ბს-1022-975(კ-06) 21 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 12 აპრილს ზ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის, მიუღებელი კომპენსაციისა და განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 12 წელი მსახურობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მმართველობის ...ად. 2004 წლის 25 ივნისს უსრულდებოდა 50 წელი და კანონის შესაბამისად, ექვემდებარებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 2004 წლის მაისში აკადემიის რექტორმა შესთავაზა დათანხმებოდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე 5 წლით, რის შემდგომ აკადემიის რექტორმა პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების შესაბამისად, 2004 წლის 10 ივნისს პატაკით და თანდართული წარდგინებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, რომ ეშუამდგომლა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე, რათა აკადემიის მმართველობის ...ისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ ზ.ს-ისათვის გაეგრძელებინა 5 წლის ვადით სამხედრო სამსახური, მაგრამ მათ არანაირი პასუხი ზემოაღნიშნულ წარდგინებაზე არ მიუღიათ.
2005 წლის 11 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების მთავარ სარდალს 5 წლით სამხედრო სამსახურის გაგრძელებაში დახმარების აღმოჩენის თაობაზე. მითითებული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაუგზავნა საქართველოს უშიშროების საბჭოს, საიდანაც აცნობეს, რომ მისთვის სამხედრო სამსახურის გაგრძელება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა.
მოსარჩელის მითითებით, იგი აკადემიის რექტორის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹223 ბრძანებით გაშვებულ იქნა კუთვნილ შვებულებაში 2004 წლის 26 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე. 2004 წლის 17 აგვისტოს აკადემიის რექტორმა თავდაცვის სამინისტროსაგან მიიღო პატაკის პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ზღვრული ვადა უგრძელდებათ მხოლოდ პოლკოვნიკსა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს, რის გამოც ვიცე-პოლკოვნიკი ზ. ს-, ასაკის გამო, ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას. პასუხს თან ერთოდა გენერალური შტაბის უფროსის რეზოლუცია: “კანონი არ გვაძლევს უფლებას, დაითხოვეთ". აკადემიაში 2004 წლის 31 აგვისტოს მიიღეს ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს პასუხიც, რომელზეც, აკადემიის რექტორის რეზოლუციის თანახმად, უნდა გასაუბრებოდნენ და ჩამოყალიბებულიყვნენ. 2004 წლის 3 სექტემბერს იგი გაეცნო თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული უშიშროების საბჭოს პასუხს. რადგან ეროვნული უშიშროების საბჭოს პასუხი ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის სამინისტროს პასუხს, მან აკადემიის რექტორის თანხმობით, იმავე დღეს დაწერა პატაკი თავდაცვის მინისტრის სახელზე, მაგრამ იქდანაც იგივე პასუხი მიიღო, როგორიც აკადემიის რექტორმა თავდაცვის სამინისტროსაგან.
2004 წლის 10 ოქტომბერს დაუმთავრდა კუთვნილი შვებულება და გამოცხადდა აკადემიაში, მაგრამ აკადემიის კადრების უფროსმა უთხრა, რომ მის თანამდებობაზე სხვა იყო დანიშნული, ხოლო გათავისუფლების ბრძანება არ ჰქონდა. 2004 წლის 17 ნოემბერს პატაკით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რომ ეცნობებინათ წერილობით, რამე ბრძანება არსებობდა თუ არა მის შესახებ, რის შემდეგაც, იმავე დღესვე ჩააბარეს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1.180 ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ზემოაღნიშნული ბრძანება ჩაჰბარდა 2004 წლის 3 დეკემბერს და ამის თაობაზე მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა 2004 წლის 17 ნოემბერს და არც ვინმეს გაუფრთხილებია, რითაც უხეშად დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ"U საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მისარჩელის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივნისის ¹1.541 ბრძანება 2004 წლის 25 ივლისამდე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ უკანონოა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლების თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან იურისკონსულტანტის შტატი სამინისტროში არ გაუქმებულა, ამასთან, იგი არავის გაუფრთხილებია შტატების მოსალოდენლი გაუქმების თაობაზე. ეს თანამდებობა დღესაც არსებობს და სხვა ოფიცერი მუშაობს.
ასევე უკანონოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/180 ბრძანება მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, პირადი შემადგენლობის სიებიდან ამოღებისა და თადარიგში ჩარიცხვის შესახებ, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს, აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში, უნდა აუნაზღაურდეს გაცდენილი დროის ხელფასი, მიუღებელი კომპენსაციისა და სოროსის დახმარების თანხები, ვინაიდან, 2004 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ის დაითხოვეს სამხედრო სამსხურიდან, აკადემიის რექტორის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹223 ბრძანებით იმყოფებოდა 2004 წლის კუთვნილ შვებულებაში. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი პირის გათავისუფლება სამსახურიდან არ შეიძლება შვებულებაში ყოფნის პერიოდში. აკადემიის საფინანსო განყოფილების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მას მიუღებელი აქვს 2004 წლის ოქტომბრის ხელფასი. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 112, 71 ლარს და მას კი, როგორც უკანონოდ დათხოვნილს, უნდა აუნაზღაურდეს 2004 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი 225, 42 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს თავდაცვის სამინისტროს, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, ოფიცრის სამსახურიდან დათხოვნისას აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი ვარგისიანობის კატეგორია. იგი არ გაუმწესებიათ ჰოსპიტალიზაციაზეც, რითაც დარღვეულია თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკებმრის ¹360 ბრძანება.
მას თავდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა აუნაზღაუროს 2002 წლიდან 2004 წლამდე ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია, რომელიც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეადგენს - 1135, 48 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ და მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, პირადი შემადგენლობის სიებიდან ამოღების და თადარიგში ჩარიცხვის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1.810 ბრძანების ბათილად ცნობას; თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას 5 წლის ვადით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 225,42 ლარის სახელფასო დავალიანების, სოროსის ფონდიდან მიუღებელი 465 ლარის და 1135, 48 ლარის ოდენობით სანივთე ქონების მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრებას. აგრეთვე, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გამოცემამდე, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობიდან გამომდინარე, ხელფასისა და სორისის დახმარების თანხის ანაზღაურების და საადვოკატო მომსახურების - 400 ლარის დაკისრებას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება თავდაცვის ეროვნული აკადემია.
მოპასუხე საქართველოს თავდავის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მესამე პირმა – თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ განმარტა, რომ ზ. ს-ე მსახურობდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, იგი ზღვრული ასაკის გამო სამსახურიდან დათხოვნას ექვემდებარებოდა 2004 წლის 25 ივლისიდან, მაგრამ დათხოვნილ იქნა შტატების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მესამე პირის განმარტებით, მისი დათხოვნა უნდა მომხდარიყო ზღვრული ასაკის გამო. მოსარჩელე ზ. ს-ის შტატი არ გაუქმებულა და იგი დღესაც არსებობს, ამიტომ იგი კადრებში გადაყვანილია სწორად, მაგრამ მისი შეარღებული ძალებიდან დათხოვნა არამართებულია.
მესამე პირის წარმომადგენლის მოსაზრებით, ბრძანება მის დათხოვნასთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს, როგორც ზღვრულ ასაკს მიღწეულმა მოსამსახურემ უნდა გაიაროს ჰოსპიტალიზაცია და შემდგომ, წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი დათხოვნა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002-2004 წლების მიუღებელი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის -
1135,48 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნები თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების, ზ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹8190 ბრძანების, ზ. ს-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, პირადი შემადგენლობის სიებიდან ამოღებისა და თადარიგში ჩარიცხვაზე, ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით; ასევე არ დაკმაყოფილდა ზ. ს-ის მოთხოვნა 5 წლის ვადით თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის, სოროსის დახმარებისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო განცხადება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ზ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 და 2004 წლის @4 ოქტომბრის ¹810 ბრძანებები და ზ. ს-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე; ზ. ს-ს აუნაზღაურდა იძულებით განაცდური დროის ხელფასი და რეფორმირებისა და განვითარების ფონდიდან მიუღებელი თანხა 465 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯები 400 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე 5 წლის ვადით დანიშვნისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გაშვების თაობაზე იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით არ იყო უარყოფილი მოსარჩელისათვის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების 2004 წლის 3 დეკემბერს ჩაბარების ფაქტი, ამასთან, აპელანტის ხელწერილით დასტურდებოდა მხოლოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების გაცნობის ფაქტი, რაც სასამართლოს მითითებით, არ ადასტურებდა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების უფრო ადრე ჩაბარების ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ ზ. ს-ის განცხადებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზ. ს-ისათვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა 2004 წლის 17 ნოემბერს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელის მხრიდან გაშვებული არ იყო ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო პალატის მითითებით, ეროვნული აკადემიის რეორგანიზაციის დროს მოსარჩელის მიერ დაკავებული იურისკონსულტის შტატი არ გაუქმებულა და იგი რეალურად შენარჩუნდა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ზ. ს-ის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹223 ბრძანებით მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა სხვა ოფიცერს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹184 ბრძანებიდან ირკვევა, რომ გაუქმდა თავდაცვის ეროვნული აკადემია 653 სამხდერო მოსამსახურის და 61 სამოქალაქო პირის რიცხოვნობით, ხოლო მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობა 741, ხოლო სამოქალაქო პირთა – 159-ის ტოლია, ფაქტობრივად, აკადემიის მუშაკთა რაოდენობა გაიზარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის მიუხედავად, ეროვნულ აკადემიაში მოსარჩელის შტატი შენარჩუნდა, რაც სააპელაციო პალატის განმარტებით, ადასტურებს გასაჩივრებულ ბრძანებათა არამართლზომიერებას, მაგრამ ეს აქტები სასამართლოს მითითებით კანონშეუსაბამოა სამართლებრივი თვალსაზრისითაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს დ. აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის რექტორის 2004 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით ზ. ს-ს მიეცა კუთვნილი შვებულება 2004 წლის 26 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. შვებულებაში მყოფი პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანა კი დაუშვებელია, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია შვებულებაში მყოფი პირის გათავისუფლება შტატების შემცირების გამო.
ხოლო, რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საადკოკატო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო პალატის მითითებით, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადკოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები მიეკუთვნება სასამართლოს გარეშე გაწეულ ხარჯებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იგი უნდა აანაზღაუროს მხარემ, ვის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, იგი ვერ გაიზიარებს, სასარჩელო მოთხოვნას ზ. ს-ისათვის სამსახურის 5 წლის ვადით გაგრძელების შესახებ, ვინაიდან, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XII თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეს თავდაცვის მინისტრის ან სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სასამართლოს კომპეტენციაში კი, არ შედის თავისი შინაარსით დისკრეციული ხასიათის ამ უფლებამოსილების განხორციელების მოპასუხისადმი დაკისრება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებების პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა ძირეული რეფორმები, რის გამოც აუცილებელი გახდა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელებული რეორგანიზაცია. აღნიშნულ დროს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის იურისკონსულტი ზ. ს-ე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო შემდგომ, ზემომითითებული საფუძვლით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სასამართლოს სამართლებრივად არ დაუსაბუთებია თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული ბრძანებების უკანონობა, რაც უდაოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 32-ე, 43-ე მუხლების შესაბამისად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მაგრამ, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, თუU რაში მდგომარეობდა თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 და ამავე წლის 4 ოქტომბრის ¹810 ბრძანებების უკანონობა.
ასევე, კასატორის განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ბრძანებების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან, რამდენადაც თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის წარმომადგენლის მიერ რაიონული ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ზ. ს-ეს გააცნეს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანება, მისი შინაარსი და საფუძვლები, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2004 წლის 3 დეკემბრამდე მიიღო დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული გასასვლელი დახმარება, რომელიც მას არ გაუპროტესტებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ს-ისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.