Facebook Twitter

საქმე №ას-285-2021 29 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – იბა „ს....“-ს წევრები: გ.ბ–ი, ტ.გ–ნი, ს.ნ–ი, ს.ლ–ნი, ლ.ც–ძე, შ.გ–ნი, მ.ა–ი, გ.წ–ი, მ.ნ–ძე, ნ.ჯ–ა, რ.გ–ი, ლ.ქ–ვა, ლ.მ–ძე, ი.ბ–ი, ი.ხ–ნი, შპს „ო–ი“, მ.კ–ი, გ.გ–ნი, ა.ა–ნი, ი.ბ–ძე, დ.ბ–ძე, ბ.გ–ძე, შ.ქ–ნი, დ.ლ–ნი, მ.ს–ძე, მ.ს–ძე, მ.მ–ნი, ე.მ–ნი, ც.ბ–ნი, ა.გ–ძე, ჟ.გ–ვა, რ.ტ–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული დავალიანების, პირგასამტეხლოს და ერთჯერადი პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ამხანაგობა ,,ს.... “-ის (შემდგომში - „ამხანაგობა”) წევრების - გ.ბ–ის, ტ.გ–ნის, ს.ნ–ის, ს.ლ–ნის, ლ.ც–ძის, შ.გ–ნის, მ.ა–ის, გ.წ–ის, მ.ნ–ძის, ნ.ჯ–ას, რ.გ–ის, ლ.ქ–ვას, ლ.მ–ძის, ი.ბ–ის, ი.ხ–ნის, შპს ,,ო–ის“, მ.კ–ის, გ.გ–ნის, ა.ა–ნის, ი.ბ–ძის, დ.ბ–ძის, ბ.გ–ძის, შ.ქ–ნის, დ.ლ–ნის, მ.ს–ძის, მ.ს–ძის, მ.მ–ნის, ე.მ–ნის, ც.ბ–ნის, ა.გ–ძის, ჟ.გ–ვას და რ.ტ–ნის (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები”) მიმართ სერვიტუტის ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის 2010 წლის 08 ივლისს დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სააგენტომ გადასცა, ხოლო სერვიტუტის მიმღებმა სერვიტუტის უფლებით მიიღო ქ. თბილისში, ……… ტერიტორიაზე (ს.კ. N…….) არსებული 3191 კვ.მ-დან 127 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ხელშეკრულების დანართის შესაბამისად).

2.2. ხელშეკრულების 1.2 და 6.1 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ხელშეკრულების პერიოდი განისაზღვრა 15 წლის ვადით.

2.3. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის 11.06.2010წ. N17.34.845 დადგენილების საფუძველზე, სერვიტუტის წლიური საზღაური შეადგენდა 889 ლარს. სერვიტუტის უფლების მიმღების მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თბილისის ბიუჯეტში წელიწადში ორჯერ, 6 თვეში ერთხელ თანაბარწილად.

2.4. ხელშეკრულების 4.12 პუნქტის თანახმად, სერვიტუტის თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, სერვიტუტის უფლების მიმღებს ეკისრებოდა სერვიტუტის თანხის 0,1%-ის გადახდა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა.

2.5. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2.6. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ამ ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი ყოფილიყო მხარეთა მიერ ორმხრივი წერილობითი, სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით ან წერილობითი შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ცვლილება და/ან დამატება ძალაში შედიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდა სერვიტუტის უფლების მიმღები.

2.7. სააგენტომ 30.03.2011წ. წერილით ამხანაგობას განუმარტა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 28.01.2011წ. N1-5 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ამხანაგობას შორის 08.07.2010წ. გაფორმებული უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების საგნის წლიური სერვიტუტის ღირებულება განისაზღვრა 1651 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილით ამხანაგობას ასევე განემარტა, რომ სერვიტუტის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულებაში სერვიტუტის ახალი საზღაურის თაობაზე ცვლილების შეტანის მიზნით, ამხანაგობის წარმომადგენელი წერილის მიღებიდან 1 თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სააგენტოში. მითითებულ ვადაში სერვიტუტის საზღაურის ოდენობის (1651 ლარი) თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული იტოვებდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა 08.07.2010წ. უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ხელშეკრულება.

2.8. სააგენტოს 21.07.2011წ. ბრძანებით ცვლილება შევიდა სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ამხანაგობასთან 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანებით სერვიტუტის უფლების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 08 ივლისამდე. ამასთან, ბრძანების დადგენილებითი ნაწილის მე-3 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ბრძანება ამხანაგობის წარმომადგენლის - გ.პ–ძის 30.05.2011წ. N12-8/3058 განცხადებასთან ერთად გათანაბრებული იყო ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა თანდართული სერვიტუტის პირობები.

2.9. სერვიტუტის პირობების 3.1 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური სერვიტუტის უფლების საზღაური შეადგენდა 1651 ლარს; 11.7 პუნქტის თანახმად, სერვიტუტის პირობების დარღვევის შემთხვევაში სერვიტუტის უფლების მქონეს ეკისრებოდა 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო; 12.4 პუნქტის თანახმად, სერვიტუტის პირობების 11.2 და 11.3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სერვიტუტის უფლების მიმღებს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით.

2.10. ქალაქ თბილისის მთავრობის N29.39.1088 დადგენილების თანახმად, შეწყდა ამ დადგენილების დანართ N1-ში ჩამოთვლილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის/აღნაგობის და/ან სერვიტუტის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებები. ამ დადგენილების დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5, დანართი N6, დანართი N7 და დანართი N8-ში მოცემული შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების გამო.

2.11. სააგენტომ ამხანაგობას 10.03.2011წ. წერილით აცნობა, რომ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, ამხანაგობას გადასახდელი ჰქონდა სერვიტუტის საზღაური და მისი გადაუხდელობისთვის ერიცხებოდა პირგასამტეხლო. სააგენტომ ამხანაგობას ასევე განუმარტა, რომ აღნიშნული წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უზრუნველეყო სერვიტუტის საზღაურისა და პირგასამტეხლოს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2.12. სააგენტოს 21.10.2011წ. წერილის თანახმად, სააგენტომ ამხანაგობას აცნობა, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერის სარგებლობის გრაფაში არსებული მონაცემებით ქ. თბილისში, …….. N29-29ა-ს ტერიტორიაზე მდებარე N…. საკადასტრო კოდით არსებულ 3191 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 127 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის უფლება და სერვიტუტის უფლების ცვლილება არ იყო რეგისტრირებული, ამხანაგობას წარმოეშვა სერვიტუტის პირობების 12.4 პუნქტით გათვალისწინებული 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ამხანაგობას ასევე განემარტა, რომ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო პირგასამტეხლოს გადახდა წერილში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე და სააგენტოსთვის მიეწოდებინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვიტუტის პირობების 10.4 პუნქტის თანახმად, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ სერვიტუტის უფლების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნეოდა.

2.13. ქ. თბილისის მერიის 26.06.2014წ. წერილის თანახმად, 2011 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, ამხანაგობის დავალიანება შეადგენდა 932,8 ლარს, ხოლო 2011 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით - 2 085,2 ლარს, საერთო ჯამში 3 018 ლარს; გარდა ძირითადი თანხისა, ამხანაგობას ასევე ეკისრებოდა პირგასამტეხლო, რაც 2011 წლის 26 ივლისის მდგომარეობით (პირველადი ხელშეკრულება), შეადგენდა 199 ლარს, ხოლო 2011 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით - 458,98 ლარს და ერთჯერადი პირგასამტეხლო 2 100 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენდა 2 757,98 ლარს. აღნიშნულს ემატებოდა პირგასამტეხლო ქირის 1 651 ლარის 0,1%-ის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან, კერძოდ, 2012 წლის 30 ოქტომბრიდან სერვიტუტის ქირის დავალიანების საბოლოო დაფარვამდე.

2.14. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ……., ნაკვეთის წინა ნომერი 15/16, ს.კ. N ….., თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ამხანაგობის სახელზე.

2.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 18.12.2012წ. გადაწყვეტილებით სააგენტოს 17.12.2012წ. განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომლითაც სააგენტო ითხოვდა სერვიტუტის უფლების შეწყვეტას უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ……, ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებაზე (ს.კ. N …….) სერვიტუტის უფლება რეგისტრირებული არ იყო.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247.1, 253.1, 183-ე მუხლებით და განმარტა, რომ სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის მომწესრიგებელი ნორმები. კერძოდ, უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვისათვის საჭიროა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება სერვიტუტის დადგენის შესახებ და ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 08 ივლისს სააგენტოსა და ამხანაგობას შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ; ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, თუმცა საქმის გარემოებებით უდავოდ დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში და კანონის მოთხოვნათა დაცვით მისი რეგისტრაცია არ მომხდარა. აღნიშნულს მოწმობს საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.12.2012წ. გადაწყვეტილება სააგენტოს 17.12.2012წ. განცხადებაზე, რომლითაც სააგენტოს უძრავ ქონებაზე სერვიტუტის უფლების შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ამ უძრავ ქონებაზე სერვიტუტის უფლება რეგისტრირებული არ იყო.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი არ წარმოშობილა ძირითადი უფლება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.

5. აპელანტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა სარჩელის ნაწილობრივ ცნობა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ფაქტი არ გამოკვეთილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, საჯარო რეესტრში სერვიტუტის რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრებოდა სერვიტუტის მიმღებს, რაც მის მიერ არ შესრულებულა. სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას;

12.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი თანახმა იყო ამხანაგობას დაკისრებოდა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა. თუმცა, სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა;

12.3. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა მხარეთა შორის უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ამხანაგობა 2010 წლის 08 ივლისიდან 2012 წლის 30 ოქტომბრამდე განაგრძობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობას ქირის გადაუხდელად. ხოლო, ქირის დავალიანება დასტურდება მოპასუხის აღირებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და სსსკ-ის 131-ე და სსკ-ის 341.1 მუხლების სათანადო შეფასების გარეშე, არ დააკმაყოფილა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).

14. სერვიტუტი სანივთოსამართლებრივი უფლებაა, ეს არის ნივთთა შორის ისეთი ურთიერთმიმართება, როცა ერთი ნივთი დგება მეორე ნივთის სამსახურში ამ უკანასკნელის უკეთ გამოყენების მიზნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ლეგალური განმარტების თანახმად, სერვიტუტი არის ერთი მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) გამოყენების უფლება სხვა მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) მესაკუთრის სასარგებლოდ ან საჭიროებებისათვის. არაა აუცილებელი, სარგებელი წარმოადგენდეს ეკონომიკურ სარგებელს. ასეთი შეიძლება იყოს იდეალური სარგებელი, მაგალითად, როგორიც არის მშვიდი საცხოვრისის ან ხედის შენარჩუნება. სერვიტუტის დროს, პირობითად, ერთი ნივთი „ძირითადი“/ “გაბატონებული“ ნივთია, ხოლო მეორე „დამხმარე“/ „დაქვემდებარებული“. სერვიტუტის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ „დამხმარე“ ნივთი ემსახურება „ძირითადი“ ნივთის უკეთ გამოყენების მიზანს. სერვიტუტი წარმოადგენს მთავარი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 186-188). მიწის ნაკვეთზე ან სხვა სახის უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლება წარმოიშობა როგორც სანივთო ტვირთი და სერვიტუტის უფლებით დატვირთული ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილება იზღუდება სერვიტუტის არსებობის განმავლობაში.

15. სერვიტუტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სანივთო უფლებაა, ანუ ნაწარმოებია იმ უფრო ფართო (მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების საკუთრების) უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით (სსკ-ის 151.2 მუხლი). შესაბამისად, სერვიტუტის, როგორც შეზღუდული სანივთო უფლების თვისება ისაა, რომ ის მიჰყვება ძირითად უფლებას, როცა იცვლება მისი მესაკუთრე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 37).

16. სერვიტუტი, როგორც სხვის ნივთზე უფლება, ორი გზით დგინდება, ერთი - კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე და მეორე - პირთა სუბიექტური ნების, იგივე გარიგების საფუძველზე (იხ. ბესარიონ ზოიძე, „ქართული სანივთო სამართალი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 2003 წელი, გვ. 263).

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ნივთის შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, გარიგების საფუძველზე სერვიტუტი წარმოიშობა უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის გათვალისწინებული წესით წერილობითი შეთანხმებითა და მისი რეგისტრაციით. აღნიშნული წესი იმპერატიულია და მისი დაუცველობის სამართლებრივი შედეგი ის არის, რომ სერვიტუტი არ წარმოიშობა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, 247-ე მუხლის კომენტარი, გვ. 279).

18. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის 2010 წლის 08 ივლისს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვის შესახებ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვინაიდან სერვიტუტის წარმოშობისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე სერვიტუტი არ წარმოშობილა, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისათვის სერვიტუტის საზღაურისა და აღნიშნულიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოპასუხის მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე შესაგებელი წარადგინა მხოლოდ ერთმა მოპასუხემ - ს.ნ–მა, რომელმაც წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს შესაგებლები არ წარუდგენიათ. ამასთან, საქალაქო სასამართლოს 22.03.2018წ. გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლო სხდომაზე ს.ნ–მა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმებოდა ხელშეკრულების პირობებს, თუმცა თანახმა იყო, ამხანაგობას მხოლოდ ქირის დავალიანება დაკისრებოდა, რათა საქმე სწრაფად დასრულებულიყო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. 4, ს.ფ. 114-115). საკასაციო სასამართლო მოპასუხის აღნიშნულ განმარტებას მისი მხრიდან სარჩელის ცნობად ვერ მიიჩნევს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ1" ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი