საქმე №ას-102-2023 24 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეზღუდვის პერიოდში ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.მ–ძეს (შემდეგში: დასაქმებული ან მოპასუხე, ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა შრომითი ხელშეკრულების შეზღუდვის პერიოდში ჩარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილის - 1646,40 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე მხარეებს ჰქონდათ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების დანართი Nვ ითვალისწინებდა დასაქმების შეზღუდვისა და ბონუსის გაცემის წესს, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დასაქმებულს შეუზღუდავდა ფინანსურ სექტორში მუშაობის უფლებას, ვალდებული იყო, უფლების ასეთი შეზღუდვის გამო, დასაქმებულისთვის გადაეხადა კომპენსაცია, არანაკლებ დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. დასაქმების შეზღუდვის ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვით.
2.2 დასაქმებულმა დამსაქმებელს წერილობით მიმართა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით და შეატყობინა, რომ იწყებდა მუშაობას სხვა საბანკო დაწესებულებაში.
2.3 2020 წლის 29 სექტემბერს დამსაქმებელმა დასაქმებულს სამსახურებრივი მეილით აცნობა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ.
2.4 2020 წლის პირველ ოქტომბერს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
2.5 2020 წლის 2 ოქტომბრიდან მოპასუხე დასაქმდა სხვა საბანკო დაწესებულებაში.
2.6 სამსახურიდან მოპასუხის დათხოვნის დღიდან 6 თვის განმავლობაში მოსარჩელეს მისთვის გადარიცხული აქვს 8400 ლარი, საიდანაც მოპასუხის სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხულია (12 ტრანშად) 6585,6 ლარი, საპენსიო ფონდში - 168 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი -1646,4 ლარი.
2.7 დადგენილია, რომ მოსარჩელე საბანკო დაწესებულებასა და ამჟამად მოპასუხის დამსაქმებელ საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის შრომითი უფლება-მოვალეობები თვისობრივად და შინაარსობრივად ანალოგიურია.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო და მოითხოვა პირგასამტეხლოსა და ხელფასის სახით ჩარიცხული თანხის დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოპასუხის სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხული 6753,60 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა ხელფასის სახით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოპასუხე) პირგასამტეხლოსა და საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი - 1646,4 ლარის დაკისრება.
4. აპელანტის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ამ განჩინების პპ: 2.1-2.7-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 46.3 მუხლით (ამჟამად მოქმედი ორგანული კანონის რედაქციით მე-60 მუხლი), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებიდან დააკმაყოფილა საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული - 1646,4 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა.
5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმების შეზღუდვის შესახებ სახელშეკრულებო პირობა სათანადო წესით არ რეალიზდა და არ ამოქმედდა. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის ჩარიცხვა არ იქნა მიჩნეული სახელშეკრულებო დათქმის ძალაში შესვლის საკმარის საფუძვლად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან დასაქმების შეზღუდვის გზით უფლებაშეზღუდულ პირს სამუშაოს შესრულება ეკრძალება, შეზღუდვის სანაცვლოდ მას ერთიანად უნდა მიეღო კომპენსაცია.
6. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს დასაქმების შეზღუდვის შესახებ ვალდებულება არ დაურღვევია, რაც გამორიცხავდა მისთვის სანქციის დაკისრებას.
7. რაც შეეხება დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხულ 1646,40 ლარს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც მოპასუხე დასაქმებულია კონკურენტ საწარმოში, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად მიიღოს კომპენსაცია, რის გამოც იგი ვალდებულია, სრულად დააბრუნოს გაცემული კომპენსაცია საშემოსავლო გადასახადით დაქვითულ თანხასთან ერთად.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 1646,40 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომლითაც დასაქმებულს (კასატორი) დამსაქმებლის სარგებლოდ დაეკისრა საშემოსავლო გადასახადის – 1646,40 ლარის გადახდა. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა გაიღო ხარჯი 8400 ლარი, თუმცა ამ თანხიდან დასაქმებულის სახელფასო ანგარიშზე ჩაირიცხა მხოლოდ 6753,6 ლარი. სადავო 1646,40 ლარი წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადს, რომელიც კასატორს არ მიუღია. შესაბამისად, აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. კასატორის მითითებით, ვინაიდან დამსაქმებელის მიერ მისთვის ჩარიცხულ თანხას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეურულებლობის გამო, არ წარმოშობილა არც კომპენსაციის და არც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წინაპირობა. მეტიც, მოსარჩელე უფლებამოსილია, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან კორექტირებული დეკლარაციის წარდგენის გზით დაიბრუნოს სადავო თანხა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კასატორი არ წარმოადგენს თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს დასაქმებულს მოსთხოვოს ყოველთვიურად გადახდილი კომპენსაციის თანხის ერთიანი სახით დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხული თანხის ჩათვლით.
15. დადგენილია, რომ 2020 წლის პირველ ოქტომბერს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
16. 2020 წლის 2 ოქტომბრიდან მოპასუხე დასაქმდა სხვა საბანკო დაწესებულებაში.
17. 2020 წლის 29 სექტემბერს დამსაქმებელმა დასაქმებულს სამსახურებრივი მეილით აცნობა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედება. მოსარჩელეს მოპასუხის სამსახურიდან დათხოვნიდან 6 თვის განმავლობაში გადარიცხული აქვს 8400 ლარი, საიდანაც მოპასუხის სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხულია (12 ტრანშად) 6585,6 ლარი, საპენსიო ფონდში - 168 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი - 1646,4 ლარი.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის მე-60-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რაც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველია მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. შესაბამისად, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმების შეზღუდვის გზით უფლებაშეზღუდულ პირს, სამუშაოს შესრულების აკრძალვის პირობებში საკომპენსაციო თანხა ერთიანად არ მიუღია. შესაბამისად, დასაქმების შეზღუდვის შესახებ სახელშეკრულებო პირობა არ ამოქმედებულა (იხ, სუსგ №ას-1041-2019, 12 თებერვალი, 2020წ., პ.17). შესაბამისად, კასატორი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაწილ-ნაწილ გადახდილი თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქონებრივი ბალანსის აღსადგენად აუცილებელია, მოპასუხემ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით დააბრუნოს სარგებელი, რომელიც მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს მიღებული. ამასთან, მოპასუხის (კასატორი) ვალდებულება თანხის დაბრუნების შესახებ ვრცელდება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გადარიცხულ 1646,40 ლარზეც.
21. კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის საკითხზე საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა განჩინებაზე (იხ. სუსგ Nას-529-2021, 20 აპრილი, 2022წ.; პ.13.12), რომლითაც გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები იმის თაობაზე, რომ როდესაც ფიზიკური პირი დასაქმებულია კონკურენტ საწარმოში, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად მიიღოს კომპენსაცია, რის გამოც ვალდებულია სრულად დააბრუნოს იგი. შედავება, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებულია მხოლოდ ხელზე დარიცხული თანხის ნაწილი, არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დაქვითულ თანხასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ბანკს ვერ დაეკისრება, ვინაიდან დამსაქმებელი მოქმედებდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფარგლებში და მასზე პასუხისმგებელია ხელშეკრულების მონაწილე ის მხარე, რომლის ბრალეული ქმედების შედეგად წარმოიშვა თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ.მ–ძეს (პ/ნ N.........) დაუბრუნდეს სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/კ .......) მიერ 2023 წლის 20 იანვრის №9 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი