საქმე №ას-1253-2023 29 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ლ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2023 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.04.2022 წლის გადაწყვეტილებით ე.ლ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „I საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სააგენტო“, „II საკასაციო საჩივრის ავტორი“) 07.09.2020წ. №18/49030 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით; სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იყო უვადოდ სხვადასხვა პოზიციებზე. გათავისუფლების დროისათვის იგი დანიშნული იყო ქონების შეფასების სამსახურის შემფასებლის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1900 ლარს.
1.2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით, განხორციელდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოსთან შერწყმა მასთან მიერთებით. სააგენტოს გადაეცა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია მოვალეობები და მიჩნეული იქნა მის უფლებამონაცვლედ.
1.3. მოპასუხის 12.06.2020 წლის Nკ/1 - 520 ბრძანებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.05.2020 წლის N°5989-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო 09.09.2020 წლამდე.
1.4. მოპასუხის 07.09.2020 წლის №18/49030 ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (10/06/2020, .......) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ მოპასუხის 18.08.2020 წლის Nკ/4-923 ბრძანების საფუძველზე.
1.5. სააგენტოს 17.09.2020 წლის N18/50617 მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია "სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის (10/06/2020, .........) მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის ფარგლებში, სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 18.08.2020 წლის კ/4-923 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, სააგენტოს მოძრავი ქონების შეფასების დეპარტამენტში დასაქმებულ შემფასებელთა საშტატო რიცხოვნობა ერთი ერთეულით შემცირდა. ამავე კანონის, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციისა და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა მოპასუხე სააგენტოში დასაქმების მიზნით შეექმნა კომისია. სარეკომენდაციო კომისია გაესაუბრა სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურში დასაქმებულ პირებს. კომისიამ კანდიდატებს განუსაზღვრა სარეიტინგო ქულები და სააგენტოში გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაეწია ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირს, რასაც ადასტურებს სარეკომენდაციო კომისიის 20.08.2020 წლის N9 ოქმი.
1.6. დადგენილია, რომ სააგენტოს სარეკომენდაციო კომისიის წინაშე წარსდგა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რვა თანამშრომელი და რეკომენდაცია გაეწია შვიდს. ამასთან, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მოპასუხე სააგენტოში გადაყვანილი იქნენ მათ მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფას ან კომპეტენციის შესაბამის დაბალ თანამდებობებზე. სარეკომენდაციო კომისიის 20.08.2020 წლის N9 ოქმით მოსარჩელე შეფასდა 35.25 სარეიტინგო ქულით.
1.7. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება დავყოთ ორ ელემენტად: 1. უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, და 2. აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები (ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები) შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ განსახილველი ნორმით მოცემული ელემენტები - ეკონომიკური გარემოებები, ან ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება უნდა არსებობდეს კუმულაციურად.
1.8. განსახილველ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი შესაბამის სფეროს მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობათა სხვა იურიდიულ პირზე გადასვლა (უფლებამონაცვლეობა) განაპირობებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობას, მხოლოდ დამსაქმებლის, ჩანაცვლებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, უფლებამონაცვლეობა თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას მოიაზრებდა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანა მოპასუხე სააგენტოში. ამდენად, სარეკომენდაციო კომისიის შეფასება ვერ მიიჩნევა მოსარჩელის სააგენტოში გადაყვანის დამაბრკოლებელ გარემოებად (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დაკავებული თანამდებობისათვის არასაკმარისი კვალიფიკაცია არ დადებია საფუძვლად). გარდა აღნიშნულისა, მხოლოდ მოსარჩელის შეფასების ქულა, არ ადასტურებს წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე თანამშრომელთა შერჩევის ფაქტს. მოსარჩელესთან კომისიის გასაუბრების ოქმით არ ირკვევა გასაუბრების შინაარსი, დასმული კითხვები, კითხვებზე პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულმა, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის გათავისუფლების გარდაუვალობა.
1.9. რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, თუ იგი დასაბუთებული არ არის კონკრეტული მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, არც სამუშაო სტაჟის მიხედვით გათავისუფლება, როგორც შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ისე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულთა შერჩევა, არ დასტურდება, სახეზე არ არის მოსარჩელის არასაკმარისი კვალიფიკაცია, არაკომპეტენტურობა, რის გამოც, იგი ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს. ამ მხრივ საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელე ვერ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და, რომ დამსაქმებელს მისი საქმიანობის მიმართ პრეტენზია გააჩნდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული ცვლილებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება. ამდენად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში და სააგენტოს 07.09.2020წ. N18/49030 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
1.10. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თავისუფალი საშტატო ერთეულის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა ისე, რომ არ შეილახოს სხვა იმ პირის უფლებები, რომელიც შესაბამის პოზიციას იკავებს სრულიად ლეგიტიმურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს, რომლის გონივრულ ოდენობად სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია 30 000 ლარი.
2. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხისთვის გონივრული ოდენობით კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
4. საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:
4.1. I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრება კომპენსაციის სახით 50 000 ლარის გადახდა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 07.09.2022 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4.2. II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
10. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
11. პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ Nას- 724-2023, 20.07.2023წ.).
12. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია მოვალეობები, სადაც უვადოდ დასაქმებული იყო მოსარჩელე, გადაეცა მოპასუხე სააგენტოს და მიჩნეული იქნა მის უფლებამონაცვლედ. უფლებამონაცვლეობა თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას მოიაზრებდა, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანა მოპასუხესთან. ამდენად, მართებულია მსჯელობა, რომ სარეკომენდაციო კომისიის შეფასება იმთავითვე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის ახალ სააგენტოში გადაყვანის დამაბრკოლებელ გარემოებად. გარდა აღნიშნულისა, მხოლოდ მოსარჩელის შეფასების ქულა, არ ადასტურებს წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე თანამშრომელთა შერჩევის ფაქტს. დადგენილია და დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელესთან კომისიის გასაუბრების ოქმით არ ირკვევა გასაუბრების შინაარსი და ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულმა, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. ამდენად, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. 13. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-224-224-2018, 18.05.2018წ; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
14. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობა თავისუფალი საშტატო ერთეულის არარსებობის გამო, შესაბამისად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დასაქმებული სადავოდ ხდის კომპენსაციის, როგორც მისი უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, ოდენობას და მიუთითებს მის არაგონივრულობაზე. რაც შეეხება დამსაქმებელს, საკასაციო საჩივარი კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებაში რაიმე მსჯელობას არ შეიცავს.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-1067-2021, 25.10.2022წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია (30 000 ლარი) გონივრულია.
16. რაც შეეხება დასაქმებულის პრეტენზიას კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, იძულებითი განაცდური წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სუსგ საქმე #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.) სშკ-ის 29.09.2020 წლის ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო, თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. 29.09.2020 წელს სშკ-ში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით (რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს), იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს მიენიჭა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ - კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც (სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ.; №ას-772-2023, 10.10.2023წ.). გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა დამსაქმებლის 07.09.2020 წლის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, წინამდებარე დავასთან მიმართებაში სშკ-ში 29.09.2020 წელს შეტანილი დამატების – 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით (დასაქმებულს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე) განსაზღვრული ქცევის წესი გამოყენებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ-ებები: №ას-1189-2020, 04.02.2021წ.; №ას-634-2021, 04.11.2021წ.; Nას-596-2021, 18.11.2021წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ლ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/კ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #13363, გადახდის თარიღი 11.08.2023წ.) 70% – 1050 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია