საქმე №ას-1254-2022 18 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.ქ–ვი, მ.ქ–ვი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ქ–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.05.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების წილის თანამესაკუთრეებად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.10.2021 წლის გადაწყვეტილებით მ.ქ–ვისა და ვ.ქ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, ერთად - „მოსარჩელეები“, „კასატორები“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“) სარჩელი ვ.ქ–ვის (შემდეგში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“) მიმართ ი.ქ–ვის (შემდეგში „მამკვიდრებელი“) სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ სამკვიდრო ქონების - მის.: ქ. თბილისი, ......... (სკ ........) ღიად დარჩენილი 1/3 წილის 1/2 - 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად. შეგებებული სარჩელი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2021 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა 10.01.2010 წელს გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....... (ს/კ: ........) (შემდეგში „სადავო უძრავი ქონება“) ღიად დარჩენილი 1/3 წილის მესაკუთრედ.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელეები და მოპასუხე არიან 10.01.2010 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის და მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 20.05.2004 წელს გარდაცვლილი ე.ქ–ვის შვილები.
3.2. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია მამკვიდრებელი.
3.3. მოსარჩელეები რეგისტრირებულები არიან სადავო უძრავ ქონებაში.
3.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შვილი, ი.ქ–ვი, დაბადებული 30.07.1981 წელს, მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 10.05.1999 წლიდან.
3.5. 24.09.2019 წელს ნოტარიუსმა ქ.ბ–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის შვილებზე - მოსარჩელეებზე, რომლითაც დადასტურდა, რომ თითოეულმა მათგანმა მიიღო სამკვიდროს 1/3 წილი, ხოლო 1/3 წილი დარჩა ღიად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელეების სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავი ქონების 1/3-1/3 წილი საკუთრების უფლებით.
3.6. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 02.11.2019 წლის დადგენილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ღიად დარჩენილ 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა დავა სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით.
3.7. დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს.
3.8. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 06.11.2019 წლის დადგენილებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მის მიერ სამკვიდროს მიღების, ფლობისა და მართვის ფაქტი.
3.9. დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შვილის - ი.ქ–ვის სახელზე გადარიცხა ფულადი გზავნილები: 2010 წლის 18 იანვარს - 300 აშშ დოლარი, 2010 წლის 19 აპრილს - 100 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი, 2010 წლის 17 ნოემბერს - 100 აშშ დოლარი, 2011 წლის 11 თებერვალს - 100 აშშ დოლარი, 2011 წლის 18 აპრილს - 150 აშშ დოლარი). საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, ი.ქ–ვის მიერ ფულადი გზავნილის მიღების ქვითრები და გასავლის ორდერები, რომლების თანახმად, 2007 წლის 28 ნოემბერს მან მიიღო 100 აშშ დოლარი, 2007 წლის 11 აპრილს - 100 აშშ დოლარი, 2007 წლის 24 სექტემბერს - 100 აშშ დოლარი, 2006 წლის 23 იანვარს - 100 აშშ დოლარი.
3.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1306-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1424-ე, 1421-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნების გამოვლენა სამკვიდროს მიღებაზე უნდა მოხდეს კანონით განსაზღვრულ 6 თვიან ვადაში, რომლის დინებაც იწყება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან. სამკვიდროს მიღება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური (ფაქტობრივი) მოქმედებებით, კერძოდ, როცა მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ.. მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში.
3.11. სამკვიდროს მიღების აქტი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო შეიძლება მიღებული იქნეს წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ მინდობილობაში არის სპეციალური დათქმა წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობაზე. ამასთან, სსკ-ის 709-ე მუხლის დანაწესით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, მოცემული ნორმა კი დავალების ხელშეკრულების ფორმას არ ადგენს და იგულისხმება, რომ დავალების სამართალურთიერთობა ზეპირი ფორმითაც შეიძლება წარმოიშვას.
3.12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტი 1990-იან წლებში რუსეთში წავიდა სამუშაოდ, საქართველოში დაბრუნდა დაახლოებით 5 წლის წინ და სამკვიდროს ღიად დატოვებული 1/3 წილის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2019 წლის ნოემბერში. დადგენილია, რომ მან ვერ მოახერხა 10.01.2010 წელს, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა, მისივე განმარტებით, გაიღო დაკრძალვის ხარჯი - 300 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მან შვილის სახელზე გადმორიცხა 18.01.2010 წელს. აპელანტისვე განმარტებით, 19.04.2010 წელს გადმოაგზავნა 100 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი საფლავის მოწყობისათვის, მოწესრიგებისათვის და ა.შ. ამასთან, მრავალი ნივთი, რომელიც მამის კუთვნილებას წარმოადგენდა, დღეს მისი და მისი შვილის საკუთრებასა და მოხმარებაშია. დადგენილია ისიც, რომ აპელანტის შვილი, ი.ქ–ვი რეგისტრირებულია სადავო უძრავ ქონებაში 10.05.1999 წლიდან და პაპის გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. მხარეები არ ხდიან სადავოდ გარემოებას, რომ აპელანტის მეუღლე და შვილი მისი რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების შემდეგაც აგრძელებდნენ ცხოვრებას სადავო უძრავ ქონებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2019 წლის წერილით დგინდება ისიც, რომ მამკვიდრებლის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 404 კვ.მ და მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა, ამავე წერილზე დართული აზომვითი ნახაზით კი დასტურდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ შენობას მიშენებული აქვს დამატებითი ფართი, რომელიც უდავოა, რომ აპელანტის შვილმა მიაშენა.
3.13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე მოწმეთა ჩვენებებზე. მოწმე ზ.მ–ძის განმარტებით, აპელანტი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ სადავო სახლში, აქვე ცხოვრობდნენ მოსარჩელეებიც. აპელანტსა და მის ოჯახს ერთი ოთახი ჰქონდათ დათმობილი და შემდეგ აპელანტის შვილმა ამავე ეზოში ააშენა სახლი მამის მიერ გამოგზავნილი თანხებით. მოწმის განმარტებით, აპელანტი ოჯახს ეხმარებოდა მატერიალურად და ქონებაზე ზრუნვა, მიუხედავად საზღვარგარეთ ყოფნისა, არ შეუწყვეტია.
3.14. სასამართლოს განმარტებით, მართალია საქმეში არსებული გზავნილების ქვითრებით დეტალურად არ დგინდება თანხების მიზნობრიობა, რომელსაც აპელანტი შვილს უგზავნიდა, თუმცა საქმეში არსებული ზემოთმოხმობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ აპელანტს არ მიუტოვებია ოჯახი და მათზე მუდმივად ზრუნავდა, აგზავნიდა თანხებს, რომელიც ხმარდებოდა საოჯახო საქმეებს, მათ შორის - ქონების გაუმჯობესებას, მამის დაკრძალვასა და საფლავის მოპირკეთებას. ამასთან, მისი რუსეთის ფედერაციაში წასვლის შემდეგ სახლში საცხოვრებლად დარჩა მისი ცოლი და შვილი, ამ უკანასკნელზე ზეპირსიტყვიერი დავალებით და საკუთარი სახსრებითა და ხარჯებით კი აპელანტი შეუდგა სამკვიდროს ფლობას მამის გარდაცვალების შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, გარდაცვლილის დანაშთი ქონების დაუფლებას მისი გარდაცვალების შემდეგ გააჩნია მემკვიდრის სუბიექტური ნების ობიექტურად გაცხადების ფუნქცია, რომ მემკვიდრეს სურს ჩაანაცვლოს მამკვიდრებელი ქონებრივ უფლება-მოვალეობებში. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტის მხრიდან შვილის - ი.ქ–ვის მეშვეობით განხორციელებული ქმედებები ყოველივე აღნიშნულს ცხადჰყოფს, რაც აპელანტის მხრიდან მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, საფუძვლიანია შეგებებული სარჩელი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ღიად დატოვებულ 1/3 წილზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა სარჩელი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.
9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ პირველი რიგის მეკვიდრის ცნობის კანონიერება. კასატორების განმარტებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია მამის სამკვიდრო, რაც დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სასამართლომ და შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა.
10. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სსკ-ის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს (სსკ-ის 1319-ე, 1320-ე მუხლები)), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას (სუსგ Nას-1756-2018, 12.02.2019წ.). გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. პალატა მიუთითებს, რომ სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება უპირობო ხასიათისაა, ანუ არ დაიშვება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობით ან დათქმით. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის ქმედების გააზრებულ, ნებაყოფლობით, მოფიქრებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც მემკვიდრე ჩაენაცვლება მამკვიდრებელს ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებში (სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ. პ.95, 96). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
12. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ Nას-600-600-2018 , 26.07.2019წ.; სუსგ №ას-1756-2018, 12.02.2019წ.).
13. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება (სუსგ №ას-1493-2020, 15.04.2021წ., პუნ. 58; №ას-186-2019, 24.02.2021წ., პუნ. 20; №ას-1182-2019, 19.10.2021წ., პუნ.90).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. აღნიშნული გარემოება დგინდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად. კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის რუსეთის ფედერაციაში წასვლის შემდეგ სადავო უძრავ ქონებაში საცხოვრებლად დარჩა მისი ცოლი და შვილი, იგი მუდმივად ზრუნავდა ოჯახზე, აგზავნიდა თანხებს, რომელიც ხმარდებოდა საოჯახო საქმეებს, მათ შორის - ქონების გაუმჯობესებას, მამკვიდრებლის დაკრძალვასა და საფლავის მოპირკეთებას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ზეპირსიტყვიერი დავალებით და საკუთარი სახსრებით შეუდგა სამკვიდროს ფლობას მამის გარდაცვალების შემდეგ, რასაც ცხადყოფს შვილის - ი.ქ–ვის მეშვეობით განხორციელებული ქმედებები.
16. ამრიგად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და გამოავლინა ნება მემკვიდრეობის მიღებაზე, რაც სამკვიდროს 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1343.30 ლარის 70% – 940.31 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ქ–ვისა და მ.ქ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ვ.ქ–ვსა (პ/ნ: .......) და მ.ქ–ვს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეთ გ. ნ–ძის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1343.30 ლარის (საგადახდო დავალება №14881333969, გადახდის თარიღი 24.10.2022წ.) 70% – 940.31 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია