Facebook Twitter

საქმე №ას-897-2024

11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ბ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“, „მძღოლი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, , „მზღვეველი“, „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. დამზღვევის სახელზე მზღვეველის მიერ გაცემულია ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი, რომლითაც ავტო დელუქს მაქსი სადაზღვევო პროდუქტით 40 000 აშშ დოლარის ოდენობის სადაზღვევო თანხით დაზღვეულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი LAND ROVER RANGE SPORT SUPERCHARGED (გამოშვების თარიღი - 2014 წლის 1 იანვარი, სახ.№ ......);

6.2. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში - „ხელშეკრულება“), დაზღვევის პირობების მე-4 ნაწილის 5.9. პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოქმედებს მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და არ შემოიფარგლება მხოლოდ რისკის ხარისხის შეფასებისთვის აუცილებელი ინფორმაციით, არამედ იგი მოიცავს ანაზღაურების ოდენობის ან/და მოპასუხის ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას. დაზღვევის პირობების მე-4 ნაწილის 11.1.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს უარი განუცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა შემდეგ შემთხვევებს: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) არის წინასწარ შეცნობით არაზუსტი ან ყალბი;

6.3. 2021 წლის 23 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით (შედგომში - „სამართალდარღვევის ოქმი“), დაახლოებით 22:45 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ....... საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს დაირღვა მანევრირების წესი, რის შედეგადაც დამზღვევი დაეჯახა ბეტონის ჯებირს. შეჯახების შედეგად ავტომანქანა დაზიანდა მთლიანად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე დაჯარიმდა 250 ლარით;

6.4. სამართალდარღვევის ოქმში მოსარჩელემ განმარტა, რომ მოძრაობდა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით. გზის საფარი იყო თოვლიანი და მოყინული. მის წინ 15 მეტრში გადაირბინა სავალ ნაწილში ძაღლმა, რა დროსაც დაამუხრუჭა ვინაიდან ძაღლს არ დაჯახებოდა. გზის საფარი იყო მოყინული, მანქანა მოცურდა და მარჯვენა მხარეში არსებულ ბორდიულს დაეჯახა;

6.5. მზღვეველის 2022 წლის 24 მარტის წერილის თანახმად, „როგორც მზღვეველისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2022 წლის 23 დეკემბერს, დაზღვეული ავტომობილით მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც გზაზე გადაირბინა ძაღლმა და შეჯახების ასარიდებლად დაიწყო დამუხრუჭება. ვინაიდან გზის საფარი იყო თოვლიანი და მოყინული, ვერ მოახერხა ავტომობილის დამორჩილება და მოხდა შეჯახება. მზღვეველმა დანიშნა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ასევე, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის, ლ.ბ–იას მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს. რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა“;

6.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 მარტის სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ასევე, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის, ლ.ბ–იას მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს. რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა;

6.7. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ 2022 წლის 8 სექტემბრის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თუ აღნიშნული მასის ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით და მოსრიალდა, გახდა უმართავი, გადაადგილდება თავისუფალი ვარდნით (სრიალით). დარტყმა/დაჯახება მოხდა აღნიშნული ფორმითა და ხასიათით. ავტომობილზე დაზიანება შეიძლება განვითარებულიყო მსგავსი ფორმით. ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანებული ავტომანქანის მძღოლს ლ.ბ–იას საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან საავტომობილო გზის გვერდულაზე დამცავ ბეტონის ჯებირზე დაჯახებამდე მოძრაობისას ტექნიკური თვალსაზრისით (მანძილისა და დროის სიმცირის გამო) შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება;

6.8. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 24 მარტის დასკვნის მიხედვით, საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის მეთოდური ლიტერატურის თანახმად შესაძლებელია მხოლოდ ავტომობილის საბურავების მიერ გზის სავალ ნაწილზე დატოვებული სამუხრუჭე კვლების სიგრძის მიხედვით. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები - კომპიუტერული პროგრამები და შეჯახების Crash-Test-ის ტესტირებები ტექნიკური თვალსაზრისით იძლევიან იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მიახლოებით მნიშვნელობით განისაზღვროს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ავტომობილის მოძრაობის ფაქტობრივი სიჩქარე რამდენჯერმე აღემატებოდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის მიერ გამოკითხვის ოქმში მოცემულ სიჩქარეს 30/40 კმ/სთ. საექსპერტო პრაქტიკის და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 64 კმ/სთ სიჩქარით და მეტით. მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული ექსპერტიზის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილის ძარის წინა ნაწილზე აღინიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ: დაზიანებულია წინა ბამპერი, რადიატორის მოპირკეთება, მარცხენა და მარჯვენა წინა მაშუქი ფარები, ძრავის სახურავი, წინა მარცხენა და მარჯვენა ფარები, მთლიანად მოგლეჯილია და მწყობრიდანაა გამოსული ავტომობილის წინა დაკიდება და ძალური აგრეგატების მაკომპლექტებელი დეტალები, დეფორმირებულია ავტომობილის ლანჟერონები, ძარას მიღებული აქვს რთული დეფორმაცია და გადახრილია მარცხნიდან მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებები თავის ფორმითა და ხასიათით განვითარებულები არიან ბლაგვ მკვრივგარსიან საგანთან ურთიერთკონტაქტის შედეგად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საავტომობილო გზის მიღმა არსებულ ბორდიურზე შეჯახების მომენტში. ავტომობილის წინა ნაწილზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები, თავისი ფორმითა და ხასიათით განეკუთვნებიან, საშუალო სირთულის დეფორმაციებს, რომელთა განვითარებაც 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. საექსპერტო პრაქტიკიდან და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, მოცემული დაზიანებების განვითარება მყარ საგანთან ურთიერთკონტაქტის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე რამდენჯერმე აღემატება გამოკითხვის ოქმში აღნიშნულ სიჩქარეს. მოცემული მარკისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილზე მსგავსი სახის მექანიკური დაზიანებების მიღება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი სულ მინიმუმ 64 კმ/სთ და მეტი სიჩქარით მოძრაობის პირობებში.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დავას არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და მის შედეგად დამდგარი ზიანი. პალატის კვლევის საგანია მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა წინასწარი შეცნობით არაზუსტს ან ყალბს, როგორც ეს მხარეთა შორის გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს წინასწარ შეცნობით არაზუსტს ან ყალბს, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას სწორედ იმგვარი ინფორმაცია მიაწოდა, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, 2021 წლის 23 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედა ეწერის პოლიციის განყოფილების გამომძიებელთან გამოკითხვის ოქმის შედგენისას დააფიქსირა. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად გამოკითხვისას მიცემული ჩვენებიდან არ იკვეთება ის გარემოება, რომ მიცემული ჩვენება მიზნად ისახავდა ვინმეს განზრახ შეცდომაში შეყვანას. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ შემთხვევის დროს შეუძლებელია არსებული სიტუაციის სრული სიზუსტით გადმოცემა, ან თუნდაც მანქანის სიჩქარის ზუსტი დაფიქსირება, ვინაიდან შემთხვევა მყისიერია და შეუძლებელია ყოველგვარი ინფორმაციის განსაზღვრა კონკრეტულ სიტუაციაში. სატრანსპორტო შემთხვევისას ავტომობილის მძღოლის ყურადღება არ არის კონცენტრირებული ავტომობილის ზუსტ სიჩქარეზე და შესაძლოა შემთხვევისას განვითარებულ ავტომობილის სიჩქარეზე ზუსტად ვერც მიუთითოს. ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის მიხედვით ავტომობილის სიჩქარე აშკარად განსხვავდებოდა მძღოლის მიერ მითითებული სიჩქარისაგან. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ავტომობილის სიჩქარე 64 კმ/სთ რომ ყოფილიყო, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, ან ავტომობილის მართვისას უხეში გაუფრთხილებლობა გამოიჩინა. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება მძღოლის მხრიდან მეტისმეტი დაუდევრობა ან უყურადღებობის მაღალი ხარისხით გამოჩენა ან მზღვეველის შეცდომაში შეყვანის განზრახვა.

9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებასა და უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია.

10. უხეში გაუფრთხილებლობის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. ბრალის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღების მოთხოვნის დაცვა.

11. სააპელაციო პალატამ ბრალეულობის საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: (1) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (2) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (3) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (3) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას, მოყინულ გზაზე; (4) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დაასკვნა, რომ დამზღვევის მოქმედება მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა დაკვალიფიცირდეს.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როდესაც, მაგალითად, ბრალეული მძღოლი საწინააღმდეგო ზოლში გადადის ქარაფშუტული მანევრირებით და მიზანმიმართულად აგრძელებს გზას. წინამდებარე საქმეში, უდავოა, რომ გზის საფარი იყო თოვლიანი და მოყინული, ამასთან, მძღოლის სავალ ნაწილში გადაირბინა ძაღლმა, რა დროსაც დაამუხრუჭა, მანქანა მოცურდა და მარჯვენა მხარეში არსებულ ბორდიულს დაეჯახა. იმ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, ბრალეული მძღოლის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას არც სიჩქარის გადაჭარბება, არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა და არც ქარაფშუტული მანევრირების გზით საწინააღმდეგო ზოლში მოძრაობა იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ მძღოლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს, რადგან სამართალდამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც, მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან თავისუფლდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამზღვევის პოზიცია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე (სსკ-ის 829-ე მუხლი), საფუძველს მოკლებულია.

13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზღვევის პირობების 4.3. პუნქტზე, რომლის თანახმად, სრული ზარალის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას, საკუთრების უფლება დაზიანებულ ავტოტრანსპორტზე, ხოლო, ნაწილობრივი დაზიანებისას/ზარალისას ავტოტრანსპორტის ნაწილებზე გადაეცემა სადაზღვევო კომპანიას. პალატა მხარეთა მითითებულ შეთანხმებას ანაზღაურების წინაპირობად განიხილავს და შესაბამისად, სრულ ანაზღაურებას მარტოოდენ აღნიშნული პირობის შესრულების სანაცვლოდ უშვებს. ამ მიმართებით სასამართლომ გამოიკვლია ფაქტი მასზედ, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქმის განხილვის დროისათვის სს „ს.კ.ა–ის“ მფლობელობაშია. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩეისათვის 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, მზღვეველისთვის დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

15.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის 23 დეკემებრს მომხდარი შემთხვევა არ იყო გამოწვეული მოპასუხის უხეში გაუფრთხილებლობით და სადაზღვევო კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა წინასწარი შეცნობით არაზუსტ ან ყალბ ინფორმაციას. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ გამოიტანა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითა და განმარტების შედეგად, რის საფუძველზეც, მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და რიგ შემთხვევებში, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

15.2. უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, მზღვეველის 2022 წლის 24 მარტის წერილის მიხედვით: როგორც მზღვეველისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2022 წლის 23 დეკემბერს, დამზღვევი ავტომობილით მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც გზაზე გადაირბინა ძაღლმა და შეჯახების ასარიდებლად დაიწყო დამუხრუჭება. ვინაიდან გზის საფარი იყო თოვლიანი და მოყინული, ვერ მოახერხა ავტომობილის დამორჩილება და მოხდა შეჯახება. მზღვეველმა დანიშნა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ასევე, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის, ლ.ბ–იას მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს. რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. სასამართლომ სწორედ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაუთვალისიწინებლობით დადგინდა, რომ მოსარჩელის ქმედება არ იყო გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობით. მოსარჩელემ ვერ შეძლო გაებათილებინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები;

15.3. ექსპერტი დავით გველესიანი შეჯამებული მტკიცებულებების საფუძველზე ასკვნის, რომ მძღოლის სიჩქარე 64 კმ/სთ-ს აღემატებოდა, მაგრამ დაზუსტებით არ ამბობს, რომ ავტომობილი მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით. მით უმეტეს როდესაც ექსპერტისთვის ცნობილი იყო გზის მდგომარეობა, რომ ის იყო მოყინული და თოვლიანი. გამოკითხვის დროს ექსპერტმა არაერთხელ ახსენა ის ფაქტი რომ მან გაითვალისწინა გზის მდგომარეობა;

15.4. იმისათვის, რომ სასამართლოსთვის ნათელი ყოფილიყო ავტომობილის მდგომარეობა და ის ფაქტი თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ექსპერტს დაესვა შემდეგი შეკითხვები: არსებული მასალების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია თუ არა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს მძღოლის ჩვენებაშია მოცემული და ასევე, ავტომობილის მძღოლის მხრიდან დარღვეულია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და დადებით შემთხვევაში რომელი მუხლი. დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ასევე, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის, ლ.ბ–იას მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა და შესაბამისად დასკვნა დაფუძნებულია მტკიცებულებებზე, რაც მოსარჩელის მიერ იქნა მოწოდებული, მეტიც ექსპერტის მიერ მოხდა ადგილის დათვალიერება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სავალი გზა იყო მოყინული და თოვლიანი, შესაბამისად, სახიფათო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას განსაკუთრებით უნდა იქნეს დაცული დაბალი სიჩქარით მოძრაობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოცურება, ან ავტოსაგზაო შემთხვევა;

15.5. ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის მეთოდური ლიტერატურის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ ავტომობილის საბურავების მიერ გზის სავალ ნაწილზე დატოვებული სამუხრუჭე კვლების სიგრძის მიხედვით. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები - კომპიუტერული პროგრამები და შეჯახების Crash-Test-ის ტესტირებები ტექნიკური თვალსაზრისით იძლევიან იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მიახლოებით მნიშვნელობით განისაზღვროს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ავტომობილის მოძრაობის ფაქტობრივი სიჩქარე რამდენჯერმე აღემატებოდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის მიერ გამოკითხვის ოქმში მოცემულ სიჩქარეს. საექსპერტო პრაქტიკის და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 64 კმ/სთ სიჩქარით და მეტით. მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა; ავტომობილის წინა ნაწილზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები, თავისი ფორმითა და ხასიათით განეკუთვნებიან, საშუალო სირთულის დეფორმაციებს, რომელთა განვითარებაც 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია;

15.6. წარმოდგენილი მასალებით, იმ მომენტისათვის როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს შეექმნა საფრთხე, მოძრაობაში ავტომობილსა და ძაღლს შორის არსებული მანძილი იყო დაახლოებით 15 მეტრი. 15 მეტრის დაფარვას 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოანდომებდა 1.35 წმ. ხოლო მძღოლს რეაქციისათვის მოცემულ საგზაო სიტუაციაში ესაჭიროება ჯამში 1.7 წმ. დრო ( მარტო რეაქციისათვის მძღოლს ესაჭიროება 1.4 წმ, საჭის მართვის მექანიზმის მოქმედებაში მოყვანისათვის 0.3). შესაბამისად, ძაღლთან შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა, რასაც ადგილი არ ქონია. ავტომობილი თავისი მოძრაობის ტრაექტორიის ხაზიდან გადასულია საავტომობილო გზიდან მარჯვნივ და კონტაქტშია ბეტონის ბორდიულთან რა დროსაც მაღალი კინეტიკური ენერგიისა და შესაბამისი მაღალი სიჩქარის ხარჯზე მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილის წინა ნაწილი და ავტომობილზე განვითარდა დეფორმაციები, რომელთა წარმოქმნაც 30/40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია; დაახლოებით 60/80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 15 მეტრი მანძილის დაფარვას მოანდომებდა დაახლოებით 09/07 წმ-ს, აღნიშნული დრო იქნებოდა მძღოლის განკარგულებაში ძაღლზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად. როცა მარტო რეაქციისთვის მოცემულ საგზაო სიტუაციაში მძღოლს ესაჭიროება 1,4 წმ დრო, ხოლო გააზრების შემდეგ კი საჭის მართვის მექანიზმის მოქმედებაში მოყვანისთვის 0,3 წამი ე.ი სულ ჯამში 1,7 წმ. დრო. 30 კმ.სთ სიჩქარით მოძრავი ძაღლი საშუალოდ 0,8 წმ დროში დაფარავდა დაახლოებით 6,6 მეტრ მანძილს, როცა სავალი ნაწილის სიგანე შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით 7,0 მეტრია. იმ მომენტისთვის როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი მიუახლოვდებოდა ძაღლის მოძრაობის ტრაექტორიის ხაზს, ძაღლს გზაზე შემოსვლიდან წინა ნაწილით გავლილი ექნებოდა მძღოლის სამოძრაო ზოლი, შესაბამისად მათ შორის შეჯახებაც გარდაუვალი იქნებოდა. ძაღლი გზის გადაკვეთას და ავტომობილზე გადასწრებას ვერ შეძლებდა, ხოლო მძღოლი მანევრის დაწებასაც ვერ მოასწრებდა.

15.7. მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რომლიც მოიცავდა საგზაო ნიშნებისა და სხვა უგულებელყოფას და აღსანიშნავია, რომ იგი დამზღვევის მეირ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მძღოლი აღიარებს იმ ფაქტს რომ მის მიერ დაირღვა მანევრირების და სხვა წესები;

15.8. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ყოვლად შეუსაბამო გარემოებას მოიცავს და დაუშვებელია მისი გათვალისწინება. ექსპერტმა რ. ვ–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშულება რა სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი, მაშინ როდესაც მის მეირ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად ეფუძნება დამუხრუჭების პროცესის განვითარებას; მზღვეველის მიერ განმეორებით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა კიდევ უფრო მკაფიოდ მოიცავს განმარტებას, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების მასეთი ფორმულირებით განვითარების შეუძლებლობაზე. ექსპერტის მიერ მკაფიოდ არის მითითებული რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მითითებული;

15.9. ზემოაღნიშნული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე მტკიცდება, რომ დამზღვევის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწორი და უტყუარი ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, რაც დაზღვევის პირობების შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის საფუძველს წარმოადგენს.

15.10. სსკ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება არის ის უტყუარი და შეუცვლელი პრინციპი რომელზეც აგებულია სრულიად სამართალი;

15.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსტრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად (იხ. სუსგ №1319-1257-2014). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო კონკრეტულ ქმედებას უხეშ გაუფრთხილებლობად აფასებს, თუკი სახეზეა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უგულებელყოფა, რადგანაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ვალდებულნი არიან მეტი სიფრთხილით იმოქმედონ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, მისი, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ამასთან, სადავო არ არის სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და მის შედეგად დამდგარი ზიანი. საკასაციო საჩივარი ორ ძირითად პრეტენზიაზეა აგებული, კერძოდ, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაცია არაზუსტი/ყალბია და სახეზეა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 1) დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა წინასწარი შეცნობით არაზუსტს ან ყალბს და 2) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია თუ არა მოსარჩელის უხეშმა გაუფრთხილებლობამ.

22. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016 წელი).

25. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება. წინამდებარე საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, ამასთან, დამზღვევმა წარდგენილი მტკიცებულებებით დაამტკიცა, რომ ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას. შესაბამისად, სადაზღვეო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

28. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომობილის მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ჩადენისა და მის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის დადასტურება (რაც მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად), მზღვეველის (მოპასუხის) მტკიცების ტვირთში შედიოდა.

30. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).

31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები მთლიანად აგებულია მოპასუხის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ:97-122. რედ: ზ.ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).

33. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

34. განსახილველ საქმეში, როგორც მოსარჩელეს, ასევე, მოპასუხეს წარმოდგენილი აქვთ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევაზე სხვადასხვა შედეგის დასკვნას შეიცავენ, განსხვავებულია მითითება ავტომობილის სიჩქარესთან დაკავშირებითაც. კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 24 მარტის დასკვნის მიხედვით, ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 64 კმ/სთ სიჩქარით და მეტით, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ 2022 წლის 8 სექტემბრის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თუ აღნიშნული მასის ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით და მოსრიალდა, გახდა უმართავი, გადაადგილდება თავისუფალი ვარდნით (სრიალით). საქმეში, ასევე, წარდგენილია გამოკითხვის ოქმი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აღწერს, რომ დაზღვეული ავტომობილით მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც გზაზე გადაირბინა ძაღლმა და შეჯახების ასარიდებლად დაიწყო დამუხრუჭება. ვინაიდან გზის საფარი იყო თოვლიანი და მოყინული, ვერ მოახერხა ავტომობილის დამორჩილება და მოხდა შეჯახება. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე, ამასთან მის მიერ გამოკითხის ოქმში დასახელებული სიჩქარე დაახლოებით ემთხვევა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ 2022 წლის 8 სექტემბრის დასკვნაში დასახელებულ სიჩქარეს და ბევრად არ აღემატება თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 24 მარტის დასკვნაში მითითებულ სავარაუდო სიჩქარეს. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ სადაზღვევო შემთხვევა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა ან რომ ამ მონაკვეთზე დაშვებული იყო კონკრეტული სიჩქარით გადაადგილება. ასეც რომ არ იყოს, გამოკითხვის ოქმში დამზღვევის მიერ სიჩქარის აღქმასთან მიმართებით შეცდობის დაშვება საკმარის საფუძველს ვერ შექმნის იმის უტყუარად დასადგენად, რომ მძღოლმა მზღვეველს წინასწარი შეცნობით არაზუსტი/ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. მზღვეველს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ სადაზღვევო შემთხვევის მონაკვეთი მოთოვლილი/მოყინული იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაციის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი არ იყო.

35. რაც შეეხება იმ გარემოების შეფასებას ადგილი ჰქონდა თუ არა უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად განმარტავს რა შეიძლება ჩაითვალოს უხეშ გაუფრთხილებლობად.

36. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.

37. უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.).

38. საკასაციო პალატის განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).

39. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი.

40. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა მოსარგებლე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე, თუმცა რაკი საქმეზე გამოიკვეთა, რომ საგზაო შემთხვევის ადგილი დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენდა, ამიტომ მძღოლის მხრიდან თუნდაც 64კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, სიჩქარის იმგვარ გადაჭარბებად და ავტომობილის ისეთი ხასიათის მართვად ვერ შეფასდება, რაც მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საშუალებას განაპირობებს.

41. საქმის მასალებით არც ის გარემოება არ დადასტურდა, რომ ავტომობილის მართვის პროცესში მოსარგებლე ალკოჰოლური ან სხვაგვარი თრობის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ავტომობილის მართვისას აუცილებელი ყურადღება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით ვერ გამოიჩინა (იხ. სუსგ საქმე Nას-1319-2023, 6 თებერვალი, 2024 წელი).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

45. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-1319-2023, 6 თებერვალი, 2024 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

46. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ა–ის“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 15 ივლისს №33f საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5460 ლარის 70% – 3 822 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე