Facebook Twitter

საქმე №ას-1071-2023 04 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.გ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეგისტრაცია, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებით ე.გ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ (N6336721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) დაეკისრა 58 180,90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 44 518,35 ლარი, პირგასამტეხლო - 4 006,65 ლარი, პროცენტი - 5 458,13 ლარი, საკომისიო - 191,12 ლარი, სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით - 4006,65 ლარი; მოსარჩელის სასარგებლოდ, N6336721 იპოთეკური საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებაში აღირიცხა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. საჩხერე, ........., იპოთეკით დატვირთვის დროს არსებული ს.კ. …….. (შემდგომში ასევე - „იპოთეკის საგანი“ ან „სადავო ქონება“); N6336721 იპოთეკური საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, დადგინდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების N8121222-ა ხელშეკრულება, რომლის 3.1.2-3.1.4 პუნტების თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით სხვა ვალუტაში; სესხის ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 %-ით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-24).

2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის 2018 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა N8121222-01 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. საჩხერე, ......... , ს.კ. ……. (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26).

2.3. ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს 884 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას საერთო ფართით 365,6 კვ.მ (იხ. N……..იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.1.2 პუნქტი).

2.4. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებდა, ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30).

2.5. 14.09.2018წ. საკრედიტო ხაზით მომსახურების N8121222-ა ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის 23 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი N8121222ა-9562593 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 4.4-4.8 პუქნტების თანახმად, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი N6336721 45 500 ლარის ოდენობით, ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი პირველი 12 თვის განმავლობაში შეადგენდა წლიურ 9%-ს, ხოლო დარჩენილ პერიოდზე სესხზე დასარიცხი სარგებელი განისაზღვრა რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ჯამური 8,85 %-ისა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

2.6. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, ხოლო 4.16 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,50%-ის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

2.7. ხელშეკრულების 4.13-4.14 პუნქტების თანახმად, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო შეადგენდა წლიურ 0,38%-ს, ხოლო უძრავი ქონების დაზღვევის საკომისიო წლიურ 0,27%-ს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

2.8. საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებების, კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტების საფუძველზე, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხის დავალიანება N6336721 სესხზე შეადგენს - 51 011,04 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 44 518,35 ლარი, პროცენტი - 5 458,13 ლარი, საკომისიო - 191,12 ლარი და ჯარიმა - 843,44 ლარი.

2.9. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.09.2017წ. N158/53 განკარგულების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61).

2.10. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.09.2019წ. N313/53 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის N158/53 განკარგულება და მოპასუხის სახელზე გაცემული N130 საკუთრების უფლების მოწმობა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 62).

2.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2019წ. N882019822009-03 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. ამჟამად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის დარეგისტრირებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 63).

2.12. საქმეში წარდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.09.2019წ. N313/53 განკარგულება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2019წ. N882019822009-03 გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორია თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ N6336721 იპოთეკური საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებაში აღირიცხა და მოსარჩელის სასარგებლოდ სარეალიზაციოდ მიექცა; აგრეთვე, იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1, 301.1, 301.11 მუხლებით და წინამდებარე განჩინების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, მიიჩნია, რომ სახეზე იყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის, ხოლო ამონაგები თანხით დავალიანების სრულად ვერდაფარვის შემთხვევაში, ასევე, მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე აღსრულების მიქცევის საფუძველი.

5. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311.1 და 312-ე მუხლებით და წინამდებარე განჩინების 2.10-2.11 პუნქტებში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეს სადავო ნივთზე არსებული მდგომარეობით ფაქტობრივად არ გააჩნდა საკუთრების უფლება, სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ სახელმწიფოს აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანი იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, პირი სასამართლოს მიმართავს საკუთარი უფლების ან ინტერესის დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა იპოთეკით დატვირთული სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა, შემდეგ ამ ქონების რეალიზება და სახელმწიფოს მიერ მიღებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემა. სასარჩელო მოთხოვნიდანვე ჩანს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა არა საკუთარი, არამედ სხვისთვის გარკვეული უფლების წარმოშობის მოთხოვნით, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის, როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო სამართლის ბუნებას და ფეხქვეშ თელავს საკუთრების უფლებას, რომელიც განსახილველ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს (არ არის ქონება რეგისტრირებული). საკუთრების უფლების წარმოშობა (რეგისტრაცია) დაკავშირებულია უფლების მქონე სუბიექტის მიერ ამ უფლებით სარგებლობის ნების გამოვლენასთან და თუ უფლების მქონე სუბიექტი არ მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს, არ არსებობს ამის იძულების სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა აიძულოს სახელმწიფო დაირეგისტრიროს სადავო ქონება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს;

13.2. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვის ეკუთვნის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. არარეგისტრირებულ ქონებაზე საკუთრების უფლება თავისთავად არ არსებობს, თუმცა ნებისმიერ ქონებას ჰყავს პოტენციური მესაკუთრე - ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობა. განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში, რაც თავისთავად გამორიცხავს სახელმწიფოს სახელზე მითითებული ქონების აღრიცხვას. ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასახელებული კანონის მოქმედება არ ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ამდენად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებულმა დანაწესმა ცალკე გამოყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების მოპოვების, როგორც უფლება, ასევე, პროცედურა და სახელმწიფომ აღნიშნულით მოისპო უფლება რაიმე პრეტენზია განაცხადოს ფიზიკური პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე;

13.3. შესაბამისად, მაშინ როცა ერთმნიშვნელოვნად დასტურდება და სადავო არ არის სადავო ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტი (საუკუნეზე მეტია აღნიშნული ქონება მოპასუხისა და მისი წინაპრების საკუთრებაა), შეუძლებელია მისი სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა, არ არსებობს აღნიშნულის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

13.4. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. მოპასუხემ კომისიის 23.09.2019წ. N313/53 განკარგულება საჩხერის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. შესაბამისად, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება (იხ. სუსგ საქმე Nბს-765(2კ-19), 02 ივლისი, 2020 წელი).

15. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.07.2019წ. N313/53 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის N158/53 განკარგულება და სადავო ქონებაზე მოპასუხის სახელზე გაცემული N130 საკუთრების უფლების მოწმობა; ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2019წ. N882019822009-03 გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება; დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს დასახელებული გადაწყვეტილებები არ გაუსაჩივრებია. კასატორი დავობს, რომ მან კომისიის 23.09.2019წ. N313/53 განკარგულება საჩხერის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარდგენილი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონება/იპოთეკის საგანი მართებულად აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო იპოთეკა, როგორც რეგისტრირებული სანივთო უფლება, გადავიდა ახალ მესაკუთრეზე. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლით რეგულირებულია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

18. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოვალის მიერ უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან/და შესრულების გაჭიანურება იპოთეკარს ანიჭებს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის საფუძველზე. ამასთან, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, მიუხედავად იმისა, ამონაგები თანხა სრულად ფარავს მოთხოვნას თუ არა, ავტომატურად იწვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას (იხ. ლადო ჭანტურია, "კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი", გამომცემლობა "სამართალი", თბილისი, 2012, გვ. 98, 108-109). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი ნორმა ატარებს დისპოზიციურ ხასიათს და აღნიშნული წესის შეცვლა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის ბოლო წინადადება მხარეებს აძლევს უფლებასა და შესაძლებლობას, შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ჩაითვალოს და დარჩენილი, დაუფარავი მოთხოვნა კრედიტორმა დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალის ან/და ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი სხვა პირების ქონებიდან (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-164-158-2011, 01 აგვისტო, 2011 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

22. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 909 ლარის 70% – 2 036,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.გ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ე.გ–ნს (პ.ნ. ....) დაუბრუნდეს ნ.გ–ის (პ.ნ. .........) მიერ 2023 წლის 19 ივლისს №17895555079 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 909 (ორი ათას ცხრაას ცხრა) ლარის 70% – 2 036,3 (ორი ათას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი