საქმე №ას-1084-2022 24 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „L. C. L.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 13 ივნისს შპს ,,L. C. L.“-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „შემსრულებელი“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „კასატორი“) და შპს „ი–ი“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „დამკვეთი“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) შორის დაიდო ხელშეკრულება N19/011. აღნიშნულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებით, მოპასუხე, თავად როგორც ქვეკონტრაქტორი, ასრულებდა მასზე ნაკისრ ვალდებულებას.
2. 2019 წლის 02 აპრილს მოპასუხესა და შპს „ბ.ს.გ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება „ქუთაისის შემოვლითი გზა სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების ლოტი 4 კვ.მ. 30+300 - კმ +354“. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის სამუშაოების ფარგლებში მიწის სამუშაოებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის ვალდებულება; ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის ნაწილში შედიოდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ნაწილი (13.06.2019 წლის ხელშეკრულება), კერძოდ, ნაბურღ-ნატენი რკინაბეტონის ხიმინჯის მოწყობა სამაგრი (გარსაცმის) მილების გამოყენებით, ჯამურად 4151 გრძივი მეტრი.
3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი გრძივი მეტრი ნაბურღ-ნატენი ხიმინჯის მოწყობის ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. მოცემულ ფასში შედის შემდეგი სამუშაოს შესრულება: გაბურღვა სამაგრი მილების საშუალებით, ხიმინჯის არმატურის ჩონჩხის ჩალაგება და ბეტონის ჩასხმა, აგრეთვე, საწვავის ღირებულება დღგ-ს გარეშე, მიწოდებული დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის, სამუშაოს შესასრულებლად.
4. 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელეს მოპასუხემ მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი პროექტი და ის მახასიათებლები, რისი გათვალისწინებითაც უნდა შესრულებულიყო სამუშაო.
5. მხარეთა შორის გაფორმდა 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი ოთხი შეთანხმება:
5.1. 21.06.2019 წლის შეთანხმების მე-7 პუნქტის შესაბამისად, 13.06.2019 წლის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, არა უმეტეს 20მ გარსაცმის მქონე საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. თუ ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო, სამშენებლო მოედანზე გარსაცმი მილების გამოყენებით რკინაბეტონის საბურღ-სატენი ხიმინჯების დაყენებისას საჭირო გახდება მათი დამაგრება 20მ სიღრმეზე მეტად, ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას და მხარეები დამატებით შეთანხმდებიან ახალ ფასზე;
5.2. 27.06.2019 წელს, 03.07.2019 წელს და 30.07.2019 წელს გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები;
5.3. მეოთხე დამატებითი შეთანხმების (30.07.2019 წლის) მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 83 აშშ დოლარს. ამასთან, მხარეები გასაანგარიშებლად გაითვალისწინებენ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ მოცემულობას. ამავე შეთანხმებით, სამშენებლო აღჭურვილობის უწყვეტად მუშაობისათვის, დამკვეთი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს სამშენებლო მოედანზე 40 ტონა დიზელის საწვავი თავისი ხარჯებით. დიზელის საწვავის დარჩენილი მოთხოვნილება, მისი ღირებულებიდან დღგ-ს გამოკლებით, უზრუნველყოფილი იქნება შემსრულებლის ხარჯზე;
5.4. 30.07.2019 წლის შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი იღებს ვალდებულებას შეასრულოს შემდეგი პირობები: სამშენებლო მოედანი უწყვეტად (შეფერხების გარეშე) უზრუნველყოს ბეტონის ტუმბოთი; მუდმივად იქონიოს სამშენებლო მოედანზე ამწეკრანი არანაკლებ 25-ტონიანი ტვირთამწეობით, აღჭურვილობის გადმოსატვირთად და დასატვირთად, მისი მონტაჟისა და დემონტაჟისას და ხიმინჯებისათვის არმატურის მზა კარკასების დასაყენებლად. მხარეები, სამუშაოთა ცხადი სირთულის გათვალისწინებით, თანხმდებიან სამუშაოების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე 2019 წლის 30 ნოემბრამდე.
6. მოსარჩელემ 2019 წლის ნოემბრის ბოლოსთვის სამშენებლო მოედანზე შეაჩერა სამუშაოები. იგი სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შემაფერხებელ გარემოებებად ასახელებდა: 1. შესაბამისი სამშენებლო ტექნიკის (25 ტ. ამწეკრანის) არარსებობას; 2. სამშენებლო მოედანზე სათანადო მდგრადობისა და ფორმის პლატფორმის არარსებობას; 3. სამშენებლო მოედანზე ბეტონის შეფერხებებით მიწოდების ფაქტს, რაც აფერხებდა დადგენილ დროსა და პირობებში სამუშაოების შესრულებას და 4. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
7.1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 40 879.43 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
7.2. ზიანისა და პირგასამტეხლოს სახით, ჯამში 34 453.30 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა:
8.1. მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი მე-4 შეთანხმების ბათილად ცნობა;
8.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ:
8.2.1. 68 033.94 აშშ დოლარისა და 21 702.86 ლარის გადახდის დაკისრება;
8.2.2. 5 896.28 აშშ დოლარისა და 1 880.97 ლარის და შეგებებული სარჩელის შეტანის დღიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 453.56 აშშ დოლარისა და 144.69 ლარის გადახდის დაკისრება;
8.2.3. 70 980 აშშ დოლარისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური 218.40 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
8.2.4. 20 389.3 აშშ დოლარისა და 68 419.99 ლარის გადახდის დაკისრება;
8.2.5. 18 299.40 ლარის გადახდის დაკისრება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 40 879.43 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 4578 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანისა და პირგასამტეხლოს სახით, 29 875.30 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი მე-4 შეთანხმება, ხოლო სხვა ნაწილში მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეს სამშენებლო მოედნის მოწყობისა და ბეტონის მიწოდების ვალდებულება არ დაურღვევია. შესაბამისად, პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ სამუშაო ობიექტზე პლატფორმა არ იყო სათანადოდ გამართული; სამუშაო ობიექტი მუდმივად არ მარაგდებოდა ბეტონით; სამუშაო ობიექტზე მუდმივად არ იმყოფებოდა მძიმე ტექნიკა.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოება ეხება მომსახურების გაზრდილ საფასურს, რის დაკისრებასაც სარჩელით ითხოვს მოსარჩელე მხარე. მოპასუხე აცხადებს, რომ გაზრდილი საფასურის გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნდა, ხოლო შეგებებული სარჩელით ითხოვს ფასის გაზრდის შესახებ დამატებითი შეთანხმების ბათილად ცნობას.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 327-ე, 629.1, 81-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით მიუთითებდა ნიადაგის მდგომარეობაზე. მოპასუხე არ ეთანხმება მითითებულ გარემოებას და თავის შეგებებულ სარჩელს ამყარებს იმ ფაქტზე, რომ ნიადაგის მდგომარეობა რეალურად იყო ის, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მხარეებისთვის იყო ცნობილი.
16. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ხიმინჯის მოწყობის შესახებ მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისს დადებული ხელშეკრულება, რომლის 2.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები შეასრულოს მკაცრი და განუხრელი დაცვით; ამასთან, შემსრულებელი აცხადებს, რომ მას სრულად აქვს წარმოდგენილი, განსაზღვრული და შესწავლილი შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, მასშტაბი, სირთულე და სპეციფიკა და მომსახურებისადმი წაყენებული მოთხოვნები; მისთვის ცნობილია ყველა გარემოება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გასაწევი მომსახურების ხარისხსა და შესრულების ვადებზე; ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ 1 გრძივი მეტრი ნაბურღ-ნატენი ხიმინჯის მოწყობის ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს; ხოლო 3.2. პუნქტის მიხედვით, მოცემულ ფასში შედის შემდეგი სამუშაოს შესრულება: გაბურღვა სამაგრი მილების საშუალებით, ხიმინჯის არმატურის ჩონჩხის ჩალაგება და ბეტონის ჩასხმა, აგრეთვე საწვავის ღირებულება დღგ-ს გარეშე.
17. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დგინდება, რომ შემკვეთს შემსრულებლისთვის გადაცემული ჰქონდა ყველანაირი დოკუმენტი, რაც საჭირო იყო ნიადაგის ნიშან-თვისებების დასადგენად. ამასთან, შემსრულებელს გააჩნდა ცოდნა და გამოცდილება, რათა მისთვის ყველა გარემოების გათვალისწინებით ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი ყოფილიყო, თუ რა პირობებში მოუწევდა სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, ითვალისწინებდა ყველა გარემოებას შემკვეთისთვის ხელშეკრულების ფასის წარდგენისთვის.
18. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000638520 დასკვნაზე, სადაც ექსპერტისგან ითხოვენ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევასა და მიღებული შედეგების შედარებას დანართი N2-ში წარმოდგენილ X=286098.05; Y=4671062.06 კოორდინატებზე გაბურღული ჭაბურღილის BH-SB1-4-ზე შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: აღნიშნულ გრუნტებს რა სიღრმემდე ახასიათებს ჩამოშლა და შესაბამისად -7,85მ აბსოლუტურ ნიშნულამდე (30 გრძ.მ) 1200მ ხიმინჯების ბურღვისას რა სიღრმემდეა გათვალისწინებული გარსაცმი მილების გამოყენება. დასკვნის თანახმად, E-60 ავტომაგისტრალის ქ. ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიამდე მონაკვეთზე მოპასუხის მიერ გადმოცემულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე ჩატარებული ბურღვითი სამუშაოებისა და გრუნტების ლაბორატიული კვლევის მონაცემების საფუძველზე შედგენილია ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი. ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა 0,6მ სიღრმეზე, დამყარების დონე 0,5 მეტრზეა. მოხდა გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტის შედარება შპს „ჯ–ის“ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილ BH SB1-4-ის ლითოლოგიურ სვეტთან. გაბურღული ჭაბურღილის და შპს „ჯ–ის“ მიერ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილი BH SB1-4-ის ლითოლოგიური სვეტები ძირითადად იდენტურია, მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა და განპირობებულია გრუნტების გენეზისით. გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური ჭრილიდან გამომდინარე დასკვნის თანახმად, 30მ სიღრმემდე ბურჯებისთვის ჭაბურღილების ბურღვა უნდა განხორციელდეს საცავი მილების გამოყენებით.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნიადაგის მდგომარეობა შეესაბამება შპს „ჯ–ის“ მიერ მომზადებულ ტექნიკურ ანგარიშს. ამასთან, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, შეესწავლა არსებული სიტუაცია მოპასუხის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე და, შესაბამისად, დაედგინა ხელშეკრულების ღირებულება. ვინაიდან ირკვევა, რომ ნიადაგის ნიშან-თვისებები იყო იდენტური და მისი ცვლილება არ დადგინდა, შემსრულებლისთვის, როგორც აღნიშნულ სფეროში მოქმედი იურიდიული პირისთვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო ნიადაგის მდგომარეობა და, შესაბამისად შეეთავაზებინა ფასი შემკვეთისთვის, რის შემდეგადაც შემკვეთი გადაწყვეტდა, რამდენად შეესაბამებოდა მის ნებას აღნიშნული პირობებით გარიგების დადება.
20. ამდენად, ხელშეკრულების დადებიდან მოკლე დროში შესასრულებელი სამუშაოს ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან არსებობს შეცილების საფუძველი. შეცილების უფლების გამოყენება კი გარიგების (ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების) ბათილად ცნობის საფუძველია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ბათილად მიიჩნია 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი მე-4 შეთანხმება და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი ხელშეკრულების გაზრდილი ფასის, ზიანისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ითხოვს თანხის დაკისრებას მოსარჩელისთვის (შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის). მისი პოზიციით, მოსარჩელის მიერ სამუშაოების მიტოვებით მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხეს მოუწია სხვა კონტრაქტორის დაქირავება. ზიანის ოდენობაში მხარე უთითებს საწვავის ღირებულებას, დანადგარის ტრანსპორტირების ხარჯს. მოპასუხე ითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს პირგასამტეხლო და ფულად ვალზე გადასახდელი პროცენტი.
23. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 394.1, 408.1, 412-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის (შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის) თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არ დგინდებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი. საწვავის ღირებულება, საბურღი დანადგარების ტრანსპორტირების ხარჯი შემკვეთის გასაწევი იყო, ხოლო სხვა კონქტრაქტორის მოძიება და მასთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება - მოპასუხის პრეროგატივა. შესასრულებელი სამუშაოს ახალი ფასი შესაძლებელია ყოფილიყო როგორც მოსარჩელესთან შეთანხმებულ ფასზე მაღალი, ასევე - დაბალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის თანხის დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელი და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25.1. მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების პირობებზე 30.07.2019 წლის დამატებითი შეთანხმება დადებულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მოტყუებას;
25.2. მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის სრული დაცვით მოხდა სამუშაოების ადგილზე შესწავლა და დამკვეთისთვის დაუყოვნებლივ იმ ინფორმაციის გაზიარება, რომ შეთანხმებული ფასი - 73 აშშ დოლარი ვერ დარჩებოდა ძალაში, იმის გათვალისწინებით, რომ შემსრულებელს ადგილზე დახვდა იმისგან განსხვავებული მდგომარეობა, ვიდრე მას დამკვეთისგან მიეწოდა ინფორმაცია. კერძოდ, გრუნტის ჩამოშლის ტენდენციისა და არასიმყარის გამო, შესრულებული სამუშაოების სიმყარისა და მედეგობისთვის აუცილებელი გახდა საბურღი სამუშაოებით 20 მეტრზე მეტ სიღრმეზე ჩასვლა, რაც არსებითად ცვლიდა სურათს საჭირო ბეტონის, საწვავის, სამუშაო რესურსისა და, შესაბამისად, ფასის გათვალისწინებით;
25.3. ხელშეკრულებაში ცვლილებას გააჩნდა წინაპირობები. კერძოდ, 21.06.2019 წლის შეთანხმების მე-7 პუნქტის შესაბამისად, 13.06.2019 წლის 3.1. პუნქტის მიხედვით, არაუმეტეს 20მ გარსაცმის მქონე საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. თუ ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო, სამშენებლო მოედანზე გარსაცმი მილების გამოყენებით რკინაბეტონის საბურღ-სატენი ხიმინჯების დაყენებისას საჭირო გახდება მათი დამაგრება 20მ სიღრმეზე მეტად, ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას და მხარეები დამატებით შეთანხმდებიან ახალ ფასზე. დამკვეთის თანხმობა ნაკარნახევი იყო იმ გარემოებით, რომ თავად დარწმუნდა შემსრულებლის კეთილსინდისიერებაში, უშუალოდ და თავისი უფლებამოსილი, კვალიფიციური წარმომადგენლების მეშვეობით აკვირდებოდა (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰქონდა სრული ბერკეტი და ვალდებულებაც) აღნიშნულ პროცესს და მისთვის დამატებით სიღრმეზე საბურღი სამუშაოების წარმოების საჭიროება ეჭვქვეშ არ დამდგარა. შესაბამისად, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც შემსრულებლის ზემოქმედებით მიიღო დამკვეთმა, რადგან არანაირი ხელშემშლელი გარემოება არ არსებობდა იმისათვის, რომ დამკვეთს თავად, მათ შორის, დამატებითი კვლევების/შესწავლის გზით დაედგინა საწინააღმდეგო. თუმცა აღნიშნული არ მომხდარა, რადგან დამკვეთი თავად დარწმუნდა შემსრულებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეში;
25.4. მოსარჩელე კომპანია სპეციალიზირდება მიწის სამუშაოებზე და ყველა სახის გრუნტის გამაგრების სამუშაოებზე, თუმცა მისი ლიცენზია არ მოიცავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების შესრულებას. მოპასუხის მიერ მხარისთვის თავდაპირველად გადაცემული შპს „ჯ–ის“ გეოლოგიური დასკვნა არ მოიცავდა სრულყოფილ მონაცემებს გრუნტის გეოლოგიური თავისებურებების შესახებ. გრძივ კვეთებზე გრუნტების აღწერის დოკუმენტების თანახმად, ადგილის ძირითად გრუნტს წარმოადგენს ხრეში ამვსებით, მტვრიანი ქვიშის სახით. მტვრიანი ქვიშის შემადგენლობაში მტვრის შემადგენლობისა და პროცენტული შეფარდების მიხედვით, ჭაბურღილის ბურღვის დროს ეს გრუნტები უნდა იქცეოდნენ სტაბილურად და არ იშლებდონენ. ვინაიდან კომპანიას არ წარედგინა ლაბორატორიული მონაცემები მტვრიანი ქვიშის შემადგენლობის შესახებ, რომელიც განისაზღვრება აეროდინამიკური მეთოდებით, გრუნტი ჩაითვალა სტაბილურად, რომელიც არ არის მიდრეკილი ჩამოშლისკენ. სამუშაოს დაწყების პროცესშივე, შემსრულებელი განმარტავდა, რომ თითოეული ხიმინჯის დაყენებას სჭირდება დაგეგმილზე გაცილებით მეტი დრო იმ მიზეზით, რომ ჭაბურღილში სამაგრი მილების დამონტაჟების დროს ხდება ხრეშისა და ქვიშის ნარევის ჩამოშლა მილებს მიღმა სივრცეში, რაც დიდ პრობლემას ქმნის ჭაბურღილში სამაგრი მილების დაყენებისას და ჩაბეტონების შემდეგ მათი ხიმინჯებიდან ამოღებისას. ამგვარ არასასურველ გეოლოგიურ პირობებში ხიმინჯების სამუშაოების შესრულება კი იწვევდა საბურღი აღჭურვილობისა და საბურღი ინსტრუმენტების სწრაფ ცვეთას, სამუშაოების დასრულების დროის გაზრდას, დიზელის საწვავის ხარჯების გაზრდას, რის გამოც წარმოიშვა რკინა ბეტონის საბურღ-სატენი ხიმინჯების დაყენებისას მათი 20 მეტრზე მეტ სიღრმეზე გამაგრების საჭიროება. მოპასუხე შემსრულებელთან არსებული მიმოწერის შედეგად, დათანხმდა მითითებული საჭიროების გამო ხიმინჯის 20 მეტრზე მეტ სიღრმეზე დაყენების მიზნით შეთანხმებული ფასის გაზრდას, რის შემდეგაც ერთი წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 83 აშშ დოლარს;
25.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000638520 დასკვნა არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ შემსრულებელი ცდება ან განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდის დამკვეთს გრუნტის თავისებურების შეფასებისას. დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ გადმოცემულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე ჩატარებული ბურღვითი სამუშაოებისა და გრუნტების ლაბორატორიული კვლევის მონაცემების საფუძველზე შედგენილია ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი და გაკეთებულია გრუნტების კლასიფიკაცია. ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა 0.6მ სიღრმეზე, დამყარების დონე 0.5 მეტრზეა. მოხდა გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტის შედარება შპს „ჯ–ის“ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილ ლითოლოგიურ სვეტთან. ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაბურღული ჭაბურღილის და შპს „ჯ–ის“ მიერ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილი ლითოლოგიური სვეტები ძირითადად იდენტურია, მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა და განპირობებულია გრუნტების გენეზისით;
25.6. დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ გრუნტების გენეზისით განპირობებული თუნდაც უმნიშვნელო სხვაობები ვერ გამოიწვევდა იმ გარემოებებს, რაც შემსრულებელს ადგილზე დახვდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვიშის აეროდინამიკური კვლევა მისი ზუსტი შემადგენლობის დასადგენად არ ყოფილა ჩატარებული. მოპასუხე იმგვარად, რომ არანაირი დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა არ ჩაუტარებია, სასამართლოს წინაშე ამტკიცებს, რომ შემსრულებელმა „გამოსტყუა“ ნება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც კვალიფიციური წინააღმდეგობა გაუწია დამკვეთმა შემსრულებელს გრუნტის თავისებურების თაობაზე წამოჭრილ საკითხზე. იგივე დასკვნა სიტყვასიტყვით მიუთითებს, რომ გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური ჭრილიდან გამომდინარე, 30მ სიღრმემდე ბურჯებისთვის ჭაბურღილების ბურღვა უნდა განხორციელდეს საცავი მილების გამოყენებით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ უთითებს იმის საწინააღმდეგოს, რაზეც შემსრულებელმა დაამყარა თავისი პოზიცია ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე გარსაცმის მილების 20მ-ზე მეტ სიღრმეზე დაყენების აუცილებლობაზე. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს ზუსტად იმავე გარემოებაზე, რასაც 2019 წლის 15 ივლისის №40/19 წერილით მოსარჩელე კომპანია ატყობინებს დამკვეთს, კერძოდ, რადგან პროექტით შეთანხმებული სიღრმე წარმოადგენს 31.5მ-ს (და ეს ცნობილია დამკვეთისთვის), აღნიშნული სამუშაო აუცილებელია განხორციელდეს გარსაცმი მილების მეშვეობით. იმავეს იმეორებს ექსპერტიზის დასკვნა, რომ 20მ-ზე მეტი ჩაღრმავებით ბურღვისას აუცილებელია ბურღვა მოხდეს გარსაცმი მილების გამოყენებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ დასკვნაზე აპელირებით, რომ არ დასტურდება 20მ-ზე მეტ სიღრმეზე სამუშაოების შესრულების საჭიროება, უხეში შეცდომაა;
25.7. დამკვეთმა მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ, თან იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო მოედანზე ჰყავდა თავისი წარმომადგენლები და აკვირდებოდა უშუალოდ მუშაობის პროცესს, 30.07.2019 წელს გამოავლინა ნება დამატებითი N4 შეთანხმებით ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, ფასის) დაზუსტების თაობაზე. თუკი დამკვეთი არ ეთანხმებოდა ან საეჭვოდ მიიჩნევდა სამშენებლო მოედანზე არსებული ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო ხიმინჯის მოსაწყობად გარსაცმის მილის შეთანხმებულზე უფრო მეტ სიღრმეზე ჩაყენების საჭიროებას, მას შეეძლო შეთანხმების დადებამდე უზრუნველეყო კვალიფიციური სპეციალისტებისა და ინჟინრების მონაწილეობა გეოლოგიური ფაქტობრივი მდგომარეობის უკეთ შესასწავლად და ობიექტური დასკვნის მისაღებად, რასაც წერილობით მოსარჩელეც სთავაზობდა (იხ. 2019 წლის 18 ივლისის №42/19 წერილი);
25.8. დამკვეთი წარმოადგენს საწარმო ორგანიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, არის ქვეკონტრაქტორი და ახორციელებს მსგავსი ტიპის არაერთ სამშენებლო თუ გამაგრებით სამუშაოებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სამუშაო მოედანზე პროცესის დაწყებიდანვე რამდენიმე დღეში დამკვეთი გაფრთხილებულ იქნა ფაქტობრივად არსებული გეოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით შეთანხმებული ფასის გაზრდის შესახებ;
25.9. საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ჰქონდა შემსრულებელს მიზანი, შეცდომაში შეეყვანა დამკვეთი და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მოტყუებად კეთილსინდისიერი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დროული რეაგირება, თანაც იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესს უშუალოდ სამუშაოს შესრულების ადგილზე აკვირდებოდა დამკვეთის წარმომადგენელი და დამკვეთს გააჩნდა საკმარისი დრო რეაგირებისათვის იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნდა ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლოა მიწოდებული ინფორმაცია გრუნტის გეოლოგიური თავისებურების შესახებ მცდარი ყოფილიყო;
25.10. სასამართლოს მხრიდან შეფასების თვალსაზრისით ნიშანდობლივია მე-4 დამატებითი შეთანხმების პრეამბულა, სადაც მხარეები, მათ შორის, დამკვეთი ერთმნიშვნელოვნად, როგორც დადგენილ გარემოებაზე უთითებენ, რომ გრუნტის თავისებურებიდან გამომდინარე, შემსრულებელი „იძულებულია“ საბურღი სამუშაოები დაგეგმილისგან განსხვავებულად აწარმოოს;
25.11. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის დათქმა არ გულისხმობს ნებისმიერ ცოდნას. ამგვარ ცოდნას აქვს ფარგლები და ის ეყრდნობა მეორე მხარის მიერ მიცემულ გარანტიას - ამ შემთხვევაში გრუნტის კვლევის შედეგს და მხარის აქცეპტი ხელშეკრულების დასადებად მისი არსებითი პირობების, მათ შორის ფასისადმი, სწორედ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაიცემა, რაც შემსრულებელს ხელშეკრულების დასადებად გადაეცა;
25.12. ის გარემოება, რომ მოტყუების შესახებ მოპასუხემ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც შემსრულებელმა სარჩელი წარადგინა, ასევე ის გარემოება, რომ მას ჰქონდა რეალური დრო და შესაძლებლობა დამატებითი შეთანხმების ხელმოწერამდე გამოეკვლია რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს შემსრულებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ნათლად ადასტურებს, რომ ის დარწმუნებული იყო შემსრულებლის მიერ მიწოდებული გარემოებების სისწორეში და მისი მხრიდან შეგებებული სარჩელის წარდგენა საპროცესო შესაძლებლობის ინსტრუმენტალიზებას წარმოადგენს კონტრაქტორისთვის გადასახდელი საფასურის გადახდის თავიდან არიდების მიზნით;
25.13. მნიშვნელოვანია შეფასდეს, მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ახალი კონტრაქტორის მიერ რა წესით დასრულდა სამუშაო. საქმეში არ არის წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახალი კონტრაქტორის მიერ საბურღ-სატენი სამუშაოები ხიმინჯების 20მ-ზე მეტ სიღრმეზე დამაგრებით არ მომხდარა.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5. მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
28. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
30. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს [სსკ-ის 629.1 მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური].
31. ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი), ხოლო შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
32. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს სწორედ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 40 879,43 აშშ დოლარის ანაზღაურებას. მოპასუხემ კი აღნიშნულ მოთხოვნას დაუპირისპირა შესაგებელი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია. მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი შეთანხმებების დადება გამოწვეული იყო მოსარჩელის მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. მან სამუშაოების დაწყების პირველივე დღიდან დააყენა მოთხოვნა, რომ საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 (გრძივი) მეტრის დაყენებისათვის საჭირო იყო შეთანხმებულზე მეტი სამუშაოს შესრულება, რის გამოც 2019 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი უნდა გადახედილიყო. მოსარჩელე სამუშაოების დაწყების დღიდანვე ცდილობდა მისთვის ხელსაყრელ პირობებზე დამკვეთის დაყოლიებას, რასაც მიაღწია კიდეც არასწორი და შეცდომაში შემყვანი ცნობების მიწოდებითა და მხარეებს შორის დადებული მე-4 შეთანხმებით, რომლითაც შესასრულებელი სამუშაოების - 1 გრძივი მეტრი ხიმინჯის განთავსების ღირებულება განისაზღვრა 83 აშშ დოლარით, ნაცვლად 70 აშშ დოლარისა (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტ.2. ს.ფ 64-86). მოპასუხემ აღძრა კიდეც შეგებებული სარჩელი აღნიშნული მე-4 შეთანხმების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის მოთხოვნით [სსკ-ის 81-ე მუხლი: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად].
33. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი; სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).
34. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის შედავებას, რომ სახეზეა შემსრულებლის არაკეთილსინდისიერი ქცევა და მის მიერ დამკვეთისთვის გარიგების დადების მიზნით არასწორი და შეცდომაში შემყვანი ცნობების მიწოდება ანუ მოტყუება. აღნიშნულ დასკვნამდე საკასაციო პალატა მივიდა დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და გაანალიზების საფუძველზე.
35. დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივნისს მხარეთა შორის დაიდო N19/011 ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი გრძივი მეტრი ნაბურღ-ნატენი ხიმინჯის მოწყობის ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. მოცემულ ფასში შედის შემდეგი სამუშაოს შესრულება: გაბურღვა სამაგრი მილების საშუალებით, ხიმინჯის არმატურის ჩონჩხის ჩალაგება და ბეტონის ჩასხმა, აგრეთვე, საწვავის ღირებულება დღგ-ს გარეშე, მიწოდებული დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის, სამუშაოს შესასრულებლად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 პუნქტები).
36. დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელეს მოპასუხემ მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი პროექტი და ის მახასიათებლები, რისი გათვალისწინებითაც უნდა შესრულებულიყო სამუშაო (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი).
37. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა 2019 წლის 13 ივნისის N19/011 ხელშეკრულების დამაზუსტებელი ოთხი შეთანხმება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
38. 21.06.2019 წლის შეთანხმების მე-7 პუნქტის შესაბამისად, 13.06.2019 წლის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, არა უმეტეს 20მ გარსაცმის მქონე საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. თუ ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო, სამშენებლო მოედანზე გარსაცმი მილების გამოყენებით რკინაბეტონის საბურღ-სატენი ხიმინჯების დაყენებისას საჭირო გახდება მათი დამაგრება 20მ სიღრმეზე მეტად, ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას და მხარეები დამატებით შეთანხმდებიან ახალ ფასზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1. ქვეპუნქტი).
39. მეოთხე დამატებითი შეთანხმების (30.07.2019 წლის) მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 83 აშშ დოლარს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.3. ქვეპუნქტი).
40. საქმეში განთავსებულია მხარეთა წერილობითი კომუნიკაცია, რომლის შედეგად მხარეები მივიდნენ ზემოაღნიშნული მე-4 დამატებითი შეთანხმების დადებამდე.
41. მოპასუხე კომპანიისადმი გაგზავნილი მოსარჩელე კომპანიის 2019 წლის 15 ივლისის №40/19 წერილის თანახმად: ხელშეკრულების დადების და სამუშაოების ღირებულების შეთანხმებისას, მოსარჩელე დაეყრდნო მოპასუხის მიერ მიწოდებულ ხიდების გრძივი კვეთების შედეგებს, გრუნტების გეოლოგიური მონაცემების მითითებით. გრძივ კვეთებზე გრუნტების აღწერის დოკუმენტების თანახმად, ადგილის ძირითად გრუნტს წარმოადგენს ხრეში ამვსებით, მტვრიანი ქვიშის სახით. მტვრიანი ქვიშის შემადგენლობაში მტვრის შემადგენლობისა და პროცენტული შეფარდების მიხედვით, ჭაბურღილის ბურღვის დროს ეს გრუნტები უნდა იქცეოდნენ სტაბილურად და არ იშლებოდნენ. ვინაიდან კომპანიას არ წარედგინა ლაბორატორიული მონაცემები მტვრიანი ქვიშის შემადგენლობის შესახებ, რომელიც განისაზღვრება აეროდინამიკური მეთოდებით, გრუნტი ჩაითვალა სტაბილურად, რომელიც არ არის მიდრეკილი ჩამოშლისკენ. ამრიგად, მოპასუხის მონაცემებიდან და აღწერილობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შედგენისას, მოსარჩელის მიერ გაანგარიშდა და შეთანხმდა არა უმეტეს 20მ სამაგრი მილების მქონე საბურღ-სატენი ხიმინჯების ღირებულება. 2019 წლის 8 ივლისს, მე-9 ფუძის ფუნდამენტთან ხიმინჯების სამუშაოების ჩატარებისას, ჭაბურღილის კედლების ჩამოშლის გამო, შეთანხმებული 20-მეტრიანი სამაგრი მილების ნაცვლად, მოსარჩელე კომპანია იძულებული გახდა დაეყენებინა სამაგრი მილები მთელ საპროექტო სიღრმეზე (31.5მ). 2019 წლის 10 ივლისს, მე-7 ფუძის ფუნდამენტთან ხიმინჯის სამუშაოების ჩატარებისას, მოსარჩელე კომპანია იძულებული გახდა გამოეყენებინა სამაგრი მილები 25მ სიღრმემდე, არმოკარკასის დაყენებით და ბეტონის ჩასხმით. ამრიგად, მე-9 ფუძის ფუნდამენტთან მოსარჩელემ დააყენა ხიმინჯები 24 საათის განმავლობაში, ხოლო მე-7 ფუძის ფუნდამენტთან 18 საათის განმავლობაში. მიზეზს, რის გამოც ხდება საჭირო ასეთი დიდი დრო ყოველი ამ ხიმინჯის დასაყენებლად, წარმოადგენს ის, რომ ჭაბურღილში სამაგრი მილების დამონტაჟების დროს ხდება ხრეშის და ქვიშის ნარევის ჩამოშლა მილებს მიღმა სივრცეში, რასაც თან მოსდევს მისი მხრიდან მილების შევიწროვება. ეს კი, თავის მხრივ, დიდ პრობლემებს უქმნის ჭაბურღილში სამაგრი მილების დაყენებას და შემდგომში მათი ხიმინჯებიდან ამოღებას ჩაბეტონების შემდეგ (ჭაბურღილის კიდეების ჩამოშლის და სამაგრი მილების შევიწროვების პროცესის ფოტო და ვიდეომასალები თან ერთვის მოცემულ წერილს). გარემოს ამგვარ არასასურველ გეოლოგიურ პირობებში ხიმინჯების სამუშაოების შესრულება იწვევს საბურღი აღჭურვილობისა და საბურღი ინსტრუმენტების სწრაფ ცვეთას და გაუთვალისწინებელ მოშლას, ჭაბურღილებში სამაგრი მილების გაჭედვის რისკს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადის 3-ჯერ გაზრდას და, შესაბამისად, დიზელის საწვავის ხარჯების სამჯერად გაზრდას, რაც საბოლოოდ იწვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ზრდას. წერილში მოსარჩელე კომპანიამ მიუთითა ხელშეკრულების 21.06.2019 წლის №1 დანართის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დებულებაზე და წერილის ბოლოს მოპასუხეს შესთავაზა ახალი ფასები ხიმინჯების სიღრმეების გათვალისწინებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 57-60).
42. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, დამკვეთმა 2019 წლის 17 ივლისის წერილით შემსრულებელს აცნობა შემდეგი: ვინაიდან თქვენს წერილში მითითებულია, რომ გრუნტის ფაქტობრივი გეოლოგიური მდგომარეობა განსხვავდება პროექტში წარმოდგენილ მონაცემებთან და აღწერილობებთან, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ გეოლოგიური დასკვნა და ტექნიკურ-ინჟინრული დოკუმენტალური დასაბუთება, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული, რომ პროექტში მოცემული გეოლოგიური ჭრილები და გრუნტის თვისებები განსხვავდება არსებულისგან და საჭიროებს გარსაცმი მილების დაყენებას სრულ საპროექტო სიღრმეზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 61-63). დამკვეთმა შემსრულებელს ასევე გაუგზავნა მეორე წერილიც, რომელშიც შემსრულებელს სთხოვდა წარმოედგინა 1 წრფივი მეტრის ღირებულების დეტალური განაწილება, რათა საშუალება მისცემოდა შეესწავლა და შეეფასებინა საკითხი, გაეკეთებინა დასკვნები, რამდენად პროპორციულად შეესაბამება განახლებული ფასები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის ფასებს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 64-66).
43. საქმეში განთავსებულია მოპასუხე კომპანიისადმი მოსარჩელე კომპანიის 2019 წლის 18 ივლისის №42/19 წერილი, რომელშიც მოსარჩელე აღნიშნავს შემდეგს: შემსრულებელი კომპანია სპეციალიზირდება მიწის სამუშაოებზე და ყველა სახის გრუნტის გამაგრების სამუშაოებზე (საყრდენ-სამაგრი სამუშაოები (ხიმინჯები), ანკერების მიწაში დამაგრება და მშენებლობა „კედელი მიწაში“ მეთოდით და ა.შ.), რაზედაც გააჩნია შესაბამისი ლიცენზია უვადოდ (ლიცენზიის ასლი თან ერთვის). სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებისთვისაც გაიცა ეს ლიცენზია, არ შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების შესრულებას. ამრიგად, ჩვენი კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ ხიმინჯების და გათხრითი სამუშაოების შესრულებაში, არასოდეს ყოფილა დაკავებული გეოლოგიური დასკვნის და მისი ტექნიკურ-საინჟინრო დოკუმენტალური დასაბუთების წარმოდგენით, რასაც თქვენ ითხოვთ თქვენს წერილში. წინა წერილში ჩვენ შეგატყობინეთ შექმნილი ვითარების შესახებ და წერილს დავურთეთ შესაბამისი მატერიალური მტკიცებულებები. როგორც ქვეკონტრაქტორი, რომელსაც ეკისრება მხოლოდ ამ ხელშეკრულების ვალდებულებები და რომელსაც გააჩნია შეზღუდული ხარჯთაღრიცხვა ამ სამუშაოების შესრულებაზე, ჩვენ არ შეგვიძლია და არ გვაქვს შესაძლებლობა განვახორციელოთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და წარმოვადგინოთ გეოლოგიური დასკვნა და ტექნიკურ-საინჟინრო დასაბუთება. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ქვეკონტრაქტორები, გირჩევთ, რომ ეწვიოთ სამშენებლო ობიექტს დამკვეთის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად და დაესწროთ ბურღვის და ხიმინჯების დაყენების პროცესს, გაეცნოთ არსებულ ვითარებას ადგილზე, ასევე მოისმინოთ ჩვენი წარმომადგენლების მოსაზრებები და შეხედულებები. მიგვაჩნია მოცემულ პროცესში დამოუკიდებელი კვალიფიციური სპეციალისტების და ინჟინრების მონაწილეობა უფრო ობიექტური დასკვნის მიღების და პრობლემის გადაწყვეტის დაჩქარების მიზნით, რადგან ამგვარ პირობებში მუშაობის გაგრძელება ჩვენთვის წარმოადგენს არამიზანშეწონილს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 67-69).
44. მოსარჩელე კომპანია მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 17 ივლისის მეორე წერილის საპასუხოდ 2019 წლის 26 ივლისს გაგზავნილ წერილში დამკვეთს სთავაზობს ახალ ფასს - 90 აშშ დოლარს/გრძ.მ. საწვავის გათვალისწინების გარეშე, რაც, შემსრულებლის განმარტებით, არ ითვალისწინებს არც კომპანიის მოგებას და არც აღჭურვილობის სრულ ამორტიზაციას. ასევე წერილის ბოლოს შემსრულებელი დასძენს: როგორც ალტერნატივა, ამგვარი სამუშაოების ბაზრის შესასწავლად და ფასების შესადარებლად, გთავაზობთ, რომ გამოითხოვოთ შემოთავაზებები სხვა კომპანიებისგან, მოთხოვნაში თითოეული ხიმინჯის სიღრმის ბოლომდე გამაგრების და გაანგარიშების წერტილის 0,5 მ-დან 2,5 მ-მდე გადაჭარბების გამო ბურღვის სიღრმის გადაჭარბების საჭიროების სავალდებულო მითითებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 70-73).
45. ამდენად, მხარეთა შორის არსებული ზემოაღნიშნული წერილობითი კომუნიკაციით, რომელიც წინ უძღოდა 2019 წლის 30 ივლისს მე-4 შეთანხმების დადებას, რომლითაც, თავის მხრივ, საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება განისაზღვრა 83 აშშ დოლარით, ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად. ვინაიდან თავად ვერ უზრუნველყოფდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების შესრულებას ლიცენზიის არარსებობისა და შეზღუდული ხარჯთაღრიცხვის გამო, მოპასუხეს სთავაზობდა დამოუკიდებელი კვალიფიციური სპეციალისტებისა და ინჟინრების საქმეში ჩართვას ობიექტური დასკვნის მისაღებად და პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე სთავაზობდა დამკვეთს ადგილზე ვითარების გაცნობასა და ბურღვისა და ხიმინჯების დაყენების პროცესზე დასწრებას, შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად.
46. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისს გაფორმებული №19/011 ხელშეკრულების 4.1.8 ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს გეოდეზიური სამუშაოების ჩატარება ობიექტზე (ხიმინჯის გაბურღვის ადგილმდებარეობის კოორდინატების მონიშვნა და გაბურღული სიღრმეების გადამოწმება) და კვალიფიცირებული წარმომადგენლის დასწრება, სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა. შესაბამისად, თუ დამკვეთი არ ეთანხმებოდა ან საეჭვოდ მიიჩნევდა სამშენებლო მოედანზე არსებულ ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო ხიმინჯის მოსაწყობად გარსაცმი მილის შეთანხმებულზე უფრო მეტ სიღრმეზე ჩაყენების საჭიროებას, მას შეეძლო შეთანხმების დადებამდე უზრუნველეყო კვალიფიციური სპეციალისტებისა და ინჟინრების მონაწილეობა გეოლოგიური ფაქტობრივი მდგომარეობის უკეთ შესასწავლად და ობიექტური დასკვნის მისაღებად.
47. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქმეში წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000638520 დასკვნაზე, სადაც ექსპერტისგან ითხოვენ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევასა და მიღებული შედეგების შედარებას დანართი N2-ში წარმოდგენილ X=286098.05; Y=4671062.06 კოორდინატებზე გაბურღული ჭაბურღილის BH-SB1-4-ზე შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: აღნიშნულ გრუნტებს რა სიღრმემდე ახასიათებს ჩამოშლა და შესაბამისად -7,85მ აბსოლუტურ ნიშნულამდე (30 გრძ.მ) 1200მ ხიმინჯების ბურღვისას რა სიღრმემდეა გათვალისწინებული გარსაცმი მილების გამოყენება. დასკვნის თანახმად, E-60 ავტომაგისტრალის ქ. ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიამდე მონაკვეთზე მოპასუხის მიერ გადმოცემულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე ჩატარებული ბურღვითი სამუშაოებისა და გრუნტების ლაბორატიული კვლევის მონაცემების საფუძველზე შედგენილია ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი. ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა 0,6მ სიღრმეზე, დამყარების დონე 0,5 მეტრზეა. მოხდა გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტის შედარება შპს „ჯ–ის“ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილ BH SB1-4-ის ლითოლოგიურ სვეტთან. გაბურღული ჭაბურღილის და შპს „ჯ–ის“ მიერ ტექნიკურ ანგარიშში წარმოდგენილი BH SB1-4-ის ლითოლოგიური სვეტები ძირითადად იდენტურია, მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა და განპირობებულია გრუნტების გენეზისით. გაბურღული ჭაბურღილის ლითოლოგიური ჭრილიდან გამომდინარე დასკვნის თანახმად, 30მ სიღრმემდე ბურჯებისთვის ჭაბურღილების ბურღვა უნდა განხორციელდეს საცავი მილების გამოყენებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი).
48. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება გარსაცმი მილების 20მ-ზე მეტ სიღრმეზე დაყენების აუცილებლობა, რომელზეც მიუთითებდა შემსრულებელი და რაც გახდა სწორედ მხარეთა შორის დადებული მე-4 შეთანხმებით ფასის გაზრდის საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა აქარწყლებს მოპასუხის შედავებას, რომ იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საფუძველი.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს რთული და მოცულობითი ხასიათის სამუშაოს შესრულებაც. ასეთ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულებას თან ერთვის სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია (ნარდობის საგნის ტექნიკური დახასიათება - ხარჯთაღრიცხვა). ხარჯთაღრიცხვა მოიცავს სამუშაოების ცალკეული ეტაპების, სახეებისა და დანახარჯების მიხედვით, ანაზღაურების რაოდენობის ცალ-ცალკე და საბოლოო შეფასებას (ჯამს). ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს ორი სახის: 1) მყარი, როცა ზუსტადაა განსაზღვრული ხარჯებისა და საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის და 2) მიახლოებითი, რომელიც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
51. სსკ-ის 631-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
52. მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს.
53. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა ერთდროულად არსებობდეს. ამასთან, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. საერთოდ, ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით (იხ. სუსგ საქმე №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი).
54. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 21.06.2019 წლის შეთანხმების მე-7 პუნქტით [13.06.2019 წლის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, არა უმეტეს 20მ გარსაცმის მქონე საბურღ-სატენი ხიმინჯის 1 წრფივი მეტრის დაყენების ღირებულება შეადგენს 70 აშშ დოლარს. თუ ნიადაგის გეოლოგიური თავისებურებების გამო, სამშენებლო მოედანზე გარსაცმი მილების გამოყენებით რკინაბეტონის საბურღ-სატენი ხიმინჯების დაყენებისას საჭირო გახდება მათი დამაგრება 20მ სიღრმეზე მეტად, ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას და მხარეები დამატებით შეთანხმდებიან ახალ ფასზე] გათვალისწინებული იყო სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით სამუშაოების წარმოება 20მ-ზე მეტ სიღრმეზე ხიმინჯების დაყენებისას. როგორც მოსარჩელე კომპანიის 2019 წლის 15 ივლისის წერილიდან ირკვევა, 2019 წლის 8 ივლისს მე-9 ფუძის ფუნდამენტთან ხიმინჯების სამუშაოების ჩატარებისას, ჭაბურღილის კედლების ჩამოშლის გამო, შეთანხმებული 20-მეტრიანი სამაგრი მილების ნაცვლად, მოსარჩელე კომპანია იძულებული გახდა დაეყენებინა სამაგრი მილები მთელ საპროექტო სიღრმეზე (31.5მ), ხოლო 2019 წლის 10 ივლისს, მე-7 ფუძის ფუნდამენტთან ხიმინჯის სამუშაოების ჩატარებისას, მოსარჩელე კომპანია იძულებული გახდა გამოეყენებინა სამაგრი მილები 25მ სიღრმემდე, არმოკარკასის დაყენებით და ბეტონის ჩასხმით. ამდენად, 20მ-ზე მეტ სიღრმეზე გარსაცმი მილების გამოყენების თაობაზე ანუ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების თაობაზე მოსარჩელე კომპანიამ დაიცვა სსკ-ის 631.2 მუხლით გათვალისწინებული პირობა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ - 2019 წლის 15 ივლისს აცნობა დამკვეთს.
55. დამკვეთს, ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის გამო, სსკ-ის 631.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოუთხოვია, პირიქით, მხარეები 2019 წლის 30 ივლისს შეთანხმდნენ გაზრდილ ფასზე.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა, როგორც კონსენსუალური ხელშეკრულება, მოიცავს არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შედეგს, არამედ სამუშაოს შესრულების მიმდინარეობის პროცესს, რომელშიც ორივე მხარე თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა მონაწილეობდეს იმ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განსახორციელებლად, რაც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ერთმანეთის მიმართ აკისრიათ.
57. გამომდინარე იქედან, რომ არ დასტურდება მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს დაცული აქვს სსკ-ის 631-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 40 879,43 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 4578 აშშ დოლარის ოდენობით (შესრულებული სამუშაოს გადაუხდელი ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 81,75 აშშ დოლარი x 56 დღეზე).
58. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
59. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 412.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
60. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40 879,43 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 4 578 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
61. სსსკ-ის 53.1. მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების საფუძველზე [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა], მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9 334 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „L. C. L.“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „L. C. L.“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ი–ის“ შპს „L. C. L.“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 40 879,43 აშშ დოლარის გადახდა;
5. შპს „ი–ის“ შპს „L. C. L.“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 4 578 აშშ დოლარის გადახდა;
6. შპს „ი–ის“ შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
8. შპს „ი–ის“ (ს.კ. ......) შპს „L. C. L.“-ის (ს.კ. .........) სასარგებლოდ დაეკისროს 9 334 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი