საქმე №ას-185-2021 26 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ა–ნი, მ.ნ–ძე, თ.ა–ვა, თ.კ–ძე, ნ.კ–კო, ა.მ–ი, მ.ნ–ძე, მ.ა–ვი, მ.ო–ძე, მ.ტ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2019 წლის გადაწყვეტილებით:
1.1. ვ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების: იბა „ა...“-ის წევრების - თ.ა–ვას, ი.გ–ის, თ.კ–ძის, ნ.კ–კოს, ა.მ–ის, მ.ნ–ძის, მ.ნ–ძის, მ.ა–ვის, მ.ო–ძის, ნ.ჩ–ის, მ.ტ–ის, მ.ბ–ის, ი.ფ–ის, გ.ა–ნისა და შპს „ა...“-ის მიმართ 81500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
1.2. თ.ა–ვას, ი.გ–ის, თ.კ–ძის, ნ.კ–კოს, ა.მ–ის, მ.ნ–ძის, მ.ა–ვის, მ.ო–ძის, მ.ტ–ის, მ.ბ–ის, ასევე გ.ა–ნისა და მ.ნ–ძის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა...“-ის 12.02.2009 წლის წევრთა კრების ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი 12.02.2009 წლის ხელშეკრულება ფართის გაცვლისა და გამოსყიდვის შესახებ;
1.3. მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის 1000 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს გ.ა–ნმა, მ.ნ–ძემ, თ.ა–ვამ, თ.კ–ძემ, ნ.კ–კომ, ა.მ–მა, მ.ნ–ძემ, მ.ა–ვმა, მ.ო–ძემ, მ.ტ–მა, მ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მეორე სააპელაციო საჩივრის ავტორები“ ან „კასატორები“), მოითხოვეს აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - მათ მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის სრულად დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 361.2, 521-ე, 523-ე, 930-ე, 933-ე, 59-ე მუხლებით. პალატის მითითებით, 12.02.2009 წლის იბა „ა...“-ის წევრთა კრების ოქმით ამხანაგობაში შპს „ა...“-ის კუთვნილი სავაჭრო-საოფისე ფართი №19-დან 127 კვ.მ და №14 ფართით 188,24 კვ.მ გაიცვალა მოსარჩელის კუთვნილ ფართის შესაბამის რკინის ნაგლინზე (არმატურაზე). არ დასტურდება, რომ 12.02.2009 წლის კრებას ესწრებოდა ყველა ხმის უფლების მქონე წევრი და მათთან შეთანხმებითა თუ მათი თანხმობით დაიდო ხელშეკრულება. ამხანაგობის რამდენიმე წევრის მიერ თანხმობის განცხადება საკმარისი არ იყო ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რადგან ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობას ითვალისწინებდა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს 12.02.2009 წლის კრების ოქმების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლად.
4.2. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან მიმართებით, იგი მიუთითებს ხანდაზმულობასა და იურიდიული ინტერესის არარსებობაზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასვნა, რომ ამხანაგობა „ა...“-ის ფიზიკურ პირ წევრებს შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი 12.02.2009 წლის გარიგებისა და კრების ოქმის ბათილობის მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობაც.
4.3. მეორე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელისთვის 1000 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება გონივრულად მიიჩნია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მეორე სააპელაციო საჩივრის ავტორებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - იურიდიული ხარჯების სახით მოსარჩელისთვის მათ სასარგებლოდ 7283 ლარის გადახდის დაკისრება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ოდენობა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხა არ არის გონივრული.
11. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, რომ სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
12. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ; №ას-1747-2019, 25.02.2020წ.).
13. პალატა მიუთითებს, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ №ას-330-315-2015, 29.06.2015წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ; №ას-259-2020, 29.12.2020წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კასატორებმა იურიდიული მომსახურებისთვის გასწიეს ხარჯი, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გონივრულად მიჩნეული ოდენობით დაეკისრა მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, ხოლო კასატორების საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას (შდრ. სუსგ №ას-818-784-2016, 16.11.2016წ.).
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 315 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 220.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ნის, მ.ნ–ძის, თ.ა–ვას, თ.კ–ძის, ნ.კ–კოს, ა.მ–ის, მ.ნ–ძის, მ.ა–ვის, მ.ო–ძის, მ.ტ–ის, მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ა–ნს (პ/ნ: .......), მ.ნ–ძეს (პ/ნ: ......), თ.ა–ვას (პ/ნ: .......), თ.კ–ძეს (პ/ნ: .......), ნ.კ–კოს (პ/ნ: ........), ა.მ–ს (პ/ნ: ........), მ.ნ–ძეს (პ/ნ: ........), მ.ა–ვს (პ/ნ: .......), მ.ო–ძეს (პ/ნ: .......), მ.ტ–ს (პ/ნ: ........), მ.ბ–ს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეთ ლ.ზ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 315 ლარის (საგადახდო დავალება №10763066442, გადახდის თარიღი 19.04.2021წ.) 70% – 220.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია