Facebook Twitter

საქმე №ას-755-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდეგში: მოსარჩელე, ფონდი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, სს ,,ა.დ–ვა“-ს (შემდეგში მოპასუხე ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ (APB/20092838 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია). მოპასუხეს დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 180 683.99 (ას ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ (APB/20-092837 საავანსო გადახდის საბანკო გარანტია). მოპასუხეს დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 850 000 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ (APB/19- 092030 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია). მოპასუხეს დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 309 927 (სამას ცხრაათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ (CPB/19-004716 ხელშეკრულების შესრულების გარანტია). მოპასუხეს ასევე დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 249 775 (ორას ორმოცდაცხრა ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ (ხელშეკრულების შესრულების გარანტია CPB/20-005438) მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 180 683.99 (ას ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდასამი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 850 000 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 309 927 (სამას ცხრა ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 249 775 (ორას ორმოცდაცხრა ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ფონდის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ სარჩელის ნაწილში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლისს 23 იანვრის განჩინებით მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელმა თ.ბ–ძემ წარადგინა განცხადება, რომლის საფუძველზე დგინდება, რომ სადაზღვევო კომპანიაში განხორციელებული შიდაორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, კომპანია სს "ა.დ–ვამ” შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს "ს.კ.ა–ს". აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა ცვლილების გათვალისწინება და საქმეში შესაბამისი ფორმით ასახვა. განცხადებას თან ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შიდაორგანიზაციული ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი სს „ს.კ.ა–ის“ საიდენტიფიკაციო ნომრად ფიქსირდება .......

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; სამოქალაქო დავაში №2ბ/121-23 შპს სს „ა.დ–ვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერია ......) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს.კ.ა–ი”.

6. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხის/აპელანტის განცხადება და მოცემულ საქმეზე დაადგინა უფლებამონაცვლეობა. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში:სსკ) 199-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში, როგორც წესი, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობა გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან, კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებიდან ან კანონიდან. მოცემულ შემთხვევაში სს „ა.დ–ვა“ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს უთმობს სს „ს.კ.ა–ს“, რაც დაშვებულია სამოქალაქო კანონმდებლობით და აღნიშნული სახით მოთხოვნის დათმობა არ ეწინააღმდეგება კანონს და არც ვალდებულების არსს. ამასთან მოსარჩელე ფონდის სამოქალაქო საქმეში მოპასუხე სს ,,ა.დ–ვის" საიდენტიფიკაციო ნომერი იყო ......, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი ........ განცხადებაზე თანდართული 2024 წლის 28 მაისის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს სადაზღვევო კომპანია ,,ა–ის" საიდენტიფიკაციო ნომერია ......; იურიდიული მისამართი ...........

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებების და მოვალეობების სუბიექტის შეცვლა დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს. ამასთან, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მზღვეველის გადახდისუუნარობის გარანტიებს და ადგენს, რომ მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია, დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილია სადაზღვევო საფინანსო-სარეზერვო რესურსების მიმართ მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულოდ არის დასაცავი სადაზღვევო კომპანიების მიერ და რომელთა დაცვა მუდმივად და უწყვეტად კონტროლდება სპეციალური სახელმწიფო უწყების - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებები, მათ შორის მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, უზრუნველყოფილია კანონმდებლობით განსაზღვრული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საფინანსო- სარეზერვო რესურსებით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტი მხარის- სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენლის განცხადება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და შესაბამისად სს „ა.დ–ვის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ დავაში ცნობილ უნდა იქნას სს „ს.კ.ა–ი“.

12. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხე მხარის უფლებამონაცვლედ სს “ა.დ–ვა”-ს (საიდენტიფიკაციო N ......) ცნობა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ სადავო პროცესში კრედიტორს წარმოადგენს ფონდი, შესაბამისად, მოვალე არის სს “ა.დ–ვა”, რადგან საქმე ეხება არა მოთხოვნის დათმობას, არამედ- ვალის გადაკისრებას, რაც სსკ-ის 204-ე მუხლით არის მოწესრიგებული: “ თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული”. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ “საფირმო სახელწოდება/ბრენდი “ა.დ–ვა” სადაზღვევო ბაზარზე ახალი საიდენტიფიკაციო კოდით შექმნილმა სამართალსუბიექტმა სს “ა.დ–ვამ” (საიდენტიფიკაციო კოდით ..........) წაიღო. საფირმო სახელწოდება კი არის სახელი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს. სახელი პირის იდენტიფიკაციისა და ინდივიდუალიზაციის საშუალებას წარმოადგენს, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. სწორედ საფირმო სახელწოდება - “ა.დ–ვა” და სასაქონლო ნიშანი “ა–ი” არის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი აღნიშნული კომპანიის ცნობადობას და მისი სტაბილური ბიზნეს საქმიანობის. სს “ა.დ–ვა” (ს/კ ......) ახალი საიდენტიფიკაციო კოდით აგრძელებს ყოფილი სს “ა.დ–ვის” (ს/კ .......) ქვეშ მყოფი დაზღვეული პირების მომსახურებას.”

13. კერძო საჩივრის ვრცელი არგუმენტები იმასაც ეხება, რომ საჩივარზე მტკიცებულებების სახით დართული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებებიც ადასტურებს, რომ სს “სადაზღვევო კომპანია ა. ა.ჰ–ის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიაში ცვლილება შევიდა შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ახალი სუბიექტის სს “ა.დ–ვას” (საიდენტიფიკაციო კოდით .......) განცხადების საფუძველზე, ინტერნეტ სივრცეში “ს.კ.ა–ი”, მისი ბიზნეს საქმიანობა არც კი იძებნება, მხოლოდ სამშენებლო კომპანია ა–ია ძიების შედეგად ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი ..... და იურიდიული მისამართი: ...... იგივე აქვს სს “ს.კ.ა–ს”, რაც სს “ა.დ–ვას" ჰქონდა, ინტერნეტ სივრცეში ისევ “ძველი” “ა.დ–ვის” ვებ.გვერდია მხოლოდ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახლად მოძიებულ დაზღვეულებს არა ძველი სს “ა.დ–ვა” (საიდენტიფიკაციო კოდით ......), არამედ ახალი სს “ა.დ–ვა” (საიდენტიფიკაციო კოდით .....) აზღვევს და ემსახურება. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სს “ს.კ.ა–ი” არ წარმოადგენს სს “ა.დ–ვას”(საიდენტიფიკაციო კოდით .....) 100 %-იან უფლებამონაცვლე პირს, არამედ სს “ა.დ–ვა”-ს მატერიალური და არამატერიალური ქონება, კრედიტი და დებეტი იქნა გადანაწილებული ზემოხსენებულ ორ სუბიექტს შორის. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ რეალურად მოხდა სამეწარმეო სუბიექტის რეორგანიზაცია, “მეწარმეთა შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული გამოყოფა და არა ახლის დაარსება, რაც იმით დასტურდება, რომ კვლავაც ოპერირებს „ა.დ–ვა“, ერთი იგივეა იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (იმავე სასაქონლო ნიშნით და საფირმო სახელწოდებით), იგივეა ცხელი ხაზი და თაანარომელთა შემადგენლობა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების (B23141166, 04/10/2023; B24070745, 04/06/2024) მიხედვით (ვრცლად იხ. კერძო საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით- ტ.10, ს.ფ. 81-121)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების - უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ- კანონიერება და დასაბუთებლობა.

17. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია, სს „ა.დ–ვის“ (ს/კ .....) უფლებამონაცვლედ სს “ა.დ–ვის” (ს/კ .......) ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სს „ა.დ–ვამ“ (ს/კ .......) შეიცვალა სახელი და ეწოდება სს” “ს.კ.ა–ი”, ხოლო იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი კოდი (ს/კ ......) სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრში უცვლელი დარჩა, ასევე უცვლელია სს-ის იურიდიული მისამართი, თუმცა, იურიდიული მისამართის ცვლილება არავითარ გავლენას არ ახდენს იურიდიულ პირზე, რომელსაც კონკრეტული საიდენტიფიკაციო, სხვა იურიდიული პირებისაგან განმასხვავებელი, კოდი აქვს მინიჭებული რეგისტრაციის დროს. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სს ”ა.დ–ვის” (ს/კ .......) სარეგისტრაციო მონაცემებზე, ამ მონაცემების მიხედვით მხოლოდ ის დასტურდება, რომ ..... საიდენტიფიკაციო კოდით სს “ა.დ–ვა” რეგისტრირებულია 2023 წლის 3 დეკემბერს (იხ. ამონაწერი რეესტრიდან- ტ.10. ს.ფ. 94-95), ხოლო მოცემული დავის მონაწილეა სს “ა.დ–ვა” ....... საიდენტიფიკაციო კოდით, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა (იხ. განცხადება - ტ.10, ს.ფ. 75).

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელახლა უნდა შემოწმდეს ის საფუძველი, რომელიც სს “ა.დ–ვის” საიდენტიფიკაციო კოდით .......... სახელწოდების ცვლილებას ეხება. საკასაციო სასამართლო, ცხადია, იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგებაზე, რომლის მიხედვითაც სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). თუმცა, საქმეში მონაწილე სს “ა.დ–ვის” განცხადების საფუძველზე (იხ. ტ.10, ს.ფ. 75) ირკვევა, რომ იურიდიულმა პირმა სახელწოდება შეიცვალა, შესაბამისად, პროცესუალურსამართლებრივად დაუსაბუთებელია მსჯელობა მოთხოვნის დათმობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი და გასაჩივრებული განჩინება- ტ.10, ს.ფ. 84). ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ “მოცემულ შემთხვევაში სს „ა.დ–ვა“ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს უთმობს სს „ს.კ.ა–ს“, რაც დაშვებულია სამოქალაქო კანონმდებლობით და აღნიშნული სახით მოთხოვნის დათმობა არ ეწინააღმდეგება კანონს და არც ვალდებულების არსს” (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი და გასაჩივრებული განჩინება- ტ.10, ს.ფ. 84), რადგან სს “ა.დ–ვამ” კი არ დათმო თავისი სახელწოდება (სახელი), როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, არამედ იურიდიულმა პირმა შეიცვალა სახელწოდება, რაც დასტურდება აპელანტის/მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული ამონაწერით სამეწარმეო პირთა რეესტრიდან (ამონაწერი მომზადებულია 28.05.2024წ.- იხ. ტ.10, ს. ფ. 76-80; რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას აწესრიგებს მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი).

19. სსსკ-ის 92-ე მუხლიდან (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი) გამომდინარე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნორმაში ჩამოთვლილი უფლებამონაცლეობის საფუძვლები არაამომწურავია, რადგან კანონმდებელი “და სხვა” შემთხვევებსაც გულისხმობს. ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გავიდა თუ არა მოპასუხე იურიდიული პირი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მოპასუხემ მხოლოდ საფირმო სახელწოდება შეიცვალა. როგორც იურიდიული დოქტრინა განმარტავს “საპროცესო უფლებამონაცვლეობა ესაა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის) საპროცესო მდგომარეობის დაკავება” (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი; მეორე გამოცემა /შევსებული და გადამუშავებული/; რომან შენგელია (რედაქტორი); გვ. 167; 2015წ.). “საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მხარის ან მესამე პირის მატერიალური უფლებებისა და მოვალეობების გადასვლა სხვა პირებზე პროცესის განმავლობაში” (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, მაია ცქიტიშვილი, მაია ახალაძე, მარიამ კუბლაშვილი- გიორგი ქურდაძე - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, წიგნი I (1-ლი-176-ემუხლები); ვალერი ხრუსტალი, ლელა ნადიბაიძე (რედაქტორები); გვ. 509; 2022წ.).

20. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, სხვა პირს არ დაუკავებია მოპასუხე იურიდიული პირის, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის, ადგილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-დადასტურებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წარმოდგენილ კერძო საჩივარზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სს "ა.დ–ვის" უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე განცხადების ხელახლა განხილვის დროს უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ხომ არ მოხდა იურიდიული პირის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) და დაადგინოს, სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გავიდა თუ არა მოპასუხედ მონაწილე იურიდიული პირი სს „ა.დ–ვა“ საიდენტიფიკაციო კოდით ......

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სს "ა.დ–ვის" უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე განცხადების ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე