საქმე №ას-823-2023 25 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.ს. - კ. და ს. ტ.კ.ი.ს–ბა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მერია“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „ს.გ.ს. - კ. და ს. ტ.კ.ი.ს–ბის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ 481 736,11 ლარის (476 966,45+4769,66) ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 13 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზისა და სამების ეკლესიისა და მახათას მთაზე ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 354 000 ლარით. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ თავად პროექტით შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 000 ლარს.
2.2. საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით. ხელშეკრულების აუცილებელი პირობა იყო, რომ პროექტი უნდა წარდგენილიყო ხელშეკრულების დანართის (ტექნიკური დავალების) შესაბამისად.
2.3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიწოდებულ დოკუმენტაციას წარუდგენდა საექსპერტო ორგანიზაციას, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ.
2.4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართის - ტექნიკური დავალების მიზანს წარმოადგენდა: სატრანსპორტო კვანძის მოწყობა - 1ც; ტაძრის მისასვლელი გზის მოწყობა - 500 გრძ.მ; შიდა გზების მოწყობა - 1000 გრძ.მ; პარკინგის მოწყობა - 250 ავტომობილზე; ხელოვნური ნაგებობების მოწყობა-საყრდენი კედლები, მილები და სხვა; მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების დასახვა - საგზაო ნიშნები, მონიშვნა და სხვა.
2.5. ტექნიკური დავალების თანახმად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა, საპროექტო დოკუმენტაციაში გაეთვალისწინებინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი კომპონენტები:
- ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კოორდინატთა სისტემაში (CORS) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. შემუშავდეს ადგილმდებარეობის ციფრული მოდული 1:1000 მასშტაბით, რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტს საჭირო მოცულობით (ტოპოგადაღებამ უნდა მოიცვას ყრილისა და ფერდობის ქანობების, გზის საფარისა და გვერდულების, გზაჯვარედინების, გზისპირა დრენაჟების, სადრენაჟე კონსტრუქციების, ხიდების, არსებული საკომუნიკაციო ხაზების, მილსადენების, საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორების, ხიდების, არსებული საკომუნიკაციო ხაზების, მილსადენების, საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარის სარეგულაციო კონსტრუქციების, უსაფრთხოების ზომების, საგზაო ნიშნების, ენერგომატარებლების ხეების, გამყოფი ღობეების, გზისპირა შენობებში შესასვლელების, ჰიდროარხებისა და ნებისმიერი სხვა პუნქტები (არსებობის შესაბამისად), რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს მშენებლობის პროექტზე). საპროექტო და ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი იყოს რეგისტრირებული ნაკვეთების საზღვრები საკადასტრო კოდებით;
- ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარდგენა გრაფიკული ჭრილებით;
- გეო-ტექნიკური, ნიადაგისა და გზის საფარის კვლევა, რომელიც მოიცავს: გრუნტის სიღრმისეულ კვლევას და გამოცდას; ნიადაგის სინჯების აღებას და ნებისმიერ სხვა გეო-ტექნიკურ კვლევებს და გამოცდას სათანადო ინტერვალებში, როგორც ეს საჭიროა გზის მშენებლობის პროექტირებისთვის;
- ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
- ტექნიკური დავალების თანახმად, გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე, ხელოვნური ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის შეთანხმება დამკვეთთან.
2.6. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია მერიის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც 2017 წლის 21 სექტემბერს გასცა დასკვნები (N005501417 და N005501517) საგზაო და კონსტრუქციულ ნაწილთან დაკავშირებით.
2.7. 21.09.2017წ. N005501417 დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო ნაწილი შესრულებულია საქართველოში მოქმედი ნორმების შესაბამისად, მიღებულია სწორი საპროექტო გადაწყვეტები. წარდგენილი პროექტის მიხედვით შესაძლებელია განხორციელდეს მშენებლობა.
2.8. 21.09.2017წ. N005501517 დასკვნის თანახმად, მოპასუხისა და შპს „უ. ?“-ის მიერ მომზადებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით და კვლევაში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტი მისაღებია რეალიზაციისთვის. პროექტის კონსტრუქციულ ნაწილთან დაკავშირებით გაცემულ N005501517 დასკვნაში გაკეთდა შემდეგი შენიშვნები:
- საყრდენი კედლის სექციების საძირკვლები, კედლები, არმირება და ა.შ. რთულად არის მარკირებული;
- ფურცელი 4-12 საყრდენი კედლის გეომეტრიული კონფიგურაცია ასევე რთული და ტეხილის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა დახრილი ყოფილიყო;
- დასამატებელია კონტრუქციული ნახაზების სია და განმარტებითი ბარათი;
- გამორჩენილია კედლის ბლოკებს შორისი ნაკერის სიგანის ზომა და დეტალი. გაურკვეველია ზედაპირული წყლების გადაყვანის საკითხი. დასამატებელია კიუვეტში კედლის მილის ბიჯი, უკუჩაყრილი გრუნტის მასალა და სიმკვრივე, ჰიდროიზოლაცია.
2.9. 21.09.2017წ. N005501517 ექსპერტის დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით მოპასუხემ წარადგინა პასუხი/განმარტება და მოახდინა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
2.10. მოპასუხის მიერ შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციაზე მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 2017 წლის 04 ოქტომბერს გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი.
2.11. მოსარჩელესა და შპს „დ.გ–ს“ (მიმწოდებელს) შორის 2019 წლის 23 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზისა და სამების ეკლესიის და მახათას მთაზე ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას; სამუშაოები მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა მოპასუხის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 1 799 012,27 ლარით; ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას - ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორია.
2.12. მერიასა და შპს „დ.გ–ს“ შორის მოგვიანებით გაფორმდა შეთანხმება, როგორც 23.01.2019წ. ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. შეთანხმება ძალაში შევიდა 2019 წლის 18 ივნისიდან.
2.13. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: სამუშაოების წარმოების პროცესში ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, საჭიროა სამუშაო მოცულობების ნაწილობრივ კორექტირება, კერძოდ: ავტოპარკინგის ტერიტორიაზე საპროექტო ნიშნულების შესაბამისად მიწის სამუშაოების განხორციელება მთლიანად ცვლიდა ტაძრის განაშენიანების გენგეგმას და ფარავდა ტაძრის შესასვლელ კარიბჭეს, რის გამოც, საჭირო გახდა კორექტირებული საპროექტო ნიშნულების შესაბამისად მიწის სამუშაოების დამატებითი მოცულობის შესრულება. ასევე, საჭირო იყო საპროექტო დოკუმენტაციასა და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციებს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ფეხითმოსიარულეთა სავალ ნაწილზე ქვიშა-ხრეშოვანი მასალის მოცულობის დამატება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საფეხმავლო ბილიკზე კონსტრუქციის ცვლილებით გარკვეული სამუშაოს მოცულობების დამატება. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით სამუშაოების ღირებულება გაიზარდა და განისაზღვრა 1 978 908,43 ლარით.
2.14. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „დ.გ–ის“ მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში, 2019 წლის 19 მაისს მოხდა ქ. თბილისში, სამების მონასტრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდობის ჩამოშლა და მოედნისა და გზის გარკვეული მონაკვეთების დაზიანება.
2.15. მერიასა და შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ შორის 2019 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ბ.ს.გ–მა“ განახორციელა ქ. თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძართან არსებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 366 753,32 ლარი.
2.16. მერიასა და შპს „მ–ს“ შორის 2019 წლის 05 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „მ–მა“ განახორციელა ქ. თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე (ტაძრის კომპლექსის გარე ტერიტორია) სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 252 727,05 ლარი.
2.17. მერიასა და შპს „ს–ს“ შორის 2020 წლის 08 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ს–მა“ განახორციელა ქ. თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე გზის მონაკვეთისა და მოედნის (საყრდენ კედელთან) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, თავად შპს „ს–ის“ მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 476 966,45 ლარით, ხოლო საპროექტო ხარჯი - 4 769,66 ლარით.
2.18. მერიის სასარჩელო მოთხოვნა 481 736,11 ლარი მოიცავს გზის დაზიანებული მონაკვეთისა და მოედნის აღდგენის ხარჯს - 476 966,45 ლარს, ასევე, საპროექტო ხარჯს - 4 769,66 ლარს.
2.19. ფერდის ჩამოშლის მიზეზების შესახებ მერიის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 16 ივლისს გასცა დასკვნა; მოპასუხის დაკვეთით შპს „ე–ა, მ–ბა, დ–ის“ მიერ მომზადდა ექსპერტიზის ანგარიში; ასევე, 2022 წლის 18 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა გაიცა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა სატრანსპორტო კვანძის, მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და ავტოპარკინგის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა. სამუშაოების წარმოების პროცესში პროექტით გათვალისწინებულ მისამართზე ფერდი ჩამოიშალა და მოედნის გზის გარკვეული მონაკვეთი დაზიანდა. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ფერდის ჩამოშლა და გზის დაზიანება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მოპასუხის მიერ მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციაში არ იყო გათვალისწინებული სრულად რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სათანადო სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელების მოწყობის სამუშაოები. მოსარჩელეს ხელმეორედ მოუხდა გზის დაზიანებული მონაკვეთის დაგება, რის შედეგადაც ზარალის ოდენობამ 481 736,11 ლარი შეადგინა.
4. მერიის სასარჩელო მოთხოვნა არსებითად იმ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას არ იყო გათვალისწინებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.09.2017წ. N005501517 დასკვნაში გამოთქმული ერთ-ერთი შენიშვნა ზედაპირული წყლების გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, რაც დასტურდება ამავე ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნით. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში სრულად არ იყო გათვალისწინებული ნაყარით მოსაწყობ ფერდობზე საყრდენი კედლის მოწყობა. ამ გარემოებებმა უხვი ატმოსფერული ნალექების ფონზე გამოიწვია უკვე განხორციელებული სამუშაოების დაზიანება; სარჩელის თანახმად, მოპასუხის მხრიდან ასევე არ იყო ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტებისთვის ლაბორატორიული კვლევები და ბურღვის სამუშაოები, შესაბამისად, შპს „დ.გ–ის“ მხრიდან ჯეროვნად რომც განხორციელებულიყო ღორღის ტკეპნის სამუშაოები, სადრენაჟე სისტემის არარსებობის გამო, ფერდის ჩამოშლას მაინც ექნებოდა ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მათი მხრიდან კვლევა სრულყოფილად ჩატარდა და შესაძლოა ექსპერტს არ მიეწოდა გეოლოგიური კვლევისა და ბურღვის ამსახველი მასალა, რაც გახდა მსგავსი შინაარსის დასკვნის გაკეთების საფუძველი.
5. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მათ შპს „ბ.ს.გ–ს“ დამატებით შეუკვეთეს საყრდენი კედლისა და სადრენაჟე სისტემის პროექტირება და უშუალოდ სამუშაოების შესრულება. ეს იყო ის ძირითადი ორი კომპონენტი, რომლის არარსებობამაც ფერდობის ჩამოშლა გამოიწვია. მართალია, პროექტირების დროს მოსარჩელემ მოპასუხე შეზღუდა კონკრეტული თანხით (შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების მაქსიმუმი ღირებულებით), თუმცა თუკი პროექტირების დროს მოპასუხე დამატებით რაიმეს საჭიროდ მიიჩნევდა, მას უნდა ეცნობებინა და იმსჯელებდნენ მის აუცილებლობაზე. მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტის საპირიპიროდ მოპასუხე თავის პოზიციას ამყარებს ხელშეკრულების პირობით, რომლის თანახმად, პროექტი ეხებოდა საავტომობილო გზის სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და ითვალისწინებდა მხოლოდ იმ კომუნიკაციების (წყალსადენი, გაზსადენი, საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრე ქსელი, ელ. კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელი და სხვა) გადატანა-რეაბილიტაციას, რომლებიც უშუალოდ უშლიდა ხელს პროექტის განხორციელებას. ტექნიკური დავალება მკაცრად ადგენდა, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ხოლო, საყრდენი კედლის მოწყობა შესაძლებელი იყო მხოლოდ დამკვეთის თანხმობით. გარდა ამისა, მათი ხედვით პროექტი გაკეთდა სრულყოფილად, გაეგზავნა შემდგომი შენიშვნებისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, გაკეთდა რეკომენდაციები, რაც სრულად გაითვალისწინეს კორექტირებული პროექტებით და საბოლოოდ მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან შემსყიდველს შენიშვნები არ ჰქონდა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას - წარმოადგენდა თუ არა გზის ჩამოშლის მიზეზს მოპასუხის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად წარმოებული სამუშაოები და მოხდა თუ არა მოპასუხის მხრიდან კორექტირებული პროექტის შედგენისას 21.09.2017წ. N005501517 დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინება.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამების ტაძრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდის ჩამოშლის საკითხის კვლევის ფარგლებში როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილია საინჟინრო დასკვნები. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქმეზე 2022 წლის 18 მარტს შესაბამისი დასკვნა გასცა.
8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ვიზუალური დათვალიერებით სამების მონასტრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდის ჩამოშლის მიზეზებია: 1. არასრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია (არ არის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, არსად არ არის ნაყარით მოსაწყობი ფერდობის მასალის ან ჩასატარებელი სამუშაოების თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია); 2. ნაყარში მოსაწყობი ფერდობის ჩასატარებელი სამუშაოების სამშენებლო ნორმების დარღვევით განხორციელება (რაც დასტურდება ასფალტის საფარის დეფორმაციით და ნიადაგის დეპრესიით იმ ადგილებზე, სადაც მოწყობილია საყრდენი კედელი); 3. სამების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების სადრენაჟე სისტემის არარსებობა და 4. ჩამოშლილ მონაკვეთზე (ნაყარით მოწყობილ ფერდობზე) საყრდენი კედლის არმოწყობა.
დასკვნაში ასევე დასახელებულია მომავალში განსახორციელებელი აუცილებელი ქმედებების ჩამონათვალი - ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების ჩატარება, სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების სადრენაჟე სისტემის მოწყობა (მათ შორის კედლებშიც), რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაძლო ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობის გატარება და საყრდენი კედლის მოწყობა ნაყარით წარმოქმნილი ფერდობის მთელ პერიმეტრზე.
დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ არ არის მოცემული ტოპოგეგმა და ჭაბურღილების ადგილმდებარეობა, საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტებისთვის არ არის ჩატარებული ფიზიკური პარამეტრების ლაბორატორიული გამოკვლევები. საყრდენი კედლის გასწვრივ (ტროტუარზე) არ არის დატკეპნილი ღორღი, კედლის დაახლოებით შუა ნაწილში აღინიშნება ასფალტის საფარის დეფორმაცია და ნიადაგის დეპრესია, რაც გამოწვეულია გრუნტის ჯდენით, რომელიც გამოწვეულია ნაყარ გრუნტში ატმოსფერული ნალექების ჩადინებით და სუფოზიური პროცესებით. ანალოგიური მდგომარეობაა კარიბჭესთან ახლოს მონაკვეთზე, სადაც ნიადაგის დეპრესია უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი. კარიბჭესა და ტაძარს შორის მოწყობილ რკინაბეტონის გზის საფარს გამოცლილი აქვს გრუნტის ფენა, გზაზე აღინიშნება ატმოსფერული ნალექების დაგუბება. წყალი იჟონება საყრდენი კედლის ძირიდან. წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, დიდი ალბათობით, პროექტის მიხედვით არ არის სრულყოფილად მოწყობილი 50 მმ დიამეტრის მქონე სადრენაჟე მილები და არ არის მოწყობილი დრენაჟი.
9. შპს „ე–ა, მ–ბა, დ–ის“ 20.09.2021წ. ანგარიშის თანახმად: საპროექტო დოკუმენტაციის დამკვეთისთვის ჩაბარებიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოების დაწყებამდე გასული იყო თითქმის 2 წელი. დამკვიდრებული პრაქტიკით, როდესაც საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარების თარიღსა და მშენებლობის დაწყების თარიღს შორის დიდი დროა გასული, საჭიროა მშენებელმა დამკვეთისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლოს არსებული ვითარება, მშენებლობის დაწყების დროს კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ამ პერიოდში არასასურველი გეოლოგიური ცვლილებების (უხვი ნალექი, ჭარბტენიანობა) გადამოწმების მიზნით, რაც გააუარესებდა მშენებლობის პირობებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაფარულია 0,9-0,8მ სიმძლავრის ნაყარი გრუნტით, რაც წარმოადგენს სუსტ გრუნტს და შესაძლოა მისი გამოყენება მიწის ვაკისის მოსაწყობად მხოლოდ ფენებრივი დატკეპნის შემდეგ. უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად შესაძლოა მომხდარიყო წყლის დაგროვება, გრუნტის ფენებში ჩადინება, გრუნტის ტენიანობის მომატება, მისი გაჯირჯვება (გაფუება), მითუმეტეს, როცა ჩამოშლის მომენტში ჯერ არ არსებობდა სადრენაჟე სისტემა, არ იყო დასრულებული ტროტუარები, მათ შორის, ბეტონის ბორდიურები, ჩამკეტი ბორდიურები. უცნობია, რა იგულისხმება ჩამოშლილი ფერდის და დაზიანებული გზის გარკვეული მონაკვეთის განმარტებისას, ვინაიდან ინფორმაცია დაზიანების თაობაზე მოცემულია ზოგადად;
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 16.07.2019წ. დასკვნაში არ არის გამოთქმული არსებითი შენიშვნები საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და მოსაზრებები ძირითადად უკავშირდება ექსპერტებისთვის დოკუმენტაციის არასრულყოფილი სახით გადაცემას, ხოლო მათ მოპასუხემ სრულად გადასცა საპროექტო დოკუმენტაცია. მათი ვარაუდით, სწორედ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო წერდა ექსპერტი 16.07.2019წ. დასკვნაში, რომ არ არის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, არსად არ არის ნაყარით მოსაწყობი ფერდობის მასალის და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.
დასკვნის სახით ექსპერტი ანგარიშში მიუთითებს, რომ წარდგენილი მასალების საფუძველზე შეუძლებელია დადგინდეს პროექტით შესასრულებელ ტერიტორიაზე სამუშაოების პროცესში დამდგარი ზიანის ოდენობა, აგრეთვე, მოპასუხის კავშირი (ბრალეულობა) დამდგარ ზიანთან.
10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. დასკვნის თანახმად:
ა) 2017 წლის 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში წარდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციით ძირითადად აღმოფხვრილი და გათვალისწინებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ 21.09.2017წ. N17005501517 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პრინციპული შენიშვნები; ის შენიშვნები, რომლებიც სრულად არ არის გათვალისწინებული, არ წარმოადგენენ მიმდებარე გზის მონაკვეთის დეფორმაციის მიზეზებს;
ბ) ქ. თბილისში, თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის და სამების ეკლესიის და მახათას მთაზე ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზების და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, გზის საფარის დეფორმაციის მიზეზს წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულება, რაც გამოიხატება მიწის ვაკისის მოსაწყობი ყრილის არასაკმარისი ტკეპნის ხარისხით და მისი ფერდების არასაკმარის ქანობის უზრუნველყოფით.
დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ 21.09.2017წ. N005501517 დასკვნაში გამოთქმული შენიშვნებიდან პრინციპული ხასიათის არის მხოლოდ მე-4 შენიშვნა, რომელიც ეხება ზედაპირული წყლების გადაყვანას და საყრდენი კედლის უკან ჩაყრილი გრუნტის მახასიათებლებს. ექსპერტიზისთვის წარდგენილი პროექტის სამი ვარიანტიდან N2 ვარიანტში (პროექტის პირველ კორექტირებულ ვარიანტში) ნაწილობრივ არის გათვალისწინებული შენიშვნა და კედლის განშლის ნახაზზე გაკეთებულია აღნიშვნა სადრენაჟე მილების მოწყობის თაობაზე, რაც ნაწილობრივ ზედაპირული წყლების მოცილებასაც გულისხმობს, მაგრამ არ არის გათვალისწინებული კედლისთვის უკუჩაყრილი გრუნტის მახასიათებლების მითითება. ხოლო, N3 ალბომში (პროექტის მეორე კორექტირებული ვარიანტი) თითქმის სრულად არის გათვალისწინებული მე-4 შენიშვნა და გრაფიკულად არის ნაჩვენები უკუჩაყრილი გრუნტი, ასევე, დრენაჟისა და თიხის ეკრანის მოწყობის ტექნიკური გადაწყვეტები, მაგრამ არ არის მოცემული ამ გრუნტის მახასიათებლების სიდიდეები, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც მიმდებარე გზის მონაკვეთის დეფორმაციის მიზეზი.
რაც შეეხება მთლიანად გზის განსახილველ მონაკვეთზე ზედაპირული წყლების გადაყვანას, პროექტში ის გათვალისწინებულია გზის მე-17 და მე-18 პიკეტებს შორის წყალგამტარი მილის სახით, რომელზეც ასევე მოწყობილია გზის საფარიდან წყალმიმღები ცხაურები. შესაბამისად, გზის დეფორმაციის მიზეზს არ წარმოადგენს პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში დაშვებული ხარვეზის გაუთვალისწინებლობა.
11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ საქმეში არსებული დასკვნების ანალიზი არ ადასტურებს, რომ მოპასუხემ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას არ გაითვალისწინა ის არსებითი საკითხები, რასაც თავიდან უნდა აეცილებინა დამდგარი შედეგი. მართალია, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნაში საუბარია სადრენაჟე სისტემის არარსებობაზე, ასევე, საყრდენი კედლის არმოწყობაზე, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე განმარტავს, რომ შესაძლოა ექსპერტის ასეთი დასკვნის საფუძველი გახდა მისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მოსარჩელე მხარის მხრიდან არასრულყოფილად წარდგენა. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. დასკვნაც, სადაც დეტალურად არის აღწერილი ექსპერტიზისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია, შესწავლილია როგორც პირველი საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, პირველადი და მეორედ კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია. კორექტირების საფუძველი გახდა პირველად პროექტთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს 21.09.2017წ. N005501517 დასკვნით გამოთქმული შენიშვნები, რომელთაგან არსებითი და პრინციპული მნიშვნელობის ხასიათის იყო მე-4 შენიშვნა (ზედაპირული წყლების გადაყვანისა და საყრდენი კედლის უკან ჩაყრილი გრუნტის მახასიათებლებთან დაკავშირებით). 18.03.2022წ. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოპასუხის მხრიდან პირველად კორექტირებულ პროექტში ნაწილობრივ, ხოლო მეორედ კორექტირებულ პროექტში თითქმის სრულად არის გათვალისწინებული დასახელებული შენიშვნა და ის, რაც არ არის დაზუსტებული (გრუნტის მახასიათებლების სიდიდეები), ექსპერტი კატეგორიულად მიუთითებს, რომ მისი გაუთვალისწინებლობა ვერანაირად ვერ გახდებოდა სადავო გზის მონაკვეთის დეფორმაციის მიზეზი.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2, 103.3, 105-ე, 172.2 მუხლებით და საქმეში წარდგენილი დასკვნების შესწავლისა და ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მათგან უპირატესობა უნდა მიენიჭოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. დასკვნას, რომლითაც პირდაპირ არის გამორიცხული დამდგარ შედეგში მოპასუხის ბრალეულობა. უწინარესად იმ გარემოების გამო, რომ აღნიშნული დასკვნა გამოტანილია სრული (კორექტირებული) საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, განსხვავებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნისა, რომლისთვისაც დოკუმენტაცია არასრულყოფილი სახით იყო გადაცემული. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. ექსპერტიზა დანიშნულია დამოუკიდებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ, რაც გამორიცხავს დამკვეთის პირდაპირ ან ირიბ დაინტერესებას დასკვნის შესრულების შედეგის მიმართ და, შესაბამისად, ზრდის დასკვნის სანდოობას.
13. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დაცვით, ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა და სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების (მოპასუხის მიერ კანონის დანაწესის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) არსებობის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო საჩივრის თანახმად:
21.1. შესრულების ხარისხზე პასუხისმგებლობა მთლიანად მიმწოდებელს ეკისრება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მიმწოდებელს შესრულების ხარისხზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს;
21.2. გაუგებარია რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მივიდა სააპელაციო სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნის მომზადებისათვის ექსპერტიზის დამნიშნავის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაცია წარედგინა. თავად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ფერდის ჩამოშლის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს არასრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი და ხარვეზიანი. არც აღნიშნულ დასკვნაში და არც რომელიმე სხვა დოკუმენტში არის მითითებული, რომ მერიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თავად წარუდგინა დოკუმენტაცია არასრულყოფილი სახით. მერიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარადგინა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოპასუხემ მას მიაწოდა და რაც შემდგომში საფუძვლად დაედო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას;
21.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე გაურკვეველია, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ რელევანტურად ამავე ექსპერტიზის ბიუროს 18.03.2022წ. დასკვნა;
21.4. სამების მონასტრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდის ჩამოშლის მიზეზი გახდა მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნა. ამავე ბიუროს 17.09.2017წ. დასკვნაში ერთ-ერთი შენიშვნის სახით სწორედ ზედაპირული წყლების გადაყვანის საკითხია მითითებული. ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნულ დასკვნაში მითითებული შენიშვნა გათვალისწინებული არ ყოფილა;
21.5. 16.07.2019წ. დასკვნით გათვალისწინებული შენიშვნების საფუძველზე დამუშავებული ახალი საპროექტო დოკუმენტაციით განხორციელებულმა სამუშაოებმა სრულად შეასრულა მერიის მიერ დასახული მიზნები და არსებული სატრანსპორტო კვანძი დღემდე ფუნქციონირებს ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ახალი საპროექტო გადაწყვეტით სათანადოდ დამუშავდა და განისაზღვრა ტერიტორიიდან ზედაპირული წყლების მოცილების საკითხი. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მიერ მომზადებული თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და მის საფუძველზე განხორციელებული სამუშაოები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტერიტორიიდან ზედაპირული წყლების მოცილებას;
21.6. 16.07.2019წ. და 18.03.2022წ. დასკვნების შეპირისპირებისას ყურადღება უნდა მიექცეს მათი ჩატარების თარიღს. აღსანიშნავია, რომ მერიის დაკვეთით შესრულებული 16.07.2019წ. დასკვნა მომზადდა ტერიტორიაზე ფერდის ჩამოშლისა და მოედნის გზის გარკვეული მონაკვეთის დაზიანებისთანავე. რაც შეეხება 18.03.2022წ. დასკვნას, მომზადებულია ფაქტის დადგომიდან 3 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ტერიტორიაზე შეცვლილი იყო ყველა ფაქტობრივი მოცემულობა, მათ შორის, ახალი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული იყო ახალი სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც საუბარია ორ იდენტური იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტზე, რომლებიც შედგენილია ერთი და იმავე ორგანოს მიერ, ყურადღება უნდა მიექცეს მსგავს გარემოებებს. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ შეაფასა.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი).
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
24. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
25. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ სამების მონასტრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდის ჩამოშლისა და მოედნისა და გზის საფარის დაზიანების მიზეზი გახდა მოპასუხის მიერ 13.03.2017წ. ხელშეკრულების ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციის არაჯეროვნად შედგენა.
27. წინამდებარე საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. და 18.03.2022წ. ექსპერტიზის დასკვნების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის საკითხის გამოსარკვევად სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. დასკვნას, რომელიც სამების მონასტრის კარიბჭის მიმდებარედ ფერდის ჩამოშლაში მოპასუხის ბრალეულობას გამორიცხავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია სრული საპროექტო (კორექტირებული) დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. კერძოდ, დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, დასკვნის მოსამზადებლად განხილულ იქნა მოპასუხისა და შპს „უტა-2012“-ის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ გზის საფარის დეფორმაციის მიზეზს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზა ჩატარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის დაკვეთით სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (იხ. ტ. 4, ს.ფ. 100-106). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს დამკვეთის პირდაპირ ან ირიბ დაინტერესებას დასკვნის შესრულების შედეგის მიმართ და, შესაბამისად, ზრდის დასკვნის სანდოობას. კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
28. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.07.2019წ. დასკვნას, აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილი იყო: მოპასუხის მიერ შესრულებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, შპს „უ–ას” მიერ შესრულებული საყრდენი კედლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და ფოტომასალა, ასევე, მოხდა ვიზუალური დათვალიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დასკვნის კვლევით ნაწილს, სადაც მხოლოდ ვარაუდია გამოთქმული სადრენაჟე სისტემის არარსებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მითითებულია შემდეგი: „დიდი ალბათობით პროექტის მიხედვით არ არის სრულყოფილად მოწყობილი 50მმ დიამეტრის მქონე სადრენაჟე მილები და არ არის მოწყობილი დრენაჟი”. ამასთან დაკავშირებით 18.03.2022წ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტში გათვალისწინებულია ზედაპირული წყლების გადაყვანა გზის მე-17 და მე-18 პიკეტებს შორის წყალგამტარი მილის სახით, რომელზეც ასევე მოწყობილია გზის საფარიდან წყალმიმღები ცხაურები. გარდა ამისა, 16.07.2019წ. დასკვნის თანახმად, ფერდის ჩამოშლის მიზეზს ასევე წარმოადგენდა ნაყარით მოსაწყობი ფერდობის ჩასატარებელი სამუშაოების სამშენებლო ნორმების დარღვევით განხორციელება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 87-99).
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ის სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ფასდება. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამასთან, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
30. მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის მიერ საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა და მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდგომ (მიმწოდებელთან, შპს „დ.გ–თან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 23 იანვარს), რა დროშიც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა არსებული ვითარების შეცვლას გეოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე, რასაც შეეძლო მშენებლობის პირობები გაეუარესებინა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი; შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ 20.09.2021წ. ანგარიში).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი