საქმე №ას-607-2023 6 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.შ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2023 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.08.2021 წლის გადაწყვეტილებით დ.შ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) 31.12.2019 წლის N414-კ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 65 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით. სარჩელი სამსახურში აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2023 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.08.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 31.12.2019 წლის №414-კ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სარჩელი სამსახურში აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 36 000 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 28.09.2018 წელს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდა N720 შრომის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე დაწესებულებაში ახალი და მიმდინარე ამბების კონსულტანტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 4500 ლარს (5.1. მუხლი).
3.2. მოპასუხის 03.01.2019 წლის N1 ბრძანებით 2019 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე ვადით ახალი და მიმდინარე ამბების სტრუქტურაში გაიხსნა გადამზადების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ახალი და მიმდინარე ამბების ჟურნალისტები/კორესპონდენტები გაივლიდნენ მომზადებას/სწავლებას. ახალი და მიმდინარე ამბების კონსულტანტს - მოსარჩელეს დაევალა 31.01.2019 წლამდე გადამზადების პროექტის (სილაბუსის) შემუშავება და აღმასრულებელი საბჭოს ჟურნალისტების/კორესპონდენტებისათვის წარდგენა. ადმინისტრაციას დაევალა ცენტრისთვის საჭირო ინფრასტუქტურის გათვალისწინებით შესაბამისი სივრცის მოწყობა 31.01.2019 წლამდე.
3.3. მოპასუხის 19.02.2019 წლის N41-კ ბრძანებით მოსარჩელე 01.03.2019 წლიდან გადაიყვანეს ახალი და მიმდინარე ამბების გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები დარჩა უცვლელად.
3.4. 28.02.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმდა N239 შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე ახალი და მიმდინარე ამბების გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმდა 01.03.2019 წლიდან განუსაზღვრელი ვადით (ხელშეკრულების 2.2.-2.3. პუნქტები). დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 4500 ლარით (5.1. მუხლი).
3.5. მოპასუხის 31.12.2019 წლის N271 ბრძანებით გაუქმდა ახალი და მიმდინარე ამბების გადამზადების ცენტრი.
3.6. მოპასუხის 31.12.2019 წლის N414-კ ბრძანებით მოსარჩელე 01.01.2020 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) შესაბამისად.
3.7. სშკ-ის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
3.8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, 27.12.2019 წელს მოსარჩელემ მიიღო შეთავაზება, რომ ვინაიდან აღარ განიხილებოდა პირველი არხის სტუდიაში გადამზადების ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელება, სთავაზობდნენ ვებ-გადაცემაში „გამომძიებელი რეპორტიორი“ კონსულტანტის თანამდებობას, შრომის ანაზღაურების, 3000 ლარის (დარიცხული) პირობით. იმავდროულად დასაქმებულს განუმარტეს, რომ 31.12.2019 წლამდე შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი ხელშეკრულება შეწყდებოდა 01.01.2020 წლიდან სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელემ მოითხოვა წერილობითი განმარტება. მოსარჩელეს განმეორებით წარედგინა ამჯერად, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი იდენტური შინაარსის შეთავაზება, რაზედაც მოსარჩელემ გააკეთა შენიშვნა, რომ არსებითი ცვლილებების გათვალისწინებით, შეთავაზებას არ თვლიდა სრულყოფილ, სამართლებრივ დოკუმენტად და ჯერჯერობით მას არ განიხილავდა.
3.9. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება. სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყოფა ორ ელემენტად: 1. უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2. აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. განსახილველ შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადით დანიშნული თანამშრომლის გადაყვანა მოხდა განსაზღვრული ვადით შექმნილი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ისე, რომ მისი შექმნის წინასწარი კვლევა, მიზანშეწონილობა და შემდგომ მისი გაუქმების აუცილებლობა საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც გადამზადების ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის ფინანსური ან სხვა რაიმე მატერიალური თუ ადამიანური რესურსის გამოყოფის ფაქტს დაადასტურებდა. სასამართლოს მითითებით, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობებით, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საქმის მასალებით არ დასტურდა, თუ რამ განაპირობა გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და დასაქმებულის შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, რაც მოპასუხის 31.12.2019 წლის N414/კ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
3.10. სშკ-ის 38.8 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ვინაიდან, გადამზადების ცენტრი არ შექმნილა და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სარჩელით მოთხოვნილია ტოლფას სამუშაოზე აღდგენა. ტოლფას თანამდებობად მოსარჩელე მიიჩნევს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში კონსულტანტის თანამდებობას. მოპასუხე აღნიშნავს და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოპასუხე დაწესებულებაში დამტკიცებული არ არის საშტატო განრიგი და არ არსებობს ვაკანტური თანამდებობები. ამასთან, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში დირექტორის კონსულტანტის თანამდებობა აღარ არსებობს. ამდენად, კანონშესაბამისია მსჯელობა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე.
3.11. სშკ-ის 38.8 მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელზე ასაღები ხელფასი ყოველთვიურად შეადგენდა 3600 ლარს. აქედან გამომდინარე, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის, მოსარჩელის ხელფასის ოდენობისა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია ათი თვის თანამდებობრივი სარგოს, 36 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით თვრამეტი თვის თანამდებობრივი სარგოს - 65 000 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით უკვე დადასტურებული და გადაწყვეტილია როგორც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, ისე დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა. დასაქმებული საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის კომპენსაციის, როგორც მისი უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, ოდენობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობაა.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ., პუნ. 31). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ№ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია გონივრულია (შდრ. სუსგ Nას-1365-2021, 14.04.2022წ.; სუსგ Nას-921-2021წ., 09.12.2021წ.; სუსგ Nას-113-2021, 27.04.2021წ.).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
12. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.შ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია