საქმე №ას-823-2022 16 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 23 მაისს სს „ს.კ.პ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „სადაზღვევო კომპანია“ ან „მზღვეველი“) და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“, „დამზღვევი“ ან „კასატორი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N230/2018 ხელშეკრულება.
2. ხელშეკრულების 1.15 პუნქტის მიხედვით, დაზღვევის საგანია: კონკრეტული ავტოტრანსპორტი და შემასხურებელი აგრეგატი (მითითებული, შემსყიდველის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე გაცემულ, შესაბამის სადაზღვევო პოლისში), აგრეთვე, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი შემსყიდველის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. ხელშეკრულების 1.16 პუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, ისევე როგორც შემასხურებელი აგრეგატი, ითვლება განადგურებულად (სრული დაზიანება), თუ ავტოტრანსპორტის/შემასხურებელი აგრეგატის აღდგენითი ღირებულება მისი საბალანსო ღირებულების 70% და მეტს შეადგენს.
4. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სააგენტოს ბალანსზე რიცხული 136 ერთეული ავტომანქანისა და 121 შემასხურებელი აგრეგატის დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
5. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულებაა 79 020,76 ლარი საქართველოს კანონდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით, ხოლო 4.2 პუნქტის მიხედვით, გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვის და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს (დანართები №1, №2).
6. ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
7. ხელშეკრულების 5.1.2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს შემდეგი რისკის დაზღვევა: სადაზღვევო შემთხვევის დროს ავტოტრანსპორტის (აგრეგატის) ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები (24-საათიანი „ასისტანსი“), ხოლო „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აგრეგატებზე ვრცელდება საგარანტიო პირობები.
8. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი შემსყიდველის მიერ წინამდებარე პირობებით და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
9. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი სადაზღვევო ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ინფორმაციით; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოს შეტყობინების გაკეთება მიმწოდებელთან, წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით; „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაუწიოს მიმწოდებელს სათანადო დახმარება, ხელი შეუწყოს, მიიღოს მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მისი დადგომის გარემოებების, შედეგებისა და მიყენებული ზიანის სიდიდის სრულ და ობიექტურ გამოკვლევაში, დადგენასა და შეფასებაში და არ იმოქმედოს მიმწოდებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მიმწოდებელს მის მიერ რეგრესის უფლების განხორციელებაში.
10. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა შემდეგი საბუთების წარდგენა: ა) განცხადება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; ბ) სადაზღვევო პოლისის ასლი; გ) საპატრულო პოლიციის ოქმის სათანადოდ დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) მძღოლის ახსნა-განმარტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) შეტყობინება დაზარალებული მესამე პირის მიერ პრეტენზიის წაყენების შესახებ; ზ) მძღოლის მართვის და პირადობის მოწმობის ასლები; თ) ავტოტრანპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი; ი) მძღოლის სიფხიზლის შესახებ ცნობა.
11. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის მიხედვით, „ა“, „ბ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების მიმწოდებლისთვის წარდგენას უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო დანარჩენს მოიპოვებს თავად მიმწოდებელი.
12. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის მიხედვით, გამონაკლისები ვრცელდება:
12.1. შემთხვევებზე დაზღვეული ავტოტრანსპორტის/აგრეგატის მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ, გარდა დაზღვეული ავტოტრანსპორტისთვის ქურდობა/ ძარცვა/ ყაჩაღობით ან მათი მცდელობით მიყენებული დაზიანებისა (11.7);
12.2. შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) დაზიანებული სატრასპორტო საშუალების/აგრეგატის აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს მზღვეველთან შეუთანხმებლად (11.11);
12.3. გაჩერებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის/აგრეგატის დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში დაზიანების/განადგურების შემთხვევაში, ფაქტის აღმოჩენიდან 24 საათში თუ არ მოხდება მიმწოდებელთან და საპატრულო პოლიციასთან დაუყოვნებლივი დაკავშირება (11.12);
12.4. ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით (11.15);
12.5. ზარალსა და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით (11.16);
12.6. ყველა შემთხვევა, რომელიც არ არის ასახული ანაზღაურების გამონაკლისებში, ცალსახად ექვემდებარება ანაზღაურებას (11.22).
13. ხელშეკრულების 16.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14. 2018 წლის 8 სექტემბერს სენაკის რაიონში მოხდა სადაზღვევო შემთხვევა (ხანძარი), რომლის შედეგად სრულად განადგურდა სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი „TOYOTA“, სახელმწიფო ნომრით ...... და მასზე დამონტაჟებული საწამლე აგრეგატი. ავტომანქანას მართავდა მძღოლ-ოპერატორი თ.ფ–ა, რომელიც ასრულებდა სახელმწიფო პროგრამით აზიური ფაროსანის წინააღმდეგ შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოებს.
15. 2019 წლის 29 მაისს სადაზღვევო კომპანიამ N8816 წერილით უარი განაცხადა აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. მძღოლი თ.ფ–ა, რომელიც მართავდა შემთხვევის მომენტში ავტომანქანა „ტოიოტას“, საქართველოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმში წერს, რომ ხანძარი გამოწვეულია გენერატორის არასწორი მუშაობით, რადგანაც აღნიშნულ მანქანაზე ანალოგიურ შემთხვევას ადრეც ჰქონდა ადგილი სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ერთეულში მუშაობის დროს, დაახლოებით მაისის თვეში, მაგრამ უცბად ჩააქრო ცეცხლმაქრის საშუალებით ისე, რომ არაფერი დაზიანებულა, რის შემდეგაც აგრეგატი შეაკეთეს აბაშის რაიონის სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადაში. მძღოლის ამ ჩვენების შესაბამისად, ცნობილი ხდება, რომ დაზღვეული ავტომანქანის აგრეგატი გენერატორის არასწორი მუშაობის გამო, 2018 წლის მაისშიც დაზიანდა და შეკეთდა, თუმცა ამ გარემოების შესახებ, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის, შემსყიდველს (სააგენტოს) მიმწოდებლისთვის (სადაზღვევო კომპანია) არ უცნობებია, შესაბამისად, არ შესრულდა ხელშეკრულების 5.3. პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება;
15.2. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, 2019 წლის 8 იანვარს სადაზღვევო კომპანიამ წერილით მოითხოვა წინამდებარე წერილის პირველ პუნქტში მითითებული, არსებითად მნიშვნელოვანი გარემოების და სხვა გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო სააგენტოს პასუხი მიიღო 2019 წლის 11 მარტს. საპასუხო წერილის შინაარსიდან ვერ დგინდება, 2018 წლის მაისში ჰქონდა თუ არა ადგილი ანალოგიურ შემთხვევას გენერატორის არასწორი მუშაობის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე არ არის გაცემული პასუხი წერილში მითითებულ არცერთ კითხვაზე, შესაბამისად, სააგენტოს მიერ წარდგენილი არ არის საკმარისად სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემთხვევასთან დაკავშირებით და სააგენტოს მიერ შეუსრულებელია ხელშეკრულების 5.3. პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები;
15.3. დაზღვეული ავტომანქანის აგრეგატის დაზიანება/შეკეთება გენერატორის არასწორი მუშაობის გამო 2018 წლის მაისში, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში, გულისხმობს, რომ ავტომანქანის შეკეთება მოხდა მიმწოდებელთან შეთანხების გარეშე. სადაზღვევო კომპანიამ დამატებით მოითხოვა დოკუმენტურად იმის დადასტურება, რომ აბაშის რაიონის სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადას ჰქონდა სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტას“ და მასზე დამონტაჟებული საწამლი აგრეგატის შეკეთების უფლებამოსილება, რაზეც პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, დაუდგენელი რჩება, ჩატარდა თუ არა აღნიშნული აღდგენითი სამუშაოები და, თუ ჩატარდა, ჩატარდა თუ არა ხარისხიანად, ყველა საჭირო მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ხელშეკრულების 11.15 პუნქტის მიხედვით, ანაზღაურების გამონაკლისი ვრცელდება ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით;
15.4. სადაზღვევო კომპანიამ მოიძია ავტომანქანა „ტოიოტაზე“ დამონტაჟებული საწამლი აგრეგატის მწარმოებელი და მასთან შედგა კომუნიკაცია დამდგარი შემთხვევის შესაძლო გამომწვევი მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით. მწარმოებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც შემსყიდველის მხრიდან არ იქნა დაცული. კერძოდ: საწამლი აგრეგატის ავზი, სადაც თავსდება დიზელში შერეული საწამლი ნივთიერება და არის აალებადი, უნდა ყოფილიყო ალუმინის მასალისგან დამზადებული და მხოლოდ შემდეგ შეიძლებოდა მისი დამონტაჟება აგრეგატზე. როგორც დაზღვეული მანქანის ამსახველი ფოტომასალიდან ირკვევა, აგრეგატზე დამონტაჟებული იყო პლასტმასის, საკვები (და არა ნავთობპროდუქტის) ნივთიერებისთვის განკუთვნილი ავზი, ხოლო ხელშეკრულების 11.16 პუნქტის თანახმად, ანაზღაურების გამონაკლისი ვრცელდება ზარალსა და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით;
15.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ხელშეკრულების 5.2, 11.15 და 11.16 პუნქტების შესაბამისად.
16. სააგენტოს 2019 წლის 02 აპრილის N09/2283 წერილის მიხედვით, შპს „მ–სა“ და შპს „ნ–სს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602002 და N1602001 ხელშეკრულებების მე-4 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული აგრეგატის (ULTRA FOGGER, სარეგისტრაციო ნომერი 122) შეკეთების ვალდებულება ჰქონდა შპს „ნ–სს“. აგრეგატი შეიძინა შპს „მ–მა“ შპს „ნ–სისგან“. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602002 და N1602001 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აღნიშნული აგრეგატი დაამონტაჟა მიმწოდებელმა და მისი დაზიანების თარიღისთვის, 2018 წლის 8 სექტემბრისთვის, მასზე ვრცელდებოდა მწარმოებლის გარანტია; შესაბამისად, ხანძრის შემთხვევასთან დაკავშირებით აცნობეს მიმწოდებლის წარმომადგენლებს, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტი ხანძრის ადგილზე.
17. შპს „მ–სა“ და შპს „ნ–სს“ შორის 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602001 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული საქონლის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხოლო 4.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაში იქნება დანართი N3-ში მოყვანილ მაჩვენებელთან. ამასთან, მიწოდებული საქონელი იქნება ახალი, ქარხნული წარმოების, არ იქნება დაზიანებული (არ გამოავლენს ხარვეზს) და იქნება მოხმარებისთვის ვარგისი. დანართი N2-ში მითითებულია თერმული ნისლით დამუშავების შესაწამლი მანქანა-დანადგარი, რომლის ღირებულებაა 44300 ლარი, ხოლო მითითებული ტექნიკური მახასიათებელი აღნიშნული დანადგარის არის: სამუშაო ნაზავის ავზი, პოლიეთილენის 200 ლიტრის მოცულობის - პოლიეთილენის 200 ლიტრი.
18. მფრქვეველი საქშენის მონაცემის თანახმად, მანქანაზე დასაყენებელი თეთრი თერმული ნისლის დანადგარი „ULTRA FOGGER“ სპეციალურად შემუშავებულია უმაღლესი ხარისხის მასალისგან ავტომანქანაზე დასამონტაჟებლად და აღჭურვილია დისტანციური მართვის სისტემით ეფექტური დამუშავებისთვის დიდი ღია ფართობისთვის. მაღალი წარმადობის ცხელი ნისლის გენერატორი. გამაცხელებელი სისტემა-დიზელზე მომუშავე გამაცხელებელი, ქურა დამზადებულია 310 S უჟანგავი ფოლადისგან (ძალიან მაღალი ტემპერატურისთვის).
19. სააგენტოსთვის გაგზავნილი შსს პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს წერილის თანახმად დადგენილია, რომ მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N068080918001 საქმეზე 2018 წლის 4 ოქტომბერს შეწყვეტილია გამოძიება სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან აღნიშნულ საქმეში სააგენტო მხარეს არ წარმოადგენს, ხოლო სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, საქმის მასალების გადაცემის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ დაცვის მხარისათვის, საქმის მასალის გადაცემაზე მას განუცხადეს უარი.
20. სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 08 იანვრის N207 წერილში მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას თ.ფ–ას მიერ აღნიშნული ხანძრის შედეგად დაზიანების თაობაზე, ასევე მოითხოვს მოსარჩელემ წარადგინოს აბაშის რაიონის სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა აღდგენითი სამუშაოები „ტოიოტას“ მანქანასა და მასზე დამონტაჟებულ შესაწამლ აგრეგატზე; ასევე მოითხოვს ავტომანქანის შეკეთების შემდგომ შემდგარი და ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის ასლს, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან შეკეთებული ავტომანქანის ჩაბარება; ასევე მოითხოვს ინფორმაციას, შესაწამლი აგრეგატების დამონტაჟების პროცედურა განხორციელდა თუ არა მწარმოებლის ზედამხედველობის ქვეშ, გათვალისწინებული იქნა თუ არა მწარმოებლის რეკომენდაციები მონტაჟისას, ვრცელდებოდა თუ არა დაზიანების თარიღისთვის მწარმოებლის გარანტია საწამლ აგრეგატზე, მოსარჩელის მხრიდან ინფორმირებული იქნა თუ არა მწარმოებელი აღნიშნულ ფაქტზე ხანძრის შემდეგ.
21. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სააგენტომ სადაზღვევო კომპანიას 2019 წლის 07 მარტის წერილით აცნობა, რომ სააგენტოს კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაზე დამონტაჟებულ შემასხურებელ აგრეგატს 2018 წლის 8 სექტემბერს გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად განადგურდა ავტომობილი და აგრეგატი. სააგენტოსთვის უცნობია მანამდე აგრეგატსა და ავტომობილზე ხანძრის გაჩენისა და დაზიანების ფაქტი. შესაბამისად, არ მოეპოვება სააგენტოსა და სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადას შორის აღნიშნული აგრეგატისა და ავტომობილის შეკეთებასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტაცია. ამასთან, სააგენტომ აცნობა, რომ აგრეგატი შეიძინა შპს „მ–მა“ შპს „ნ–სისგან“. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602002 და N1602001 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აღნიშნული აგრეგატი დაამონტაჟა მიმწოდებელმა და მისი დაზიანების თარიღისთვის - 2018 წლის 8 სექტემბრისთვის მასზე ვრცელდებოდა მწარმოებლის გარანტია. შესაბამისად, ხანძრის შემთხვევასთან დაკავშირებით აცნობეს მიმწოდებლის წარმომადგენლებს, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტი ხანძრის ადგილზე.
22. 2018 წლის 12 ნოემბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა ინფორმაციის მიწოდება: მძღოლის - თ.ფ–ას თანამდებობის შესახებ, იყო თუ არა იგი ავტომანქანის მართვაზე უფლებამოსილი; რომელი დეპარტამენტია პასუხისმგებელი მანქანაზე დამონტაჟებული შესაწამლი აგრეგატების გამართულად ფუნქციონირებაზე; სრული ინფორმაცია განადგურებული აგრეგატის შესახებ (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, პასპორტი, საგარანტიო ფურცელი); ინფორმაცია აღნიშნული აგრეგატების ტექნიკური კუთხით მომსახურე ორგანიზაციის შესახებ.
23. 2019 წლის 28 სექტემბრის N4784 წერილის თანახმად დადგენილია, რომ მოპასუხემ წერილობით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა: შპს ს.მ.ლ. და ს.კ–იდან (ყოფილი შპს „მ–ი“) გამოითხოვოს და მოკლე ვადაში მიაწოდოს მოპასუხეს აბაშის სერვის-ცენტრს დაქვემდებარებული ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადის მიერ, 2018 წლის მაისში, აგრეგატის გაუმართაობის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად აგრეგატის დაზიანება/შეკეთებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია; აცნობოს 2018 წლის 8 სექტემბერს დამდგარი შემთხვევის შედეგად დაზიანებული თერმული ნისლის აგრეგატის ULTRA FOGGER-ის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საგარანტიო პერიოდში კონკრეტულად ვის ევალებოდა აგრეგატის შეკეთების მომსახურების გაწევა; ასევე მოითხოვა N1602001 და N1602002 ხელშეკრულებების ასლები და მწარმოებლის თერმული ნისლის აგრეგატის გარანტიის ასლი; ასევე პასუხები შემდეგ კითხვებზე: განხორციელდა თუ არა აგრეგატის დამონტაჟების პროცედურა მწარმოებლის ზედამხედველობის ქვეშ, აგრეგატის მონტაჟის დროს გათვალისწინებული იქნა თუ არა მწარმოებლის რეკომენდაციები, ოფიციალურად ინფორმირებულია თუ არა მწარმოებელი აგრეგატის/ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
24. მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე სადავოდ აღარ გაუხდია დოკუმენტების წარუდგენლობა და აღნიშნული აღარ მიუთითებია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად. შესაბამისად, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით მხარეები აღარ დავობენ.
25. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
25.1. ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 58474.85 ლარის ოდენობით;
25.2. პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, 7902.07 ლარის ოდენობით.
26. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
27. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 58474.85 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა 790.27 ლარის ოდენობით.
28. საქალაქო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე გადაწყვეტილების 1-24 პუნქტებში ასახული უდავო ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო აგრეგატის გაუმართაობით და აღნიშნულ აგრეგატზე სადაზღვევო შემთხვევამდეც ჰქონდა ადგილი ხანძრის გაჩენის ფაქტს, აგრეთვე, მოპასუხის მოსაზრება საწვავის ავზის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია აალება და არც მოპასუხის მითითება სადაზღვევო შემთხვევამდე დაზიანებების არსებობასთან დაკავშირებით.
29. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
31. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა - დამზღვევის მიერ მაისის თვეში მომხდარი შემთხვევის შეუტყობინებლობით არსებითად დაირღვა თუ არა მზღვეველის ინტერესი.
32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 808-ე და 814-ე მუხლებით, მიუთითა სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 08 იანვრის N207 და 2019 წლის 29 მაისის N8816 წერილებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 და მე-20 პუნქტები) და მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მაისის თვეში მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა თუ ბრალეულობის დადასტურება, აგრეთვე, მზღვეველისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, არსებობდა მზღვეველის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძველი. კერძოდ, სახეზე იყო ისეთი გარემოების შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევა (არასწორი ინფორმაციის მიწოდება), რომელმაც გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე (სსკ-ის 808-ე მუხლით გათვალისწინებული არსებითი გარემოებები, რომლებმაც გავლენა მოახდინა თავად სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო 814.3 მუხლით გათვალისწინებული, მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ათავისუფლებს მას სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
34. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დამზღვევის მხრიდან მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინებითა და ზიანის განაცხადით მიმართვის აუცილებლობა და აღნიშნული მხარეთა შეთანხმების არსებით პირობას წარმოადგენს, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი უპირობოდ კი არ ასრულებს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებას, არამედ მას გააჩნია განაცხადში ასახული მოთხოვნის ნამდვილობის შემოწმების, დაზუსტების, დამზღვევის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის მიხედვით ანაზღაურების გაცემისა და შეჩერების უფლებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 812-ე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი მზღვეველს არ შეატყობინებს ინფორმაციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ზემოაღნიშნულ შინაარსს შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-657-624-2014 განჩინებაც, რომელშიც სსკ-ის 812-ე მუხლი განმარტებულია სსკ-ის 808-ე მუხლთან კავშირში [„სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლი მზღვეველის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძვლად მოიაზრებს მხოლოდ იმგვარი გარემოების მიმართ შეტყობინების ვალდებულების დარღვევას (არასწორი ინფორმაციის მიწოდებას), რომელმაც გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. ამ შემთხვევაში საუბარია არა 808-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ არსებით გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე ან მის შინაარსზე, არამედ მხოლოდ იმ სახის გარემოებაზე, რომელმაც გავლენა მოახდინა თავად სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე“]. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ დამზღვევმა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მზღვეველს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ხელშეკრულების გაფორმებამდე შემთხვევის არსებობის შესახებ.
35. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებაც და სსკ-ის 812-ე მუხლიც რელევანტური იყო მოცემულ დავასთან მიმართებით, რადგან აღნიშნული მუხლით მოწესრიგებულია ის შემთხვევა, რომელიც განსახილველ საქმეშია დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
36. გარდა ამისა, პალატამ მიუთითა მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი) და აღნიშნა, რომ მაისის თვეში იმავე ავტომანქანას იმავე ადგილას - ძარაზე დამონტაჟებულ საწამლ აგრეგატთან გაუჩნდა ხანძარი, თუმცა მძღოლის მიერ ის მაშინვე იქნა ლიკვიდირებული. სადავოა და ვერ დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, დასჭირდა თუ არა ხანძრის შემდეგ საწამლ აგრეგატს შეკეთება. დაუდგენელია ხანძრის გაჩენის ზუსტი თარიღი - მას ადგილი ჰქონდა 23 მაისამდე თუ მას შემდეგ (მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი), თუმცა ეს იყო მაისის თვეში. ასევე უდავოა ისიც, რომ მაისის თვეში გაჩენილი ხანძრის თაობაზე სააგენტოს არ უცნობებია არა თუ სადაზღვევო კომპანიისათვის, არამედ - შპს „ნ–სისათვისაც“, რომლის გარანტიაც ვრცელდებოდა აგრეგატზე, ვინაიდან სააგენტოს 2019 წლის 02 აპრილის N09/2283 წერილის მიხედვით, შპს „მ–სა“ და შპს „ნ–სს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602002 და N1602001 ხელშეკრულებების შესაბამისად, აღნიშნული აგრეგატის (ULTRA FOGGER, სარეგისტრაციო ნომერი 122) შეკეთების ვალდებულება ჰქონდა შპს „ნ–სს“. აღნიშნული აგრეგატი შეიძინა შპს „მ–მა“ შპს „ნ–სისგან“. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602002 და N1602001 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აღნიშნული აგრეგატი დაამონტაჟა მიმწოდებელმა და მისი დაზიანების თარიღისთვის, 2018 წლის 8 სექტემბრისთვის, მასზე ვრცელდებოდა მწარმოებლის გარანტია, შესაბამისად, ხანძრის შემთხვევასთან დაკავშირებით აცნობეს მიმწოდებლის წარმომადგენლებს მხოლოდ მეორე ხანძრის შემდეგ.
37. სასამართლოს დასკვნის თანახმად, სწორედ ის გარემოება, რომ ერთსა და იმავე ავტომობილზე ორჯერ - მაისსა და სექტემბერში, ერთსა და იმავე ადგილას - ავტომობილის ძარაზე დამონტაჟებული საწამლი აგრეგატის ქვეშ ხანძრის გაჩენის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელსაც სექტემბერში, მეორედ ხანძრის შემთხვევაში, მისი სრული განადგურება მოჰყვა, ამყარებდა იმ ვარაუდს, რაც მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-657-624-2014 განჩინებაში.
38. სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამორიცხავდა მის დაკმაყოფილებას.
39. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
40. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
40.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 808-ე-814-ე მუხლები;
40.2. მოწმე თ.ფ–ას ახსნა-განმარტებით არ დასტურდება, რომ ხანძარი გამოწვეული იყო აგრეგატის ტექნიკური გაუმართაობით. ამასთანავე, მაისის თვეში რომც მომხდარიყო ხანძარი, შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა მაისისა და სექტემბრის თვეში აგრეგატზე გაჩენილ ხანძარს შორის. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ დაახლოებით მაისის თვეში აგრეგატზე გაჩენილი ხანძარი შესაძლოა გენერატორის არასწორი მუშაობით ყოფილიყო განპირობებული, იმის მტკიცება, რომ 8 სექტემბრის ხანძრის დროს დაზიანებული იყო აგრეგატი, შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ მძღოლის ახსნა-განმარტებით, მაისში გაჩენილი ხანძრის შედეგად აგრეგატი არ დაზიანებულა, ავტომანქანა მან დატოვა ...... ქარხანაში და არავისთვის შეუტყობინებია ხანძრის თაობაზე. ხანძრის შედეგად გარეგნული დაზიანება არ მომხდარა და იგი იმდენად მცირე იყო, რომ არავის ჩარევა არ გახდა საჭირო. მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია, შეკეთდა თუ არა აგრეგატი, მაგრამ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მაისში მომხდარი ხანძრიდან 8 სექტემბრამდე ფაქტობრივად გაუჩერებლად მუშაობდა;
40.3. შპს „ნ–სის“ დირექტორის - ა.ე–ძის ახსნა-განმარტებით, აგრეგატები იყო ახალი, მუშა მდგომარეობაში და მათი მონტაჟის დროს გათვალისწინებულ იქნა მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია და მითითება. 2018 წლის 8 სექტემბრამდე მასზე აალებას არ ჰქონია ადგილი და ამაზე მას არ მოეპოვება ინფორმაცია. აგრეგატს მაისის თვეში რომ ჰქონოდა ტექნიკური გაუმართაობა, ის ვერ იმუშავებდა გადაბმულად 3 თვის განმავლობაში. ეს არის რთული კონსტრუქციის აგრეგატი;
40.4. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმწოდებელთან - შპს „w. f.“-თან მიმოწერების შეფასების შედეგადაც არ დგინდება, კონკრეტულად დამწვარ აგრეგატს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დეფექტი;
40.5. ამდენად, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ მაისის თვეში აგრეგატზე მომხდარი აალება გახდა შემდგომ, სექტემბერში აგრეგატზე ხანძრის გაჩენის მიზეზი. ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა სასამართლომ, რომ სახეზე იყო სსკ-ის 808-ე მუხლით გათვალისწინებული, მზღვეველისათვის იმგვარი სახის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა სექტემბრის თვეში სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. ამასთან, სასამართლო თვითონვე აღნიშნავს, რომ დაუდგენელია მაისის თვეში გაჩენილი ხანძრის შედეგად აგრეგატის დაზიანებისა და მისი შეკეთების ფაქტი (რომლის მტკიცების ვალდებულება მოპასუხეს ჰქონდა);
40.6. მოსარჩელე მხარე როგორც სარჩელში, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უთითებდა, რომ სააგენტოსთვის ცნობილი არ არის 2018 წლის მაისის თვეში აგრეგატზე ხანძრის გაჩენის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბრალეულობა ამ ფაქტის მზღვეველისათვის შეუტყობინებლობაში. გარდა ამისა, სსკ-ის 808-ე მუხლის დისპოზიცია შესაძლებლობას აძლევს მზღვეველს, დამზღვევის მხრიდან ნორმით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და არა - სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე;
40.7. სასამართლო ცდილობს დააკავშიროს სსკ-ის 808-ე და 812-ე-814-ე მუხლები და ამ მიზნით მოიხმობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა უზენაესი სასამართლო სსკ-ის 812-ე მუხლს განმარტავს შემდეგნაირად: იმისათვის, რომ მზღვეველმა უარი განაცხადოს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, საჭიროა შემდეგი პირობების კუმულაციურად არსებობა: 1. დამზღვევის მიერ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევის (მათ შორის, არასწორი ინფორმაციის მიწოდება) ფაქტის შემდგომ, მზღვეველმა უნდა მოშალოს ხელშეკრულება; 2. აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობამ უშუალო გავლენა უნდა მოახდინოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე;
40.8. საქმეში არსებული დაზღვევის ხელშეკრულებით, აგრეთვე, მისი დანართებითა და მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით არ დასტურდება მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის ფაქტი. ხელშეკრულება გაგრძელდა და შეწყდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო. ამასთან, არ დადასტურდა გარემოება, რომ მაისის თვეში მომხდარმა ხანძარმა უშუალო გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან მაისის შემდგომ აგრეგატზე ხანძრის გაჩენის ფაქტს სექტემბერშიც ჰქონდა ადგილი, ეს ამყარებს ვარაუდს, რაც მიუთითა უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. სინამდვილეში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულიად საპირისპირო მსჯელობაა განვითარებული, სასამართლო იმპერატიულად მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის ზემოაღნიშნული 2 პირობის არსებობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა არამარტო სსკ-ის 812-ე მუხლი, არამედ - უზენაესი სასამართლოს განჩინებაც და გადაწყვეტილება მტკიცებულების ნაცვლად დაამყარა ვარაუდებს;
40.9. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ სახეზეა სსკ-ის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა. აღნიშნული ნორმა ეხება შემთხვევას, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დამზღვევი დროულად არ შეატყობინებს მზღვეველს ამის თაობაზე. სსკ-ის 814-ე მუხლით მოწესრიგებული საკითხი მხარეთა შორის სადავო არ არის, რადგან 2018 წლის 8 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება დროულად გაკეთდა;
40.10. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტომ არ მიაწოდა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. სწორედ ამ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ცდილობს სასამართლო დაასაბუთოს სსკ-ის 808-ე, 812-ე და 814-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი, თუმცა სააგენტომ პირნათლად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და 2019 წლის 7 მარტისა და 2 აპრილის წერილებით პუნქტობრივად გასცა პასუხი სადაზღვევო კომპანიის მიერ დასმულ შეკითხვებზე და მიაწოდა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია. ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დააფიქსირა, რომ სადავოდ აღარ გაუხდია დოკუმენტების წარუდგენლობა და აღნიშნული აღარ მიუთითებია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
42. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
43. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
44. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.
45. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამართლის ნორმები, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი [სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი].
46. მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს სსკ-ის 799.1 [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება], 820-ე [ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით], 821-ე [მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში] მუხლებიდან.
47. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს მისი ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებები.
48. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
49. დადგენილია, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს სენაკის რაიონში მოხდა სადაზღვევო შემთხვევა (ხანძარი), რომლის შედეგად სრულად განადგურდა სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი „TOYOTA“, სახელმწიფო ნომრით ..... და მასზე დამონტაჟებული საწამლე აგრეგატი. ავტომანქანას მართავდა მძღოლ-ოპერატორი თ.ფ–ა, რომელიც ასრულებდა სახელმწიფო პროგრამით აზიური ფაროსანის წინააღმდეგ შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი). დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 29 მაისს სადაზღვევო კომპანიამ N8816 წერილით უარი განაცხადა აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N230/2018 ხელშეკრულების 5.3. მუხლის „ბ“, „ე“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების [„ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი სადაზღვევო ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ინფორმაციით; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოს შეტყობინების გაკეთება მიმწოდებელთან წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით; „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაუწიოს მიმწოდებელს სათანადო დახმარება, ხელი შეუწყოს, მიიღოს მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მისი დადგომის გარემოებების, შედეგების და მიყენებული ზიანის სიდიდის სრულ და ობიექტურ გამოკვლევაში, დადგენასა და შეფასებაში და არ იმოქმედოს მიმწოდებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მიმწოდებელს მის მიერ რეგრესის უფლების განხორციელებაში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი)], ასევე 11.15 და 11.16 პუნქტების [გამონაკლისები ვრცელდება ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით (11.15); ზარალსა და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით (11.16) (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 12.4 და 12.5 ქვეპუნქტები)] საფუძველზე.
50. საკასაციო პალატა უპირველესად იმსჯელებს სააგენტოს მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე.
51. სსკ-ის 808-ე-813-ე მუხლები ადგენს დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე მისი მოქმედებისას. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს ყველა გარემოებას, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. ამ ინფორმაციის შეუტყობინებლობა უფლებას აძლევს მზღვეველს მოშალოს ხელშეკრულება [სსკ-ის 808.3 მუხლი: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი. 811-ე მუხლი: ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ].
52. რაც შეეხება სსკ-ის 812-ე მუხლს, იგი იცავს დამზღვევის ინტერესებს და, მიუხედავად მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლისა, დამზღვევს მაინც უნარჩუნებს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე [სსკ-ის 812-ე მუხლი: თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე]. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 812-ე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი მზღვეველს არ შეატყობინებს ინფორმაციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას. სსკ-ის 812-ე მუხლით კანონმდებელი იცავს დამზღვევის ინტერესებს და არ ათავისუფლებს მზღვეველს თავისი მოვალეობის შესრულებისაგან იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევის მიერ 808-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ არის მიზეზობრივ კავშირში სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვევლის მოვალეობის შესრულებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-409-382-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
53. სსკ-ის 814-ე მუხლით კი მოწესრიგებულია ის შემთხვევა, როდესაც დამზღვევი არ ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულებას [სსკ-ის 814-ე მუხლი: 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. 2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. 3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. 4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ]. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ავალდებულებს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს. თუმცა, დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს მზღვეველს (თუნდაც ეს პირობა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყოს), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-409-382-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
54. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამზღვევის მიერ 2018 წლის მაისის თვეში მომხდარი შემთხვევის შეუტყობინებლობით სახეზე იყო მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც ამ უკანასკნელს სსკ-ის 814.3 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან ათავისუფლებდა.
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რადგან წინამდებარე საქმეში მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის სექტემბრის (და არა მაისის) თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო ამ კონკრეტული ფაქტის თაობაზე დამზღვევის მიერ მზღვეველის დროული შეტყობინება სადავო არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 814.3 მუხლზე დაყრდნობით სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველის გათავისუფლება არამართებულია.
56. განსახილველ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, არსებობს თუ არა სსკ-ის 812-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მხოლოდ ისეთი გარემოების (და არა ყველა არსებითი გარემოების) შეტყობინების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს სადაზღვევო თანხის გაცემის მოვალეობისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველს, რომელმაც უშუალოდ მოახდინა გავლენა სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-657-624-2014, 10 ოქტომბერი, 2014 წელი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, წარმოადგენდა თუ არა ასეთ გარემოებას 2018 წლის მაისში სავარაუდოდ მომხდარი ხანძარი.
57. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის თვეში იმავე ავტომანქანას იმავე ადგილას - ძარაზე დამონტაჟებულ საწამლ აგრეგატთან გაუჩნდა ხანძარი, თუმცა მძღოლის მიერ ის მაშინვე იქნა ლიკვიდირებული. სასამართლოს მითითებით, სადავოა და ვერ დადგინდა, დასჭირდა თუ არა ხანძრის შემდეგ საწამლ აგრეგატს შეკეთება. დაუდგენელია ხანძრის გაჩენის ზუსტი თარიღი - მას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 23 მაისამდე (მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე) თუ მას შემდეგ, თუმცა ეს იყო მაისის თვეში; ასევე უდავოა ისიც, რომ მაისის თვეში გაჩენილი ხანძრის თაობაზე სააგენტოს არ უცნობებია არა თუ სადაზღვევო კომპანიისათვის, არამედ - შპს „ნ–სისათვისაც“, რომლის გარანტიაც ვრცელდებოდა აგრეგატზე (იხ. წინამდებარე განჩინების 36-ე პუნქტი). აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოწმის - ავტომანქანის მძღოლის თ.ფ–ას ჩვენებით. ამ ჩვენების თანახმად: [მოწმე] მუშაობს სურსათის ეროვნულ სააგენტოში მძღოლი-ოპერატორის თანამდებობაზე; მაისის თვის შემთხვევაზე გამოკითხული იქნა პროკურატურის მიერ; აღნიშნული შემთხვევის დროს მართავდა საჭეს; დაზიანება არ იყო, გამართული იყო ტექნიკა; უბრალოდ გაჩნდა ცეცხლი და ცეცხლმაქრით ჩააქრო მაშინვე; უშუალოდ დანადგარს გაუჩნდა ცეცხლი; სად შეკეთდა, როგორ შეკეთდა და შეკეთდა თუ არა საერთოდ, მისთვის არ არის ცნობილი; მან უბრალოდ დატოვა მ–ში და იქ რა გააკეთეს, მისთვის უცნობია; მეორე დღეს მივიდა, ავტომანქანა გადასცეს და გააგრძელა მუშაობა; მძღოლებს აგრეგატზე შეხების უფლებაც კი არ ჰქონდათ; მაისის თვიდან ანუ აღნიშნული შემთხვევიდან 2018 წლის 8 სექტემბრამდე, სადაზღვევო შემთხვევამდე ჩვეულებრივად მუშაობდა უწყვეტად (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 327).
58. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 09 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმეზე იმავე პირის დაკითხვის ოქმი, სადაც ის აღნიშნავს, რომ: [2018 წლის 9 სექტემბერს მომხდარი] ხანძარი გამოწვეულია გენერატორის არასწორი მუშაობით, რადგანაც აღნიშნულ მანქანაზე ანალოგიურ შემთხვევას ადრეც ჰქონდა ადგილი სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ერთეულში მუშაობის დროს, დაახლოებით მაისის თვეში, მაგრამ უცბად ჩააქრო ცეცხლმაქრის საშუალებით ისე, რომ არაფერი დაზიანებულა. რის შემდეგაც შეაკეთეს აგრეგატი აბაშის რაიონის სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადაში.
59. 2018 წლის სექტემბრის ხანძართან დაკავშირებით თ.ფ–ა დამატებით განმარტავს, რომ: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან მოშორებით, უკანა მხარეს 6 მეტრი მანძილიდან ამოღებულ იქნა ავტომანქანაზე დამონტაჟებული, უკვე ხანძრის შედეგად განადგურებული პოლიეთილენის 200 ლიტრის ტევადობის ავზის სახუფი თავი; ადვილი შესაძლებელია აღნიშნულ ავზში დაგროვდა წნევა ცუდ რელიეფურ გზაზე მოძრაობისას და წნევამ მოაძრო იგი, რის შემდეგ დიზელის საწამლავგარეული სითხე გადმოესხა 650 გრადუს ცელსიუს ტემპერატურამდე გახურებულ ღუმელს და აღნიშნულმაც განაპირობა კონკრეტული შედეგი, ასევე ადვილი შესაძლებელია აალების დროსაც მომძვრალიყო ზემოთ ხსენებული სახუფი“ (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი ტ. 1. ს.ფ. 325-326; 209-212).
60. ზემოაღნიშნული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ერთ შემთხვევაში, მოწმე აღნიშნავს, რომ სექტემბრის ხანძარი გამოწვეულია გენერატორის არასწორი მუშაობით, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხანძარი შეიძლება გამოეწვია ცუდ რელიეფურ გზაზე ავზში წნევის მომატების გამო სახუფის მოძრობას. ამასთან, მაისის თვეში გაჩენილ ხანძართან მიმართებით მოწმე ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ ცეცხლი უცბად ჩააქრო ცეცხლმაქრის საშუალებით ისე, რომ არაფერი დაზიანებულა, ხოლო შემდეგ დასძენს, რომ აგრეგატი შეაკეთეს აბაშის რაიონის სოფელ ...... სატრაქტორო მექანიზაციის ბრიგადაში.
61. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ა.ე–ძის - შპს „ნ–სის“ დირექტორის განმარტებით: აგრეგატს რომ მაისის თვეში ჰქონოდა ტექნიკური გაუმართაობა, ასეთ შემთხვევაში ის ვერ იმუშავებდა გადაბმულად 3 თვის განმავლობაში; ეს არის რთული კონსტრუქციის აგრეგატი; არ არის ცნობილი მაისის თვეში დაზიანდა თუ არა რაიმე, რა დეტალი დაზიანდა და რამ გამოიწვია ხანძარი-ეს არის წარმოუდგენელი; თუ მას ცეცხლი წაეკიდებოდა, დასჭირდებოდა სავარაუდოდ სერიოზული ჩარევა; მაგალითად, როდესაც თვითმფრინავს გაუჩნდება ცეცხლი, ის ჰაერში ვერ აფრინდება და სჭირდება სერიოზული გამოკვლევა; სწორედ ასეთი შემთხვევაა აგრეგატზე ცეცხლის გაჩენა; შეიძლება იყოს აალება და ჩააქრო, მაგრამ საჭიროა გამოკვლეულ იქნას, რამ გამოიწვია აღნიშნული აალება; შეიძლება გარედან იყო მისხმული საწვავი; სერიოზული ტექნიკური გაუმართაობა რომ ყოფილიყო, წარმოუდგენელია ერთ საღამოში შეკეთებულიყო; თუ აღნიშნული ფაქტი მოხდა მაისში, სექტემბრამდე ვერ იმუშავებდა აგრეგატი გამართულად; წესით, წუნი უნდა გამოვლენილიყო მაშინვე; უბრალოდ, გაჩერდებოდა ამ შემთხვევაში აგრეგატი და ვერ იმუშავებდა (იხ.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 323).
62. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა ზემოაღნიშნული ჩვენებები, საქმეში სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არასაკმარისია 2018 წლის მაისში საწამლ აგრეგატზე სავარაუდოდ გაჩენილი ხანძრის მიზეზებისა და 2018 წლის სექტემბერში მომხდარ სადაზღვევო შემთხვევასთან მისი მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად. ამავდროულად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ აგრეგატი ნამდვილად იყო დაზიანებული და შეკეთდა. დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის თვიდან სექტემბრის თვემდე მას მუშაობის შეფერხება არ ჰქონია.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სადაზღვევო თანხის გადახდისაგან მზღვეველის გათავისუფლების სსკ-ის 812-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, ასევე საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების ხელშეკრულების 5.3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
64. ამასთან, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ხელშეკრულების 11.15 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობაც, რომლის თანახმად, ანაზღაურების გამონაკლისი ვრცელდება ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით.
65. რაც შეეხება ხელშეკრულების 11.16 პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას, რომლის თანახმად, ანაზღაურების გამონაკლისი ვრცელდება ზარალსა და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამონაკლისი ეხება ავტომანქანის და არა - აგრეგატის ტექნიკურ გაუმართაობას.
66. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
67. თუმცა, მხარეთა შორის 11.16 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების გამონაკლისის აგრეგატზე გავრცელების შემთხვევაშიც, არ დასტურდება, რომ აგრეგატი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
68. აღნიშნული ფაქტის დადასტურებას მზღვეველი ცდილობს საწამლი აგრეგატის მწარმოებელთან საკუთარი კომუნიკაციის ამსახველი მასალით, რომლის თანახმად, მწარმოებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც შემსყიდველის მხრიდან არ იქნა დაცული, კერძოდ: საწამლი აგრეგატის ავზი, სადაც თავსდება დიზელში შერეული საწამლი ნივთიერება და არის აალებადი, უნდა ყოფილიყო ალუმინის მასალისგან დამზადებული და მხოლოდ შემდეგ შეიძლებოდა მისი დამონტაჟება აგრეგატზე; როგორც დაზღვეული მანქანის ამსახველი ფოტომასალიდან ირკვევა, აგრეგატზე დამონტაჟებული იყო პლასტმასის, საკვები (და არა ნავთობპროდუქტის) ნივთიერებისთვის განკუთვნილი ავზი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 15.4. ქვეპუნქტი).
69. საქმეში წარმოდგენილია ასევე მწარმოებელთან ელექტრონული მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ მწარმოებლისთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია, რომ მანქანას (ნისლის გენერატორს) ჰქონდა გარკვეული პრობლემა და ამიტომ დაიწვა. მწარმოებლის განმარტებით: შემსყიდველს არ შეუძენია სათადარიგო ნაწილები და დანადგარში დადო დაბალხარისხიანი ავზი. ეს ავზი ძალიან დაბალხარისხიანია - 2 მმ, ის არ არის 10 მმ. მწარმოებლის ვარაუდია, რომ დანადგარი დაიწვა იმიტომ, რომ ის მუშაობდა 600-700 გრადუსზე და დანადგარზე იდო 2 მმ-იანი, ცუდი შემცველობის ავზი (მასში არის დიზელი + ინსექტიციდი) (იხ. ტ. I, ს.ფ. 171-176).
70. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ აგრეგატის შეძენა მოხდა შპს „მ–სა“ და შპს „ნ–სს“ შორის 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის №1602001 ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დაიდო 2018 წლის 23 მაისს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებამდე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 და მე-17 პუნქტები). შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეული იყო სწორედ ის აგრეგატი, რომლის შეძენაც მოხდა.
71. შპს „მ–სა“ და შპს „ნ–სს“ შორის 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1602001 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული საქონლის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხოლო 4.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაში იქნება დანართი N3-ში მოყვანილ მაჩვენებელთან. ამასთან, მიწოდებული საქონელი იქნება ახალი, ქარხნული წარმოების, არ იქნება დაზიანებული (არ გამოავლენს ხარვეზს) და იქნება მოხმარებისთვის ვარგისი. დანართი N2-ში მითითებულია თერმული ნისლით დამუშავების შესაწამლი მანქანა-დანადგარი, რომლის ღირებულებაა 44300 ლარი, ხოლო აღნიშნული დანადგარის ტექნიკური მახასიათებელია: სამუშაო ნაზავის ავზი, პოლიეთილენის 200 ლიტრის მოცულობის - პოლიეთილენის 200 ლიტრი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი).
72. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შპს „ნ–სის“ დირექტორის ა.ე–ძის განმარტებით: რაც შეეხება იმას, რომ ავზი უნდა ყოფილიყო უჟანგავი ლითონის, ეს არსად ეწერა. შესყიდვის დროს გაწერილი იყო როგორი ავზი, რა მასალის და რა მოცულობის უნდა ყოფილიყო. მოთხოვნა, რომ ავზი ყოფილიყო რკინის, არსად იყო მითითებული. ავზი იყო პოლიეთილენის, რკინა ნამდვილად არ ყოფილა. მოთხოვნა, რაც იყო, მოხდა იმის მიხედვით შეძენა და დამონტაჟება. აგრეგატი უკვე ნაყიდი იყო და შემდეგ მოხდა ავზის შეძენა. ავზის შეძენა მოხდა ცალკე. მწარმოებელი ყიდის მხოლოდ აგრეგატს. ავზი მწარმოებლის კომპეტენცია არ არის. მწარმოებელი პასუხისმგებელია აგრეგატზე. მოთხოვნა იყო 200-ლიტრიანი პოლიეთილენის ავზი. მწარმოებლისგან მიიღეს სქემატურად მისი ხედვა - როგორ უნდა მომხდარიყო და სად დამონტაჟებულიყო ავზი, თუმცა ვალდებულება ამის, როგორ უნდა განეხორციელებინათ მონტაჟი, მიმწოდებელს არ ჰქონია. მწარმოებელთან ავზის მილიმეტრაჟზე საუბარი არ ყოფილა. ავზის ხარისხი იზომება შრეების მიხედვით. ეს ავზი იყო ახალი. შრეების რაოდენობა მითითებული არ ყოფილა მოთხოვნაში, მაგრამ იყო პოლიეთილენის. შეძენა მოხდა საქართველოში ერთ-ერთ დიდ მწარმოებელთან - „ნოვა“-სთან, რომელიც აწარმოებს სწორედ ასეთ ავზებს და აღნიშნული ავზი, როგორც ახსოვს, იყო 2-შრიანი. მწარმოებელს ავზზე რაიმე შენიშვნა არ ჰქონია. აქვე განმარტა, რომ ავზის ქვეშ მოთავსებულია ქურა, რაც იწვევს ტემპერატურის მომატებას. უჟანგავი ფოლადის სწორედ ეს ქურა უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 323).
73. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის სახანძრო-ტექნიკური და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილის შესწავლისას დადგინდა, რომ სენაკის რაიონის სოფელ ......., ..... უბანში მოძრავ, თ.ფ–ას მართვის ქვეშ მყოფ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს „ტოიოტას“ მარკის ს/ნ ..... ავტომანქანაში ხანძრის გაჩენის კერისათვის დამახასიათებელი ინტენსიური წვით გამოწვეული დაზიანების ზონა მდებარეობს ავტომანქანის უკანა მხარეს, ღია ძარაზე მოთავსებული აზიური ფაროსანას შესაწამლი მოწყობილობის - 200-ლიტრიანი ავზის ქვემოთ, გენერატორთან და ღუმელთან. 2. შემთხვევის ადგილის შესწავლისას და ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ......., საწულეისკიროს უბანში მოძრავ, თ.ფ–ას მართვის ქვეშ მყოფ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს „ტოიოტას“ მარკის ს/ნ ...... ავტომანქანაში ხანძრის გაჩენის მიზეზია გამოჟონილი საწვავის კონტაქტი ელექტრონულ ნაპერწკალთან ან ცხელ ზედაპირთან. 3. ავტომანქანის ძარიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ნავთობპროდუქტების კვალი, რომლის სახეობის დადგენა შეუძლებელია, მისი კვალის სახით არსებობის, თერმული ზემოქმედების შედეგად მომხდარი სახეცვლილებისა და აორთქლების გამო. 4. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ N2 ობიექტზე ელექტროტექნიკური მიზეზებით: გარდამავალი წინაღობით, მოკლე ჩართვით ან გადატვირთვით გამოწვეული დაზიანებები არ ფიქსირდება, სადენების იზოლაციის განადგურება და შემურვის ნიშნები გამოწვეულია ხანძრის თერმული ზემოქმედებით (იხ. ტ. I. ს.ფ. 185-190).
74. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ აალების მიზეზი აგრეგატის ტექნიკური გაუმართაობა იყო. მოთხოვნა, რომ ავზი ლითონის უნდა ყოფილიყო, საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება ავზის შრეების რაოდენობას, აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილია მხოლოდ აგრეგატის მწარმოებლის მოსაზრება ელექტრონული მიმოწერის სახით. სხვა მტკიცებულება ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აგრეგატი გაუმართავი იყო და ამის მიზეზს ავზის დაბალხარისხიანობა წარმოადგენდა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეული იყო ზუსტად ეს აგრეგატი.
75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება, რის გამოც დამზღვევს სრულად უნდა აუნაზღაურდეს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.
76. დადგენილია, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს სენაკის რაიონში მომხდარი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი „TOYOTA“, სახელმწიფო ნომრით ....... და მასზე დამონტაჟებული საწამლე აგრეგატი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი). დამზღვევის მიერ საქმეში წარგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №230/2018 ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება შეადგენდა 20424 ლარს, ხოლო აგრეგატის - 38 050.85 ლარს. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სააგენტოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში შეადგინა 58 474,85 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მზღვეველს.
77. რაც შეეხება მზღვეველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს [სსკ-ის 417-ე მუხლი: პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის], საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 16.2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
78. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს კუთვნილ ავტომობილსა და მასზე დამონტაჟებულ საწამლე აგრეგატზე გაჩენილი ხანძრის - სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველმა უსაფუძვლოდ განაცხადა უარი, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს.
79. გამომდინარე აქედან, სადაზღვევო კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს - 7 902,07 ლარის გადახდა, რაც სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
80. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
81. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 412.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
82. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; სადაზღვევო კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, 58 474,85 ლარისა და პირგასამტეხლოს - 7 902,07 ლარის გადახდა.
83. სსსკ-ის 53.1. მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან], სადაზღვევო კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 594,71 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.კ.პ–ს“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, 58 474,85 ლარის გადახდა;
5. სს „ს.კ.პ–ს“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 7 902,07 ლარის გადახდა;
6. სს „ს.კ.პ–ს“ (ს.კ. 204540274) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (ს.კ. .......) სასარგებლოდ დაეკისროს 5 594,71 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი