საქმე №ას-802-2021 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ–ი (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - ნ.ტ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ანდერძის, სამკვიდრო მოწმობის, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.კ–ძე (ა–ძე) (შემდგომში - „მოსარჩელე“) არის დ.ა–ძის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) შვილი (იხ. ტ.1.ს.ფ. 25, 85).
2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1993 წლის 18 აგვისტოს (იხ. ტ.1. ს.ფ. 26).
3. გარდაცვალების დროისათვის მამკვიდრებელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, დაბა ........, 1460 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 60 კვ.მ. სასარგებლო ფართის საცხოვრებელი სახლი, რაც 1994 წლის 24 აგვისტოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ჟ.შ–ის საკუთრებაში.
4. ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა მამკვიდრებლის 1984 წლის 23 მარტის ანდერძის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 138-139).
5. ჟ.შ–მა აღნიშნული ქონება 2006 წლის 6 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა თავის შვილს - მ.შ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“), რომელმაც 30.10.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით 146 800 აშშ დოლარად მიჰყიდა იგი ი.ფ–ვას.
6. შემდეგში, ი.ფ–ვასა და ე.ა–ს შორის 10.02.2014წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ქონება აღირიცხა ე.ა–ის საკუთრებაში, ხოლო ე.ა–სა და ნ.ტ–ძეს (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) შორის 06.07.2016წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით იგი აღირიცხა თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისა და თავდაპირველი მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
7.1. ........ს სადაბო საბჭოს მდივნის, ა.ვ. ასული მ–ძის მიერ 1984 წლის 23 მარტს დამოწმებული დ.გ. ძე ა–ძის (მამკვიდრებლის) ანდერძის (რეესტრის N126) ბათილად ცნობა;
7.2. მ.ე–ძის მიერ დამოწმებული 1994 წლის 24 აგვისტოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის (ფორმა N11, რეესტრის N1-295) ბათილად ცნობა;
7.3. სანოტარო აქტის - მ. ე–ძის მიერ დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრის №1-1887) ბათილად ცნობა;
7.4. მოპასუხესა და ი.ფ–ვას შორის 30.10.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
7.5. ი.ფ–ვასა და ე.ა–ს შორის 10.02.2014წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
7.6. ე.ა–სა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის, 06.07.2016წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
7.7. მოპასუხისათვის სამკვიდრო ქონების განკარგვის შედეგად უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ 365 250 აშშ დოლარის დაკისრება.
8. მოსარჩელის განმარტებით:
8.1. ოზურგეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ №.......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) მფლობელობასა და საკუთრებაში ჰქონდა მოსარჩელის მამას (მამკვიდრებელს), რომელიც გარდაიცვალა 1993 წლის 18 აგვისტოს. მამკვიდრებლის ერთადერთი მემკვიდრე - მოსარჩელე აგრძელებდა მამის დანატოვარი ქონების მოვლა-პატრონობას, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებდა უძრავი ნივთის მონახულებას, ხოლო ქონებას უვლიდა მოსარჩელის შვილიშვილი;
8.2. 2017 წლის იანვარში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ქონების დაპატრონებას ცდილობდა ვინმე შ–ი. ინფორმაციის მოძიების შედეგად მან შეიტყო, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონება, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე დაურეგისტრირებია ვინმე ჟ.მ. ძე შ–ს, მაშინ როდესაც მამკვიდრებელმა გააუქმა ანდერძი. დაბა ........ს საკრებულოს გამგებლის 1994 წლის 22 სექტემბრის განკარგულებით, ჟ.შ–ის, როგორც მამკვიდრებლის ანდერძისმიერი მემკვიდრის, საკუთრებად აღირიცხა სამი საცხოვრებელი ოთახი და 1460 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. განკარგულება გაცემულია დანაშაულებრივად, თითქოს არსებობდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა. ჟ.შ–მა მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით მოახერხა სადავო ქონებაზე უფლების მოპოვება, ხოლო, მოგვიანებით, 2006 წლის 27 ნოემბერს, ნოტარიულად დამოწმებული №1-1887 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება დაირეგისტრირა ჟ.შ–ის შვილმა - მოპასუხემ;
8.3. კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის მოსაპოვებლად მოპასუხესა და სხვა პირებს შორის დაიდო სამი ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება და მესაკუთრედ რეგისტრირდებოდნენ სხვადასხვა პირები, თუმცა სადავო ქონებას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა მოპასუხის ოჯახი. ყველა მესაკუთრე მოქმედებდა ერთიანი განზრახვით;
8.4. ჟ.შ–ის ქმედების შედეგად ეს უკანასკნელი გამდიდრდა უსაფუძვლოდ, ხოლო მოგვიანებით, მისმა შვილმა - მოპასუხემ მიიღო ქონება, რის შედეგადაც დაზარალდა მოსარჩელე;
8.5. სადავო ქონება ამჟამად ირიცხება თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებად და იპოთეკით არის დატვირთული.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
9.1. მამა - ჟ.შ–ი იყო მამკვიდრებლის მეგობარი. მამკვიდრებელი მარტო ცხოვრობდა, მეუღლესთან დაშორებული იყო, რის გამოც ჟ. შ–ი წლების განმავლობაში უვლიდა მას. სწორედ ამის გამო მამკვიდრებელმა თავისი ქონება უანდერძა მოპასუხის მამას;
9.2. ანდერძი დადასტურებულია ........ს სადაბო საბჭოს მიერ და საბჭოს მდივანი ა.მ–ძე მიუთითებს, რომ მამკვიდრებელმა ანდერძს ხელი მისი თანდასწრებით მოაწერა. სწორედ ამ ანდერძის საფუძველზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა;
9.3. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ანდერძის გაუქმების ფაქტს;
9.4. ოზურგეთის რაიონის ........ს საკრებულოს 1994 წლის 19 აგვისტოს №6/320 ცნობით ირკვევა, რომ მამკვიდრებლის საბინაო წიგნში დღეისათვის არავინ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მამკვიდრებელი საბინაო წიგნში რეგისტრირებული უკანასკნელი პირი იყო;
9.5. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ან მისი შვილიშვილის მიერ სამკვიდროს დაუფლებას. მოსარჩელე არც მამის გარდაცვალებამდე და არც მას შემდეგ პატრონობდა სადავო ქონებას. მას ქონების დაუფლების სურვილი მხოლოდ 23 წლის შემდგომ გაუჩნდა. მოთხოვნა ასევე ხანდაზმულია.
10. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
11. მოცემულ დავაზე მოპასუხისა და თავდაპირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ........ს სადაბო საბჭოს მდივნის, ა.ვ. ასული მ–ძის მიერ 1984 წლის 23 მარტს დამოწმებული დ.გ. ძე ა–ძის (მამკვიდრებელი) ანდერძი (რეესტრის N126), მ.ე–ძის მიერ დამოწმებული 1994 წლის 24 აგვისტოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (ფორმა N11, რეესტრის N1-295) და სანოტარო აქტი - მ. ე–ძის მიერ დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრის №1-1887); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 146800 აშშ დოლარის გადახდა.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტით, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ასევე პალატის განმარტებით, მხარეს უფლება აქვს განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მხარე, რომლის მიერაც წარდგენილი იყო ასეთი საბუთი, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც დანიშნავს ექსპერტიზას ან გამოითხოვს სხვა მტკიცებულებას (სსსკ-ის 137-ე მუხლი). პალატის მითითებით, იმ ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომ ჟ.შ–ის სასარგებლოდ მამკვიდრებლის სახელით შედგენილი და 1984 წლის 23 მარტს დამოწმებული ანდერძი, ასევე ამ ანდერძის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნამდვილია - მოპასუხის მხარეს არის. მანვე უნდა დაამტკიცოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა. იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიღებული აქვს მოსარჩელეს და რომ თავდაპირველად ჟ.შ–ის, ხოლო შემდეგ მოპასუხის მიერ არასწორად განიკარგა მისი საკუთრება - მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს.
15. სააპელაციო სასამართლომ სადავო ანდერძისა და მის საფუძველზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნამდვილობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა მამკვიდრებლის მიერ ჟ.შ–ის სახელზე, 1984 წლის 23 მარტს შედგენილი ანდერძი იმ საფუძვლით, რომ ასეთი ნება მამკვიდრებელს არ გამოუვლენია, ანდერძი ხელმოწერილი არ იყო მამკვიდრებლის მიერ, ასევე დარღვეული იყო მისი შედგენისა და დამოწმების კანონით დადგენილი წესები, რაც ადასტურებდა მის სიყალბეს.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ანდერძზე მამკვიდრებლის ხელმოწერასთან დაკავშირებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N001207019 დასკვნის თანახმად, იმ ფაქტის დადგენა - ........ს სადაბო საბჭოს მდივნის, ა.ვ. ასული მ–ძის მიერ დადასტურებული 1984 წლის 23 მარტის ანდერძზე (რეესტრში რეგისტრაციის №126), მამკვიდრებლის სახელით ხელმოწერა შესრულებულია თუ არა 1911 წელს დაბადებული მამკვიდრებლის მიერ - შეუძლებელია გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და წარმოდგენილი ნიმუშების სიმცირის გამო (ტ.6. ს.ფ.83-89).
17. მამკვიდრებლის ნების გამოვლენასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 13 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის - ა.მ–ის განმარტებაზე, რომ სადავო ქონება მამკვიდრებლის იყო. ამ ქონებას პატრონობდა მამკვიდრებლის უახლოესი მეგობარი ა.დ–ი, რომელიც მისი (მოწმის) მეუღლის ბიძა იყო. მამკვიდრებელი ისეთი პიროვნება იყო, არავის მისცემდა ქონებას. მას თავისი სახლის საბუთები ა.დ–ზე ჰქონდა მიბარებული, ხოლო შემდეგ მასთან (მოწმესთან) ინახებოდა. ჟ.შ–ს იგი (მოწმე) ახლოს იცნობდა. ჟ. შ–მა შესთავაზა, თუკი გადასცემდა დ–ის სახლის საბუთებს, ტერიტორიას გაუყოფდა, სადაც მოწმე შეძლებდა სახლის აშენებას. ჟ.შ–ის წინადადებას იგი არ დათანხმდა და საბუთები მოგვიანებით მამკვიდრებლის შვილებს გადასცა.
18. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე აცხადებდა, რომ 1984 წლის 23 მარტის ანდერძზე არ არის მამკვიდრებლის ხელმოწერა და ყალბია, სწორედ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ანდერძი არის ნამდვილი, თუმცა ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, ხოლო თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი არ არის ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, არ შეიცავს მის ნებას სამკვიდროს განკარგვაზე, რაც სსკ-ის 54-ე და 1403-ე მუხლების შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბათილია ანდერძი, ასევე ბათილს წარმოადგენს ამ ანდერძის საფუძველზე მ.ე–ძის მიერ დამოწმებული 1994 წლის 24 აგვისტოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (ფორმა N11, რეესტრის N1-295), რომლითაც მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა ჟ.შ–ი. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, დაბა ........, 1460 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 60 კვ.მ. სასარგებლო ფართის საცხოვრებელ სახლზე ჟ.შ–ს საკუთრების უფლება არ მოუპოვებია.
20. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდროს მიღების საკითხზე.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 16 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.დ–მა აჩვენა, რომ მამკვიდრებელს იცნობდა მისი ბიძის - ა.დ–ისგან, რომელიც იყო მამკვიდრებლის უახლოესი მეგობარი. სწორედ მასთან ინახავდა მამკვიდრებელი თავისი სახლის საბუთებს, ასევე, როდესაც შვილებთან მიდიოდა, ბიძამისი გადადიოდა მის სახლში, სახლი მარტო რომ არ დაეტოვებინა. მისი ბიძის მეშვეობით დაუახლოვდა მამკვიდრებელს, რომლის თანხმობითაც ამუშავებდა მის მიწას, კერძოდ, მოჰყავდა კარტოფილი, სიმინდი. მიწის დამუშავება გააგრძელა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც, ვიდრე სახლი დაიწვებოდა. ბიძამისის მეშვეობით ასევე გაიცნო მამკვიდრებლის შვილი - მოსარჩელე. სახლ-კარსაც უვლიდნენ, გადახურეს კიდეც ტოლით, სადაც პერიოდულად ხან ისინი (მოწმე) ჩადიოდნენ, ხან - მამკვიდრებლის შვილები. დ–ის გარდაცვალების ფაქტი მის შვილს აცნობა ბიძამისმა. იმ დროს მოსარჩელე ავად იყო და დაკრძალვის თანხა გამოაგზავნა.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე 2017 წლის 13 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა.მ–ის ჩვენებაზე, რომ მამკვიდრებლის დავალებით მას უვლიდა ა.დ–ი. მამკვიდრებელთან მოდიოდნენ მისი შვილები და შვილიშვილები. ა.დ–ის შვილი და მამკვიდრებლის შვილი ერთად იზრდებოდნენ. მოსარჩელე პერიოდულად ჩამოდიოდა. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სახლის დაწვამდე სახლ-კარს ის (მოწმე) უვლიდა მამკვიდრებლის შვილის დავალებით.
23. სააპელაციო პალატამ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მამის - მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები გაიღო, ასევე მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონების მოვლა-პატრონობა დაავალა ა.მ–ს და სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის დაწვამდე პერიოდულად თავადაც იმყოფებოდა ამ საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ მოსარჩელეს მამის სამკვიდრო არ მიუღია.
24. სანოტარო აქტის - მ. ე–ძის მიერ დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრის №1-1887) ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჟ.შ–ი და მოპასუხე არიან მამა-შვილი. შესაბამისად, მოპასუხისათვის გონივრული წინდახედულობის ფარგლებში ცნობილი უნდა ყოფილიყო ოჯახის წევრის საკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე ანდერძის და მის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონსაწინააღმდეგოდ შედგენის თაობაზე. მოპასუხე ასეთი ფაქტების არცოდნას ვერ ასაბუთებს. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე ჟ.შ–ის საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი ნამდვილი არ იყო, შესაბამისად, შემძენის ინტერესები ვერ იქნებოდა დაცული საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, რაც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
25. მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობა - ხელყოფის კონდიქცია. კერძოდ, მოსარჩელის საკუთრება - მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება ი.ფ–ვასთან 30.10.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ისე განიკარგა არაუფლებამოსილი პირის - მოპასუხის მიერ, რომ ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად მოპოვებული არ ჰქონდა (ჩუქების ხელშეკრულება ბათილია). შესაბამისად, დასტურდება, რომ ხელყოფა არამართლზომიერია. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა ქონების უკუქცევა, სსკ-ის 979.1 და 979.2 მუხლების შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულება იყო მოსარჩელისთვის გადაეცა საკუთრების არამართლზომიერი განკარგვით მიღებული შემოსავალი - 146800 აშშ დოლარი.
26. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 365 250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
27. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება მოსარჩელემ მოითხოვა საქმეში განთავსებული მტკიცებულების - ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ–ძის მიერ 2017 წლის 30 აპრილს შედგენილი შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დასკვნის შედგენის დროისათვის (ტ.1. ს.ფ.196). საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც 30.10.2012 წლის ნასყიდობის გარიგების დადების დროისათვის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულებისაგან (146800 აშშ დოლარი) განსხვავებით სადავო ქონების საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავდა, წარმოდგენილი არ ყოფილა და არც მოსარჩელეს მიუთითებია ასეთ გარემოებაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან სსკ-ის 982-ე მუხლი უსაფუძვლო გამდიდრების თავშია მოცემული, მსგავსად შესრულების კონდიქციისა, გათანაბრების მოთხოვნის ოდენობის დადგენისას გამოიყენება ამავე კოდექსის 979.2 მუხლი, რომლის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
28. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ამ უკანასკნელის მიერ მისი უძრავი ქონების განკარგვის დროიდან (2012წ.). შესაბამისად, სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება გამდიდრება, რომელიც ხელყოფის დროისათვის სამართლებრივი სიკეთის ღირებულებას უთანაბრდება. პალატის მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს უძრავი ქონების ღირებულება იმ მოცულობით, რასაც მისი საკუთრების უფლება მოიცავდა ანუ რაც მას დაუბრუნდებოდა ი.ფ–თან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში. დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ჩუქების გზით (უსასყიდლო განკარგვა), ხოლო ამ უკანასკნელმა ქონება განკარგვა სასყიდლიანი გარიგების - 30.10.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით, რომლის საფუძველზეც მყიდველისაგან - ი.ფ–აგან მიიღო ქონების საფასური - 146 800 აშშ დოლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის (30.10.2012 წელი) სადავო ქონების საბაზრო ღირებულების - 146 800 აშშ დოლარის გადახდა.
29. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნები, რომლებიც შეეხება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების, კერძოდ: 1) მოპასუხესა და ი.ფ–ვას შორის 30.10.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების; 2) ი.ფ–ვასა და ე.ა–ს შორის 10.02.2014წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების; 3) ე.ა–სა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის 06.07.2016წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნები თავისი ბუნებით აღიარებითია და იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სადავო ქონების უკუქცევა არ მოუთხოვია (ამ გაგებით მოთხოვნის ადრესატი იქნებოდა თავდაპირველი მოპასუხე მისი არაკეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში) და მხოლოდ მოპასუხისთვის ითხოვდა ქონების ეკვივალენტური თანხის დაკისრებას, გაურკვეველია, ამ მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
30. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა: ისეთ პირობებში როდესაც, მხარემ (ი.ფ–ვა, ე.ა–ი) იყიდა უძრავი ქონება, ხოლო მოგვიანებით გაყიდა იგი, ამასთან, არცერთი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მათ არ იცოდნენ თავიანთი საკუთრების ხარვეზიანობის შესახებ (რომ თავდაპირველი გამყიდველი - მოპასუხე არ იყო ნამდვილი მესაკუთრე), ი.ფ–ვა და ე.ა–ი არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ უსაფუძვლოდ გამდიდრებულებად, ვინაიდან ორივე ამ გარიგების დადებისას მოქმედებდა კეთილსინდისიერად, მართლზომიერად და ისინი არ გამდიდრებულან, რადგან იყიდეს და მოგვიანებით გაყიდეს მათ საკუთრებაში არსებული და, მათი აზრით, ნამდვილი გარიგებით შეძენილი უძრავი ქონება. შესაბამისად, არ არსებობდა ამ გარიგებათა ბათილად აღიარების წინაპირობა.
31. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი - გ.კ–ძე.
32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
35. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
37. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - სადავო ქონების აუდიტის შეფასება. მოსარჩელე მხარეს მოთხოვნა წარმოეშვა 2017 წლის 21 მარტს. სარჩელის აღძვრის მომენტში მან შეაფასებინა სადავო ქონება. ინდივიდუალური აუდიტის თ.კ–ძის მიერ ქონება შეფასებულ იქნა 365 250 აშშ დოლარად. სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. აღნიშნულ დროდ სასამართლომ მიიჩნია მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დრო და არ გაითვალისწინა 2017 წლის 30 აპრილის აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება თანხის დაანგარიშებას.
38. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
39. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და სარჩელში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით წარმოდგენილია კონდიქციური სარჩელი.
40. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
41. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მამამ (არაუფლებამოსილი პირი) ყალბი ანდერძის საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული სადავო უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით განკარგა მოპასუხეზე.
42. შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურება, სსკ-ის 990.1. [თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს] და 979.2 მუხლებიდან გამომდინარეობს [თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით].
43. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს მოპასუხისთვის სამკვიდრო ქონების განკარგვის შედეგად უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე 365 250 აშშ დოლარის დაკისრება ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ–ძის 2017 წლის 30 აპრილის შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დასკვნის შედგენის დროისათვის. სააპელაციო პალატამ კი ქონების ღირებულება განსაზღვრა მოპასუხესა და ი.ფ–ვას შორის 30.10.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებით - 146 800 აშშ დოლარით.
44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სადავო ქონების ღირებულება. სსკ-ის 979.2 მუხლით დადგენილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო არის ის დრო, როდესაც მოპასუხემ გაასხვისა სადავო ნივთი. სწორედ ნივთის გასხვისების ანუ განკარგული ქონების დაბრუნების შეუძლებლობის დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ მას მხოლოდ 2017 წლის 21 მარტიდან ანუ სარჩელის წარდგენის დროიდან წარმოეშვა ეს უფლება.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.კ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი