის კოპენსაციისთვის არასაკმარისია, დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ნატურით რესტიტუციის ზღვარი პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობაა. ზიანის ანაზღაურების (ნატურით რესტიტუციის ჩამნაცვლებელი) ფულადი კომპენსაციის ფორმით განხორციელების შემთხვევაშიც წინა პლანზე დგას შენარჩუნების და არა ღირებულების ანაზღაურების ინტერესი, რის გამოც კომპენსაციის გამოთვლისას გადამწყვეტია არა ნივთის რეალური ღირებულება, არამედ მისი აღდგენის ღირებულება. რესტიტუცია შეუძლებელია, თუ დაზიანებამ ნივთის სრული განადგურება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, თუ გვაროვნულ ნივთს ეხება საქმე, იმავე გვარის ჩამნაცვლებელი საგნის მიწოდებაც ნატურით რესტიტუციად უნდა ჩაითვალოს. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება, დამზიანებლისაგან მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, რათა ეს რესტიტუცია თავად განახორციელოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებული არ უნდა იყოს ვალდებული, მიანდოს რესტიტუციისათვის საკუთარი სიკეთე პირს, რომელმაც ის ცოტა ხნის წინ თავად ხელყო და უნდა ჰქონდეს ნატურით რესტიტუციის ვალდებულების ფულადი ანაზღაურების მოთხოვნით ჩანაცვლების უფლებამოსილება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 16-19; ელ. ვერსია http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-gecivil_code_comm_III_book.pdf; იხ. სუსგ-ები: ას-98-93-2010, 8.06.2010 წ.; №ას-1320-2020 28.01.2021 წ.; №ას-954-2023, 29.09.2023წ.; №ას-1224-2023, 16.11.2023წ.; №ას-1292-2023,26.12.2023წ.)

26. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო. შესაბამისდად მოპასუხის პრეტენზია, რომ უძრავი ქონების არ/ვერ გაყიდვის გამო, მიუღებელი ნასყიდობის საფასური არ წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რადგან გამყიდველს არ განუცდია წმინდა ეკონომიკური დანაკარგი, მას საკუთრებაში დარჩა უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებას 25 000 ლარით შემცირდა, დაუსაბუთებელია და მართებულად არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარმა ვერ გადალახა დასაშვებობის კანონით განსაზღვრული ზღვარი.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივად მიყენებულ ზიანთან ერთად, მოსარჩელის უძრავი ქონების ღირებულება შემცირდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მესაკუთრე ინვესტორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ღირებულება, 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 6 745 400 ლარს, ხოლო მიწის ამოთხრისა და გატანის შემდეგ, მისი ფასი შემცირდა და შეადგინა 6 720 400 ლარი, ანუ შემცირდა 25 000 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 25 000 ლარს.

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: ,,სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ; N ას-307-291-2011, 24.10.2011 წ; N ას-899-845-2012, 22.11.2012წ.; №ას-1398-2023 26.07.2024 წ., №ას-1097-2023 26.07.2024 წ.).

29. მეორე კასატორის/მოპასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2023 წლის 23 დეკემბრის კ.ა–ვის (რომელშიც სადავოდ გამხდარი 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების მონაწილე პირი კ.ა–ვი ადასტურებს ხელშეკრულების დადების ნამდვილობას) განცხადების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისა და საქმიდან ამოღებას ეხება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება მითითებულ სადავო მტკიცებულებას და ამ კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნული მტკიცებულება არ გაიზიარა არც პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად არ არსებობადა აღნიშნული მტკიცებულების საქმიდან ამოღების საჭიროება, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები შეაფასეს ერთობლივად და დავის გადაწყვეტის მიზნებიდან, ასევე წარდგენილი მტკიცებულებების დანიშნულებიდან გამომდინარე დაადგინეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მიეცათ დასაბუთებული სამართლებრივი შეფასება.

30. საკასაციო სასამართლომ მხარეთა საკასაციო საჩივრები შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად, კასატორების სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე მსჯელობას საკასაციო სასამართლი აღარ განავითარებს.

31. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენით უნდა წარიმართოს.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.შ–ვასა და ზ.ბ–ვას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.ბ–ვას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2024 წელს #22142436494 საგადახდო დავალებით გადახდილი 5499.21 ლარის 70% - 3849.44 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ნ. ბაქაქური