Facebook Twitter

საქმე №ას-827-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ბ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ა–ია, ხ.ხ–ში, ნ.მ–ი

თავდაპირველი მოპასუხეები - იბა „გ–ი“, თ.წ–ია, გ.გ.ს–ძე, ა.ა–ი, ა.თ–ძე

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ი.რ–ი, დ.ჯ–ი, ც.ხ–კი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით შპს „ა.ბ.ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და იბა „გ–ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „ამხანაგობა“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ა–იას (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ხ.ხ–შისა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და ნ.მ–ის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხეების, ასევე, თ.წ–იას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), გ.გ.ს–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), ა.ა–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) და ა.თ–ძის (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“) მიმართ, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები - ი.რ–ი, დ.ჯ–ი და ც.ხ–კი, დაკმაყოფილდა მიწის ნაკვეთზე - ს.კ. N……არსებული კიბის დემონტაჟის უფლების გარეშე. კერძოდ: საჯარო რეესტრში N…….. საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეებს დაუდგინდათ ამხანაგობის საკუთრებად საჯარო რეესტრში N……. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. N003079118 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ მიწის ნაკვეთზე არსებული კიბის დემონტაჟის უფლების გარეშე; საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, მოპასუხის ნაკვეთზე მწვანე ნარგავის მოჭრის აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში, მოსარჩელეებს დაევალათ მწვანე ნარგავის მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სრულად აღდგენა სანაცვლო მწვანე ნარგავების დარგვის გზით. ასეთ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენაზე ზედამხედველობა დაევალა საავტომობილო გზის მოწყობის ნებართვის გამცემ ორგანოსა და ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ....., დაზუსტებული ფართობი 736.00 კვ.მ, ს.კ. N......რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრებად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 308).

2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. ამ მიწის ნაკვეთში მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ საფეხმავლო კიბით, რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და რომელიც მოქცეულია N ……. მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, …….., N18, N18ა, ს.კ. N ……. წარმოადგენს ამხანაგობის საკუთრებას. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან დანარჩენი მოპასუხეები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 71-81, 85-86). ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ საფეხმავლო კიბით. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან.

2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისში, …….. მდებარე N ……… საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, დ. ჭონქაძის ქუჩიდან, საჯარო რეესტრში N …… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნული მიმართულებით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული რაოდენობის ხარჯების მქონე საინჟინრო ღონისძიებები (მათ შორის: სადემონტაჟო სამუშაოები (კიბის დემონტაჟი), მიწის სამუშაოები, საყრდენი კედლების მოწყობა, დონეთა სხვაობებზე პანდუსის მოწყობა და სხვა). აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41).

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აპირებენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-37, 105-114). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებისათვის აუცილებელია სამანქანო გზის არსებობა. სასამართლოს განმარტებით, აუცილებელი კავშირი იმგვარი კავშირია, რომლის გარეშეც მიწის ნაკვეთს რენტაბელობა დაეკარგება ან არსებითად და გაუმართლებლად შეუმცირდება.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102.1, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მათი მოთხოვნის - აუცილებელი საავტომობილო გზის მოწყობის საფუძვლიანობას ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელისათვის მისი მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა N003079118 ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,N0 …… მიწის ნაკვეთში მოხვედრა ავტომობილით ფაქტობრივი მდგომარეობით შეუძლებელია (ნაკვეთს არ აქვს საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ N …….. მიწის ნაკვეთსა და . ….. ქუჩას შორის არის დონეთა სხვაობა (ქანობიანი რელიეფია), რომელიც დაახლოებით შეადგენს 4.0 მ-ს, ხოლო ხსენებულ მიწის ნაკვეთსა და ….. ქუჩას შორის არის მნიშვნელოვანი დონეთა სხვაობა (დონეთა სხვაობაზე მოწყობილია რკინაბეტონის საყრდენი კედელი), რომელიც დაახლოებით შეადგენს 11.0 მ-ს“.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან სათანადო კავშირი არ გააჩნია, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელეებს მოცემული გზის მოწყობის მხოლოდ ერთ ვარიანტს სთავაზობს. აღნიშნული კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და …… ქუჩას შორის მნიშვნელოვანი დონეთა სხვაობაა (დონეთა სხვაობაზე მოწყობილია რკინაბეტონის საყრდენი კედელი), რომელიც შეადგენს დაახლოებით 11.0 მ-ს. წარდგენილი დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული გზის მოწყობა შეუძლებელია.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და მიაჩნიათ, რომ იგი ბუნდოვანია. მათი განმარტებით, საფეხმავლო კიბის დემონტაჟის გარეშე საავტომობილო გზის მოწყობა შეუძლებელია. მოპასუხეები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მასზედ, რომ მიწის ნაკვეთი უკვე დატვირთულია სერვიტუტით, თბილისის მერიის მიერ მოწყობილია საფეხმავლო კიბე, რომლითაც სარგებლობენ როგორც მოსარჩელეები, ასევე, საქმეში ჩართული მესამე პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამრთლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა ნაკვეთზე სერვიტუტის ფარგლებში მერიის მიერ საფეხმავლო კიბის არსებობა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა აუცილებელი გზის მოწყობა კიბის დემონტაჟის გარეშე. შესაბამისად, მესამე პირთა ინტერესები სრულიად დაცულია. რაც შეეხება მოსარჩელეებს, აუცილებელი გზა მოიცავს არა მარტო საფეხმავლო გზას, არამედ საავტომობილო გზასაც. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები საფეხმავლო გზით სარგებლობენ და ახერხებენ ნაკვეთში მისვლას, არ გამორიცხავს ნაკვეთის ფუნქციონალური დანიშნულებით მოხმარებისათვის საავტომობილო გზის აუცილებლობას; დასკვნაში მითითებულია, რომ კონკრეტული მიმართულებით გზის მოწყობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული რაოდენობის ხარჯების მქონე საინჟინრო ღონისძიებები, მათ შორის, სადემონტაჟო სამუშაოები - კიბის დემონტაჟი. ექსპერტის მითითებით, აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნეს შესაძლო გზის მოწყობის პროექტი. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი დასკვნა უპირობოდ არ ადგენს კიბის დემონტაჟს.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე იმ საკითხის დასაზუსტებლად - შესაძლებელი იყო თუ არა მეზობელ ნაკვეთზე საავტომობილო გზის მოწყობა კიბის დემონტაჟის გარეშე, თუ შესაძლებელი იყო, სად უნდა მოწყობილიყო ეს გზა და რა ფართობს დაიკავებდა, მხარეებს მტკიცებულებების წარდგენა დაევალათ. მოპასუხემ წარადგინა შპს „შ.ც–ის“ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისში, ….., N18, N18ა-ს მიმდებარედ მდებარე 543,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. …….) საავტომობილო გზის მოწყობა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. N003079118 ექსპერტიზის დასკვნაში (დანართი N2) მითითებული მოცემულობით, ამ მიწის ნაკვეთზე არსებული კიბის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარდგენილი დასკვნა იმ საფუძვლით, რომ როგორც დასკვნაზე თანდართული სიტუაციური ნახაზით ირკვევა, ექსპერტს შეფასებული აქვს საავტომობილო გზის მოწყობა მოპასუხეების კუთვნილი ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ იმ ადგილას, სადაც კიბის უჯრედია მოწყობილი. შესაბამისად, თუ გზა გაივლის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კიბის დემონტაჟის საკითხი. წარდგენილ დასკვნაში ექსპერტი არ მსჯელობს კიბის დემონტაჟის გარეშე საერთოდ შეუძლებელია თუ არა მოპასუხის ნაკვეთზე გზის მოწყობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზაზე თანდართულ ფოტოილუსტრაციაზე, სადაც კიბის გვერდით ფიქსირდება მწვანე ნარგავებიანი ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასკვნაში არაფერია ნახსენები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ნაჩვენებია პირობითი მიმართულება, რაც გზის მოწყობის პროექტის შესრულების შემდგომ ექვემდებარება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობები.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოეწყოს გზა. აღნიშნული ნახაზის თანახმად, გზის სიგანეა 3,5 მეტრი, სიგრძე კი 8 მეტრი, შესაბამისად, მოპასუხის საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დატვირთვის საერთო ფართი შეადგენს 28 კვ.მ-ს.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაადგინა მწვანე ნარგავების მოჭრის უფლება, რაც სარჩელით მოთხოვნილი არ ყოფილა. სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეორე პუნქტით მოსარჩელეს დაევალა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც საჯარო კანონმდებლობით ისედაც დადგენილია. წინამდებარე გადაწყვეტილებით რომც არ განსაზღვრულიყო მწვანე ნარგავების მოჭრის შემთხვევაში მოსარჩელეთა მოვალეობები, ასეთი ფაქტის განხორციელების შემთხვევაში, მათ მაინც მოუწევდათ საჯარო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. შესაბამისად, სასამართლო არ გასცდენია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ამასთან, ვალდებულებები განესაზღვრათ მოსარჩელეებს და არა მოპასუხეებს, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელთა უფლებების შელახვას და ასევე მათ ინტერესს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტები სადავოდ ხდიან თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.11.2021წ. საოქმო განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსამართლეს აცილება დაუყენეს მას შემდეგ, რაც მოპასუხის წარმომადგენელი დაჯარიმდა 300 ლარით. აღნიშნულმა ცხადყო, რომ მოსამართლე საქმეს ობიექტურად ვერ განიხილავდა. გარდა ამისა, იგი დაინტერესებული იყო საქმის რაც შეიძლება სწრაფად განხილვით და არა საპროცესო წესებისა და კანონმდებლობის დაცვით. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითებული მსჯელობა არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. პირველმა მოპასუხემ ასევე მოითხოვა მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 29.03.2023წ. საოქმო განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს 04.11.2021წ. საოქმო განჩინების გაუქმება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო საჩივრის თანახმად:

19.1. საქალაქო სასამართლოს 04.11.2021წ. საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა შემდეგი: აცილების შუამდგომლობა დაყენებულ იქნა რამდენიმე მოპასუხის წარმომადგენლის, ლაშა ზურაბიანის 300 ლარით დაჯარიმების შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ მოსამართლეს არ შეეძლო ობიექტურად განეხილა საქმე. მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით და არა საპროცესო წესებისა და კანონების დაცვით, რაც მოსამართლის აცილების საფუძველია;

19.2. მოსამართლემ არ მისცა მოპასუხე მხარეს უფლება, გარკვეულიყო იმ საკითხში, თუ რომელი პირები არიან დასახელებული მოპასუხეებად (მაშინ, როდესაც სხდომის ოქმში ფიქსირდება მოსამართლის გადალაპარაკება მდივანთან, სადაც ხდება შეკითხვების დასმა თუ ვინ არიან დავაში მხარეები). როდესაც მოსამართლეს არ აქვს ინფორმაცია საქმეში მოპასუხეთა ვინაობის შესახებ და ამ საკითხზე მოპასუხედ მოწვეულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას გამოთქვან მოსაზრებები, ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპის მიზანმიმართული შეზღუდვა;

19.3. ის გარემოება, რომ მოსამართლე მოპასუხეთა წინააღმდეგ სუბიექტურად იყო განწყობილი დასტურდება იმითაც, რომ იგი გასცდა სასარჩელო მოთხოვნებს და სარეზოლუციო ნაწილში იმგვარი საკითხებზე მიუთითა, რაც სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზის საკითხი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მაშინ როცა მოცემულ საკითხზე წარდგენილია დეტალური შესაგებელი. ფაქტია, რომ სასამართლო არ იცნობდა მასალებს სრულად და, მათ შორის, არ გაეცნო შესაგებელს იმის გამო, რომ `მოპასუხეთა მიმართ სუბიექტურად იყო განწყობილი. შედეგად, დადგა უკანონო გადაწყვეტილება;

19.4. სააპელაციო სასამართლოს 29.03.2023წ. საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა შემდეგი: სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 11 იანვარს გამართულ სხდომაზე სასამართლომ მოსარჩელეებს დაავალა წარედგინათ მტკიცებულება აუცილებელ მისასვლელ გზასთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეციალისტის ან ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა/გეგმა, სადაც ასახული იქნებოდა კიბის დემონტაჟის გარეშე აუცილებელი მისასვლელი გზა. ეს საკითხი დადგა იმის გამო, რომ პირველი მოპასუხის აპელაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებელობა წარმოადგენდა; 2023 წლის 08 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა მისასვლელი გზის გეგმა, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია დასაშვებ მტკიცებულებად, ვინაიდან გეგმას არ ერთვოდა შესაბამისი რეკვიზიტები (სპეციალისტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა და ა.შ.). აღნიშნული საფუძვლის გათვალისწინებით, მოსამართლემ გადადო სასამართლო სხდომა და უკვე ორივე მხარეს მიუთითა წარედგინათ საექსპერტო დასკვნა. ანუ, მოსამართლემ მეორე შანსი მისცა მოსარჩელეებს. თუმცა, ამით სიტუაცია არ ამოწურულა; 2023 წლის 02 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს გეგმა, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი იყო არქიტექტორი ნათელა აბრამიას მიერ, რომელიც არის პირველი მოსარჩელის პირდაპირი ხაზის ნათესავი. მოპასუხემ მოითხოვა სპეციალისტის აცილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლისა და 31.1 მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტების საფუძველზე, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე არსებითად განეხილა და სპეციალისტის აცილების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად ემსჯელა. დამატებით, 2023 წლის 02 მარტს პირველმა მოპასუხემ საქმეს დაურთო შპს „შ.ც–ის“ დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ შეუძლებელია სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მითითებული მიმართულებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა მიწის ნაკვეთზე არსებული კიბის დემონტაჟის გარეშე;

19.5. 2023 წლის 09 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღეს სასამართლომ გამოცხადების ნაცვლად განაცხადა, რომ დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის განცხადება სპეციალისტის აცილების თაობაზე და მოწინააღმდეგე მხარეს მიუთითა, რომ კიდევ ერთხელ წარედგინა დასკვნა. ანუ, მოსამართლემ უკვე მეორედ უკარნახა მოსარჩელეებს და მისცა კიდევ ერთი შანსი მტკიცებულების წარსადგენად. ყველაზე გამაოგნებელი იყო ის, რომ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ სასამართლომ მოსარჩელეებს არაოფიციალურად, სხდომის გარეშე განუმარტა შემდეგი: „თუ გადავხედავთ სასამართლო პრაქტიკას, აუცილებელია დასკვნის წარმოდგენა... არ მინდა ძალიან ეს საქმე უკან დავაბრუნო პირველ ინსტანციაში, გაცნობიერებული მაქვს თქვენთვის დროს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო მეტად გაიწელება დრო“. აღნიშნული სცდება პროცესის დასაშვებ ფარგლებს. მოსამართლე აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში არ უარყოფს, რომ სხდომის ოქმს მიღმა ეს განმარტებები მისცა მოსარჩელეებს. ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად იწვევს ეჭვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში;

19.6. სასამართლომ არ დაადგინა პირველი მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და შემდეგ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერებას ადასტურებს: რამდენიმე ათეული წელია მოსარჩელეები იყენებენ ხსენებულ კიბეს, რომლითაც შედიოდნენ და შედიან თავიანთ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ისინი შედიოდნენ სახლშიც, რომელიც მიწის ნაკვეთზე ედგათ და რომელიც ამჟამად დანგრეულია; მოსარჩელეები არ იხდიდნენ არანაირ თანხას და უსასყიდლოდ ჰქონდათ მფლობელობა მოპოვებული პირველი მოპასუხის და შემდეგ ამხანაგობის საკუთრებაზე; როდესაც ამხანაგობა დაიშლება (დავა მიმდინარეობს სასამართლოში ამხანაგობის დაშლაზე), მიწის ნაკვეთი, რომელზეც გზის გაყვანაა მოთხოვნილი, დარჩება პირველი მოპასუხის საკუთრებად. სწორედ, ეს უკანასკნელია მოცემულ შემთხვევაში მთავარი დაინტერესებული პირი;

19.7. სასამართლოს უნდა ჩაეთვალა, რომ მიწის ნაკვეთი უკვე უზრუნველყოფილია სათანადო გზით. სათანადო გზას წარმოადგენს კიბე, რომელსაც წლებია მოსარჩელეები იყენებენ უსასყიდლოდ. ავტომანქანების დაყენება მოსარჩელეებს თავისუფლად შეუძლიათ გარეთ, როგორც ამას არაერთი წელი აკეთებდნენ. მათ ჰქონდათ სახლი და ამ სახლში შედიოდნენ და გამოდიოდნენ რამდენიმე მეტრიანი კიბით როცა მოესურვებოდათ. ახლა კი, სამანქანე გზის შეჭრა მოპასუხე მხარის ხარჯზე გაუმართლებელი ღონისძიებაა;

19.8. სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ დასახელებული გზა არ წარმოადგენს ერთადერთ და პროპორციულ საშუალებას. სამხარაულის ეროვნული ბიუროს სადავო დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელეების ქონებას ესაზღვრება, როგორც დ. ჭონქაძის ქუჩა, ასევე, ..... ქუჩა. აღნიშნული გარემოება სასამართლომ შეაფასა იმგვარად, რომ ....... ქუჩიდან საავტომობილო გზის მოწყობა, რელიეფის დონის გათვალისწინებით, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მოსარჩელეთათვის. თუმცა, დასკვნაში არ არის განსაზღვრული შეიძლება თუ არა ზ. დუმბაძის ქუჩის გამოყენება საავტომობილო გზის მოსაწყობად. სასამართლოს შეფასება სუბიექტურია, ვინაიდან შეფასებისას ექსპერტიზამ ასევე არ გაითვალისწინა მოპასუხის ქონების ხელყოფის დონე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტროტუარის გაჭრა და ნარგავებისა და ხეების გაჩეხვა. უფრო მეტიც, სასამართლომ თავად ჩაწერა სარეზოლუციო ნაწილში, რომ საავტომობილო გზის დაბრკოლებად არსებული ხეები უნდა გაიჩეხოს. სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ალტერნატიულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მოწყობას;

19.9. ცალსახაა, რომ მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს ალტერნატიული გზის არარსებობის მტკიცება, რაც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით კი არ დასტურდება, არამედ პირიქით, ექსპერტიზის დასკვნა განსაზღვრავს ალტერნატიულ საშუალებას, კერძოდ, ალტერნატიული ქუჩის არსებობას, საიდანაც საავტომობილო გზის მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუმცა, ეს საკითხი სრულყოფილად შესწავლილი არ არის;

19.10. შეუძლებელია მერიის მიერ მოწყობილი კიბის დემონტაჟის გარეშე საავტომობილო გზის გაკეთება სადავო N.......მიწის ნაკვეთზე. ანუ, შეუძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლო სრულიად უკანონოდ არ გაიზიარა შპს „შ.ც–ის“ დასკვნა. სასამართლოს შეცდომა გამოიხატება იმაში, რომ არასწორად განმარტა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა თითქოს ის ზოგადად ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან უშვებს გზის შეყვანას. რეალურად, აღნიშნულ დასკვნაში სხვა შინაარსია ჩადებული. დასკვნის მე-2 აბზაცში მითითებულია შემდეგი: „ქ. თბილისში, ....... მდებარე N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ...... ქუჩიდან, საჯარო რეესტრში N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ N2-ზე ყვითელი ისრებით ნაჩვენები მიმართულება)“. თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „გთხოვთ დაგვიდგინოთ აუცილებელი სატრანსპორტო გზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003079118 დასკვნაში მითითებული მოცემულობით“. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს არა ზოგადად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტრაექტორიიდან მიწის ნაკვეთზე - ს.კ. N......... გზის გაყვანას, არამედ სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ნაჩვენებ კონკრეტულ მიმართულებას. ამ უკანასკნელს ყვითელი ისრებით აქვს დატანილი მიმართულება, რომელიც მას მიაჩნია მისაღებად აუცილებელი გზისთვის და არსად ამბობს, რომ მოპასუხეთა მიწაზე გზა ზოგადად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ნებისმიერი ტრაექტორიით უნდა გაიჭრას. სწორედ ამიტომ არის მცდარი სააპელაციო სასამართლოს მიდგომა ამ საკითხზე;

19.11. თავის მხრივ, შპს „შ.ც–მა“ ზუსტად სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნით იხელმძღვანელა. მან აიღო ყვითელი ისრებით ნაჩვენები მიმართულება და დაადარა იგი რეალურ მოცემულობას ადგილზე. ამის შედეგად ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი გზის გაყვანის ადგილი იქნება სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ნაჩვენები მიმართულება, ეს გზა შეუძლებელია გავიდეს კიბის დემონტაჟის გარეშე. ამ გზას წინ ხვდება კიბე და სხვანაირად გზა ვერ გაიჭრება. ამდენად, საბოლოოდ სახეზეა გადაწყვეტილება, რომლის რეალობაში განხორციელება და გადმოტანა ქაღალდიდან შეუძლებელია.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი შემთხვევა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

21. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი (არასახელშეკრულებო) ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

22. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე Nას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე Nას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი).

24. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. N003079118 დასკვნისა და შპს „შ.ც–ის“ 17.02.2023წ. N23/02-17/03 დასკვნის ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს მართებულად მიენიჭათ ამხანაგობის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გავლით აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე შემთხვევაში ამხანაგობის საკუთრების უფლების შეზღუდვა მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთში მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად ერთადერთ პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გამოყენების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება. აღნიშნული დასკვნის გაზიარებისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. დასკვნაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ს.კ. ....... მიწის ნაკვეთსა და ..... ქუჩას შორის დონეთა სხვაობა (ქანობიანი რელიეფი) დაახლოებით 4.0 მ-ს შეადგენს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და ....... ქუჩას შორის კი დონეთა სხვაობა მნიშვნელოვნად მეტია და დაახლოებით 11.0 მ-ს შეადგენს. ამასთან, დონეთა სხვაობაზე მოწყობილია რკინაბეტონის საყრდენი კედელი. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

25. ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია საფეხმავლო კიბით, არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საავტომობილი გზის არსებობის აუცილებლობას, მით უფრო იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებლი სახლის მშენებლობას აპირებენ. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებისათვის სამანქანო გზის არსებობა აუცილებელია.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.05.2018წ. დასკვნაში კატეგორიულად არ არის მითითებული საავტომობილო გზის მოსაწყობად კიბის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში მხოლოდ აღნიშნულია, რომ გზის მოსაწყობად საჭირო იქნება გარკვეული საინჟინრო ღონისძიებების ჩატარება, რომელთა დაზუსტებისათვის საჭიროა შესაძლო გზის მოწყობის პროექტის შედგენა და შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის მიღება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს კიბის გვერდით მწვანე ნარგავებიანი ტერიტორიის არსებობასაც.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.11.2021წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების საფუძვლები, რომლებიც საქმის მიუკერძოებლად განხილვის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში პრველი მოპასუხის/კასატორის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 19.1-19.3 პუნქტები) ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს.

31. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2023წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი პირველ მოპასუხეს მოსამართლის აცილებაზე, ვინაიდან პირველი მოპასუხის/კასატორის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 19.4-19.5 პუნქტები) არც ამ შემთხვევაში წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსამართლის მიერ მოსარჩელეთათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენისთვის არაერთი შესაძლებლობის მიცემა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დანიშვნა ან დავალება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენის შესახებ, სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზანს ემსახურება.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

34. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ა.ბ–ს“ (ს/ნ N........) დაუბრუნდეს გ.ღ–ის (პ/ნ ........) მიერ 2023 წლის 2 ივნისის №1716 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი