Facebook Twitter

საქმე №ას-589-2023 20 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2021 წლის გადაწყვეტილებით ქ.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) აღდგენილ იქნა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის ხმის რეჟისორის (ტექნიკა და ტექნოლოგიების ბლოკის ხმის რეჟისორის ჯგუფის) სტუდიის ხმის რეჟისორის პოზიციაზე). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით თვეში დარიცხული 1250 ლარის გადახდა 01.12.2018 წლიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2023 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, 12 500 (ხელზე ასაღები) ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის 17.07.2017 წელს დადებული წერილობითი შრომის ხელშეკრულებით მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული მოპასუხესთან სტუდიის ხმის რეჟისორის თანამდებობაზე. მოსარჩელის ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

3.2. 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელეს შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. 1 გადასაღები დღის ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 80 ლარის ოდენობით. შეთავაზებაში აღინიშნა, რომ შეთავაზება მოქმედი შრომის ხელშეკრულებით შეწყდებოდა 04.09.2018 წლიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებების არსებით პირობებზე პოზიციის გამოსახატავად დამსაქმებელმა დასაქმებულს განუსაზღვრა 3 დღე, უარი იწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას.

3.3. მოპასუხე მხარის აღიარებით, შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლას შესაძლოა გამოეწვია მოსარჩელის ხელფასის შემცირება, ვინაიდან მას ყოველდღიურად გადასაღები დღე დიდი ალბათობით არ ექნებოდა, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევდა მისი თანამდებობრივი სარგოს შემცირებას. მოსარჩელემ უარი განაცხადა მის საუარესოდ ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლაზე.

3.4. 28.09.2018 წლის ბრძანებით დამსაქმებელმა დასაქმებული 01.10.2018 წლიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეზე გაიცა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით.

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 28.09.2018 წლის N297-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.11.2019 წლის განჩინებით საქალაქო სასამართლოს 14.02.2019 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი დარჩა ძალაში, რაც შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, იმ ნაწილში, რაც ეხება განთავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სარჩელი დაკმაყოფილებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ხელახლა ვეღარ იმსჯელებს ამ ნაწილში სარჩელის კანონიერებაზე.

3.6. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის კოდექსის 38.8 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს დამსაქმებელს, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი და მიუთითოს კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ არსებობს ვაკანტური პოზიცია, რომელზეც შესაძლებელი იქნება მოსარჩელის აღდგენა. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის გენერალური დირექტორის წერილობითი მომართვა, სადაც მითითებულია, რომ საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის, საშტატო განრიგის პროექტი/სამუშაო ვერსია სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტის მიერ წარდგენილ იქნა 2020 წლის იანვრის თვეში. ორგანიზაციაში არ არსებობს ვაკანტური პოზიციები და ამავე დროს, თანამშრომლები დასაქმებული არიან კონკრეტულ პროექტებზე/გადაცემებზე. დამსაქმებლის მიერ წარდგენილია არსებული თანამდებობების ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტექნიკა და ტექნოლოგიების ბლოკში (სტრუქტურულ ერთეულში) ხმის რეჟისორების ჯგუფში დასაქმებული პირების, მათი რაოდენობის თაობაზე. ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებისა, არ არსებობს მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, რადგან მოპასუხე დაწესებულებაში არ არსებობს არც იგივე ვაკანტური და არც შესაბამისი ტოლფასი თანამდებობა, რომელზეც შესაძლებელი იქნება მოსარჩელის აღდგენა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაავალდებულოს მოპასუხე მოსარჩელე აღადგინოს იმ თანამდებობაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს აღარ არსებობს (ან არ არის ვაკანტური) ან შექმნას დამატებითი (ახალი) შტატი/თანამდებობა მოსარჩელისათვის.

3.7. სშკ-ის 38.8 მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაეკისროს 12 500 ლარი (ხელზე ასაღები).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

9. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; სუსგ Nას-1067-2021, 25.10.2022 წ.).

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ არსებობს ვაკანტური პოზიცია, რომელზეც შესაძლებელი იქნება მოსარჩელის აღდგენა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს (სუსგ Nას-1529-2019, 30.09.2020წ., პუნ. 12.1.). პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მიზნებისათვის მარტოოდენ იმის კვლევა, არსებობს თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, არ იძლევა სრულფასოვან პასუხს მასზე, შესაძლებელია თუ არა პირის რესტიტუცია, არამედ განსაკუთრებულ შემოწმებას ექვემდებარება ამავე თანამდებობის ვაკანტურობა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სასამართლოს ევალება, გამოიკვლიოს, საქმის განხილვის ეტაპზე დამსაქმებელს აქვს თუ არა ისეთი შრომითი საჭიროება, რომელიც სრულფასოვნად არ არის დაკმაყოფილებული ორგანიზაციაში დასაქმებული პირების შრომითი რესურსით (სუსგ Nას-122-2022, 15.07.2022წ., პუნ. 24.4.). ამრიგად, პირვანდელი თანამდებობის არსებობასთან ერთად, მისი ვაკანტურობა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობაა. რაც შეეხება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე, მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებულის შესაბამისი თანამდებობა (შდრ. სუსგ №ას-1208-2018, 18.02.2021წ., პუნ. 103; სუსგ Nას-1067-2021, 25.10.2022წ. პუნ. 16). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულს არ მიუთითებია რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე, უფრო მეტიც, კასატორი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია ასეთი მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ.160). ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს; არ არსებობს დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის და მისი თანმდევი შედეგის - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

11. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ., პუნ. 31). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ№ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია გონივრულია (შდრ. სუსგ Nას-1365-2021, 14.04.2022წ.; სუსგ Nას-921-2021წ., 09.12.2021წ.; სუსგ Nას-113-2021, 27.04.2021წ.).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ქ.დ–ს (პ/ნ: .........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 17114073579, გადახდის თარიღი 16.05.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია