Facebook Twitter

საქმე №ას-1106-2022 31 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით ბ.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების - 1 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება მოპასუხის მიერ ნოტარიუსთან დეპონირებული და იპოთეკის ვალდებულების დასაფარად მიმართული თანხების გამოკლებით, ჯამში 840 543 ლარის ოდენობით) ს.ს.გ.დ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ მიწის ნაკვეთებზე:

- მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ……, ს.კ. N………, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი: 50 000 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი -13,00 კვ.მ;

- მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ….., ს.კ. ……., მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი: 3651 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 3651 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

- მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი …….., ს.კ. N…… (ნაკვეთის წინა ნომერი: N ……), მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 158 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 158 კვ.მ;

- ბ.გ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს.კ. ……, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი - 800 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 97 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით.

2.2. მოსარჩელის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (ს.კ. N……., N……., N……) ექსპროპრიაციის შედეგად საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა.

2.3. მოპასუხემ 2015 წლის 25 დეკემბერს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხა - 745 604,55 ლარის ოდენობით, ხოლო 94 938,45 ლარი გადახდილ იქნა მიწის ნაკვეთზე - ს.კ. N……. რეგისტრირებული იპოთეკის დაფარვის მიზნით.

2.4. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება სრულად მოექცა ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის - ქუთაისი-........ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები) სრული დემონტაჟი და არსებული მდგომარეობით მითითებულ ტერიტორიაზე არის საგზაო მაგისტრალი.

3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლზე, ასევე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1, 8.1 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის ........ კვანძთან შემაერთებელი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და განსახლების პოლიტიკის განხორციელებისთვის, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, მოპასუხის დაკვეთით შეფასება განახორციელა შპს ,,ა.ფ.ა–მა“, 840 543 ლარად, რაც მოსარჩელემ სადავო გახადა; რაც შეეხება, ექსპროპრირებული ქონების მოპასუხის მიერ შეფასებას, საქმეში წარდგენილია 09.12.2014წ. მიმართვა, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, კერძოდ: მიწის ღირებულება - 86 164 ლარი; შენობა-ნაგებობების ღირებულება - 732 428 ლარი; მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება - 15 ლარი და კომპენსაცია ბიზნესის შეჩერების გამო - 19 200 ლარი; მოსარჩელემ მისი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაუკვეთა აუდიტორული შეფასება და საშემფასებლო კომპანიის, აუდიტორ ბ.დ–ძის მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს გაცემული აუდიტორული დასკვნით შესაფასებელი უძრავი ქონების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა - 1 200 000 აშშ დოლარი, ხოლო ინდივიდუალური აუდიტორ-შემფასებლის, მ.მ–ძის მიერ უძრავ ქონებაზე - ს.კ. N ……. გაცემული დასკვნის თანახმად, წყალტუბოს რაიონის სოფელ ........ ტერიტორიაზე მდებარე 3651 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 1100 კვ.მ შენობის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1 328 000 აშშ დოლარი.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების ღირებულების შეფასების შესახებ წარდგენილია რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წარდგენილი საექსპერტო დასკვნების შედგენისას ექსპერტების მიერ გამოყენებულ იქნა განსხვავებული მიდგომები ქონების საბაზრო ფასის განსასაზღვრად. კერძოდ, მოპასუხის დაკვეთით შეფასება განახორციელა შპს „ა.ფ.ა–მა“, რომელმაც შენობა-ნაგებობების შეფასება განახორციელა ე.წ. „ჩანაცვლების ღირებულების“ მეთოდით და დეტალური განფასება/ ხარჯთაღრიცხვა მოხდა უძრავი ქონების ყველა შემდგენელი კომპონენტის მიხედვით, ასევე, ანაზღაურებისას მხედველობაში იქნა მიღებული ობიექტის კომერციული დანიშნულების მიზნით გამოყენების ფაქტი და დამატებით მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია ბიზნესის შეჩერების გამო 19 200 ლარის ოდენობით (მოსარჩელისათვის შეფასების მომენტში გადაცემული წლიური მოგების დეკლარაციის მხედველობაში მიღებით). მითითებული კომპენსაციის თანხა გადმოტანილია მოსარჩელის წინა წლის მოგების გადასახადის სრული თანხიდან. მოპასუხის აღნიშნული მითითების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია და ნათელია, რომ ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება (შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დეკლარაციის სახით) საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა. მეტიც, სასამართლო განხილვისას თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ დაწყებული მშენებლობის, ასევე, მისი მაღაზიის არაერთხელ გაქურდვის გამო მისი დაკეტვა მოუწია და საბოლოოდ აღნიშნული მის შემოსავალზე (მოგებაზე) გავლენის მატარებელი იყო.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, საშემფასებლო კომპანიის, აუდიტორ ბ.დ–ძის მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების შეფასების მიზნებისთვის, ერთ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა შედარების მიდგომის მულტიპლიკატორის მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: ირჩევა შესაფასებელი ობიექტის ანალოგიური ობიექტი, რომელიც უახლოეს წარსულში გაიყიდა, შემდეგ ითვლება ფარდობა გასაყიდ ფასსა და რომელიმე ფინანსურ მაჩვენებელს შორის. მულტიპლიკატორის სიდიდის გამრავლებით შესაფასებელი კომპანიის შესაბამის ეკონომიკურ მაჩვენებელზე მიიღება შესაფასებელი ობიექტის ღირებულება. მულტიპლიკატორის საფინანსო ბაზად შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო მოგება, არამედ ასევე ფულადი ნაკადები, შემოსავლები რეალიზაციიდან და ა.შ. დასკვნის შესაბამისად, მულტიპლიკატორის მეთოდით ვაჭრობასთან დაკავშირებული ობიექტის ღირებულების შეფასება შემდეგ საფეხურებს მოიცავს: საჭირო ინფორმაციის მოძიება, ანალოგიური ობიექტის შერჩევა, ფინანსური ანალიზი, მულტიპლიკატორების გამოთვლა, ღირებულების საბოლოო სიდიდის განსაზღვრა. ასევე, ექსპერტის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების მიდგომის პირდაპირი კაპიტალიზაციის მეთოდი. აღნიშნული მდგომით მხედველობაში მიიღება, რომ ობიექტი წარმოდგენს შემოსავლის მომტან ქონებას და ექსპერტის მიერ განხორციელებული დაშვებების (ქონების შემოსავლების, ხარჯების, ექსპლუატაციისა და დატვირთულობის) გათვალისწინებით ქონების ღირებულება განისაზღვრა 1 205 000 აშშ დოლარით. საბოლოოდ, აღნიშნული ორივე მეთოდის შეთანხმებით საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 1 200 000 აშშ დოლარი.

7. ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის შეფასებისას სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასამართლო განხილვისას ექსპერტის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მას არ გამოუკვლევია მოსარჩელის ფინანსური დოკუმენტაცია, დეკლარაციები და დასკვნის გაცემისას მხედველობაში იქნა მიღებული შედარება, დაშვებები, რომელიც მსგავსი ბიზნესისათვის არის დამახასიათებელი.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზანი მოიცავდა სახელმწიფოებრივი საჭიროების შიდამაგისტრალური გზის მშენებლობას. შესაბამისად, მითითებული ობიექტების (რესტორანი, საამქრო, მაღაზია) დანიშნულების შენარჩუნება, ცალსახაა, რომ არ ხდება და სწორედ სრული და სამართლიანი ანაზღაურების კომპენსაციის განსაზღვრისას უნდა მოხდეს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით კერძო მესაკუთრის ინტერესის სრული ბალანსი. უდავოა, რომ თითოეული ექსპერტის მიერ გამოყენებული მიდგომები (ე.წ. „ჩანაცვლების“, შედარებისა თუ შემოსავლების) ქონების საბაზრო ფასის განმსაზღვრელია. წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელის ქონების ჩამორთმევა მიზნად მის დემონტაჟსა და გზის მშენებლობას ითვალისწინებდა და არა მის იმავე დანიშნულებით გამოყენებას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო კვლევები ასახავს სავარაუდო შესაძლებლობებსა და დაშვებებს, რომელთა დადგენაში არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის რეალური ფინანსური დოკუმენტაცია, შემოსავლები, შესაძლებლობები. შესაბამისად, სრული და სამართლიანი ანაზღაურებისათვის უძრავი ქონების ,,ჩანაცვლების მიდგომით“ ანაზღაურება, სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებულია. მითითებულ შემთხვევაში მესაკუთრეს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს რეალური კომპენსაცია, რაც მისცემს საშუალებას ჩამორთმეული ქონების ნაცვლად მოახდინოს მისი ეკვივალენტურით ჩანაცვლება. ამასთან, მოცდენის პერიოდი კომპენსირებულ იქნა მხარის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული წლიური მოგების სრული ანაზღაურებით.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. სასამართლოს მითითებით, იგი იმ მოტივით დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „ა.ფ.ა–მა“ შეფასება განახორციელა წინა წლის მოგების გადასახადზე დაყრდნობით, რაც არასწორია. მოსარჩელემ წარადგინა დასკვნა, სადაც ქონების შეფასებისას გამოყენებულ იქნა შედარების მიდგომის მულტიპლიკატორის მეთოდი, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: ირჩევა შესაფასებელი ობიექტის ანალოგიური ობიექტი, რომელიც უახლოეს წარსულში გაიყიდა. შემდეგ ითვლება ფარდობა გასაყიდ ფასსა და რომელიმე ფინანსურ მაჩვენებელს შორის. მულტიპლიკატორის სიდიდის გამრავლებით შესაფასებელი კომპანიის შესაბამის ეკონომიკურ მაჩვენებელზე მიიღება შესაფასებელი ობიექტის ღირებულება. მულტიპლიკატორის საფინანსო ბაზად შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო მოგება, არამედ ასევე ფულადი ნაკადები, შემოსავლები რეალიზაციიდან და ა.შ. ნათელია, რომ მოცემული მეთოდის საშუალებით ბევრად ობიექტურად იქნებოდა შეფასებული მოსარჩელის კუთვნილი ობიექტის ღირებულება;

16.2. გარდა ამისა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევას სასამართლოს მხრიდან;

16.3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მიღებული იყო ექსპლუატაციაში და იგი ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას; ქონება იპოთეკით იყო დატვირთული და მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა 2700 აშშ ამერიკულ დოლარს; ამასთან, ქონება გაცემული იყო იჯარით (სამაცივრე მეურნეობა, ს.კ. .....), რაც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტაციით და რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;

16.4. მოსარჩელის სარესტორნო ბიზნესი მუშა მდგომარეობაში, კეთილმოწყობილი, შიდა და გარე დატვირთვით, ასევე, ლუდის ბარი (დახურული და ღია ფაცხებით), პურის საცხობი, ძეხვის საამქრო, სასურსათო მაღაზია (მარკეტი), სამაცივრე მეურნეობა შეფასებულ იქნა ბევრად ნაკლები კოეფიციენტით მის მომიჯნავე უძრავ ქონებებთან შედარებით, რისი მტკიცებულებაც წარდგენილია საქმეში. გარდა ამისა, მხედველობაში საერთოდ არ იქნა მიღებული შენობის ადგილმდებარეობა, იგი განთავსებული იყო ქალაქ ქუთაისისა და რამდენიმე სოფლის გზაგასაყარზე, ავტობანისა და ქალაქის შემაერთებელ გზაზე.

17. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული კანონმდებლობის სხვა დანაწესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს რა საკუთრების უფლებას, იგი აბსოლუტურ უფლებათა რანგში არ არის აყვანილი და თავადვე განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის წინაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წინაპირობები არ არის უცხო თანამედროვე სამართლებრივი სისტემებისათვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლისათვის, რომელიც ასევე დასაშვებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კანონიერება პროპორციულობის ტესტით (ჩარევა უნდა იყოს განსაზღვრული კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას; იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი/პროპორციული საშუალება - ამ მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა შეიძლებოდეს) უნდა შეფასდეს.

19. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - „სპეციალური კანონი“), რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმავე კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამი სავალდებული საფუძვლის დადგენა კომპენსაციის განსაზღვრისას მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-727-695-2014, 15 ივლისი, 2016 წელი).

21. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხს აწესრიგებს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს განსჯად სასამართლოში, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

22. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, უპირველეს ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის (იხ. სუსგ საქმე Nას-1152-2021, 31 იანვარი, 2022 წელი).

23. ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სუსგ საქმე Nას-222-2021, 04 ივნისი, 2021 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ის იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ფასდება. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა - არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამასთან, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი)

25. ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-592-2019, 30 ივნისი, 2021 წელი).

26. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

27. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

28. განსახილველ შემთხვევაში ექსპროპრირებული სადავო ქონების ღირებულებისა და სამართლიანი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მის მიერ საქმეში წარდგენილი აუდიტორული დასკვნებით ექსპროპრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სხვადასხვა ოდენობით არის შეფასებული, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების სარჩელში მითითებული ღირებულების მართებულობის ერთმნიშვნელოვნად დადგენა შეუძლებელია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნები ასახავს სავარაუდო შესაძლებლობებს და დაშვებებს, რომელთა დადგენაში არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის რეალური ფინანსური დოკუმენტაცია, შემოსავლები და შესაძლებლობები.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

31. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ბ.კ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ნ.კ–ძის (პ/ნ......) მიერ 2022 წლის 2 სექტემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი