Facebook Twitter

საქმე №ას-1094-2022 28 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ქ.წ–ბა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. პ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ქ.წ–ბის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სამეწარმეო საზოგადოება“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 208 230.15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა (სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად სს „ბაზისბანკისთვის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ბანკი“) გადახდილი თანხები) და 203 015.93 ლარის (სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი) გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 24.05.2013 წელს გაფორმებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №24.05/13 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების (№2013–05-30/0013/BSN/105217/001; №2013-06-11/0007/BSN/105217/002) მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიცემული კრედიტების ნაწილი - 15 650.18 აშშ დოლარი დაფარა მოსარჩელემ, როგორც თავდებმა. მოსარჩელემ გადაიხადა 30.06.2016 წელს ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი სამეწარმეო საზოგადოების ფულადი ვალდებულების ნაწილი - 192 579.97 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ბანკს ჯამურად გადაუხადა 208 230.15 აშშ დოლარი (აქედან 15 650.18 აშშ დოლარი, როგორც თავდებმა).

2.2. 01.01.2014 წლიდან 09.11.2020 წლამდე მოსარჩელემ დაფარა სამეწარმეო საზოგადოების კომუნალური გადასახადები, კერძოდ: ა) სს „თ–ს“ გადაუხადა მოხმარებული ელენერგიის ღირებულება 69988.74 ლარი; ბ) შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ - მოხმარებული წყლის ღირებულება 6025.84 ლარი; გ) შპს „ყ–ს“ - მოხმარებული გაზის ღირებულება 117502.99 ლარი; დ) „დასუფთავების სამსახურს“ - მომსახურების ღირებულება 2498.36 ლარი. ჯამურად მოსარჩელემ გადაიხადა კომუნალური გადასახადები 196015.93 ლარის ოდენობით.

2.3. 03.05.2016 წელს, სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად, მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 7000 ლარი.

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. ქონებრივი შეღავათი უნდა დაუბრუნდეს იმ პირს (მოსარჩელეს), რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის (მოპასუხის) უსაფუძვლო გამდიდრება. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზნის - ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიღწევისათვის სამეწარმეო საზოგადოებამ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად ბანკისთვის გადახდილი თანხა, ასევე - მოპასუხის კომუნალური ხარჯის დასაფარად გადახდილი თანხა და მოპასუხის ნაცვლად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

2.5. სსკ-ის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად მითითებული თანხების გადახდა მოსარჩელეს არ ევალებოდა. მოსარჩელე არის მოპასუხის 10%-ის წილის მესაკუთრე. 2010 წლიდან 2020 წლის ივნისამდე იყო დირექტორიც, რის გამოც მის ინტერესებში შედიოდა თავიდან აერიდებინა სამეწარმეო საზოგადოების მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე ნეგატიური შედეგი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის, როგორც დირექტორის, მიერ არასწორად შესრულებული საგადასახადო ოპერაციების შედეგად სამეწარმეო საზოგადოებას 2013 წლიდან წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება, ამის საფუძველზე 08.05.2014 წლიდან წარმოეშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მთელ ქონებაზე, ხოლო 10.10.2016 წლიდან - ყადაღა უძრავ და მოძრავ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურმა 12.03.2018 წელს მიმართა სასამართლოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ.

3.2. სესხს მოსარჩელე ფარავდა სამეწარმეო საზოგადოების ფულადი სახსრებით, როგორც დირექტორი. მოპასუხე მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად საფასურს იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით და დირექტორს გადაეცემოდა თანხა. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელის, როგორც დირექტორის, მიერ არასწორად განხორციელებული საგადასახადო ოპერაციების შედეგად სამეწარმეო საზოგადოებას 2013 წლიდან წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება. აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობა შეფერხდა და ფულადი სახსრების მოძრაობა ვეღარ ხერხდებოდა სამეწარმეო საზოგადოების საბანკო ანგარიშზე. ოპერაციები სრულდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით, მათ შორის, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხას იღებდნენ მმართველი პირები - მოსარჩელე, თ.ბ–ვი, გ.ბ–ვი, რომლებიც შემდგომ ფარავდნენ მოპასუხის საბანკო, კომუნალურებისა და სახელფასო დავალიანებას, კერძოდ, მოპასუხე 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლამდე პროდუქციას აწვდიდა შპს „ჯ.ბ–ს“, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად მიაწოდა 6981597.49 ლარის პროდუქცია; 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლამდე მოპასუხემ შპს „ბ–ს“ მიაწოდა 2234235.38 ლარის პროდუქცია. აღნიშნული სუბიექტები მოპასუხის მოთხოვნით ახორციელებდნენ ნაღდ ანგარიშსწორებას და მოპასუხისთვის მისაღებ თანხებს ნაღდი ანგარიშსწორების ან/და მათ პირად ანგარიშზე თანხის შეტანის გზით გადასცემდნენ მოპასუხის მმართველ პირებს - მოსარჩელეს, თ.ბ–ვს, გ.ბ–ვს. ბანკიდან 13.02.2017 წლიდან 13.02.2019 წლამდე ამონაწერით დასტურდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თ.ბ–ვს მოპასუხის ბანკის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს 181131.75 აშშ დოლარი.

3.3. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად არ შეუსრულებია ვალდებულებები და გადახდები წარმოებდა მოპასუხის ფულადი სახსრებით, ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელეს, როგორც დირექტორს, აღნიშნული თანხები ბუღალტრულად არ აღურიცხავს, როგორც მის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება. ამასთან, ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ ეს თანხები მისაღები ჰქონდა მოსარჩელეს, რატომ არ განახორციელა გადახდები საკუთარი თავის სასარგებლოდ, როდესაც ის თავად იყო დირექტორი და ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდა.

3.4. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ მოსარჩელემ 30.06.2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი სამეწარმეო საზოგადოების ფულადი ვალდებულების ნაწილი - 192579.97 აშშ დოლარი გადაიხადა. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ, მაგალითად, 01.08.2019 წელს თ.ბ–ვმა მოსარჩელის ანგარიშზე შეიტანა 4100 აშშ დოლარი, 12.08.2019 წელს გ.ბ–ვმა - 12985 აშშ დოლარი, 12.10.2019 წელს თ.ბ–ვმა - 12500 აშშ დოლარი, 16.01.2020 წელს თ.ბ–ვმა - 3000 აშშ დოლარი, საიდანაც სრულდებოდა მოპასუხის ფულადი ვალდებულებები. აღნიშნული თანხების მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე შეტანის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მას, როგორც დირექტორს, შეესრულებინა მოპასუხის ფულადი ვალდებულებები. მოსარჩელე კომუნალურ გადასახადებსა და სახელმწიფო ბაჟსაც სამეწარმეო საზოგადოების ფულადი სახსრებით იხდიდა. ამასთან, როგორც მოსარჩელისვე წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 30.06.2016 წლის განჩინებით დასტურდება, აღნიშნულ საქმეზე მხარეები მორიგდნენ და სახელმწიფო ბაჟის 50% - 3500 ლარი დაუბრუნდა სამეწარმეო საზოგადოებას.

3.5. ამასთან, ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულების შესრულების ნაწილში, რომც დავუშვათ, მოსარჩელე საკუთარ თანხას იხდიდა მოპასუხის სასარგებლოდ, იგი გახლდათ ამ საკრედიტო ვალდებულების სოლიდარული თავდები, შესაბამისად, მისი გადახდები კვალიფიცირდება, როგორც თავდების მიერ გადახდა. მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 905-ე მუხლიდან და მასზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამრიგად, მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.01.2022 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოსარჩელე არის სამეწარმეო საზოგადოების 10%-ის წილის მფლობელი, ხოლო 2010 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ეკავა დირექტორის თანამდებობა.

4.2. 24.05.2013 წელს გაფორმებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №24.05/13 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 30.05.2013 წელს ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (№201305-30/0013/BSN/105217/001), რომლის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოებას მიეცა 440 000 აშშ დოლარის კრედიტი (სარგებელი წლიური 12%).

4.3. 24.05.2013 წელს გაფორმებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №24.05/13 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 12.06.2013 წელს ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (№201306-11/0007/BSN/105217/002), რომლის საფუძველზეც სამეწარმეო საზოგადოებას მიეცა 360 000 აშშ დოლარის კრედიტი (სარგებელი წლიური 13%).

4.4. 30.05.2013 წელს ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №24.05/13-3. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე (თავდები) კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის - სამეწარმეო საზოგადოების მიერ კრედიტორთან 24.05.2013 წელს დადებული №24.05/13 კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად (ხელშეკრულების 1.1. პუნქტი).

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2016 წლის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ბანკსა და მოპასუხეს შორის, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ბანკისთვის 807 381 აშშ დოლარისა და 78 ცენტის (ძირითადი დავალიანება 704 637 აშშ დოლარი და 57 ცენტი; პროცენტი - 102 744 აშშ დოლარი და 21 ცენტი; პირგასამტეხლო - 6 480 აშშ დოლარი და 17 ცენტი) გადახდის ვალდებულება.

4.6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არა საკუთარი, არამედ მოპასუხის ფულადი სახსრებით ასრულებდა სამეწარმეო საზოგადოების მიმდინარე ვალდებულებებს.

4.7. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2016 წლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები დაირღვა და ბანკმა მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ამდენად, გაურკვეველია, რატომ შეასრულა მოსარჩელემ, როგორც თავდებმა, ვალდებულება, როდესაც ძირითადი მსესხებელი გადამხდელუნარიანი იყო.

4.8. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერები მოწმობს, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკის სასარგებლოდ თანხებს იხდიდა, როგორც მოსარჩელე, ასევე - მოპასუხის ერთ-ერთი პარტნიორი, თ.ბ–ვი.

4.9. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მ.გ–ის ხელწერილი, რომელიც მოპასუხის დაფუძნების დღიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით დასაქმებული იყო სამეწარმეო საზოგადოებაში; მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოპასუხის საგადასახადო ოპერაციების წარდგენით, მის ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალოდ არ ყოფილა ჩართული და ყოველდღიურ ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა; მან 11.10.2019 წელს, იმდროინდელი დირექტორის თხოვნისა და მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, მოამზადა ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ ბრუნვითი უწყისი; მ.გ–მა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოწოდებული დოკუმენტაცია არ იყო სრული და სწორი, შესაბამისად, პროგრამა „ორისში“ მომზადებული დოკუმენტი ვერ იქნებოდა სწორი და სრულყოფილი; დირექტორის მიერ მ.გ–ს განემარტა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ ის მიზანი ჰქონდა, რომ სამეწარმეო საზოგადოებას ეწარმოებინა მოლაპარაკებები სს „ს.ბ–ში“ კრედიტის აღების მიზნით, რისთვისაც საკმარისი იქნებოდა, მათ შორის არასრული ბრუნვითი უწყისიც; მ.გ–ი ადასტურებს, რომ მის მიერ 11.10.2019 წელს მომზადებული ბრუნვითი უწყისი პროგრამა „ორისში“ არ არის სრულყოფილი და არ ასახავს მოპასუხის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას.

4.10. ა.მ–ძე ხელწერილით ადასტურებს შემდეგს: 1. 2020 წლის ივლისის თვიდან იკავებდა სამეწარმეო საზოგადოების ბუღალტრის თანამდებობას; მისთვის 2020 წლის ივლისში გადაცემული დოკუმენტაციითა და ინფორმაციით ცალსახა იყო, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად ყოფილი ბუღალტერი მ.გ–ი, რომელიც განმარტავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა 2020 წლის ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა მისთვის ყოფილი დირექტორისგან, მოსარჩელისგან, არასრულად მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე; ბუღალტრულ პროგრამაში სწორად არ იყო ასახული სამეწარმეო საზოგადოების დებიტორების შესახებ ინფორმაცია, შპს „ჯ.ბ–ისგან“ მოპასუხისთვის გადახდილი დებიტორული დავალიანება, რომელიც განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით და დასტურდება შპს „ჯ.ბ–სა“ და სამეწარმეო საზოგადოებას შორის გაფორმებული შედარების აქტით, ჯამური თანხა, 2 725 454.00 ლარი, არ იყო ასახული, როგორც ფულადი სახსრების შემოსვლა. აღნიშნული თანხები მოპასუხის ანგარიშებზე გატარებული იყო მხოლოდ საქვეანგარიშოდ. ანგარიშვალდებული პირებისგან (მოსარჩელე, თ.ბ–ვი) გადახდები, რითაც იფარებოდა სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები, რაც არ იყო სწორი და არ შეესაბამებოდა რეალობას. შესაბამისად, შპს „ჯ.ბ–ის“ გადახდების საფუძველზე დაკორექტირდა ანგარიშვალდებულ პირებზე, თ.ბ–ვსა და მოსარჩელეზე არსებული ნაშთები და ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამისობაში მოვიდა არსებულ რეალობასთან. ა.მ–ძე ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოებას მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხება; 2020 წლის ივლისიდან, ახალი დირექტორის, გ.ბ–ვის, ძალისხმევით მოხდა ფინანსური აღრიცხვის გენერირება და კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა.

4.11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, რომც დავუშვათ, რომ მოსარჩელე საკუთარ ფულად სახსრებს იხდიდა სამეწარმეო საზოგადოების სასარგებლოდ, მოთხოვნა ამ ნაწილში არის ხანდაზმული, რადგან საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელის ანგარიშის გავლით ბანკში 13.01.2014 წელს, 30.01.2014 წელს, 29.08.2014 წელს, 31.12.2015 წელს არის გადახდილი მითითებული თანხები. ამონაწერით არ ირკვევა დანიშნულება, ის, რომ მოსარჩელე აღნიშნულს, როგორც თავდები, ისე იხდიდა. დანიშნულებაში მითითებულია შემდეგი: „შემოსავალი მოქალაქეთა ანაბრებზე“. მოსარჩელე იყო ხსენებული საკრედიტო ვალდებულების სოლიდარული თავდები, შესაბამისად, მისი გადახდები კვალიფიცირდება, როგორც თავდების გადახდები და მისი მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 905-ე მუხლიდან. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოსარჩელის მიერ, როგორც თავდების, ბანკის წინაშე ბოლო გადახდა შესრულებულია 31.12.2015 წელს. თავდების მოთხოვნაც ამ პერიოდს ემყარება. მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია 18.06.2021 წელს, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია.

4.12. მოცემული დავის ფარგლებში დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (უსაფუძვლოდ გამდიდრება), საბანკო ამონაწერები არ წარმოადგენს სამართლებრივი ღირებულების მქონე საკმარის მტკიცებულებას, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას. როგორც საქმის მასალები მოწმობს, მოსარჩელეს დირექტორობის შემდგომ პერიოდში მოპასუხის სასარგებლოდ თანხები აღარ გადაუხდია, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი გარემოებაა, რომ ის, როგორც დირექტორი, ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და სამეწარმეო საზოგადოების მიმდინარე ვალდებულებების ფარგლებში იხდიდა მოპასუხის კუთვნილ თანხებს. სასამართლოს შეფასებით, დირექტორის მიერ სამეწარმეო საზოგადოების მართვის პროცესში გადახდილი თანხები არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს უსაფუძვლო გამდიდრებად.

4.13. სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ადგილი უნდა ჰქონდეს ერთი პირის გამდიდრებას მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც თავიდანვე არ არსებობდა ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა.

4.14. მოსარჩელე მოითხოვს, მისი სახელით 01.01.2014 წლიდან 09.11.2020 წლამდე გადახდილი მოპასუხის კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას. სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი იურიდიული საფუძველი. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, თუ რატომ იხდიდა იგი კუთვნილ თანხებს სამეწარმეო საზოგადოების სასარგებლოდ შეგნებულად ან შეცდომით. მოსარჩელემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითა, რომ გადახდილი ფულადი სახსრები მოჰქონდა საკუთარი შემოსავლის წყაროდან, სოფლის მეურნეობიდან, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

4.15. საქმეში წარმოდგენილია ცნობები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლამდე პროდუქციას აწვდიდა შპს „ჯ.ბ–ს“, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად მიაწოდა 6 981 597.4 ლარის პროდუქცია, ხოლო 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლამდე მოპასუხემ შპს „ბ–ს“ - 2 234 235.38 ლარის პროდუქცია. აღნიშნული სუბიექტები მოპასუხის მოთხოვნით ახორციელებდნენ ნაღდ ანგარიშსწორებას და მოპასუხისთვის მისაღებ თანხებს ნაღდი ანგარიშსწორების ან/და მათ პირად ანგარიშზე თანხის შეტანის გზით გადასცემდნენ მოპასუხის მმართველ პირებს - მოსარჩელეს, თ.ბ–ვს, გ.ბ–ვს, რომლებიც, თავის მხრივ, ფარავდნენ მოპასუხის კრედიტორულ დავალიანებებს (როგორც საბანკო, კომუნალურებისა და სახელფასო).

4.16. არ არის დამაჯერებელი, რომ მოპასუხის სოლიდურ კომუნალურ ხარჯებს მოსარჩელე იხდიდა საკუთარი სახსრებით. ამასთან, სასამართლოს დასკვნით, ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის დამტკიცებული მორიგების ფარგლებში, მოსარჩელე იხდიდა არა საკუთარ, არამედ მოპასუხის თანხებს, რომელსაც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჰქონდა სოლიდური შემოსავლები. ამდენად, სარწმუნო არ არის მოსარჩელის მტკიცება, რომ მან ბანკის წინაშე ვალდებულება შეასრულა საკუთარი სახსრებით. აღნიშნულის გათვალიწინებით, გამოირიცხება მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

4.17. არ დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, მოპასუხის ნაცვლად, მოსარჩელემ 03.05.2016 წელს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი საკუთარი სახსრებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სამეწარმეო საზოგადოების თანხას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 30.06.2016 წლის განჩინებით დასტურდება, რომ მხარეები მორიგდნენ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის 50% - 3500 ლარი დაუბრუნდა სამეწარმეო საზოგადოებას. ამდენად, მოთხოვნას ამ ნაწილშიც არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი არგუმენტაცია.

4.18. მოსარჩელე, როგორც დირექტორი და წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებული იყო, სამეწარმეო საზოგადოების სახელით შეესრულებინა ფინანსური ოპერაციები, გადაეხადა საბანკო ვალდებულებები, კომუნალური ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, ის, რაც მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც შეგნებულად ან შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრებად (სსკ-ის 986-ე მუხლით). მოსარჩელეს, როგორც ყოფილ დირექტორსა და მოქმედ პარტნიორს, მართებდა მტკიცების მაღალი სტანდარტი და დამაჯერებელი არგუმენტაცია. ვინაიდან ის აცხადებს, რომ იხდიდა საკუთარ თანხებს მოპასუხის სასარგებლოდ, მინიმუმ უნდა წარმოედგინა კრედიტორული დავალიანების ბუღალტრულად აღრიცხვის მტკიცებულებები, საბანკო ოპერაციები შესაბამისი დანიშნულებით, პარტნიორთა კრების ოქმები და აღნიშნულის შესახებ სხვა პარტნიორთა ინფორმირებულობის ცნობები. ამგვარი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძველს აცლის.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 490.15 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 203 015.93 ლარის გადახდა (მოპასუხის ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი); მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის 106 740 აშშ დოლარის დაკისრებაზე.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

6.1. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა გადახდილია ბანკის მიერ გაცემული სესხის დასაფარად, სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა ბანკისთვის გადახდილი თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნა სახელშეკრულებოა და მასზე სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დამახასიათებელი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს, ხოლო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. დადგენილია, რომ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, სულ გადახდილია 208 230.15 აშშ დოლარი, საიდანაც 13.01.2014 წლიდან 31.12.2015 წლამდე პერიოდში გადარიცხულია 15 700 აშშ დოლარი, 06.07.2016 წლიდან 12.12.2016 წლის პერიოდში - 40 000 აშშ დოლარი, ხოლო 12.01.2017 წლიდან 12.09.2017 წლამდე პერიოდში - 51040 აშშ დოლარი, რაც ჯამურად შეადგენს 106 740 აშშ დოლარს. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 18.06.2021 წელს. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

6.2. რაც შეეხება დარჩენილი 101 490.15 აშშ დოლარის დაკისრებას, მოპასუხის პოზიციით აღნიშნული თანხა არის სამეწარმეო საზოგადოების კუთვნილი თანხა. ეს მსჯელობა გაზიარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და დადგენილია, რომ მოსარჩელე, რომელიც სადავო პერიოდში დირექტორი იყო, სესხის დასაფარად იხდიდა მოპასუხის თანხას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ თანხა გადახდილია მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის, პირადი ანგარიშიდან. შესაბამისად, ივარაუდება, რომ თანხა მოსარჩელის კუთვნილებაა. სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედის თანხის წარმომავლობის მტკიცება, არარელევანტურია განსახილველი დავისთვის, ვინაიდან მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი, და მოპასუხე, როგორც იურიდიული პირი, განსხვავებულ და დამოუკიდებელ სამართალსუბიექტებს წარმოადგენენ, გააჩნიათ დამოუკიდებელი სახელი, დამოუკიდებლად იძენენ უფლებებსა და ვალდებულებებს, გააჩნიათ დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში. შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ეკუთვნის მოსარჩელეს. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა.

6.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ა.მ–ძის ჩვენებით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის სამეწარმეო საზოგადოებისადმი კუთვნილება ვერ დადასტურდება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატა არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელე, როგორც დირექტორი, მოქმედებდა მოპასუხის საწინააღმდეგოდ. პალატამ ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა მხარეთა პოზიციებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე არღვევდა სამეწარმეო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ფიდუციურ ვალდებულებებს, მისი ქმედება ეწინააღმდეგებოდა მოპასუხის ინტერესებს და ზიანს აყენებდა. მოპასუხის მიერ არ ყოფილა მტკიცებულება წარმოდგენილი, რომ პარტნიორებმა, როგორც დაინტერესებულმა პირებმა, დირექტორს წაუყენეს მოთხოვნა, მოითხოვეს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურება ან ასეთი სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

6.5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს თავისი კუთვნილი თანხით შესრულებული აქვს სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულება ბანკის წინაშე, რაც შეადგენს 101 490.15 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ 106 740 აშშ დოლარის ნაწილში პირველი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

6.6. მეორე სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 203 015.93 ლარის გადახდა (სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი). სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილია სს „ს.ბ–ის“ 09.11.2020 წელს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 01.01.2014 წლიდან 09.11.2020 წლამდე მოსარჩელის ანგარიშიდან გადახდილია კომუნალური გადასახადები: სს „თ–ი“, დასუფთავების სამსახური, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“, შპს „ყ–ი“, ხოლო 02.06.2021 წლის ცნობის თანახმად, მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებულია გადარიცხვა ბიუჯეტის შემოსულობების ანგარიშზე, სახელმწიფო ბაჟის სახით. სულ გადახდილია 196015.93 ლარის კომუნალური გადასახადი და 7000 ლარის სახელმწიფო ბაჟი. ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სადავოდ ხდიდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გადახდილი თანხა მისი კუთვნილება იყო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და დაადგინა, ვინაიდან თანხა გადარიცხულია მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. აღნიშნული მტკიცების ტვირთი მან ვერ დაძლია. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში მოპასუხე მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოს 30.06.2016 წლის განჩინებაზეც, რომლითაც მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის 50% - 3500 ლარი დაუბრუნდა სამეწარმეო საზოგადოებას. პალატის შეფასებით, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის დაბრუნება სასარჩელო მოთხოვნას ვერ გააქარწყლებს, რამდენადაც სასამართლოს განჩინებით 3500 ლარი დაუბრუნდა სამეწარმეო საზოგადოებას და არა მოსარჩელეს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა მოსარჩელის მიერ არის გადახდილი. სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კომუნალური ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის თანხის - 203 015.93 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

7.1. წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტებითა და ხელწერილებით დასტურდება, რომ მოპასუხე მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად პროდუქციის საფასურს იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რა დროსაც დირექტორს გადაეცემოდა თანხა, ხოლო უნაღდო/საბანკო ანგარიშსწორება სრულად შეწყვეტილი იყო, რაც დასტურდება ბანკის მიერ გაცემული ამონაწერით. აღნიშნული პრაქტიკა დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელის, როგორც დირექტორის, მიერ არასწორად განხორციელებული საგადასახადო ოპერაციების შედეგად სამეწარმეო საზოგადოებას 2013 წლიდან წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხებს იღებდნენ მმართველი პირები - მოსარჩელე, თ.ბ–ვი, გ.ბ–ვი, რომლებიც შემდგომ ფარავდნენ მოპასუხის როგორც საბანკო, ისე კომუნალურ და სახელფასო დავალიანებას. აღნიშნულს ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, სადაც ნათქვამია: ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის 30.05.2013 წელსა და 12.06.2013 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელის ანგარიშის გავლით დაფარულია კონკრეტული თანხები. ამასთან, მოსარჩელის ანგარიშზე სამეწარმეო საზოგადოების სესხების დასაფარად თანხები შეტანილი აქვთ თ.ბ–ვსა და გ.ბ–ვსაც. თ.ბ–ვს მის გარდაცვალებამდე ჯამურად 280 645 აშშ დოლარი აქვს გადახდილი ზემოხსენებული საბანკო ვალდებულებებისთვის.

7.2. მოსარჩელე ვერ ადასტურებს სხვა წყაროებიდან თანხის მიღებას და აცხადებს, რომ იგი სხვაგან არ ყოფილა დასაქმებული და სხვა არანაირი ოფიციალური შემოსავალი არ გააჩნდა (იხ. 20.12.2021 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

7.3. სასამართლო სათანადოდ არ იკვლევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ თანხები მოპასუხის საკუთრება იყო. სასამართლო არ ითვალისწინებს შპს „ჯ.ბ–ისა“ და შპს „ბ–ის“ დირექტორების ხელწერილებს, სადაც ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათი კომპანიებისთვის მიწოდებული პროდუქციის საფასურს ისინი პირდაპირ გადასცემდნენ მოსარჩელეს, თ.ბ–ვსა და გ.ბ–ვს. არ არის გათვალისწინებული არც შედარების აქტები, საიდანაც ირკვევა, თუ რა ღირებულების პროდუქცია იქნა გადაცემული და რა თანხა მიიღო მოპასუხემ.

7.4. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად არ შეუსრულებია ვალდებულებები და ეს ვალდებულებები სრულდებოდა მოპასუხის თანხით, ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელეს, როგორც დირექტორს, ეს თანხები ბუღალტრულად არ აღურიცხავს, როგორც მის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება. მოპასუხის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა დღის წესრიგში არ იდგა. სამეწარმეო საზოგადოებას იმ დროისთვის არსებული აკრძალვების ფონზე შეზღუდული ჰქონდა საკუთარი საბანკო ანგარიშით სარგებლობის საშუალება. ამიტომ, ამ ვალდებულებებს მოპასუხე ასრულებდა მოსარჩელის, გ.ბ–ვისა და თ.ბ–ვის ანგარიშების გავლით. ანგარიშსწორებისას მოპასუხე არ იყო გადახდისუუნარო. აუცილებლობა, რომ მოსარჩელეს თავად გადაეხადა თანხა (საკუთარი თანხა), არ იდგა, ხოლო თუნდაც ასეთი რამ მომხდარიყო, შემდეგ აუცილებლად უნდა ასახულიყო იგი სამეწარმეო საზოგადოების ვალად. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

7.5. მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე იხდიდა მოპასუხის კუთვნილ თანხას (რომელიც მას ნაღდი ანგარიშსწორების გზით ჰქონდა მიღებული) არის შემდეგი: 1) შპს „ჯ.ბ–სა“ და შპს „ბ–სთან“ დადებული ურთიერთშეთანხმების აქტები, 2) მ.მ–ძისა (შპს „ჯ.ბ–ის“ დირექტორი) და რ.გ–ას (შპს „ბ–ის“ დირექტორი) ხელწერილები, 3) მოსარჩელის ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი ქვითრები (რომელიც ლოგიკურ ბმაშია შესაბამისი პირების მიერ თანხის განაღდებასთან), 4) მ.გ–ის ხელწერილი (ასევე - ა.მ–ძის ხელწერილი). მ.მ–ძისა და რ.გ–ას ხელწერილების პოზიცია ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელეს აწვდიდნენ სამეწარმეო საზოგადოების კუთვნილ თანხებს. შესაბამისად, მოსარჩელის თანხის წარმომავლობა ბათილდება. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმების აქტებით დგინდება, რომ ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გასული თანხების გათვალისწინებითაა გამოთვლილი კონტრაჰენტებს შორის არსებული ფულადი ვალდებულებანი. მოსარჩელის ანგარიშზე თანხის შეტანა ემთხვევა სამეწარმეო საზოგადოებისთვის განსახორციელებელ ანგარიშსწორებას. თანხის წარმომავლობის საკითხზე ეს მტკიცებულებაც უსვამს ხაზს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ანგარიშზე თანხა, არამედ იხდიდა მას იმის შემდეგ, რაც ჩაურიცხავდა შესაბამისი პირი (ან პირადად მისცემდა) ნაღდი ანგარიშსწორების გზით. მ.გ–ი, როგორც ბუღალტერი, 2020 წლის ივლისის ჩათვლით, ადასტურებს, რომ მოსარჩელე სრულად არ აწვდიდა დოკუმენტაციას. მისი ხელწერილით ასევე დასტურდება, რომ შპს „ჯ.ბ–ისა“ და შპს „ბ–ის“ მხრიდან ნაღდი წესით ანგარიშსწორება ხორციელდებოდა (მოსარჩელის მიმართ). საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, ა.მ–ძის განმარტებაც. იგი საუბრობს, ერთი მხრივ, შედარების აქტსა და მის მნიშვნელობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ნაღდი ანგარიშსწორების პრაქტიკას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

10. დამტკიცებულად ცნობილია შემდეგი გარემოებები:

10.1. მოსარჩელე არის მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოების 10%-ის წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც 2010 წლიდან 2020 წლის ივნისამდე გახლდათ მისი დირექტორიც;

10.2. 30.05.2013 წელს ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა მოპასუხეს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა სამეწარმეო საზოგადოების მიერ კრედიტორთან 24.05.2013 წელს დადებული №24.05/13 კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში;

10.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2016 წლის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ბანკისთვის 807 381 აშშ დოლარისა და 78 ცენტის (ძირითადი დავალიანება 704 637 აშშ დოლარი და 57 ცენტი; პროცენტი - 102 744 აშშ დოლარი და 21 ცენტი; პირგასამტეხლო - 6 480 აშშ დოლარი და 17 ცენტი) გადახდის ვალდებულება;

10.4. ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია 208 230.15 აშშ დოლარი და გადახდილია სამეწარმეო საზოგადოების 196 015.93 ლარის კომუნალური გადასახადი; ასევე, მოპასუხის ინტერესებში შესრულებულია გადარიცხვა ბიუჯეტის შემოსულობების ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით - 7000 ლარი.

11. სარჩელის საგანია ბანკისთვის გადახდილი თანხის, ასევე კომუნალური გადასახადებისა და სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად გაღებული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებს საკუთარი ფულადი სახსრებით ასრულებდა. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებს ასრულებდა არა საკუთარი, არამედ მოპასუხის თანხით, რომლის მართებულ აღრიცხვაზეც, როგორც ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, თავად იყო პასუხისმგებელი და რომელსაც პროდუქციის რეალიზაციის შედეგად იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

12. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა აფასებს 101 490.15 აშშ დოლარისა (მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება) და 203 015.93 ლარის (მოპასუხის ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი) ნაწილში სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებას.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის 106 740 აშშ დოლარის დაკისრებაზე, კანონიერ ძალაშია შესული.

14. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა ბანკისთვის გადახდილი თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნა სახელშეკრულებოა..., ხოლო მოსარჩელე/აპელანტი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან (იხ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.363-364). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა და, მიუხედავად იმისა, მხარე რა შეფასებას აძლევს სადავო ურთიერთობას, სასამართლო ვალდებულია, თავისი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს (სუსგ №ას-358-610-08, 30.09.2008წ.). შესაბამისად, ბანკისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 905-ე მუხლის მიჩნევა/არმიჩნევა დამოკიდებულია ფაქტზე, უზრუნველყოფდა თუ არა 30.05.2013 წლის თავდებობა მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს (შდრ. სუსგ №ას-584-584-2018, 28.06.2019წ., პუნ.23,24). ამასთან, ასეთი ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც, სამართლებრივად რელევანტურია განკარგული თანხების წარმომავლობა.

15. რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოების კომუნალური გადასახადებისა და სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხების მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნას, იგი სსკ-ის 986-ე მუხლიდან (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) გამომდინარეობს. სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, რადგან მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაზოგა ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (სუსგ №ას-891-2019, 30.10.2019წ., პუნ.8). სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა) (სუსგ №ას-334-2021, 05.11.2021წ., პუნ.94; №ას-623-2023, 12.09.2023წ., პუნ.69).

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაფუძნებულია მასზე, რომ, რადგან ბანკის სასარგებლოდ მოსარჩელე ანგარიშსწორებას ახორციელებდა საკუთარი ანგარიშიდან, ივარაუდება, რომ ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ეკუთვნოდა მას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას. პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს (სუსგ №ას-1062-1022-2016, 19.02.2018წ., პუნ.39). პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ („Prezumptio“ - ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება; რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა). პრეზუმფციების მეშვეობით ნაწილდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი… მაშასადამე, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური თავისებურება ისაა, რომ მისი გაქარწყლება ევალება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ფაქტი. თავის მხრივ, ამ პროცესუალური კომპონენტის სწორად განსაზღვრა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ნაწილს (იხ: ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, თბ., 2020წ., გვ.234, 236, 237; სუსგ №ას-1059-2023, 14.12.2023წ.). შესაბამისად, პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან თანხის განკარგვისას პრეზუმირებულია ფულადი თანხის მისადმი კუთვნილება.

17. თავის მხრივ, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება გამოიხატება იმით, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაც არის ის მიმართული (შდრ. სუსგ №ას-615-2022, 23.09.2022წ., პუნ.49; №ას-23-2020, 08.04.2022წ., პუნ.22). შესაბამისად, მოპასუხის შესაგებლის ფარგლებში გამოკვლეულ უნდა იქნეს, რამდენად კვალიფიციურად შეედავა იგი სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, მის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, მტკიცებულებები ხომ არ ქმნის პრეზუმფციის გაქარწყლების წინაპირობას. კვალიფიციური შედავების პირობებში მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხრიდან გადადის მოსარჩელის მხარეს (შდრ. სუსგ №ას-1062-1022-2016, 19.02.2018წ., პუნ.41).

18. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელი დამყარებულია მასზე, რომ მოსარჩელე, რომელიც იყო, როგორც მოპასუხის ერთ-ერთი პარტნიორი, ისე დირექტორი, სამეწარმეო საზოგადოების ანგარიშის გვერდის ავლით აწარმოებდა ფინანსურ ოპერაციებს, რა დროსაც მოპასუხის თანხებს განკარგავდა საკუთარი ანგარიშიდან სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვის მიზნით, კერძოდ:

18.1. საგადასახადო დავალიანებისა და შესაბამისი შეზღუდვების გამო ფულადი სახსრების მოძრაობა ვერ ხერხდებოდა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. შესაგებელს ერთვის მტკიცებულებები (ტ.1, ს.ფ.216-233), რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოკვლეული/ შეფასებული არ არის;

18.2. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მოპასუხეს ჰქონდა შემოსავლები, თუმცა ოპერაციები ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლამდე პროდუქციას აწვდიდა შპს „ჯ.ბ–ს“, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად მიაწოდა 6 981 597.49 ლარის პროდუქცია; 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლამდე მოპასუხემ შპს „ბ–ს“ მიაწოდა 2 234 235.38 ლარის პროდუქცია. შესაგებელს ერთვის მტკიცებულებები (ტ.1, ს.ფ.234-282), რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოკვლეული/ შეფასებული ასევე არ არის.

19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, თუ როგორ ხდებოდა სადავო პერიოდში მოპასუხის საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, როგორ აღირიცხებოდა სამეწარმეო საზოგადოების აქტივი თუ პასივი, ასევე გაურკვეველია შპს „ჯ.ბ–სა“ და შპს „ბ–თან“ მოპასუხის სახელშეკრულებო ურთიერთობის, ანგარიშსწორების პირობები. დამატებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს, როგორც დირექტორს, სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების საკუთარი თანხით შესრულების შემთხვევაში, ხელეწიფებოდა აღნიშნული ბუღალტრულად აესახა, როგორც მის მიმართ მოპასუხის ვალდებულება.

20. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ამ გარემოებებზე მსჯელობას და შესაბამისი მტკიცებულებების (როგორც შესაგებელზე დართული, ისე მხარეთა მიერ შემდგომში წარდგენილი და საქმეზე დართული მტკიცებულებების (მაგ. ტ.2, ს.ფ.44-70; 86-101) შეფასებას, მათი იურიდიული ძალის შემოწმებას, საკასაციო პალატა კი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ამ ფაქტების არსებობა/არარსებობა და განსაზღვროს, რამდენად საკმარისია თუ იურიდიულად ძალმოსილია ეს მტკიცებულებები სადავო გარემოების დასადგენად.

21. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული პრეტენზია, შინაარსობრივად გულისხმობს ე.წ. „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობაზე“ აპელირებას, კერძოდ, ამ ელემენტის დარღვევაა, როცა პარტნიორებისა და დირექტორების მმართველობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები არ არის ნათლად გამიჯნული, ხდება პარტნიორის/დირექტორისა და კომპანიის ქონების აღრევა, როცა კომპანიის სახსრები გამოიყენება პარტნიორის/დირექტორის პირადი მიზნებისათვის, ხოლო პირადი ხარჯები მიიჩნევა კომპანიის ხარჯებად ბუღალტრული ანგარიშგების წესების დარღვევით ან, როცა არ ხდება სათანადო ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შდრ. სუსგ №ას-1307-1245-2014, 06.05.2015წ.). მოპასუხე უთითებს არასათანადო ფინანსურ/ბუღალტრულ ანგარიშგებასა და სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების მისივე აქტივით, თუმცა დირექტორის პირადი ანგარიშის გამოყენებით შესრულებაზე.

22. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, დაადგინოს, არსებობდა თუ არა სადავო პერიოდში უშუალოდ მოპასუხის/სამეწარმეო საზოგადოების ანგარიშიდან ბანკის წინაშე დავალიანების გადახდის დამაბრკოლებელი გარემოება და მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტის არსებობა/არარსებობა. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სსსკ-ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.).

23. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის ყოფილი და ამჟამინდელი ბუღალტრების ე.წ. განცხადებებს, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმებულს (ტ.2, ს.ფ.120-124), ისინი მოწმის ჩვენებად ვერ შეფასდება. სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე ჩვენებას იძლევა სასამართლოში მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემით (სსსკ-ის 147-148-ე მუხლები). ამდენად, მოწმეების განმარტებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო განუმარტავს მხარეებს. სწორედ სასამართლოა მათი საპროცესო უფლებების სრულყოფილად რეალიზების გარანტი. მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს ჰქონდეს მოწმისთვის კითხვის დასმის საშუალება (სსსკ-ის 148.4). მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებას (იხ: სუსგ №ას-545-508-2017, 21.09.2017წ; №ას-207-2019, 24.12.2020წ.). სასამართლომ მოწმე შეიძლება დაიბაროს მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 178-ე და 140.3 მუხლები).

24. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას დირექტორის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების დავის ინიცირების უარყოფის შესახებ და უთითებს, რომ ასეთი სარჩელი წარდგენილია, ამის თაობაზე მითითებულ იქნა სააპელაციო შესაგებელში და არც მოსარჩელეს არ განუცხადებია საწინააღმდეგო (იხ. სააპელაციო შესაგებელი, ტ.2, ს.ფ.249; საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.399). მოსარჩელე საკასაციო შესაგებელში განმარტავს, რომ „ასეთი შინაარსის სარჩელის აღძვრა გავლენას ვერ მოახდენს პ.მ–ძის ამჟამად განსახილველ მოთხოვნაზე“ (ტ.2, ს.ფ. 491). ამდენად, მოსარჩელე არ უარყოფს ასეთი დავის არსებობას, თუმცა არ ეთანხმება მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს შორის რაიმე კავშირს. საკასაციო პალატა ზოგადად განმარტავს, რომ იმავე მხარეთა შორის სხვა დავის წარმოებისას დადგენილი გარემოებები სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეიუდიციულ ძალას იძენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. რაც შეეხება დავების პარალელურად წარმოებას, ამ დროს მნიშვნელოვანია, გაირკვეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ასეთი კავშირის არსებობისას სასამართლო ვალდებულია სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩეროს საქმის წარმოება, სხვა შემთხვევაში კი საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს (სუსგ №ას-678-2023, 07.03.2024წ.).

25. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

27. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს ამ შუამდგომლობების საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ქ.წ–ბის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. შპს „ს.ქ.წ–ბის“ შუამდგომლობები საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ.2, ს.ფ. 403-460, ტ.4, ს.ფ. 4-136).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია