Facebook Twitter

საქმე №ას-825-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ–ო“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა, იძულებითი კონტრაჰირება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

+

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის მოხმარებული წყლის საფასურის - 25 943,67 ლარის გადახდის დაკისრება) შპს „შ–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაევალა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ფარგლებში, მოპასუხის მიმართ წყალარინების საფასურის უმრიცხველო დარიცხვის განხორციელება 2015 წლის მარტამდე არსებული სახელშეკრულებო პირობების (ხარჯი 693 მ3) შესაბამისად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას. მას ბაზარზე უკავია მონოპოლიური მდგომარეობა და თავის ფუნქციებს ახორცილებს სემეკის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა“ და სემეკის მიერ 21.12.2011წ. გაცემული N005 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.

2.2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 13.12.2007წ. N1765 ბრძანებით შპს „ჭ.ა–ზე“ გაიცა თერმული წყლის (გოგირდის წყლის) მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომელიც საქარველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 25.07.2008წ. N1-1/1551 ბრძანების საფუძველზე მთლიანად საკუთრებაში გადაეცა შპს „გ.წ–ს“.

2.3. მოპასუხე ფუნქციონირებს აბანოს პროფილით და მოსარჩელის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტის ნომრით - N7…....

2.4. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან. მოპასუხეს სასმელი წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული აქვს წყლის მრიცხველი და მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით, საკანალიზაციო მომსახურების ტარიფის გათვალისწინებით.

2.5. მოპასუხე მოიხმარს არტეზიული ჭის წყალს - „გ.წ–ს“ (გეოთერმული წყალი), რომლის მიწოდება არ ხორციელდება მოსარჩელის მიერ, თუმცა გადინება ხორციელდება მოსარჩელის კუთვნილი წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელით.

2.6. თერმული წყლების მოპოვებაზე ლიცენზიატ ორგანიზაციას - შპს „გ.წ–ს“ დამონტაჟებული აქვს მრიცხველი (სპეციალური მრიცხველი), რომელიც აღრიცხავს ჭიდან მოპოვებული გოგირდის წყლის საერთო რაოდენობას. ერთი დღის განმავლობაში შპს „გ.წ–ის“ მიერ არტეზიული ჭიდან ხორციელდება 996 კუბური მეტრი გოგირდის წყლის მოპოვება, რომელიც ერთი და იმავე დიამეტრის მქონე მილების საშუალებით ნაწილდება მის მომხმარებლებზე, მათ შორის, მოპასუხის ობიექტზე ერთი მილით.

2.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 17.08.2010წ. N17 დადგენილებითა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 18.05.2015წ. N13 დადგენილების განმარტებითი ბარათით მოსარჩელის მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, განისაზღვრა სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 0,225 (სასმელი წყლის მიწოდება 0,191; წყალარინება 0,034); გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელებისათვის 2,667 (სასმელი წყლის მიწოდება 2,259; წყალარინება 0,408); არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 3,729 (სასმელი წყლის მიწოდება 2,966; წყალარინება 0,763). ტარიფი შეიცავს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, საკმარისია რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და ითვალისწინებს კაპიტალდაბანდებაზე უკუგებისა (ცვეთა/ამორტიზაცია) და ამონაგების გონივრულ და სამართლიან დონეს.

2.8. გ.წ–ს მწყობრიდან გამოჰყავს მრიცხველი, შეუძლებელია არტეზიული ჭიდან მოპოვებული და მოხმარებული გოგირდის წყლის რაოდენობის მრიცხველით აღრიცხვა, რის გამოც, 2015 წლის მარტამდე „გ.ა–ებს“ და, მათ შორის, მოპასუხეს არტეზიული ჭიდან მოპოვებულ და მოხმარებულ გ.წ–ზე გადასახადი ერიცხებოდათ გარკვეული ნორმით, უმრიცხველო დარიცხვის წესით, რაც ყოველთვიურად 693მ3-ზე 623,70 ლარს შეადგენდა.

2.9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 11.05.2015წ. N21/3754 და 01.06.2015წ. N3676 წერილებიდან ირკვევა, რომ თბილისის თერმული წყლების საბადოს ცენტრალური უბნის ჭაბურღილები, საიდანაც გოგირდის თერმული წყლებით მარაგდება აბანოები, განეკუთვნება აგრესიული წყლების კატეგორიას. ჭაბურღილების დაკეტვამ შესაძლებელია გამოიწვიოს მათი დაზიანება და დადგეს გამოუსწორებელი შედეგი. აღნიშნული დასტურდება თავად მოსარჩელის კომერციული დირექტორის - ი.ბ–ას სამსახურებრივი წერილითაც, რომლის თანახმად, „ტექნოლოგიურად შეუძლებელია გოგირდის წყლის ამოტუმბვის პროცესის შეჩერება. შესაბამისად, მომხმარებელ ობიექტებზე (მათ შორის, მოპასუხეზე) 24 საათის განმავლობაში ხორცილედება ჭიდან მოპოვებული წყლის ამოქაჩვა, აბანოებში მოხმარება და საკანალიზაციო ქსელში გატარება“. ამდენად, საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ გეოთერმული წყლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი მუდმივი ცირკულაცია.

2.10. 2015 წლის მარტიდან მოსარჩელემ უარი თქვა მანამდე არსებული, უმრიცხველო დარიცხვის პრინციპით დაანგარიშებული მომსახურების ღირებულების მიღებაზე და მოპასუხეს მოსთხოვა მომსახურების ღირებულების ანაზღაურება საკანალიზაციო ქსელში ჩაღვრილი თერმული წყლის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად - 4980 კუბურ მეტრზე 4 207,50 ლარის ოდენობით.

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რომელსაც გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვები: 1. რამდენი ავზია მოპასუხის კუთვნილ ე.წ. „გ.ა–ში“; 2. რა მოცულობის არის თითოეული ავზი და 3. რა დრო დასჭირდება თითოეული ავზის დაცლას და ხელახლა ავსებას.

2.12. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 11 მაისს გასცა N002641820 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით: 1) ქ. თბილისში, ....... მდებარე, მოპასუხის კუთვნილ გ.ა–ში ("სამეფო აბანო") განთავსებულია 5 ავზი; 2) N1 აბანოში განთავსებული ავზის მოცულობა შევსების ნიშნულამდე შეადგენს 3,7 მ3-ს; N2 აბანოში განთავსებული ავზის მოცულობა შევსების ნიშნულამდე შეადგენს 5,07 მ3-ს; N3 აბანოში განთავსებული ავზის მოცულობა შევსების ნიშნულამდე შეადგენს 4,23 მ3-ს; N4 აბანოში განთავსებული ავზის მოცულობა შევსების ნიშნულამდე შეადგენს 3,2 მ3-ს; N5 აბანოში განთავსებული ავზის მოცულობა შევსების ნიშნულამდე შეადგენს 3,75 მ3-ს; 3) N1 აბანოში განთავსებული ავზის ავსება მოხდება - 81 წუთში, ხოლო დაცლა - 32 წუთში; N2 აბანოში განთავსებული ავზის ავსება მოხდება - 111 წუთში, ხოლო დაცლა 45 წუთში; N3 აბანოში განთავსებული ავზის ავსება მოხდება - 93 წუთში, ხოლო დაცლა - 37 წუთში; N4 აბანოში განთავსებული ავზის ავსება მოხდება - 70 წუთში, ხოლო დაცლა - 28 წუთში; N5 აბანოში განთავსებული ავზის ავსება მოხდება - 82 წუთში, ხოლო დაცლა - 33 წუთში.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - იყენებს თუ არა მოსარჩელე ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ბოროტად და 2015 წლის მარტის თვიდან მოპასუხის მიმართ წყალარინების საფასურის (ტარიფის) სამჯერ გაზრდა, შეესაბამება თუ არა მხარეთა მიერ უფლებებისა და ვალდებულების კეთილსინდისერად განხორციელების პრინციპს.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გ.წ–ი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება მოსარჩელის კუთვნილ საკანალიზაციო ქსელში, თუმცა შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მის მიერ თერმული წყლის მოხმარება 24-საათიან რეჟიმში არ ხორციელდება, ვინაიდან მოპასუხის სამუშაო საათებია 8:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე. შეგებებული სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის საკანალიზაციო ქსელის მომსახურების დარიცხვას ჩაღვრილი წყლის ოდენობის გათვალისწინებით და მოსარჩელეს, როგორც ბაზარზე მონოპოლისტ კომპანიას, სთხოვს მასთან ხელშეკრულების დადებას ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულება აჭარბებს მიღებული შემოსავლის ოდენობას და მესაკუთრისთვის დიდი ოდენობის ზარალს იწვევს. მანამდე შეთანხმებული გადასახადის ოდენობის გასამმაგება აიძულებს მოპასუხეს დაკეტოს ისტორიულ აბანოთუბანში არსებული გოგირდის გეოთერმული წყლების აბანოები.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმითა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 11.05.2020წ. N002641820 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილ გ.ა–ში ("სამეფო აბანო") განთავსებულია 5 ავზი. მხარეთა განმარტებით, აბანო კლიენტს ემსახურება დაახლოებით 1 საათი. აღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა დრო სჭირდება თითოეული ავზის დაცლასა და ხელახლა გავსებას, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე დღეში 4-5 კლიენტზე მეტს ვერ მოემსახურება. მიუხედავად ამ მოცემულობისა, სასამართლომ დადგენილად მაინც ვერ მიიჩნია ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს კომერციული მიზნით ესაჭიროება გეოთერმული წყლის მუდმივი გამოყენება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ დადგინდა მოპასუხის მხრიდან წყლის 24-საათიან რეჟიმში მოხმარება და ასევე დადასტურდა გოგირდის წყლის უწყვეტი დინების აუცილებლობა.

6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოხმარებული გ.წ–ის ზუსტი რაოდენობა და ასევე ის გარემოება მოხმარებული ოდენობიდან რა ნაწილი ჩაედინება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წყალარინებით.

7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სხვა მომხმარებლებთან შედარებით განსხვავებულ სუბიექტს წარმოადგენს, რადგან გ.ა–ს სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება წყლის გადაკეტვა, რაც უწყვეტ რეჟიმში საკანალიზაციო სისტემაში მის ჩაღვრას გულისხმობს. წყლის გადაკეტვა არ არის დამოკიდებული მოპასუხის სურვილსა და შესაძლებლობაზე და იგი იღებს იმაზე მეტი ოდენობით გ.წ–ს, ვიდრე ესაჭიროება. შესაბამისად, საკანალიზაციო ქსელშიც მეტი რაოდენობის წყალი იღვრება. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ აბანოთუბანი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული უბანია. მისი სახელწოდება მინერალურ წყლებზე გაშენებული აბანოებიდან მოდის. გოგირდოვანი ცხელი წყალი ბუნებრივ სიკეთეს წარმოადგენს. თბილისის თერმული წყლები უნიკალური სამკურნალო თვისების მატარებელია და შეუძლებელია მას არ მიეცეს ფუნქციონირების შესაძლებლობა. მოსარჩელის მიერ არ არის წარდგენილი მტკიცებულება იმისა, თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგება მას მოპასუხესთან 2015 წლამდე არსებულ რეჟიმში დარჩენის შემთხვევაში.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხის საქმიანობისა და წყალმომარაგების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსარჩელემ მოპასუხისათვის ტარიფი განსაზღვროს სემეკის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, მოპასუხის ინტერესების მხედველობაში მიღების გზით (სსკ-ის 319.2 მუხლი).

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს შპს „გ.წ–თან“ ერთად გადაეცა გოგირდოვანი წყლის მოპოვების ლიცენზია. ლიცენზიის მფლობელი არის მხოლოდ შპს „გ.წ–ი“, რომლისგანაც გ.ა–ები, მათ შორის, მოპასუხე ყიდულობს მოპოვებულ წყალს;

16.2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ.წ–ს მწყობრიდან გამოჰყავს მრიცხველი, რის გამოც შეუძლებელია არტეზიული ჭიდან მოპოვებული და მოხმარებული გოგირდის წყლის მრიცხველით აღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ.წ–ს მწყობრიდან გამოჰყავს (გამოჰყავდა) მექანიკური მრიცხველები, რომლითაც ხდებოდა გოგირდის წყლის აღრიცხვა 2015 წლამდე, თუმცა ამჟამად უკვე არსებობს ელექტრონული მრიცხველები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გოგირდოვანი წყლის მოცულობის ზუსტად აღრიცხვა. ასეთი მრიცხველით აღრიცხავს მოპოვებული გოგირდის წყლის მოცულობას ლიცენზიის მფლობელი მომპოვებელი კომპანია შპს „გ.წ–ი“;

16.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ გატარებული/მოხმარებული გ.წ–ი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება მოსარჩელის კანალიზაციის ქსელში, რადგან გოგირდის წყლის მოპოვების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გადაკეტვა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაითვალისწინა გ.ა–ს მუშაობის სპეციფიკა, კერძოდ, ის გარემოება, რომ აბანოებს, მათ შორის, მოპასუხეს ესაჭიროება წყლის მუდმივი დინება, რათა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს წყლის გაწმენდა და მომხმარებლისთვის სუფთა წყლის მიწოდება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მუშაობს მხოლოდ 8:00 საათიდან 23:00 საათამდე და იგი მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარს გ.წ–ს კომერციული მიზნებისათვის, თუმცა მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის განმარტებას. სასამართლოს მსჯელობა და მის მიერ მიღებული საბოლოო დასკვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, კერძოდ, თუ მოპასუხე სრულად არ მოიხმარს გატარებულ წყალს კომერცული მიზნებისათვის, მაშინ ისმის კითხვა, ვინ უნდა გადაიხადოს 23:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე კანალიზაციაში ჩაღვრილი გოგირდის წყლის ფასი (კომერციული თუ საყოფაცხოვრებო), იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ამ წყალს გადაღვრის გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში, წმენდს და გაწმენდილ წყალს ღვრის მდინარე მტკვარში, რაც კომპანიას ძალიან ძვირი უჯდება;

16.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ.წ–ი უნიკალური სამკურნალო თვისებების მატარებელია და შეუძლებელია, რომ აბანოებს, მათ შორის, მოპასუხეს არ მიეცეს ფუნქციონირების საშუალება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეც ისეთივე კომერციული და მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, როგორიც მოპასუხე, ხოლო გ.ა–ების საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოა ვალდებული იზრუნოს მოპასუხის „გადარჩენაზე“ თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა არსებობს;

16.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც გაიზიარა მხოლოდ მოპასუხის განმარტება, რომ გოგირდის წყლის გატარების ღირებულების გაზრდილი ოდენობის გადახდა კომპანიას გააკოტრებს. მოპასუხეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო სასამართლომ პირიქით, მოსარჩელეს დააკისრა იმის მტკიცების ტვირთი, თუ რა ზიანი ადგება მას მოპასუხესთან 2015 წლამდე არსებულ რეჟიმში დარჩენის შემთხვევაში;

16.6. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სათანადო შეფასება. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ს–ის“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი (ტარიფში გათვალისწინებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება) ვერ უზრუნველყოფს კომპანიის მიერ სამართლიანი და გონივრული მოგების მიღების შესაძლებლობას და მოქმედი წყალარინების ტარიფის ნებისმიერი შემცირების შედეგად მომხმარებელთათვის წყალარინების მომსახურების გაწევა კომპანიისათვის გახდება არარენტაბელური (წამგებიანი);

16.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდება მოპასუხის მიერ წყალარინების ქსელში გატარებული გოგირდის წყლის მოცულობა, რაც არასწორია, რადგან აღნიშნულის დასადგენად მოსარჩელემ იშუამდგომლა, რომ დანიშნულიყო ექსპერტიზა, თუმცა 27.12.2018 წლის სხდომაზე მოპასუხემ სადავოდ აღარ გახადა წყლის მოცულობა და დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ოდენობას, რის გამოც მოსარჩელემ მოხსნა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ამ ფაქტის დადასტურების გამო, დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რომ მოპასუხე წყალარინების ქსელში ატარებს სწორედ იმ რაოდენობის გ.წ–ს, რაც სარჩელშია მითითებული;

16.8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერია, როდესაც მოპასუხეს წყალარინების ღირებულებას არიცხავს გატარებული წყლის მოცულობის მიხედვით. სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქმიანობას არეგულირებს მარეგულირებელი კომისია (სემეკი), რომელიც სწორედ იმიტომ არის შექმნილი, რომ არ დაირღვეს ბალანსი ლიცენზიატის უფლება-ვალდებულებებსა და მომხმარებლის უფლება-ვალდებულებებს შორის. დადგენილია, რომ წყალარინების ტარიფი დადგენილია სემეკის მიერ და გაუგებარია მისი დაცვა რატომ არის კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გ.ა–ებსა და, მათ შორის, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია სემეკის გადაწყვეტილება ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით და არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდა მის გაკოტრებას გამოიწვევს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მისი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

18. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

19. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

20. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

21. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

22. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; Nას-802-2019, 19 ივლისი, 2019 წელი).

23. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი). იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე Nას-221-213-2012, 21 მაისი, 2012 წელი), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ საქმე Nას-23-18-2011, 24 ივნისი, 2011 წელი).

24. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ. სუსგ საქმე Nას-528-501-2015, 04 ნოემბერი, 2015 წელი). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ საქმე Nას-549-521-2015, 18 ნოემბერი, 2015 წელი).

25. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით (Principles of European Contract Law (PECL), Art. 1:201). კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი მიჩნეულია ყოველისმომცველ პრინციპად, თუ არ არის დადგენილი კონკრეტული შემთხვევისთვის სპეციალური დანაწესი (Lando O., Is Good Faith an Over-Arching General Clause in The Principles of European Contract Law, European Review of Private Law, 6-2007, Kluwer Law International, 842.) (იხ. სუსგ საქმე Nას-668-668-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი – ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე – ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მან სადავო ტარიფის განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალარინებისთვის დადგენილი ტარიფებით, თუმცა, მეორე მხრივ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის საქმიანობისა და წყალმომარაგების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსარჩელემ მოპასუხისათვის ტარიფი განსაზღვროს სემეკის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში მოპასუხის ინტერესების მხედველობაში მიღების გზით (სსკ-ის 319.2 მუხლი). ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება გასაჩივრებულ განჩინებაში დაფიქსირებული მოპასუხის საქმიანობის არცთუ უმნიშვნელო საზოგადოებრივი და ისტორიულ-კულტურული როლიც (იხ. სუსგ საქმე Nას-668-668-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

28. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგება მას მოპასუხესთან განსხვავებულ რეჟიმში ყოფნისას და რა ოდენობით დააზარალებს მას ერთ კონკრეტულ, სხვა მომხმარებლებისაგან განსხვავებულ სუბიექტთან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი დარიცხვის წესი.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

31. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 447,46 ლარის 70% – 2 413,22 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/ნ N......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 24 ივლისს №22 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3447,46 ლარის 70% – 2413,22 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი