Facebook Twitter

საქმე №ას-854-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.რ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საავტორო უფლების დარღვევის გამო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს.კ.რ..“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ.კ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით, 57 292 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით, 171 876 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის - 500 000 ლარის, ასევე, მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება).

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს „ს.კ.ჯ–სა” და მოპასუხეს შორის 2015 წლის 05 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ფილმის - „რ.ნ–სის“ ეთერში გაშვების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ სარეკლამო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოიპოვა ფაილის - „რ.ნ–სი“ ულიმიტოდ ეთერში ჩვენების უფლება 2 წლის განმავლობაში, კერძოდ, ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, შპს „ს.კ.ჯ–მა” მოპასუხეს მიანიჭა უფლება, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ულიმიტოდ გაეშვა საკუთარ ეთერში მხატვრული ფილმი „რ.ნ–სი”. შპს „ს.კ.ჯ–მა” დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ფილმზე საკუთრების უფლება და ფილმიდან გამომდინარე ნებისმიერი საავტორო უფლება ეკუთვნოდა მას და მოპასუხისათვის დასახელებული ფილმის ეთერში გაშვების გამო მესამე პირების მიერ პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, მათ მიმართ პასუხისმგებელი თავად იქნებოდა (იხ. ს. ფ. 87-90).

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.02.2016წ. განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს - ი.ჩ–ძესა და ლ.ჭ–ძეს აეკრძალათ კონოფილმის - „რ.ნ–სი“ გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება (იხ. ს. ფ. 30-34).

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. განჩინებით დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, მოსარჩელეს, წარმოდგენილი მ.ყ–ის სახით, და მეორე მხრივ, მოპასუხეებს - ი.ჩ–ძესა და ლ.ჭ–ძეს შორის შემდეგი პირობებით: 1. მოპასუხე მხარე (ი.ჩ–ძე და ლ.ჭ–ძე) თანახმაა დაუთმოს მოსარჩელეს ფილმზე „რ.ნ–სი“ ყველა საავტორო უფლება, სანაცვლოდ მოსარჩელე თანახმაა ფილმის ტიტრებზე მითითებულ იქნეს ი.ჩ–ძისა და ლ.ჭ–ძის სახელი და გვარი, როგორც ფილმის პროდიუსერები, ასევე, დარჩება ფილმში ყველა სასპონსორო და სარეკლამო კომპანიების ვინაობა; 2. ი.ჩ–ძე და ლ.ჭ–ძე უარს ამბობენ ფილმის ნებისმიერი გამოყენებით (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) მიღებულ შემოსავალზე მოსარჩელის სასარგებლოდ; 3. ფილმის წარმოების დროს წარმოშობილ ყველა ვალდებულებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოპასუხეებს - ი.ჩ–ძესა და ლ.ჭ–ძეს. 4. მორიგების დამტკიცებისთანავე მოსარჩელეს გადაეცემა ფილმის - „რ.ნ–სი“ 2 ვინჩესტერი (ორი მყარი დისკი) მასზე ჩაწერილი ავტორისეული ვერსიითა და ყველა სამუშაო მასალით; 5. მოპასუხეები - ი.ჩ–ძე და ლ.ჭ–ძე ვალდებულებას იღებენ ფილმის -„რ.ნ–სი“ საავტორო ვერსიის აღსადგენად მოსარჩელეს დაუთმონ სამონტაჟო კომპიუტერი ერთი კვირის ვადით; 6. აღნიშნული პირობების შესრულების სანაცვლოდ მოსარჩელე უარს ამბობს სარჩელით მოთხოვნილ საავტორო ჰონორარისა და ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილ თანხაზე; 7. მორიგების პირობების შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია აღარ ექნებათ დავის საგანთან მიმართებაში.

2.4. იმავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.02.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ასევე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.09.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაევალათ მოპასუხეებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაეცათ აღმასრულებლისათვის ფილმის - „რ.ნ–სი" 2 „ვინჩესტერი” (ორი მყარი დისკი) მასზე ჩაწერილი ავტორისეული ვერსიითა და ყველა სამუშაო მასალით (იხ. ს.ფ. 46-49).

2.5. მხარეთა შორის 2018 წლის 31 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ტელეკომპანიას მოსარჩელისათვის უნდა გაეწია სარეკლამო მომსახურება 2018 წლის 10 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, კერძოდ: 30 წამიანი სარეკლამო რგოლის ჩვენება დღეში ხუთჯერ, სულ 10 დღის განმავლობაში.

2.6. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა მისი კუთვნილი ფილმის - „დაბოლილი ნასოსი“ ჩვენების უფლება ტელეარხების - „რ..’’-ისა და ტელეკომპანიის კუთვნილი არხების - „მ–ო“ და „კ.ა–ი“, ეთერში 2018 წლის 01 მაისიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, სულ 6 (ექვსი) ჩვენება. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ფილმზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნოდა და მოპასუხისათვის დასახელებული ფილმის ეთერში გაშვების გამო მესამე პირების მიერ პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში მათ მიმართ პასუხისმგებელი თავადვე იქნებოდა; ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 12 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით; ხოლო, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურეობის ღირებულება შეადგენდა 15 000 ლარს საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით; ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ან/და ურთიერთჩათვლით (იხ. ს. ფ. 26-29).

2.7. მოსარჩელის მიერ მოპასუხის წარმომადგენლის (გ.ლ–ძე) გაფრთხილების მიუხედავად, ფილმი სახელწოდებით „რ.ნ–სი“ კ.ა–ის ეთერში საჯაროდ იქნა ნაჩვენები 12.08.2018 წლის 22:00 საათზე და ჩვენება შეწყდა (სრულად არ იქნა ნაჩვენები) 22:54 წუთზე.

2.8. უცნობი მომხმარებლების მიერ ფილმი სახელწოდებით „რ.ნ–სი“ (არასრულად ნაჩვენები ვერსია) ავტორის თანხმობის გარეშე აიტვირთა www.myvideo.ge-ზე და ბლოკირებამდე 5 დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. ფილმი საიტზე www.myvideo.ge 57 292 მაყურებელმა ნახა (იხ. ს.ფ. 44).

2.9. შპს „ს–ია’’ რეგისტრირებულია 2016 წლის 08 ივლისს, რომლის პარტნიორები არიან - მოსარჩელე (55% წილის მქონე პარტნიორი) და მ.ყ–ი (45% წილის მქონე პარტნიორი), კომპანიის დირექტორია - მოსარჩელე (იხ. ს.ფ. 24-25).

2.10. მოსარჩელემ შექმნა ფილმის ფასიანი საიტი cinemagia.ge, რომელზეც განათავსა ფილმი სახელწოდებით „დაბოლილი ნასოსი”. ფილმის ერთი ნახვისთვის დაწესებული იყო გადასახადი 3 ლარის ოდენობით საქართველოში არსებული მომხმარებლისათვის (იხ. ს.ფ. 45; 114-116, 121-122). მოგვიანებით აღნიშნული ფილმი მოსარჩელის გადაწყვეტილებით აიტვირთა www.youtube.com-ზე და ყველასთვის უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, ასევე, ს.ფ. 118).

3. სააპელაციო სასამართლომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.ა, 5.2, 5.3, მე-9 მუხლებზე, ასევე, „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 16.05.1995 წლიდან) მე-2 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ კინემატოგრაფიული ნაწარმოებები წარმოადგენს ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებს და კონვენციის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე (ამ მუხლში აღნიშნული ნაწარმოებები სარგებლობს დაცვით კავშირის ყველა ქვეყანაში. ეს დაცვა მოქმედებს ავტორისა და მისი უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ), სარგებლობს დაცვით კავშირის ყველა ქვეყანაში.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხატვრული ფილმები „რ.ნ–სი“ და „დაბოლილი ნასოსი“ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობის თანახმად, ი.ჩ–ძემ და ლ.ჭ–ძემ მოსარჩელეს დაუთმეს ფილმზე - „რ.ნ–სი“ ყველა საავტორო უფლება. ამასთან, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსარჩელეს გადაეცა ფილმის მყარი დისკი საავტორო ვერსიის აღსადგენად. მხარეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის მხატვრული ფილმის - „დაბოლილი ნასოსი“ ავტორი და პროდიუსერი, ფილმი კი არის მოსარჩელის ფილმის - „რ.ნ–სის“ სახეშეცვლილი ვერსია; საყურადღებოა, რომ საავტორო უფლების საკითხი სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის შესაგებლით, თუმცა მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გახდა 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს „ს.კ.ჯ–სა” და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების მხარე, რომლითაც ფილმის „რ.ნ–სის“ ეთერში გაშვების უფლება მიეცა მოპასუხეს.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მისი უფლების დარღვევის არსებობა წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხეს, რადგან სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის ფილმის ეთერში გაშვების ფაქტი, ევალებოდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა დარღვევის არარსებობა, ე.ი მას უნდა დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ ფილმის ჩვენების თაობაზე მიცემული თანხმობის არსებობა.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 9.1 მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 18.2, 18.3 მუხლებით, 17.1 მუხლის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით და წინამდებარე განჩინების 2.6 და 2.7 პუნქტებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუნიჭებია უფლება ფილმის ჩვენებაზე, რომლის სახელი იქნებოდა „რ.ნ–სი“.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საავტორო უფლების დაცვის ობიექტის სწორად განსაზღვრისათვის უნდა გაიმიჯნოს საავტორო უფლების მქონე პირის კანონით დაცული ინტერესები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ნებართვის გარეშე მოპასუხის ეთერით ნაჩვენები იქნა არაავტორისეული ვერსია (თუნდაც სათაურის გათვალისწინებით), რაც ამ ნაწარმოების ავტორის უფლების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმარტება, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების შემდეგ მოსარჩელე გახდა 2015 წლის 5 ოქტომბერს შპს „ს.კ.ჯ–სა” და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რაც მოსარჩელეს ფილმის ჩვენებაზე უფლებას ანიჭებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა მისი ხელმოწერიდან 2 წლის ვადით (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი), ხოლო მოპასუხის მიერ ფილმი სახელწოდებით „რ.ნ–სი“ კ.ა–ის ეთერში საჯაროდ იქნა ნაჩვენები 2018 წლის 12 აგვისტოს. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა მხატვრული ფილმის - „რ.ნ–სი” სატელევიზიო ეთერით ჩვენება მოსარჩელის თანხმობის/ნებართვის გარეშე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის, როგორც ავტორის ქონებრივი უფლება, რაც გათვალისწინებულია როგორც „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-6-7 პუნქტებით, 58-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით, ასევე, წინამდებარე განჩინების 2.8 და 2.10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და იმის გათვალისწინებით, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას უშვებს ზიანის ოდენობის დაანგარიშებას სავარაუდო შემოსავლით, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების მართლზომიერად გამოყენებით, მიიჩნია, რომ ასეთ სავარაუდო შემოსავლად მიჩნეული უნდა ყოფილიყო საიტზე - www.myvideo.ge ფილმის ნახვის მსურველთა რაოდენობა, რაც შეადგენს 57 292 ადამიანს. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ აღნიშნული პირები ფილმს ნახავდნენ ფასიან საიტზეც - cinemagia.ge, სადაც ფილმის ერთი ნახვისთვის დაწესებული იყო გადასახადი 3 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელისათვის (მოსარჩელე) მიყენებული ზიანის ოდენობა 171 876 (57 292 X 3) ლარით უნდა განსაზღვრულიყო, რომლის ანაზღაურებაც უფლების დამრღვევს - მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.

9. მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს ავტორის უფლებათა დაცვის ქმედით მექანიზმებს და ადგენს გონივრულ ბალანსს ავტორის საავტორო უფლებათა და ქონების მესაკუთრის ინტერესებს შორის. „ბერნის კონვენციის“ მე-6bis მუხლის (1) პუნქტის თანახმად, ავტორის ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ ნაწარმოების ნებისმიერ გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან სხვაგვარ ცვლილებას, ასევე, ამ ნაწარმოების ნებისმიერ სხვა შელახვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას. ანალოგიურ დათქმას შეიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, რეპუტაციის პატივისცემის უფლება ავტორის კანონით აღიარებული ის განსაკუთრებული უფლებაა, რომელიც უპირობო დაცვას ექვემდებარება.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი პიროვნული უფლებების ხელყოფა და არ წარადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების სტანდარტს.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არამართლზომიერად დაადგინა მხარისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები;

17.2. გაუგებარია რატომ დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება, რადგან მოპასუხეს 2015 წელს ჰქონდა ხელშეკრულება დადებული შპს „ს.კ.ჯ–თან“, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს გადაეცა უფლება გაეშვა ეთერში, მათ შორის, კ.ა–ის ეთერში, ფილმი „რ.ნ–სი“. აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა, მეორე მხარეს არ უცნობებია მოპასუხისათვის, რომ მას ხელშეკრულების შეწყვეტა სურდა. მეტიც, 2018 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, მოპასუხეს მიეცა უფლება მის კუთვნილ არხებზე განეთავსებინა ფილმი „დაბოლილი ნასოსი“. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაწყვეტად სახეზე უნდა იყოს რომელიმე მხარის მიერ გამოხატული ხელშეკრულების შეწყვეტის აშკარა და მკაფიო ნება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოპასუხემ კანონიერად, ყველანაირი უფლების დაცვით განათავსა საკუთარ საეთერო ბადეში 2018 წლის 12 აგვისტოს 22:00 საათზე ფილმი „რ.ნ–სი“;

17.3. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითებს, რომ აღნიშნული ზიანი მას მიადგა myvideo.ge-ზე ფილმის მეკობრული განთავსებით. მოსარჩელის განმარტებით, რომ არა ეს საიტი, იგი შემოსავალს მიიღებდა მის მიერ შექმნილი საიტიდან, სადაც ერთი ფილმის ღირებულება 3 ლარი იყო. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს, კერძოდ, ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული ფილმის გადატანა მოხდა მოპასუხის პლატფორმიდან. აღნიშნულის დამადასატურებელი მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია, ვინაიდან მოპასუხის სერვერზე ფილმები არ თავსდება. მოპასუხის ვებგვერდზე მხოლოდ მის მიერ შექმნილი პროუქტის განთავსება ხდება (მაგალითად: „დილა მშვიდობისა საქართველო“, „სხვა შუადღე“ და „კურიერი“); ამასთან, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ სწორედ მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი. ზიანის მიყენების ფაქტი არ არის აშკარა და ცალსახა. თუ მოსარჩელის მოტივს წარმოადგენდა მის მიერ შექმნილ საიტზე ფილმის განთავსება და აქედან შემოსავლის მიღება, მაშინ რატომ გააფორმა მან მოპასუხესთან ხელშეკრულება და რატომ სურდა ამ არხის მეშვეობით განხორციელებულიყო მოცემული ფილმის საპრემიერო ჩვენება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხის მიერ განთავსებული ფილმის კავშირს არაუფლებამოსილი პირების მიერ არამართლზომიერად ფილმის სხვა საიტზე განთავსებასთან. აღნიშნული ფილმი შესაძლოა მოპოვებულ იქნა სხვა დამოუკიდებელი მიზეზებით, რომელსაც მოპასუხის მიერ ამ ფილმის განთავსებასთან კავშირი არ აქვს;

17.4. მოსარჩელე ასევე ვერ ადასტურებს, რომ „რ.ნ–სი“ და „დაბოლილი ნასოსი“ განსხვავებული ფილმებია. ზიანი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ ისეთი ფილმების ჩვენებით, რომელიც ურთიერთგანსხვავდება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ზიანი მიადგა ისეთი ფილმის ჩვენებით, რომელიც მის აზრს/შეხედულებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მხოლოდ სახელის ცვლილება ვერ გამოიწვევდა ზიანს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა (მატერიალური ზიანი);

17.5. კასატორისთვის გაუგებარია, რატომ მიუთითებს მოსარჩელე არასრული ფილმის ჩვენებით მიყენებულ ზიანზე, მაშინ, როდესაც ფილმის შეწყვეტა მისი მოთხოვნით მოხდა 54 წუთზე. თუ მოსარჩელემ წინასწარ იცოდა იმის შესახებ, რომ არასრული ფილმის ჩვენება მისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოითხოვა ფილმის შეწყვეტა;

17.6. მოსარჩელის მიერ შექმნილი ვებგვერდი არ არის რეიტინგული და საზოგადოებას საერთოდ არ აქვს მასზე ინფორმაცია. რაც შეეხება myvideo.ge-ს მისი მაყურებლის რიცხვი ბევრად უფრო მაღალია. შესაბამისად, მოპასუხისათვის 171 879 ლარის დაკისრება შეუსაბამო და არალეგიტიმურია. ცნობილია, რომ ფასიანი საიტის მომხმარებლები ბევრად უფრო მცირე რაოდენობას წარმოადგენენ ვიდრე უფასო, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის, როგორიც არის myvideo.ge;

17.7. გაურკვეველია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ ზიანის ოდენობა, როდესაც თვითონ მოსარჩელე უთითებს, რომ არსებული ზიანი შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ ისეთი ფილმების ჩვენებით, რომლებიც ურთიერთგანსხვავდება. ამასთან, გაურკვეველია, თუ ფილმების ურთიერთგანსხვავების ფაქტზე სასამართლომ არ იმსჯელა და ვერ დაადგინა ამ ფაქტის არსებობა, რატომ მოხდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

19. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით კი, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.

20. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება; ხოლო, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს, მათ შორის, უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი. ამასთან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ 2018 წლის 12 აგვისტოს ყველანაირი უფლების დაცვით განათავსა საკუთარ საეთერო ბადეში ფილმი „რ.ნ–სი“. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ. კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „ს.კ.ჯ–სა” და მოპასუხეს შორის 2015 წლის 05 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ფილმის - „რ.ნ–სი“ საკუთარ ეთერში ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ გაშვების უფლება მიეცა ხელშეკრულების ხელმოწერიდან მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, ხოლო მოპასუხემ აღნიშნული ფილმი მისი კუთვნილი არხის - „კ.ა–ის“ ეთერში საჯაროდ აჩვენა ფილმის ჩვენების უფლების ორწლიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 12 აგვისტოს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის, როგორც ავტორის ქონებრივი უფლებები.

23. კანონმდებელი ითვალისწინებს რა ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების მნიშვნელობას, განსაზღვრავს მისი დაცვის მექანიზმსაც, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების დარღვევის შესახებ; იმავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით.

24. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

26. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა 171 876 ლარით განსაზღვრა. ზიანის აღნიშნული ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა წინამდებარე საქმეში დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: უცნობი მომხმარებლის მიერ ფილმის - „რ.ნ–სი“ არასრულად ნაჩვენები ვერსია ავტორის თანხმობის გარეშე აიტვირთა www.myvideo.ge-ზე და ბლოკირებამდე 5 დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი, რა დროში აღნიშნულ საიტზე ფილმი ნახა 57 292-მა მაყურებელმა; ამასთან, მოსარჩელემ შექმნა ფასიანი საიტი cinemagia.ge, რომელზეც განათავსა ფილმი - „დაბოლილი ნასოსი”, რომლის ნახვისთვის დაწესებული იყო გადასახადი 3 ლარის ოდენობით საქართველოში არსებული მომხმარებლისათვის.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა მართებულად განსაზღვრა 171 876 ლარით (57 292 x 3). კასატორს აღნიშნულის საწინააღმეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.კ.რ..“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი