საქმე №ას-904-2024 12 აგვისტო, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ე.ფ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ვა (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ე.ფ–იას განცხადება ნ.ს–ვასა და რ.ბ–ას წინააღმდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა;
1.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხე ნ.ს–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდში ........, საკადასტრო კოდი: ......, ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
1.2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო ნ.ს–ვას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ზუგდიდში ......., საკადასტრო კოდი: ......., ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) განთავსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი -22 ცალი, რბილი ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4.2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) – 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი;
1.3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში მოპასუხე რ.ბ–ას (პ/ნ .....) ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის 122 865 (ასოცდაორი ათასრვაასსამოცდახუთი) ლარის ფარგლებში;
1.4. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, ე.ფ–იას სარჩელი რ.ბ–ას მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება რ.ბ–ას ანგარიშებზე ყადაღის დადების ნაწილში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ფ–იას სარჩელი ნ.ს–ვას წინააღმდეგ, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 25.03.2020 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე: ს/კ .......; ს/კ .......; ს/კ ......; მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რაც დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით (აღმასრულებლის აქტში მითითებული ფაქტობრივი მფლობელობის ოდენობით).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ.ს–ვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4.1. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება N2-4282-22 საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ......; .......; ......., ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 3000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ და 2000 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები);
4.2. ე.ფ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.3. ე.ფ–იას სარჩელი ნ.ს–ვას მიმართ, 2020 წლის 25 მარტს, მხარეთა შორის დადებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდებით: ........; ........; .......) ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დარჩა განუხილველად;
4.4. მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) დარჩა უცვლელად;
4.5. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ნ.ს–ვას აეკრძალა უძრავი ნივთების, საკადასტრო კოდებით: ......; ........; .........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (განჩინების მე-2 პუნქტი).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით ე.ფ–იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.
7. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს ე.ფ–იამ სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მომართა და მოითხოვა ნ.ს–ვას აეკრძალოს დაყადაღებული მოძრავი ნივთების გამოყენება, დავის დამთავრებამდე. ე.ფ–იას განმარტებით, მოძრავი ნივთების ექსპლუატაციით შეიძლება ეს ნივთები დაზიანდეს ან განადგურდეს, რის შედეგადაც მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ე.ფ–იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მოწესრიგებულია სსსკ-ის 191-ე მუხლით (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.
10. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამისათვის მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტიას, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სსსკ-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
11. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელ ე.ფ–იას სარჩელზე მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მიერ, გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი), რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს სასამართლოს ვარაუდს, რომ ე.ფ–იას სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოუყენებლობა არ გააძნელებს ან შეუძლებელს არ გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დავის საგანთან მიმართებით სავსებით შესატყვისი, დასაბუთებული და საკმარისია. გარდა ამისა, განცხადებაში ჩამოთვლილი მოძრავი ნივთები (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი) განკუთვნილია ჩვეულებრივი ყოველდღიური ექსპლუატაციისათვის, ხოლო განმცხადებლის არგუმენტი ამ ნივთებით სარგებლობისა და მათი გამოყენების გზით დაზიანების შესახებ დამაჯერებლობას მოკლებული და დაუსაბუთებელია.
12. საკასაციო სასამართლოს, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიაჩნია ე.ფ–იას მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისად, მოპასუხისათვის დაყადაღებული მოძრავი ნივთების სარგებლობისა და გამოყენების აკრძალვა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც მოსარჩელის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 191-ე, 198-ე, 284-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ფ–იას განცხადება, სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
რ. ნადარაია