Facebook Twitter

საქმე №ას-664-2021 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S.G.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „S.G.“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ - მოპასუხე, შემსყიდველი, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „S.G.-ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მიმწოდებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა და 2017 წლის 5 ოქტომბერის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის ანაზღაურება, მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1 281.5 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 5 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №1 დანართის მიხედვით, მიმწოდებელს ევალებოდა, ხელშეკრულების №2 დანართის შესაბამისად, შემკვეთის საკუთრებაში არსებული 131 ობიექტის შეკეთება. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების აქტის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა 36 ობიექტზე, რომელთაგან: 5 ობიექტზე დარღვევა აღმოიფხვრა ნაწილობრივ; 16 ობიექტზე - არ აღმოფხვრილა; 8 ობიექტზე - აღმოიფხვრა ვადის დარღვევით, ხოლო 7 ობიექტზე - აღმოიფხვრა სრულად. ზემოხსენებული ინსპექტირების აქტი შედგა 2017 წლის 8 დეკემბერს, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერიდან კი დგინდება, რომ აქტში მითითებული დარღვევების ნაწილიც აღმოფხვრილია, ზოგი ვადაში და ზოგი ვადის დარღვევით. მიმოწერით ასევე დასტურდება, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხარვეზების გამოსწორება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ ხერხდებოდა, გარე ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც მიმწოდებელი ინფორმაციას აწვდიდა შემსყიდველს;

2.2. ხელშეკრულების №2 დანართის 8.7. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების შემთხვევაში ყოველი თვის ბოლოს უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტში აღინიშნებოდა ამის შესახებ და მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ დარღვევაზე. ამდენად, ყოველი თვის ბოლოს მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო აქტი, რომლითაც შემსყიდველი სრულად მიიღებდა შესრულებულ სამუშაოს, ან დააფიქსირებდა შესრულების ხარვეზებს;

2.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შემსყიდველის მხრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის წერილით ცალმხრივად შეწყდა, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კი, ორი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების ან სხვა შეფასების აქტი არ შემდგარა, შესაბამისად, არც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მომხდარა წერილობითი აღნიშვნა და არც პირგასამტეხლო დაკისრებია მიმწოდებელს. მოსარჩელე ნაკისრ ვალდებულებებს სრულყოფილად ასრულებდა და ელექტრონული მიმოწერით მოითხოვდა დასრულებული სამუშაოების შემსყიდველის მხრიდან მიღებას, რასთან დაკავშირებითაც აპელანტის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

2.4. 2017 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულების №3 დანართის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო ყოველთვიურად გადასახდელი ფიქსირებული თანხით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 75090 ლარს, საიდანაც შემსყიდველს მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 25 030 ლარი;

2.5. 2017 წლის 5 ოქტომბერს ხელშეკრულების გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე მიმწოდებელი ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხელშეკრულებით დადგენილი ვადები ირღვეოდა, რაც ხშირად გამოწვეული იყო გარეშე ფაქტორებით.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა, ჯეროვნად განახორციელა თუ არა მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოპასუხის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე შეკეთების (ტექნიკური მომსახურების) სამუშაო და ხელშეკრულების №2 დანართით (ტექნიკური დავალება) გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარების სახელშეკრულებო პირობები, ასევე, რა ღირებულების სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ, ეკისრებოდა თუ არა მას პასუხისმგებლობა ხელშეკრულების №2 დანართის 8.1. პუნქტით განსაზღვრული გეგმიური შემოწმებისათვის, რაც, აღნიშნული პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო „საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, რაზედაც შედგებოდა შესაბამისი შემოწმების აქტი, სადაც დაფიქსირდებოდა შენობაში არსებული შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და არსებული ხარვეზები“.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო მხარეთა შორის შეთანხმებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას რა ოდენობით ამცირებდა. ამასთან, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების თაობაზე მხარეთა შორის არც ხელშეკრულებით დადგენილი ოფიციალური დოკუმენტი შედგენილა.

5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ შემკვეთის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო ნაკლის მქონე იყო და აღნიშნული ნაკლის შედეგად სამუშაოს ღირებულება, ყოველთვიური 25 030 ლარის ნაცვლად, შეადგენდა ნაკლებ ოდენობას, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული ანაზღაურების ოდენობაზე ინსპექტირების აქტში მითითებული ხარვეზების ზეგავლენას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ასანაზღაურებელი თანხა უნდა განისაზღვროს 4564,44 ლარით, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენს მხოლოდ მასალის ღირებულებას და აღნიშნული მასალის ტრანსპორტირების, მუშახელის ხელფასის, ასევე, სრულყოფილად შესრულებული ობიექტების ღირებულებები არ დაანგარიშებულა.

6. რაც შეეხება მიმწოდებლის ვალდებულებას, ხელშეკრულების №2 დანართის 8.1. პუნქტის შესაბამისად, განეხორციელებინა გეგმიური მონიტორინგი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ხელშეკრულების ხანგრძლივობის გათვალისწინებით აღნიშნული პირობის შესრულება ალოგიკურია, რადგან ხელშეკრულება გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში, გეგმიური შემოწმება კი უნდა განხორციელებულიყო საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, ამასთან, შემკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა ორი თვის თავზე, შესამოწმებელ ობიექტთა რაოდენობა კი შეადგენდა 131-ს და განთავსებული იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. აღნიშნულს ერთვოდა ფილიალების მონიტორინგის აქტები. ობიექტების მონიტორინგს ახორციელებდა თავად შემსყიდველიც, შესაბამისად, აღნიშნული პირობის ვადაში შეუსრულებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველს, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, შეეძლო პირგასამტეხლოს სახით საჯარიმო სანქციის გამოყენება, რაც მას არ განუხორციელებია.

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულება.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

9. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოქმედებს სსკ-ის 642-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. გარდა ამისა, ხელშეკრულების 11.4. მუხლის საფუძველზე სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისას მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა პირგასამტეხლო.

10. კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 642-ე მუხლით. ამასთან, დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით, როგორიცაა 644-ე მუხლით, 405-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 352-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.

11. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოითხოვა არა დამატებითი შესრულება, ან შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორება, არამედ ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის მოტივით (ხელშეკრულების შესრულების ვადის ბოლო თვეს), ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. მართალია, ხელშეკრულებით შემსყიდველს აქვს უფლება, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული უფლება არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ ყოველი არაჯეროვანი, ან ვადაგადაცილებული შესრულების, ან თუნდაც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უპირობოდ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულების ცალმხრივად ცვლა, იქნება ეს ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი, თუ ხელშეკრულების მოშლა - შეწყვეტა, უპირობოდ ვერ განხორციელდება და მხარეს უფლება აქვს, გამოიყენოს აღნიშნული უფლება მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. 13.1 მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, „შემსყიდველი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულების შესრულებას“. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში „ვერ უზრუნველყოფს“ იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული ზომები უნდა ჰქონდეს გამოყენებული იმის შესამოწმებლად, რომ შემსყიდველმა, მიცემული დამატებითი შესაძლებლობის მიუხედავად, ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და არსებული ვითარების გათვალისწინებით, მისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების პერსპექტივა არ არსებობს. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების მიმართ ნდობა მიმწოდებელს დამატებითი შესრულების ვადის დაწესების ან საჯარიმო სანქციების გამოყენების მოლოდინს უჩენს.

13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდე სათანადო რეაგირებას ახდენდა შემკვეთის მიერ მიცემულ ხარვეზებზე და აღმოფხვრიდა მათ. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები დღემდე გრძელდება და მოსარჩელე, ასევე, წარმოადგენს საიდუმლო ხელშეკრულებების კონტრაქტორს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ მენარდის მხრიდან განხორციელებული დარღვევების შედეგად მოპასუხემ ნდობა დაკარგა მოსარჩელის მიმართ და ამ საფუძვლით შეწყვიტა ხელშეკრულება.

14. სსკ-ის 648-ე, 649-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მიღების მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულების თანახმად, ყოველი კონკრეტული მოთხოვნის წარდგენისას მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, მონიტორინგი გაეწია მიმწოდებლის მიერ თითოეული მითითების შესრულებისთვის, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში - სათანადო რეაგირებით, რაც შეიძლებოდა დამატებითი ვადის დაწესებით განხორციელებულიყო. მით უფრო, როცა ხელშეკრულება ავალდებულებდა შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას მოეხდინა ინსპექტირება და ინსპექტირების შესაბამისად - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მოპასუხის მიერ ამგვარი ქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში კი, მოსარჩელე უფლებამოსილია, დაეყრდნოს სსკ-ის 649-ე მუხლს და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს მიღებულად ჩათვლა.

15. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტები და არ შეფასებულა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან თანამშრომლობის პროცესში გამოხატავდა კონკრეტული სამუშაოების მიღების სურვილს, რაც წარმოდგენილი ოფიციალური მიმოწერით დასტურდება. მოპასუხე არ ასრულებდა სამუშაოების შესრულების მიღების ვალდებულებას, რასაც მას ხელშეკრულების პირობები ავალდებულებდა.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტი, რომ, მართალია, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, სადაც აღნიშნული იქნებოდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა მან მოთხოვნის ოდენობა დაუკავშირა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და №3 დანართით შეთანხმებულ ყოველთვიურ ოდენობას, რომლის თანახმად მოპასუხეს მომსახურების თანხა ფიქსირებულად, თვეში 25 030 ლარის ფარგლებში უნდა აენაზღაურებინა. აღნიშნულის საპირისპიროდ, თუკი მოპასუხე არ ეთანხმებოდა მომსახურების საფასურის ფიქსირებულ ანაზღაურებას, მას არ წარმოუდგენია იმგვარი შესაგებელი, რომლითაც დამტკიცდებოდა, რეალურად რა ღირებულების სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ ან რა ღირებულების სამუშაოს მიმართ ჰქონდა პრეტენზია და რა ღირებულებით შეიძლებოდა მოეთხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შემცირება.

17. სააპელაციო პალატა დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებას №2ბ/1201-18 საქმეზე (§11), რომლითაც „არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა მიმართა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს, არამედ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, ამდენად, აპელანტის ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისათვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.“

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 649-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ვალდებულებებით განსაზღვრული ფარგლებით და სარჩელი დააკმაყოფილოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოცულობით.

19. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 75 090 ლარით, ხელშეკრულების დანართის - ფასების ცხრილის მიხედვით, თითოეულ თვეზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 25 030 ლარს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ოდენობის დაზუსტების გათვალისწინებით, მისი საბოლოო მოთხოვნა შეადგენდა 50 000 ლარს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი თვის სამუშაოს ღირებულებაა. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ვადის გათვალისწინებით, მოთხოვნილი 50 000 ლარი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ოქტომბერსა და ნოემბერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 50 000 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

25. საკასაციო საჩივრის თანახმად:

25.1 სააპელაციო სასამართლომ მატერიალური სამართლის ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არსებითად არასწორად განმარტა, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

25.2 სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა თვისობრივად ორი განსხვავებული ვალდებულების შესრულება: 1. სარემონტო სამუშაოების წარმოება; 2. ხარვეზების აღმოჩენისა და გამოსწორების მიზნით, შენობების გეგმიური მონიტორინგი. აღნიშნული ვალდებულებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. პირველი მათგანი ნაწილობრივ, თუმცა არაჯეროვნად შესრულდა, ხოლო მეორე არ შესრულებულა.

25.3 გასაჩივრებული განჩინების თანახმად, მეორე ვალდებულების შესრულების აუცილებლობა უგულებელყოფილ იქნა და ყურადღება მხოლოდ პირველ კომპონენტს დაეთმო. გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მოსარჩელის მოთხოვნა.

25.4 მოპასუხე სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სათანადო ვადებში შესრულება არსებითი მოთხოვნა იყო. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულება დაიდო უმნიშვნელოვანესი მიზნით - სააგენტოს გამართული, დროული და ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის.

25.5 სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ 19,44% შემთხვევაში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, ხოლო 80,66% ან არ შეასრულა ან შესრულება იყო არაჯეროვანი. ამასთან, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომ მოპასუხემ მოითხოვა არა დამატებითი შესრულება ან ნაკლის გამოსწორება, არამედ, ინტერესის დაკარგვის მოტივით, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. რეალურად მოპასუხემ მოსარჩელესთან კომუნიკაციისას არაერთხელ მისცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესი არ ავალდებულებს მხარეს, დამატებითი ვადა განუსაზღვროს კონტრაჰენტს ვალდებულების შესასრულებლად. შეუსრულებელი ვალდებულებების სიმრავლის ფონზე, მოპასუხეს აღარ ჰქონდა მოსარჩელის მიმართ ნდობა და სამომავლოდ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების მოლოდინი.

25.6 სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირობა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი დგებოდა მხოლოდ ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების შემთხვევაში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

25.7 სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა 2017 წლის 8 დეკემბერს შედგენილი ინსპექტირების აქტი, რომელშიც მითითებულია მოპასუხის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მიმდინარე შეკეთების (ტექნიკური მომსახურების), ობიექტების ჩამონათვალის (№1 დანართი) და ტექნიკური დავალების დარღვევებით შესრულების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტის გაცნობისას ცხადი ხდება, რომ არაჯეროვნად შესრულდა ან/და სრულიად არ შესრულებულა ვალდებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა. შესაბამისად, მოპასუხემ მხოლოდ გამოყენებული მასალის ღირებულების - 4564,44 ლარის ანაზღაურების მზაობა გამოთქვა. ასევე, დაუსაბუთებელია მოპასუხისათვის 50 000 ლარის დაკისრება. ურთიერთსაწინააღმდეგოა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ფიქსირებული თანხა თვეში იყო - 25 030 ლარი, ამავდროულად, სასამართლომ უდავოდ დაადგინა სააგენტოს მიერ შედგენილი აქტი, რომელიც შეფასებას 4564,44 ლარად განსაზღვრავს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო პირველ მოსაზრებას და არ დაასაბუთა მეორე არგუმენტის გამოუყენებლობის მოტივი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის შეუძლებელია, მოსარჩელე არ აწარმოებდეს ხარჯთაღრიცხვას, თუმცა მას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

25.8 გაუგებარია სააპელაციო პალატის პოზიცია იმ პირობებში, როდესაც უტყუარადაა დადგენილი ხელშეკრულების თანაბარმნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობის ფაქტი, რის საფუძველზეც მოპასუხეს დაეკისრა ორი თვის მომსახურების საფასურის გადახდა სრულად. ამ ვალდებულებების შესრულების ფაქტის მტკიცება თეორიულადაც შეუძლებელია: ა) ვინაიდან აქტები მოპასუხეს საერთოდ არ წარდგენია; ბ) აქტები, რომლებიც სასამართლოს წარედგინა იყო არასრული და აშკარად მოპასუხის მიერ მიწერილი პრობლემების ასლს ასახავდა; გ) სასამართლოს მითითება ვადაზე საერთოდ გაუგებარია, ვინაიდან სააგენტომ გააფრთხილა მხარე და, ამის მიუხედავად, არც ორი თვის გასვლის შემდეგ - 5 დეკემბერს და არც შემდგომში დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა.

26. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წელი, პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 9 სექტემბერი, 2021 წელი; №ას-764-2019, 2 მარტი, 2019 წელი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288), თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.; სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია შემკვეთის შემდეგი მეორადი უფლებები, რომლებიც მას წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მენარდემ დაარღვია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების ვალდებულება: 1) დამატებითი შესრულების მოთხოვნა; 2) ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ; 3) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო; 4) საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო; 5) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია, „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ. 343).

29. ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ, გამომდინარეობს სსკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ, შესრულების ნაცვლად, ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობასთან დაკავშირებით, შემკვეთის დამატებითი შესრულების მოთხოვნა მენარდის მიმართ ვლინდება ან ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნაკეთობის უნაკლოთი შეცვლის მოთხოვნით. მათი სამართლებრივი შედეგი იდენტურია - შემკვეთი იღებს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს ანუ ნარდობის ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით ხელშეკრულების მიზანი, თუმცა დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნის რეალიზების შემდეგ, მაინც მიღწეულია. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს შეუძლია, 405-ე მუხლის მიხედვით, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-222-2021, 4 ივნისი, 2021 წელი).

31. მოცემულ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოპასუხეს კანონის ზემოაღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული შესაძლებლობით არ უსარგებლია და, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, მოსარჩელისათვის დამატებითი შესრულება ან შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორება არ მოუთხოვია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, მხოლოდ კასატორის საწინააღმდეგო განმარტება კი, მისი პოზიციის გაზიარების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით.

33. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეზე დართული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და მისი №3 დანართით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრა მხარეებმა ფიქსირებული თანხის - თვეში 25 030 ლარის გადახდას დაუკავშირეს.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მენარდის მიერ სამუშაოს ნაკლიანად შესრულებისა და აღნიშნული ნაკლის სამუშაოს ღირებულებაზე ზეგავლენის ფაქტის დადასტურება სწორედ შემკვეთის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მხარემ ვერ განახორციელა. მოპასუხეს კვალიფიციური შესაგებლის წარდგენით არც ის გარემოება დაუმტკიცებია, რომ მოსარჩელემ სამუშაო რაიმე კონკრეტული ღირებულების ფარგლებში შეასრულა. მით უფრო, რომ ხელშეკრულება ავალდებულებდა შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას მოეხდინა ინსპექტირება და გაეფორმებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

35. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას კასატორის იმ არგუმენტის საწინააღმდეგოდაც, რომელიც შეეხება მოსარჩელის ვალდებულებას, ხარვეზების აღმოჩენის გამოსწორების მიზნით, შენობების გეგმიური მონიტორინგის ჩატარების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად ორ თვეში შეწყვიტა, ხოლო ზემოაღნიშნული მონიტორინგის ჩატარება მოსარჩელეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, საქართველოს მასშტაბით 131 ობიექტზე ევალებოდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მითითებული მოვალეობის შეუსრულებლობა სადავო ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობად ვერ შეფასდება.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ 2021 წლის 13 ივლისს №11046 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის 70% – 1750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ N....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 13 ივლისს №11046 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის 70% – 1750 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი