Facebook Twitter

საქმე №ას-513-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, გ.ბ–ის (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „მ.ლ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან კასატორი) გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი და, ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 8 330 ლარი.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2020 წლის პირველი იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელე უვადოდ დასაქმდა შპს „ს.გ.ს.კ–ში“ ავტოსესხის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 2125 ლარით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

2.2. 2020 წლის 5 ოქტომბერს შპს „ს.გ.ს.კ–ს“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს.გ.ს.კ–ის“ ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივი, გარდა სალიზინგო პორტფელისა და მასთან დაკავშირებული აქტივებისა, გადაეცა მოპასუხეს. ამ ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შპს „კ–ის“ თანამშრომლებთან გაეფორმებინა შრომითი ხელშეკრულებები, არანაკლებ სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომის ანაზღაურების ცვლილების გარეშე.

2.3. 2020 წლის 5 ოქტომბერს მხარეთა შორის შპს „კ–თან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით დაიდო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება, საიდანაც პირველი სამი თვე შეადგენდა გამოსაცდელ ვადას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ დაიკავა ავტოლომბარდის დეპარტამენტის რეგიონული მენეჯერის თანამდებობა და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 2125 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

2.4. 2021 წლის 4 იანვარს, მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი პირისგან შეიტყო, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამთვიანი ვადა იწურებოდა 5 იანვარს და ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადებულიყო არაუგვიანეს 5 იანვრისა.

2.5. მოსარჩელეს თავისი 2021 წლის 18 თებერვლის წერილის საპასუხოდ 2021 წლის 24 თებერვალს ეცნობა, რომ მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 26 დეკემბრიდან შეწყდა გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.

2.6. დასაქმებულს დამსაქმებლისგან მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ი) 54-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლის მე-5 ნაწილით და მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ ბათილია 2020 წლის 5 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობები, რომლითაც შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღი 2020 წლის 5 ოქტომბრით განისაზღვრა (1.1 პუნქტი) და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობამ შეადგინა ერთი წელი, საიდანაც პირველი სამი თვე გამოსაცდელი ვადა იყო (1.2 პუნქტი).

4. ის გარემოება, რომ 2020 წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ს.გ.ს.კ–ში“ უვადოდ, ხოლო საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულების შემდეგ, 2020 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, აშკარად და უხეშად აუარესებდა დასაქმებულის შრომითი პირობებს. შრომითი ხელშეკრულების ასეთი პირობებით უვადო ხელშეკრულებით დასაქმებული მოსარჩელე მოპასუხემ თავის საწარმოში გადაიყვანა სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, რაც არამართლზომიერი იყო.

5. სშკ-ის მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით. ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საწარმოს გადაცემის თარიღის დროს მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს. აქედან გამომდინარე, საწარმოს გადაცემის დროს დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით, თუმცა მომავალში ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის უფლებას.

6. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საწარმოს მიმღებმა შპს „მ.ლ–მა’’ პირდაპირ არ შეწყვიტა მოსარჩელესთან მისი წინამორბედის მიერ დადებული უვადო ხელშეკრულება, მაგრამ უვადო ხელშეკრულების ნაცვლად, ერთწლიანი ხელშეკრულების დადებით და სამთვიანი გამოსაცდელი ვადის მითითებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა გამოსაცდელი ვადის გასვლის მოტივით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხემ დაარღვია საწარმოს გადაცემისას, გადაცემის საფუძვლით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დაუშვებლობის თაობაზე სშკ-ის 50-ე მუხლის მოთხოვნა.

7. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ 2020 წლის 05 ოქტომბერს შპს „ს.გ.ს.კ–ს“ და შპს „მ.ლ–ს“ შორის საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის ცესიის ხელშეკრულების დადების დროს ჯერ კიდევ არ მოქმედებდა შრომის კოდექსის 50-ე მუხლი და იგი ამოქმედდა იმავე დღის, 5 ოქტომბრის, 24 საათიდან, რაც არ შეიძლება გამხდარიყო მოპასუხის არაკეთილსინდისიერად მოქცევის საფუძველი, კერძოდ, მოპასუხე კანონის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეეცადა, მოესწრო და გაეფორმებინა მოსარჩელესთან უკანონო შრომითი ხელშეკრულება. მეტიც, მოპასუხის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 4 იანვარს, მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი პირისგან ჯერ მიიღო შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამთვიანი ვადა იწურებოდა 5 იანვარს და, ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადებულიყო არაუგვიანეს 5 იანვრისა. 2021 წლის 24 თებერვლის წერილით კი, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადის გასვლამდე შეწყდა 2020 წლის 26 დეკემბრიდან. ამდენად, მოპასუხე ჯერ შეჰპირდა მოსარჩელეს ახალი ხელშეკრულების დადებას, თუმცა, მოგვიანებით, დასაბუთებული მოტივის გარეშე მიუთითა, რომ მასთან უკვე შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება.

8. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი.

9. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე საწარმოში მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ იყო და არც მისი ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა, სასამართლომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38.8 მუხ.) საფუძველზე მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების რესტიტუციის საუკეთესო საშუალებად მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 8330 ლარის (ხელზე ასაღები) კომპენსაციის დაკისრება მიიჩნია, რაც მოსარჩელის 5 თვის მისაღებ თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად, 2020 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელესთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. ამ დროისათვის სშკ-ის არ ითვალისწინებდა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულების გაფორმებისას გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შეზღუდვას კომპანიებში დასაქმებულ პირებთან. შესაბამისად, მოსარჩელესთან კანონის დაცვით გაფორმდა ხელშეკრულება. მოპასუხე კომპანიაში არ არსებობდა ავტოლომბარდის დეპარტამენტის რეგიონული მენეჯერის თანამდებობა. აღნიშნული ადგილი მოპასუხე კომპანიისათვის იყო ახალი, მოსარჩელე კი მოპასუხე კომპანიისთვის – ახალი დასაქმებული. მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში დაიდო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება, საიდანაც სამი თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას. მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, არ ავლენდა სათანადო დამოკიდებულებას შრომითი მოვალეობების მიმართ, არ ცხადდებოდა სამსახურში. შესაბამისად, მოპასუხემ გამოსაცდელი ვადისას შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამ განჩინების პპ:2.1-2.3-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-20 მუხლის მე-2 ნაწილზე და სსკ-ის 54-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ ბათილია და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს 2020 წლის 5 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობები, რომლითაც შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღი განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრით (1.1 პუნქტი) და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა შეადგენდა ერთ წელს, საიდანაც პირველი სამი თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას (1.2 პუნქტი).

17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დადგენილ გარემოებებს, რომ 2020 წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ს.გ.ს.კ–ში“ უვადოდ. 2020 წლის 5 ოქტომბერს შპს „ს.გ.ს.კ–ს“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულების (რომლის საფუძველზე შპს „ს.გ.ს.კ–ის“ ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივი, გარდა სალიზინგო პორტფელისა და მასთან დაკავშირებული აქტივებისა, გადაეცა მოპასუხეს) დადების დღესვე, 2020 წლის 05 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ საწარმოს გადაცემამდე მოსარჩელესთან უვადოდ იყო დადებული ხელშეკრულება, რის გამოც აქტივების მიმღები კომპანია (მოპასუხე) აღარ იყო უფლებამოსილი, დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით დაედო ხელშეკრულება სშკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით). შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისა და გამოსაცდელ ვადაზე შეთანხმების შესახებ პირობებით, უვადო ხელშეკრულებით დასაქმებული მოსარჩელე მოპასუხემ თავის საწარმოში გადაიყვანა გამოსაცდელი ვადით და, საბოლოოდ, გაათავისუფლა გამოსაცდელ ვადაში. ხელშეკრულების ასეთმა პირობებმა, აშკარად გააუარესა დასაქმებულის შრომითი პირობები, რამაც არამართლზომიერად ხელყო დასაქმებულის ორგანული კანონით დაცული შრომის უფლება. დასაქმებულის შრომითი უფლების ხელყოფა თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა პირდაპირ კი არ შეწყვიტა უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულთან მისი წინამორბედი დამსაქმებლის მიერ დადებული ხელშეკრულება, არამედ უვადო ხელშეკრულების ნაცვლად, ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, საიდანაც სამი თვე წარმოდგენდა გამოსაცდელ ვადას, საბოლოოდ კი, გამოსაცდელი ვადის გასვლის მოტივით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა (შდრ. სუსგ №ას-848-2023, 07 თებერვალი, 2024 წელი., პ.14.3).

19. სშკ-ის მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საწარმოს გადაცემა ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს ან ბიზნესის, ან საწარმოს, ან ბიზნესის ნაწილის სხვა დამსაქმებლისთვის გადაცემას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს ეკონომიკური საქმიანობის გადაცემას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მისი იდენტურობა ან/და არსებითი მსგავსება და, რომელიც გულისხმობს რესურსების ორგანიზებულ დაჯგუფებას ძირითადი და დამხმარე ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით. ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის უფლებას.

20. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომ 2020 წლის 5 ოქტომბერს შპს „ს.გ.ს.კ–ს“ და შპს „მ.ლ–ს“ შორის საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულების დადების დროს, ჯერ კიდევ არ მოქმედებდა სშკ-ის 50-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი ამოქმედდა იმავე დღის - 05 ოქტომბრის 24 საათიდან.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის სსკ-ის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სშკ-ის 50-ე მუხლი ამოქმედდა იმავე დღის - 05 ოქტომბრის 24 საათიდან, არ შეიძლება გამხდარიყო დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერად მოქცევის საფუძველი, რამდენადაც ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანული კანონის დასახელებული მუხლის ძალაში შესვლამდე, რამდენიმე საათით ადრე შეეცადა, მოესწრო და გაეფორმებინა უვადო ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან (მოსარჩელესთან) შრომითი ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო პირობებით.

22. რაც შეეხება მოპასუხისათვის (კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას, ამ ნაწილში კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 416,50 ლარის, 70% – 291,55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „მ.ლ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 11 აპრილის №1681201375 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 416,50 ლარის 70% – 291,55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი