Facebook Twitter

საქმე №ას-796-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი

გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ს.დ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 1 ოქტომბრის ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება - 3000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. ხანძრის შედეგად, 2019 წლის 31 მარტს, დაზიანდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ბინები და სახურავი, რომელიც მდებარეობს ბორჯომის რაიონში, …….., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …….

3.2. ხანძრის გაჩენის დროისათვის მრავალბინიან სახლში მდებარე ბინა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ………), რეგისტრირებული იყო ი.დ–ძის საკუთრების უფლებით. ი.დ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 23 თებერვალს, სამკვიდრო მოწმობა გაიცა მეუღლეზე მ.კ–ზე, რის საფუძველზეც ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მ.კ–ს სახელზე. მოსარჩელე არის ი.დ–ძის და მ.კ–ს შვილი.

3.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენით, მოპასუხესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ის ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დადგენილია, რომ მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა რესტორანი, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული მ.კ–ძეს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით დაამონტაჟა მწვადის შესაწვავი მოწყობილობის საკვამლე მილი, საიდანაც გაჩნდა ხანძარი, მოედო სახურავის ხის კონსტრუქციას, გადავიდა საცხოვრებელ ბინაზე და დაზიანდა მთლიანად საცხოვრებელი კორპუსი. ბინების მესაკუთრეებს მიადგათ 851 083 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

3.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დადგენილი მატერიალური ზიანის - 851 083 ლარის ოდენობაში არ შედის სახურავის შეკეთების ხარჯი, ვინაიდან, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სახურავი საჭიროებდა დაუყოვნებლივ შეკეთებას და შეკეთდა სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებამდე.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის სადავოა ხელწერილით ვალის არსებობის/ვალდებულების აღიარების ფაქტის ნამდვილობა. შესაბამისად, გამოსარკვევი იყო ვალის აღიარების ხელშეკრულების/ხელწერილის კანონშესაბამისობა და შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები.

4.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელწერილი ხელმოწერილია მოპასუხის მიერ.

4.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 341-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხემ ხელწერილით აღიარა ვალის/მიყენებული ზიანის 8000 ლარის არსებობა და იკისრა მისი ანაზღაურების ვალდებულება, რაც უდავოდ მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას.

4.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზიანებული სახლის (მდებარე: ბორჯომის რაიონი, ……., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ………), სახურავი შეკეთდა შპს „ა–ის“ მიერ, რომელსაც 2019 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში მოსარჩელემ გადაუხადა თანხები (დანიშნულებაში მითითებულია, აღდგენითი სამუშაოები ბინა #53). ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ გადახდილი 3000 ლარი, რაც მიზნად ისახავდა მრავალბინიანი სახლის საერთო ფართის რემონტს, გადაეხადა 2020 წლის 31 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ აღნიშნული თანხა იყო სახურავის შეკეთების თანხა, რომელიც გარდაცვლილი ბინის მესაკუთრის - ი.დ–ძის შვილმა - მოსარჩელემ გადაიხადა.

4.4. აპელანტის განმარტებით, მის მიერ ვალის აღიარების ხელწერილის შედგენა განპირობებული იყო მოსარჩელის მხრიდან იძულებითა და მუქარით, რადგან მოსარჩელე მას ციხეში გაშვებით ემუქრებოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე. აღნიშნულ განმარტება არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ი) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

4.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით, მოსარჩელის ან სხვა პირის მხრიდან მოპასუხის იძულების ფაქტი არ დასტურდება და დაუდასტურებელია გარიგების გაფორმება კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების შედეგად.

4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა იძულების (ძალადობის, მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის) ფაქტი.

4.7. სააპელაციო სასამართლომ განსჯადობასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიის საპასუხოდ, განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა; ამდენად, ის გარემოება, რომ ზარალის ობიექტი მდებარეობს დაბა ბაკურიანში და მოპასუხის საცხოვრებელია ბორჯომი, ……., მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობას არ განაპირობებს. ვინაიდან სარჩელი წარდგენილია სსსკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით (ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში კი, კრედიტორის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია: ქ. თბილისი, ………... შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმე განიხილა განსჯადმა სასამართლომ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და ფაქტობრივი გარემოებების უმეტესობა არასწორად არის დადგენილი. სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ სახურავის შეკეთება იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება და მათივე ინიციატივით ააგროვეს თანხა. მოპასუხის განმარტებით, მან ვალის აღიარების ხელწერილი შეადგინა მოსარჩელის მხრიდან იძულებითა და დაშინებით, რადგან მოსარჩელე ციხეში გაშვებით ემუქრებოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე.

5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და ფაქტობრივი გარემოებების უმეტესობა არასწორად არის დადგენილი.

11. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა სადავო გარემოება - ხელწერილით ვალის არსებობის აღიარების ფაქტის ნამდვილობა, დაადგინა ვალის აღიარების ხელწერილის კანონშესაბამისობა და დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები.

12. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელწერილი ხელმოწერილია მოპასუხის მიერ. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) საფუძველზე. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. დამატებით: ეკატერინე ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ: სუსგ-ები: N ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; N ას-226-213-2015, 18.05.2015წ; N ას-483-2023, 18.10.2023; N ას-981-2022, 29.02.2024წ.).

13. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვალის აღიარების განმასხვავებელი ნიშანი ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან არის ის, რომ ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეების არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ებს: №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018 წ.; Nას-758-2019, 22.10.2019წ.; Nას-246-2020; 12.11.2020წ.; Nას-433-2020; 19.11.2020წ; Nას-87-2020; 18.11.2021წ.; Nას-884-2021; 31.05.2022წ.; Nას-634-2022; 16.09.2022წ.; Nას-783-2023; 29.09.2023წ. N ას-483-2023, 18.10.2023წ; N ას-26-2024 15.04.2024 წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელწერილით აღიარა ვალის/მიყენებული ზიანის 3000 ლარის ოდენობით არსებობა და აიღო მისი ანაზღაურების ვალდებულება, რაც უდავოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა იყო სახურავის შეკეთების თანხა, რომელიც გარდაცვლილი ბინის მესაკუთრის - ი.დ–ძის შვილმა/მოსარჩელემ გადაიხადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზიანებული სახლის (მდებარე: ბორჯომის რაიონი, ………., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …………), სახურავი შეკეთდა შპს „ა–ის“ მიერ, რომელსაც 2019 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში მოსარჩელემ გადაუხადა თანხები (დანიშნულებაში მითითებულია, აღდგენითი სამუშაოები ბინა #53). ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ მრავალბინიანი სახლის საერთო ფართის რემონტისთვის გადახდილი 3000 ლარი გადაეხადა 2020 წლის 31 დეკემბერს.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მის მიერ ვალის აღიარების ხელწერილის შედგენა განპირობებული იყო მოსარჩელის მხრიდან იძულებით, ფსიქოლოგიური ძალადობითა და ციხეში გაშვების მუქარით.

17. სსკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

18. სსკ-ის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, პ. 211).

19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებითა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებით, სადავო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით, მოსარჩელის ან სხვა პირის მხრიდან მოპასუხის იძულების ფაქტი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ დასტურდება.

22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ზ–ას (პ/ნ .........) მიერ 12.07.2024 წელს #22811507856 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური