Facebook Twitter

საქმე №ას-312-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ე.ვ–ძე, მ.კ–ი (მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით ე.ვ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“ ან „პირველი კასატორი“) და მ.კ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.შ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელი სახლი და 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ……., ასევე, 5 მიწის ნაკვეთი ს.კ: ……., ……, ………, ……. და ……, გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან (გამოსახლდნენ) და დადგინდა უძრავი ქონებების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 02 ივლისიდან ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, მოსარჩელისთვის N…….. საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე; მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. პირველი მოპასუხე და მისი მეუღლე, მეორე მოპასუხე 2014 წელს ლ.ჭ–ძის (ლ.ჭ–ძე წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის თავდაპირველ მოპასუხეს) თანხმობით დროებით უსასყიდლოდ საცხოვრებლად შევიდნენ ლ.ჭ–ძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი .......... ამ დროის შემდეგ საცხოვრებელ სახლს, ასევე, ლ.ჭ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ამუშავებენ და მოსავალს პირადად მოიხმარენ მოპასუხეები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 97-98).

2.2. მოპასუხეებმა ლ.ჭ–ძის საცხოვრებელ სახლში გადასვლისთანავე, დაახლოებით 8-10 წლის წინ, სახლზე ჩაატარეს გარკვეული სამუშაოები, კერძოდ: სახლის მე-2 სართულზე ჩასვეს 5 ცალი მეტალოპლასტმასის ფანჯარა, პირველი სართულის აივანზე დაასხეს 18 კვ.მ ბეტონი, ორ ოთახში გაიყვანეს ელ-გაყვანილობა და ჩაატარეს რემონტი, სახლში შეიყვანეს ბუნებრივი აირის გაყვანილობა. სულ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 4 700 ლარი, რითაც გაუმჯობესდა ლ.ჭ–ძის ქონების ღირებულება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 108-131).

2.3. ლ.ჭ–ძემ 2020 წლის 10 ივნისს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელი სახლი და 870 კვ.მ ეზო, ს.კ. ……, ასევე, 5 მიწის ნაკვეთი, ს.კ: ……, …….., …….., ……., ……, ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა მოსარჩელეს, რის საფუძველზეც, უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა. აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები და უარს აცხადებენ მათ გამოთავისუფლებაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-30).

2.4. მოსარჩელემ 2020 წლის 02 ივლისს მოპასუხეებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლება მოსთხოვა, რაზედაც მოპასუხეებმა უარი განუცხადეს. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ 2020 წლის 03 ივლისს მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე მიმართა პოლიციის ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31).

2.5. აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართი 870 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ყოველთვიური ქირის საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 200 ლარს. 2016-2021 წლების ქირის ოდენობა შეადგენს 12 600 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 169-170).

2.6. შეგებებული სარჩელის მოპასუხე - ლ.ჭ–ძე გარდაიცვალა 2021 წლის 29 აპრილს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 276-277), რის გამოც, წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება ლ.ჭ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ვინაიდან შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ მიუთითა ლ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე, შეგებებულ სარჩელზე ლ.ჭ–ძის მიმართ აღძრული მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 279-280; ტ. 3, ს.ფ. 25-28).

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1, 172.1, 982-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე 2020 წლის 10 ივნისიდან წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელი ........ მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. …….., მესაკუთრეს, ამასთან 2020 წლის 02 ივლისს მან მოპასუხეებს მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლება, რაზედაც მათ უარი განუცხადეს, ამ დროიდან მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის ქონებას, რის გამოც ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის - ყოველთვიურად ქირის სახით - 200 ლარის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, მას უფლება აქვს ეს ქონება ხელმყოფისაგან ამოიღოს.

4. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს მესაკუთრის პრეტენზიის წარდგენიდან, 2020 წლის 02 ივლისიდან სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე დაეკისრათ ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, სსკ-ის 982-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეგებებულმა მოსარჩელეებმა სარემონტო სამუშაოები აწარმოეს სადავო საცხოვრებელ სახლში გადასვლისთანავე, დაახლოებით 8-10 წლის წინ, რა დროსაც მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ.ჭ–ძე. ამდენად, მათ მიერ გახარჯული 4 700 ლარით გაუმჯობესდა ლ.ჭ–ძის საკუთრება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ამავე საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება 2020 წლის 10 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა, მაშინ, როდესაც სარემონტო სამუშოები უკვე განხორციელებული იყო, ადასტურებს, რომ მოპასუხეთა მიერ გაწეული ხარჯებით იგი არ გამდიდრებულა, რაც გამორიცხავს სსკ-ის 987-ე მუხლის შესაბამისად, ამ თანხების ანაზღაურებაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებიათ.

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირველი კასატორის ბიძის საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........., საცხოვრებლად სრულიად უვარგისი ბინა კასატორებმა საცხოვრებლად ვარგისი გახადეს. მის სარემონტო სამუშაოებს ისინი 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ახორციელებდნენ და თუ რაიმე შემოსავალი ჰქონდათ, საცხოვრებელ სახლსა და ეზო-კარ-მიდამოს მოახმარეს;

13.2. სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება კასატორების მიერ სარემონტო სამუშაოების 8-10 წლის წინ ჩაატარების შესახებ, რომ საქმის მასალები არ შეუსწავლია. კერძოდ, კასატორებმა წარადგინეს სოფელ .........ს საკრებულოს ცნობა, რომ პირველი კასატორის ბიძის სახლში ცხოვრობენ 2014 წლიდან, ხოლო მანამდე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლსა და ეზო-კარ-მიდამოს პატრონობდა პირველი კასატორის დედა. კასატორები 2014 წლიდან მართლზომიერად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, ბიძის მეუღლის - ლ.ჭ–ძის თანხმობით, რომელსაც ამ სახლში არასოდეს უცხოვრია, იშვიათად ჩადიოდა მეუღლის სიცოცხლეში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მუდმივად ცხოვრობდა მეზობელ სოფელში - ქვედა .........;

13.3. არც ლ.ჭ–ძესთან და არც მოსარჩელესთან ყოფილა შეთანხმება, რომ კასატორებს ბინაში ცხოვრების საფასური - ბინის ქირა უნდა გადაეხადათ. საქმეში არ მოიპოვება მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადების დამადასტურებელი მტკიცებულება;

13.4. კასატორები არ არიან წინააღმდეგი გამოათავისუფლონ საცხოვრებელი სახლი, თუმცა ითხოვენ აღნიშნული ქონების კეთილმოწყობისთვის გაწეული მინიმალური ხარჯის ანაზღაურებას, რადგან მოსარჩელემ კასატორების მიერ გაუმჯობესებული ქონება ჩაიბარა, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა;

13.5. მოსარჩელე არის ლ.ჭ–ძის მემკვიდრე, რაც სასამართლო სხდომაზე მისმა მეუღლემ დაადასტურა, თუმცა მან შეგნებულად არ აიღო სამკვიდრო მოწმობა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

15. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ საქმე Nას-472-448-2013, 05 დეკემბერი, 2013 წელი).

16. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2020 წლის 10 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რომელსაც 2014 წლიდან, უძრავი ქონების წინა მესაკუთრის თანხმობით ფლობენ მოპასუხეები; დადგენილია ასევე, რომ 2020 წლის 02 ივლისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს და მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამოთავისუფლება მოითხოვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამრიგად, ამ დროიდან მოპასუხეთათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო ამ უკანასკნელმა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგა, მას უფლება ეძლევა, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფებისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

17. ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, ხელმყოფებს (მოპასუხეებს) ეკისრებათ, რომ მათ მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც ისინი გადაიხდიდნენ, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან სამართალურთიერთობაში იქნებოდნენ) აუნაზღაურონ მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-472-448-2013, 05 დეკემბერი, 2013 წელი; Nას-197-186-2017, 30 მაისი, 2017 წელი; Nას-852-796-2017, 22 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-1399-2020, 08 აპრილი, 2021 წელი)

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის მოთხოვნის შესაძლო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი [არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება] და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი [პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა].

19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ფარგლებში სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გასწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს.

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სადავო უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოები აწარმოეს იმ პერიოდში, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრეს არა მოსარჩელე, არამედ ლ.ჭ–ძე წარმოადგენდა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სადავო ქონების გაუმჯობესების შედეგად მოსარჩელე არ გამდიდრებულა, ხოლო ლ.ჭ–ძის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება. ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე ლ.ჭ–ძის მემკვიდრეა და მან შეგნებულად არ განახორციელა სამკვიდროს მიღება.

21. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ სადავო უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ვ–ძის და მ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი