საქმე №ას-598-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ი, თ.დ–ი, ნ.დ–ი, ე.ა–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.დ–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე), თ.დ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე), ნ.დ–ისა (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) და ე.ა–ის (შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე) სარჩელი მ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის გამო; მოპასუხეს მოსარჩელეების სასრგებლოდ 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 201.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
5. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.
7. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებელს); 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
8. წინამდებარე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სსსკ-ის 184-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „ს“-ის შეტყობინებით დასტურდება, რომ 2022 წლის 26 იანვარს მოპასუხემ (პ/ნ .......) უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის - სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 40).
9. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, რაც სსსკ-ის 233-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი შინაარსით, საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები.
11. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
12. სააპელაციო სასამართლომ სტრასბურგის სასამართლოს განმარტებებზე მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებთან მიმართებით. საქმეში “ბართაია საქართველოს წინააღმდეგ” (26 ივლისი, 2018 წელი, საჩივარი №10978/06-ხელმისაწვდომია:<https://www.supremecourt.ge/uploads/files/1/pdf/s_winaagmdeg/bartaia-saqartvelos-winaagmdeg.pdf>) ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სასამართლომ უნდა დაადგინოს მომჩივანს - სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, შედგება მხარეთა უფლებისგან, წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი საქმესთან მიმართებით სათანადოდ მიიჩნევენ. ვინაიდან კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები. აღნიშნული უფლება ეფექტიანად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ფაქტობრივად „მოუსმენენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოები მის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს სათანადოდ განიხილავენ. კონვენციის მე-6 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, სამართლებრივი სისტემები იმგვარად მოაწყონ, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, რაც აგრეთვე მოიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუმცა, აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვა პროცედურული გარანტიების ხარჯზე. ფაქტობრივად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, პირველ ყოვლისა, მიზნად ისახავს მხარეთა ინტერესებისა და მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით მოცემული სტანდარტების, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, დაცვა. სამოქალაქო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დროს სასამართლომ უნდა განსაზღვროს: (I) ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინა თუ არა გულმოდგინება, როდესაც მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია; აგრეთვე, შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს, რომ მომჩივნებმა უარი თქვეს მათ უფლებაზე-წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და დაეცვათ საკუთარი თავი; (II) ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა სათანადო საშუალებებს, რომლებიც მომჩივნებს უზრუნველყოფდა ახალი შეჯიბრებითი სამართალწარმოებით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდებოდა მათ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
15. სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2 თვის ვადაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ მოპასუხე მ.ხ–მა 2022 წლის 26 იანვარს უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის - სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე, რაც, სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გზავნილი მოპასუხისთვის ჩაბარებულად ჩათვლილიყო. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მოპასუხეს წარმოეშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ვალდებულება (როგორც ეს სასამართლო გზავნილშია მითითებული), რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
17. სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
18. სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას სსსკ-ის 241-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
19. ზემოაღნიშნულმა ფაქტობრივმა და სამართლებრივმა გარემოებებმა სააპელაციო სასამართლოს საფუძველი შეუქმნა დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სსსკ-ის 241-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
20.2. კასატორის განმარტებით, მას კანონით დადგენილი წესით სასამართლო შეტყობინება არ მიუღია, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს;
20.3. კასატორმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა მიმართ დავალიანება არ აქვს, ის ც.დ–ს, სახლის ნასყიდობისას, დაჰპირდა, რომ დამატებით 10 000 ლარს გადაუხდიდა, საიდანაც 6 000 ლარი გადახდილი აქვს და გადასახდელი აქვს მხოლოდ 4 000 ლარი;
20.4. კასატორი მიუთითებს თავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, ასევე იმაზე, რომ მხოლოდ ის არჩენს 12-წევრიან ოჯახს.
20.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების განჩინება, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების კანონიერება მოპასუხისთვის (კასატორისთვის).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
25. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
27. შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
28. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი. კერძოდ, მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა და მის საკასაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიასაც ის წარმოადგენს, რომ მას არ ჩაუბარებია და არც უარი განუცხადებია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე.
29. სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კანონის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
30. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
31. განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 26 იანვრის საფოსტო ბილით დგინდება, რომ მოპასუხემ (კასატორმა) უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 40). მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, მოპასუხეს არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
32. მოპასუხემ ვერც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრითა და ვერც სააპელაციო საჩივრით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ასევე ვერ მიუთითა ამავე კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, რისი მტკიცების ტვირთიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩირებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. საქმეში ფორმა NIV-50/4 და საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური