Facebook Twitter

საქმე №ას-1104-2023 27 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი/კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ–ი, შპს „ს–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 25.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის/კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – 11.04.2022 წლის განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში; სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ 25.03.2022 წლის განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა/კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.მ–ის, შპს ,,ს–ის", თ.ჯ–ძის, დ.ბ–ძის, შპს ,,გ..."-ის, შპს ,,მ–ას", ლ.ს–ის, ლ.პ–ის, ქ.ვ–ძის, შპს, „ჭ–ის", ლ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 22.05.2019 წლის განჩინებით გაუქმდა 14.03.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.02.2021 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1.1. შ.მ–ს, თ.ჯ–ძეს, შპს ,,ს–ს“, შპს ,,გ..."-ს, შპს ,,მ–ას", ლ.ს–ს, ლ.პ–ს, ქ.ვ–ძეს, შპს ,,ჭ–ს" და ლ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 888 265,39 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. შ.მ–ს, თ.ჯ–ძეს, შპს ,,ს–ს“, შპს "გ..."-ს, შპს "მ–ას", ლ.ს–ს, ლ.პ–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავლიანების ძირ თანხაზე 945 000 აშშ დოლარზე, საპროცენტო სარგებლის 11%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8662,5 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე); თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა;

1.3. შ.მ–ს, თ.ჯ–ძეს, შპს ,,ს–ს“, შპს "გ..."-ს, შპს "მ–ას", ლ.ს–ს, ლ.პ–ს, ქ.ვ–ძეს, შპს "ჭ–ს" და ლ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირ თანხაზე 945 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4725 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე); თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა;

1.4. დადგინდა დავალიანების დაფარვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებებიდან, რის გამოც სარეალიზაციოდ მიექცა:

- შ.მ–ის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, .........., 496 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......;

- შ.მ–ის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, ...... 1200 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ......;

- შპს “ს–ის” (ს/კ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ქუჩა ........, ოთახი 1-2-3-4-5-6, სართული 1, ფართი 180.70კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ......;

- შპს “ს–ის” (ს/კ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ქუჩა ........., ოთახი 7-8-9-10, ფართი 45კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......;

- თ.ჯ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ........., სართული 4, ბინა №5, ბლოკი ბ. ფართი 142 კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......;

- თ.ჯ–ძის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, ....... მიწის ნაკვეთი 348კვ/მ და შენობა ნაგებობა საერთო ფართით 181.4კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...;

- თ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2530 კვ/მ, მდებარე ურეკში. ს/კ. N.........;

- დ.ბ–ძის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დასახლება ...... 1506კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........;

- თ.ჯ–ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ........, 126,70 კვ/მ. ს/კ. ..........;

- თ.ჯ–ძის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ........, 64,80 კვ/მ ს.კ. ..........;

1.5. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულება განხორცილდეს სოლიდარულად შ.მ–ს, თ.ჯ–ძის, შპს ,,ს–ის“, შპს "გ..."-ის, შპს "მ–ას", ლ.ს–ის, ლ.პ–ის, ქ.ვ–ძის, შპს "ჭ–ის" და ლ.მ–ძის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

2. შ.მ–ს, შპს ,,ს–ს“, თ.ჯ–ძეს, დ.ბ–ძეს, შპს "გ..."-ს, შპს "მ–ას", ლ.ს–ს, ლ.პ–ს, ქ.ვ–ძეს, შპს "ჭ–ს" და ლ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შ.მ–მა, შპს „ს–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „აპელანტები“) და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს 25.03.2022 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2022 წლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.02.2021 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე #2-577/18) დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 24.03.2021 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, სააპელაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 375.2 მუხლზე (თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით) და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები (თანხის დაკისრების თაობაზე მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რაც გასაჩივრებულია გამოუცხადებელი მხარის მიერ; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია არაერთი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად შესაძლოა მხარემ დაკარგოს საკუთრება და სხვა), რაც მხარეთა საპროცესო უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე აღსრულების შეჩერების წინაპირობას ქმნის. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ შესაძლოა მხარეთა უფლებების ხელყოფა გამოიწვიოს, რის გამოც მიზანშეწონილია, შეჩერდეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სააპელაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლოს 11.04.2022 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებით:

1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2.გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტებისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (თ.ჯ–ძესთან, შპს "გ..."-თან, შპს "მ–ასთან", ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად) 888 268,39 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი).

3.გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტებისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (თ.ჯ–ძესთან, შპს "გ..."-თან, შპს "მ–ასთან", ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად), დაკისრებული დავალიანების ძირ თანხაზე - 945 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს - 0,5%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4725 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე/დავალიანების დაფარვამდე; (თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა) (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი).

4. გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტებისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (თ.ჯ–ძესთან, შპს "გ..."-თან, შპს "მ–ასთან", ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად), დაკისრებული დავალიანების ძირ თანხაზე 945 000 აშშ დოლარზე, საპროცენტო სარგებლის -11%-ის გადახდის ნაწილში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8662,5 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე/დავალიანების დაფარვამდე. (თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა) (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი).

5. გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აპელანტების დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში:

- შ.მ–ის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ........, 496 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........;

- შ.მ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, ........ 1200 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........;

- შპს “ს–ის” (ს/კ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, .........., ოთახი 1-2-3-4-5-6, სართული 1, ფართი 180.70კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..........2;

- შპს “ს–ის” (ს/კ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ქუჩა ........., ოთახი 7-8-9-10, ფართი 45კვ/მ. უძრავიქონების საკადასტრო კოდი: .........06;

- თ.ჯ–ძის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ..........., სართული 4, ბინა №5, ბლოკი ბ. ფართი 142 კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...........;

- თ.ჯ–ძის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, .......... მიწის ნაკვეთი 348კვ/მ და შენობა ნაგებობა საერთო ფართით 181.4კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:....;

- თ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2530 კვ/მ, მდებარე ........ ს/კ. N..........;

- დ.ბ–ძის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ............ 1506კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ............;

- თ.ჯ–ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..........., 126,70 კვ/მ. ს/კ. ............;

- თ.ჯ–ძის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე

ქ.თბილისში, ..........., 64,80 კვ/მ ს.კ. ..........; (პუნქტი 1.4.)

6. გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სასარგებლოდ, აპელანტების დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულების მოვალეთა სხვა უძრავ-მოძრავ ქონებებზე მიქცევის ნაწილში (პუნქტი 1.5.).

7. გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში(პუნქტი 2).

8. გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

9. საქმე აპელანტების მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების (სოლიდარულად) და იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 23.02.2021 წელს, 15:00 საათზე. სადავო არ არის, რომ აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადდნენ. შ.მ–ი იმავდროულად არის შპს “ს–ის”დირექტორი და 100% წილს მფლობელი პარტნიორი.

6.3. სხდომის დაწყებამდე სასამართლოში განცხადება წარადგინა წარმომადგენელმა კ.ბ–ამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. წარმომადგენელმა განცხადებას თან დაურთო შპს ქ. ბათუმის #4 პოლიკლინიკის ხელმძღვანელის ც.ბ–ძისა და მკურნალი ექიმის თ.შ–ის მიერ დამოწმებული 23.02.2021 წლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა #100_2930, რომლის მიხედვით, კ.ბ–ას დაუდგინდა ბრონქიტი, დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული. პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა დაუწესდა წოლითი რეჟიმი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

6.4. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტების წარმომადგენელმა კ.ბ–ამ იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა იყო საპატიო და არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სსსკ-ით დადგენილი წინაპირობები.

6.5. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე, 215.3, 233.1, 241-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

6.6. სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 93.2 მუხლით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. დადგენილია, რომ წარმომადგენელმა კ.ბ–ამ, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განცხადება წარადგინა სასამართლოში და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით ითხოვა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება. აღნიშნული განცხადებისა და თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენლის, კ.ბ–ას გამოუცხადებლობა საპატიო იყო. სასამართლოს განმარტებით, წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რომლის შინაარსი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის), სადაც მითითებული პაციენტის დიაგნოზი, ანამნეზი და ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის თაობაზე, ქმნის სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე საპატიო იყო, რის თაობაზეც წარმომადგენელმა კანონით დადგენილი წესით აცნობა სასამართლოს, ეს კი სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, აპელანტების მიმართ გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.

კერძო საჩივრის მოთხოვნა:

8. მოსარჩელემ ასევე წარადგინა კერძო საჩივარი სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ 25.03.2022 წლის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. განსახილველად იქნა მიღებული კერძო საჩივარიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სამართლო სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა). წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის დასკვნას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ.მ–ის და შპს „ს–ის“/აპელანტების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

13. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ; №ას-1472-2022, 21.03.2023წ.).

14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის მიზნებისათვის, მხარის მიერ საპროცესო უფლების რეალიზაციის შეუძლებლობა მიიჩნევა საპატიოდ, თუ აღნიშნული გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეაფასოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ №ას-306-2021, 29.11.2022წ.).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიმართულია მითითებული ნორმის იმგვარად განმარტებისაკენ, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას (სუსგ №ას-327-309-2017, 21.04.2017წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოცხადების შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (სუსგ №ას-1674-2019, 14.09.2020წ; №ას-1782-2018, 25.01.2022წ; №ას-88-2023, 10.03.2023წ; №ას-1519-2022, 04.04.2023წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა წარმომადგენელმა კ.ბ–ამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმის განხილვის გადადება იშუამდგომლა. განცხადებას ერთვოდა შპს ქ. ბათუმის №. პ–ის ხელმძღვანელის ც.ბ–ძისა და მკურნალი ექიმის, თ.შ–ის მიერ დამოწმებული 23.02.2021 წლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ კ.ბ–ამ სამკურნალო დაწესებულებას მიმართა 23.02.2021 წელს და დაუდგინდა ბრონქიტი, დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული. პაციენტი უჩიოდა ხველას ნახველით, ოფლიანობას, ტემპერატურის მატებას, საერთო სისუსტეს, მაღალ არტერიულ წნევას. მედიკამენტური მკურნალობის გარდა მას დაუწესდა წოლითი რეჟიმი (ტ.2, ს.ფ. 194,195).

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების წარმომადგენლის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მასში მითითებული ინფორმაცია საკმარისია იმ გარემოების დადასტურებისთვის, რომ წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო პროცესზე გამოცხადება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან სხდომის გადადების თაობაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა სხდომის დაწყებამდე. სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 08.12.2011წ; №ას-849-799-2015, 24.06.2016წ; №ას-381-354-2017, 13.11.2017წ; №ას-78-74-2017, 29.12.2017წ; №ას-1519-2022, 04.04.2023წ.).

19. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც (სუსგ №ას-1504-2019, 13.03.2020წ.).

20. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება სააპელაციო პალატის მიერ ორი მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიის საფუძველზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების იპოთეკით დატვითული ყველა უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში გაუქმებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 286-ე მუხლი იპოთეკის ინსტიტუტის ლეგალურ დეფინიციას ადგენს, რომლის თანახმად, იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო უფლებაა და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ წამყვანი მოთხოვნაა და რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკა (საქმე №ას-1345-2018, 15.03.2019წ.). ანუ იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (საქმე №ას-1191-2019, 04.12.2019წ.). იპოთეკის საგნის რეალიზაციისას ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის ფარგლები. ამდენად, დაკისრებული სასესხო ვალდებულებების ნაწილში განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტების (პირადი მოვალის, მესაკუთრის) პრეტენზიის გაზიარების პირობებში, მართებულია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში საააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების შემდგომ სასამართლო ერთობლივად იმსჯელებს მათზე.

21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ბართაია საქართველოს წინააღმდეგ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia/საჩივარი №10978/06, ECHR) (შდრ. სუსგ., Nას-28-2021, 12.03.2021წ.; Nას-1751-2018 , 01.06.2020წ.).

22. ამდენად, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობას უკავშირდება მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით (იხ.: სუსგ Nას-1647-2018, 03.01.2019წ.).

23. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ გამოუცხადებელი მხარის მხრიდან მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აპელანტების პრეტენზიის გაზიარების თაობაზე. კასატორმა ვერ შესძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

25. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და მისი შეცვლის უფლებამოსილებაც აქვს (სსსკ-ის 409-ე მუხლი) საკასაციო საჩივრის, ანუ კასატორის მიერ მოთხოვნილ ფარგლებში. არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმების პერსპექტივა.

26. რაც შეეხება წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს 25.03.2022 წლის განჩინების მართლზომიერება, რომლითაც შეჩერდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 375-ე მუხლი სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარის შესაბამისი შუამდგომლობის არსებობისას, დროებით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-777-2023, 25.07.2023წ.). ნორმის მიზანია, სსსკ-ის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალიზების მეშვეობით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი (სუსგ ას-756-2021, 14.09.2021წ.). გათვალისწინებით იმისა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელაციის დაკმაყოფილების თაობაზე, საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპროცესო ნორმა, რომელზე დაყრდნობითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2023 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულია 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2023 წლის გადაწყვეტილება №2/3/1421,1448,1451). არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, ასევე სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2022 წლის განჩინება.

3. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება №166, გადახდის თარიღი 15.05.2023წ.) 70% – 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია