საქმე №ას-834-2023 4 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ–მა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ლ. E.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს „ქ–მას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ.ლ. E.“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 94 691,2 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის 94 691,2 ევროს ეკვივალენტი ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით, 01.11.2021წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 94 691,2 ევროს წლიური 8%-ის გადახდის დაკისრება).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე კომპანია 2018 წლის 04 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ბულგარეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ კომერციულ რეესტრში საიდენტიფიკაციო კოდით: N……... კომპანიის ერთადერთი აქციონერია ვ.ქ–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 166-169).
2.2. მოპასუხე არის 2014 წლის 11 მარტიდან რეგისტრირებული კომპანია, რომლის 95% წილის მფლობელ პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენს ფ.მ–ო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 170-171).
2.3. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას (წარმოდგენილი მერის - გ.ჭ–ას სახით), იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას (წარმოდგენილი სახელმწიფო წარმომადგენლის - ზ.შ–ძის სახით) და მოპასუხეს (წარმოდგენილი დირექტორის - ფ.მ–ოს სახით) შორის 2020 წლის თებერვალში გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მერიის მხრიდან შპს „ს.კ.ტ.ქ–ში“ სახელმწიფოს კუთვნილი 100% წილის მოპასუხისათვის პირდაპირი განკარგვით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, პირველ ეტაპზე განეხორციელებინა 1 700 000 ლარის ოდენობით ინვესტიცია. აქტით განისაზღვრა მხარეთა სხვა ვალდებულებებიც. ამასთან, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო დაეფარა ნებისმიერი საგადასახადო დავალიანება, რომელიც გუნდს გააჩნდა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დაებრუნებინა შპს „ს.კ.ტ.ქ–ი“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 174-179).
2.4. 2019 წლის 13 ნოემბრიდან - 2020 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მოპასუხის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად ჩაირიცხა ჯამში 94 691,25 ევრო. თითოეულ გადარიცხვაზე დანიშნულებად მითითებულია „მარკეტინგული მომსახურება“ (იხ. ამონაწერი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან).
2.5. ამჟამად შპს „ს.კ.ტ.ქ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელია ა(ა)იპ „ნ.ვ.უ–ი“.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად შემდეგ გარემოებაზე მიუთითებდა: მოსარჩელესა და მოპასუხის დირექტორს, ფ.მ–ოს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ფ.მ–ო კისრულობდა ვალდებულებას, მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა მოპასუხე კომპანიაში კუთვნილი წილიდან 10%. თავის მხრივ, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაერიცხა თანხები, რაც შპს „ს.კ.ტ.ქ–ის“ შეძენას მოხმარდებოდა. მტკიცებულების სახით მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ განხორციელებულ გადარიცხვებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 2020 წლის 21 აპრილიდან - 2020 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით გადაურიცხა ჯამში 94 691,25 ევრო. 2020 წლის ოქტომბრის ბოლოდან მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან ყოველგვარი კომუნიკაცია. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან ჯეროვნად შესრულებული ვალდებულებისა, მოპასუხემ შეთანხმებული პირობა არ შეასრულა. მას მოსარჩელისათვის არც წილი გადაუფორმებია და არც მუნიციპალიტეტთან დაუდია ხელშეკრულება; მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან მოსარჩელისგან ეტაპობრივად მიიღო სადავო თანხა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს თუ რა ურთიერთობის ფარგლებში მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხების ჩარიცხვა. ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ სანაცვლო რაიმე ვალდებულების შესრულება ან თანხის უკან დაბრუნება საქმის მასალებით არ დასტურდება.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1.ა მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებლად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (უსაფუძვლოდ) მიღებული აქვს თანხა ჯამში 94 691,25 ევროს ოდენობით. შესაბამისად, საფუძვლინია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 94 691,25 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
5. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო თანხის გადახდა განხორციელდა იურიდიული ძალის არმქონე წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას. ამდენად, წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სპეციალური ფორმაა დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მხარეთა შორის წილზე ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა. მოსარჩელის განმარტებით, მოდავე მხარეები აღნიშნულზე ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ. ამასთან, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა წილის ნასყიდობის თანხა ჯამში 94 691,25 ევროს ოდენობით. შესაბამისად, ბათილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 59.1 მუხლი) მოსარჩელეს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია. ამდენად, გადახდილი თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება მხარეთა შორის მანამდე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მოპასუხე არასდროს დაპირებია მოსარჩელეს მიღებული თანხის სანაცვლოდ საწარმოს წილის მასზე გასხვისებას ან სხვა შინაარსის იურიდიული მოქმედების შესრულებას.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).
15. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-533-509-2016, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გაარკვიოს თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
16. წინამდებარე საქმეში მხარეთა შორის სადავოა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე 2019 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 94 691,25 ევროს ჩარიცხვა. აღნიშნულ ვითარებაში კი გამოდის, რომ მოსარჩელის მიერ თანხები მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშეა გადაცემული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენს.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
18. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე Nას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
19. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიარულად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე კუმულატიურად უნდა იყოს რამდენიმე პირობა, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა (იხ. სუსგ საქმე Nას-1249-1269-2011, 04 აპრილი, 2012 წელი).
20. წინამდებარე საქმეში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ სადავო თანხის მისთვის ჩარიცხვის მიზნობრიობა, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახეზეა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
23. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ქ–მას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ქ–მას“ (ს/ნ N.......) დაუბრუნდეს ნ.ტ–ძის (პ/ნ ........) მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს №5237 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი