Facebook Twitter

საქმე №ას-1122-2024 19 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2024 წლის განჩინება დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე უფლებადაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი წარადგინა ლ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა:

- მოსარჩელე ცნობილ იქნეს მამკვიდრებელ გ.ბ–ის სახელზე რიცხული, მცხეთის რაიონის სოფელ …….. მდებარე, ფაქტობრივად დაკავებული სამკვიდროს - უძრავი ქონების (ს/კ …..; ს/კ ……; ს/კ ……) მესაკუთრედ;

- მოსარჩელე ცნობილ იქნეს მამკვიდრებელ გ.ბ–ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლამდე აღრიცხულ ქონების, მდებარე: მცხეთა, ………, 378 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 71.57 კვ.მ., მესაკუთრედ;

- მოპასუხე ცნობილ იქნეს მამის, გ.ბ–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე უფლებადაკარგულად.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის, გ.ბ–ის დანაშთი სამკვიდროს (უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელი ……., ს/კ …….; ს/კ ……; ს/კ …….; ასევე, უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელი ……., 378 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 71.57 კვ.მ საცხოვრებელი სახლის) ½ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 133-149). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილ იქნა მცხეთაში, სოფელ ……. მდებარე ს/კ …….; ს/კ ……..; ს/კ ……… უძრავი ნივთებისა და მცხეთაში, სოფელ …….. (368 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 71.57 კვ.მ საცხოვრებელი სახლი) მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ. 122-134). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ. 187-197).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გასწორდა უსწორობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: "მოსარჩელე ცნობილ იქნეს მცხეთაში, სოფელ …….. მდებარე ს/კ ……; ს/კ …….; ს/კ ……. უძრავი ნივთებისა და მცხეთაში, სოფელ …… (368 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 71.57 კვ.მ საცხოვრებელი სახლი) მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ." (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ. 230-232).

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

8. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:

სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

10. სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.

11. ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და კერძო საჩივრის წარდგენის ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-692-2019, 11.06.2019წ.).

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით/გზავნილით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.

13. ამდენად, განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსით 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

14. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში პირადად ჩაიბარა 22.08.2024 წელს (იხ. ხელწერილი ტ.4, ს.ფ. 246). ფოსტით გაგზავნილი გზავნილი მას ჩაჰბარდა 24.08.2024 წელს (ტ.4, ს.ფ. 247). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს განჩინების ადრესატისათვის პირველ ჩაბარებას, რამეთუ გადაწყვეტილების/განჩინების ასლის განმეორებით ჩაბარების შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის დენა თავიდან არ იწყება (სუსგ №ას-230-222-2013, 22.04.2013წ.).

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 23 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 03 სექტემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ იქნა 04.09.2024 წელს, 01:05 საათზე (იხ. ტ.4, ს.ფ.251). სასამართლოს კანცელარიის ბეჭედზეც თარიღად მითითებულია 2024 წლის 04 სექტემბერი (იხ. ტ.4, ს.ფ.248). ამდენად, კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1555-2019, 31.10.2019 წელი).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

19. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ასევე კერძო საჩივარში ჩამოყალიბებულ შუამდგომლობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის გადაწყვეტილებიის მოქმედების შეჩერების შესახებ. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ასეთ შესაძლებლობას სსსკ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას (სსსკ-ის 432-ე მუხლი). აღნიშნულის მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს (სუსგ №ას-433-2019, 19.04.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, არ დგას საქმეზე წარმოების განახლების საკითხი. შუამდგომლობა დაყენებულია გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარში, რომელიც განუხილველად რჩება. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (სუსგ №ა-5157-ბ-18-2019, 24.12.2019წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ბ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2024 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე