საქმე №ას-883-2024
30 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ბბ-ბ–ი“, შპს „L-G”, შპს „ბ–ი“, შპს „ლ–ო“ (შპს „ა.ბ–ი“), შ.ბ–ძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ქონების სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.დ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბბ-ბ–ის“, შპს „L-G”-ს, შპს „ბ–ის“, შპს „ლ–ოს“ (შპს „ა.ბ–ი“), შ.ბ–ძისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ მესაკუთრედ ცნობისა და ქონების სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა შპს „ბ–მა“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შპს „ბ–მა“ და შ.ბ–ძემ სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე შპს „L-G” სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება კასატორს ორჯერ გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ....., თუმცა არ ჩაბარდა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 235-240). საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, კასატორი მისამართზე არ იმყოფებოდა, აქვე აღნიშნულია, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლო გზავნილის შესახებ და თვითონ გამოცხადდებოდა ფოსტაში გზავნილის ჩასაბარებლად.
9. 2024 წლის 3 სექტემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის განჩინების გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე - d.@gmail.com. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის ხარვეზის განჩინება მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა და ჩაბარდა იმავე დღეს 2024 წლის 3 სექტემბერს (იხ. ტომი 3, ს.ფ. 242-244).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება კასატორს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა 2024 წლის 3 სექტემბერს და ჩაბარდა იმავე დღეს 2024 წლის 3 სექტემბერს (იხ. ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ. 244). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.
16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2024 წლის 4 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 10 სექტემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.დ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გიზო უბილავა