საქმე №ას-1186-2023 23 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ზ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი.ს.ლ.კ–ი L. A.C.C.T.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით ნ.ზ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ. ე. ს. ლ. კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი ეკვივალენტით ლარში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11 000 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა; პირგასამტეხლოს დაანგარიშების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 16 აგვისტოდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1000 აშშ დოლარისა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის დაიდო იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის 2.2. პუნქტის თანახმად, მოცემული ხელშეკრულების მიზნებისათვის დამკვეთის ინტერესს წარმოადგენს: მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის ვადაში არ ჩაინიშნოს აუქციონი იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით; მაქსიმალურად (შესაძლებლობის ფარგლებში) შემცირებული იქნას იპოთეკარისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა;
2.2. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა ანაზღაურების წესი და პირობები, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შეადგენს 2000 აშშ დოლარს (ეკ/ლარში), რომელიც დამკვეთმა უნდა გადაიხადოს იძულებითი აღსრულების შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. 4.2. პუნქტის თანახმად კი, დამკვეთი შემსრულებელს უხდის პრემიას 50%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიიღოს დამკვეთმა ან რომელთა გადახდისგან იგი გათავისუფლდა. ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგანთან მიმართებაში თუ იძულებითი აუქციონი არ დაინიშნება მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, შემდგომ ყოველ დამატებით თვეზე დამკვეთი შემსრულებელს უხდის პრემიას 1000 აშშ დოლარის (ეკ/ლარში) ოდენობით (იხ. ტ, 1, ს.ფ. 119-123);
2.3. 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმების თანახმად, მხარეები: ერთი მხრივ, მოპასუხე და მეორე მხრივ, მოსარჩელე კომპანია - წარმოდგენილი მისი დირექტორის - გ.ქ–ის სახით, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. მოპასუხე აღიარებს, რომ მოსარჩელე კომპანიის წინაშე მისი დავალიანება შეადგენს 11 000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარს, რომელსაც იგი გადაიხდის არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოს; 2. მოცემული შეთანხმების პუნქტი 1-ით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან; 4. მოცემული შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. შეთანხმება ხელმოწერილია მხარეთა მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 13);
2.4. 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით შეჩერდა „ნოტარიუს ქ.ო–ძის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული N130397125 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ზ.ა–ის მიერ დაწყებული იძულებითი აღსრულება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.“ აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2016 წლის 23 ივნისს შეჩერდა იძულებითი აღსრულება. 2016 წლის 30 ივნისს სასამართლოს წარედგინა მოპასუხის სარჩელი შპს „ვ.გ.ჰ. ჯ.ი–ის“ წინააღმდეგ, რომელიც წარმოებაში მიღებული იქნა 2016 წლის 4 ივლისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 192-209).
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე კომპანია მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს 2017 წლის 2 ივნისის შეთანხმების საფუძველზე. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმება მოტყუებით დადებული გარიგებაა, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ შეგნებულად არ დააფიქსირა არსებული დავალიანების წარმომავლობა. კერძოდ, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წელს მიმართა შეგებებული სარჩელით მოპასუხე კომპანიის დირექტორს - გ.ქ–ს, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ იურიდიული მომსახურების გაწევის ფასსა და პირობებზე, კერძოდ, იურიდიული მომსახურების საფასური შეადგენდა 2000 აშშ დოლარს, რომელიც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უნდა გადაეხადა იძულებითი აღსრულების შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე პრემიის სახით გადაიხდიდა 50%-ის ოდენობით იმ თანხიდან, რომლის გადახდისაგან იგი გათავისუფლდებოდა. 2016 წლის 17 ივნისს შეგებებული სარჩელით მოსარჩელესა და შეგებებული სარჩელით მოპასუხე კომპანიის დირექტორს - გ.ქ–ს შორის ზეპირი შეთანხმება გაფორმდა წერილობით. 2017 წლის 02 ივნისს გ.ქ–მა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს განუცხადა, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე სასამართლოში საქმის წარმოება დამთავრდება და მოსთხოვა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომელშიც მისივე თქმით ჩამოყალიბებული იყო ის პირობები, რაც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ხოლო მათ შორის ამგვარი სახის შეთანხმება იმიტომ გახდა საჭირო, რომ საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ გარანტირებულად მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელის, ასევე სააპელაციო საჩივრის თანახმად, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს გ.ქ–ის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა აკავშირებდა, არც ხელშეკრულება და მით უმეტეს, შეთანხმება არ წაუკითხავს და არც ეჭვი გასჩენია მისი შინაარსის სისწორეში, რის გამოც მან დაუფიქრებლად მოაწერა ხელი იმ იმედით, რომ დაპირებისამებრ 2017 წლის 15 აგვისტომდე გ.ქ–ი სასამართლოში დააყენებდა მისთვის სასარგებლო შედეგს. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით, გ.ქ–მა ბოროტად გამოიყენა მისი გავლენა და მოტყუებით მოაწერინა ხელი შეთანხმებაზე.
5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 4.2, 4.8 პუნქტებისა და 2017 წლის 2 ივნისის შეთანხმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარე აპელირებდა მოტყუების ფაქტზე, თუმცა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
7. პალატის განმარტებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა კი წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, მათ შორის, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მოიწონა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა.
8. სააპელაციო პალატის შეფასებით, იმ დოკუმენტებში, რომლებსაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ხელი მოაწერა, დეტალურად და გარკვევით არის აღწერილი გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა და მითითება იმის შესახებ, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს გ.ქ–ის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა აკავშირებდა, რის გამოც ხელშეკრულება და შეთანხმება არ წაუკითხავს და არც ეჭვი გასჩენია მისი შინაარსის სისწორეში, პალატის შეფასებით, დაუსაბუთებელია.
9. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან სახეზე არ არის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების სადავო პუნქტებისა და 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი, მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად ეთქვა უარი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 341.1 მუხლით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები კანონით დადგენილი ფორმით შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, კერძოდ, მოპასუხემ (მოვალე) იკისრა ვალდებულება, რომ არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოს 11 000 აშშ დოლარს გადაუხდის მოსარჩელე კომპანიას (კრედიტორი). მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულებაზე, შესასრულებელი ვალდებულების ოდენობასა და ვადაზე. გამომდინარე აქედან, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ სადავო ხელწერილი აკმაყოფილებდა ვალის აღიარების ხელშეკრულებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს. ამდენად, მოპასუხის მითითება 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, რომლის საპასუხოდაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, პალატის შეფასებით, საფუძველს მოკლებული იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აპელირება, რომ 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმებას ხელი მოაწერა 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოიაზრებდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იმ თანხის 50%-ის გადახდას, რისი გადახდისგანაც ის გათავისუფლებოდა. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების 4.2., 4.8. პუნქტებზე დაყრდნობით სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხემ 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმებით სწორედ ამ პუნქტებიდან გამომდინარე დავალიანება აღიარა.
12. სააპელაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მხარეთა შორის არსებული ვალის აღიარების შეთანხმების გასაბათილებლად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დააკისრა 11 000 აშშ დოლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს (არაუმეტეს 1000 აშშ დოლარი) გადახდა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. საკასაციო საჩივრის თანახმად:
18.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ფაქტების მტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყო;
18.2. სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება და არ იმსჯელა საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ არსებულ შეუსაბამოდ დიდი გასამრჯელოს ოდენობაზე. სასამართლომ არ გამოიკვლია, რომ ადვოკატმა არ გაუწია მოპასუხეს იურიდიული მომსახურება, რომლის საფასური მას გადახდილი ჰქონდა;
18.3. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების პირობების შემთავაზებელ მხარეს წარმოადგენს ადვოკატი და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ე.წ. სუსტი მხარის დაცვა, რომელსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს ხელშეკრულების პირობების შემუშავებასა და მოდიფიცირებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის განსაკუთრებული ნდობა და ურთიერთობა არსებობს. გ.ქ–მა ბოროტად გამოიყენა თავისი გავლენა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაც და შეთანხმებაც ბათილია სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე;
18.4. მოპასუხეს რომ სცოდნოდა, რა შინაარსის ხელშეკრულებაზე აწერინებდა ხელს მისი ადვოკატი და რა მიზნით (რომელიც არარსებულ ვალდებულებას წარმოშობდა), ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა. გ.ქ–მა ბოროტად გამოიყენა საკუთარი გავლენა და როგორც ხელშეკრულებაზე, ასევე შეთანხმებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინა. იგი საკუთარი არაკეთილსინდისიერი ქმედებით ცდილობს დადებული გარიგებიდან მიიღოს სარგებელი და უსაფუძვლოდ გამდიდრდეს;
18.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადვოკატს კლიენტისთვის იურიდიული მომსახურება არ გაუწევია. სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა და არც დამთავრებულა 15 აგვისტომდე, როგორც ამას გ.ქ–ი ჰპირდებოდა მოპასუხეს. სწორედ ამის გამო არ გადაიხადა მოპასუხემ შეთანხმებაში მითითებული თანხა. შეთანხმებაში მითითებული 11 000 აშშ დოლარი მოიაზრებდა სასამართლოს შემდეგ გადასახდელი თანხის ნახევარს. გ.ქ–ი 22 000 აშშ დოლარით შემცირებას ჰპირდებოდა მოპასუხეს;
18.6. მოსარჩელის მოთხოვნა წინააღმდეგობაშია როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე სამართლის ზოგად პრინციპებთან. კერძოდ, საუბარია იმ თანხის გადახდაზე, რომელიც არ შედის ადვოკატის კომპეტენციაში (ადვოკატის უფლებამოსილებას სცილდება საქმის შეჩერება 3 ან 10 თვით) და რომლის სამუშაოც არ შეუსრულებია, ასევე 11 000 აშშ დოლარი არის არარსებული თანხა, რომლის მიღება გ.ქ–ს უსაფუძვლოდ სურს. მას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. საქმის წარმოება სხვა ადვოკატმა გააგრძელა წარმატებით;
18.7. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 341-ე მუხლი და არ დაინტერესდა თანხის წარმომავლობით, რომელიც შეთანხმებაშია მითითებული.
19. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა 2017 წლის 2 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების კანონიერება.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2017 წლის 2 ივნისის შეთანხმება წარმოადგენს სსკ-ის 341.1 მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებას [სსკ-ის 341.1. მუხლი: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას].
21. ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას. ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 174).
22. რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე. დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით. დეკლარაციული ვალის აღიარების გავრცელებული ფორმებია: მოვალის შეპირება იმის თაობაზე, რომ ვალს მალე გადაიხდის, ბუღალტრული აქტი, ურთიერთშედარების აქტი, მხარის განცხადება დარჩენილი ვალდებულების განაწილვადების თაობაზე და სხვ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 176-177).
23. დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ივნისის შეთანხმების თანახმად, მხარეები: ერთი მხრივ, მოპასუხე და მეორე მხრივ, მოსარჩელე კომპანია - წარმოდგენილი მისი დირექტორის - გ.ქ–ის სახით, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. მოპასუხე აღიარებს, რომ მოსარჩელე კომპანიის წინაშე მისი დავალიანება შეადგენს 11 000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარს, რომელსაც იგი გადაიხდის არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოს; 2. მოცემული შეთანხმების პუნქტი 1-ით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან; 4. მოცემული შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. შეთანხმება ხელმოწერილია მხარეთა მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი).
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ვალის აბსტრაქტული, იგივე კონსტიტუციური აღიარება, რადგან აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, რომ არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოს, გადაუხადოს 11000 აშშ დოლარი მოსარჩელე კომპანიას, თუმცა აღნიშნულ შეთანხმებაში არ ჩანს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან ვალის აღიარება, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებაზე მიუთითებს და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში მოთხოვნაც ნამდვილია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს ძირითადი ვალდებულების სადავოობა.
25. მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა მოპასუხის შედავება, რომ აღნიშნული შეთანხმება და ასევე 2016 წლის 17 ივნისის იურიდიული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების 4.8 ქვეპუნქტი [იპოთეკის საგანთან მიმართებაში თუ იძულებითი აუქციონი არ დაინიშნება მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, შემდგომ ყოველ დამატებით თვეზე დამკვეთი შემსრულებელს უხდის პრემიას 1000 აშშ დოლარის (ეკ/ლარში) ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი)] ბათილია, რადგან დადებულია მოსარჩელის მიერ მისი მოტყუების შედეგად [სსკ-ის 81-ე მუხლი: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად].
26. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ დოკუმენტებში, რომლებსაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ხელი მოაწერა, დეტალურად და გარკვევით არის აღწერილი გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა და მითითება იმის შესახებ, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს გ.ქ–ის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა აკავშირებდა, რის გამოც ხელშეკრულება და შეთანხმება არ წაუკითხავს და არც ეჭვი გასჩენია მისი შინაარსის სისწორეში, დაუსაბუთებელია.
28. საკასაციო პალატა მხარეს დამატებით განუმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მქონე სუბიექტები ვალდებულნი არიან გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა. კასატორის მითითება, რომ დოკუმენტებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, როდესაც ჰქონდა მათი შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, მეტყველებს სწორედ მის წინდაუხედაობასა და ნდობით გამოწვეულ უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რაც არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1620,48 ლარის 70% – 1134,33 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ.ზ–ს (პ/ნ: ……) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 16 ნოემბრის №19397166416 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1620,48 ლარის 70% – 1134,33 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი