Facebook Twitter

საქმე №ა-365-შ-8-2023 5 სექტემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ი–ვი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ა.ი–ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „თანახმად და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონის პროკურორის სამოქალაქო სარჩელი და ა.ი–ვს სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 54 547 რუბლისა და 30 კაპიკის ოდენობით.

სახელმწიფო დაწესებულებამ „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ი“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღისვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1) სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ის“ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა (მინდობილი პირის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, შუამდგომლობას უნდა დართვოდა ვადიანი მინდობილობის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი); 2) ამონაწერი ან/და ცნობა გაცემული ოფიციალური ორგანოს მიერ (დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით), რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ის“ დირექტორის უფლებამოსილება შუამდგომლობაზე ხელმოწერისას; 3) ა.ი–ვის ზუსტი მისამართი საქართველოში.

აღნიშნული განჩინება შუამდგმლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ დირექტორის, ნ.მ–ის წერილიდან ირკვევა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო შეჩერებულია ოპერირება უკრაინის, რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე. ასევე ვერ მოხერხდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

საკასაციო სასამართლომ მისი 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება რუსულ თარგმანთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, მინსკის კონვენციის საფუძველზე, რუსეთის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) - ქეთევან სარაჯიშვილის წერილიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 26 იანვრის №946 წერილით მათ გადააგზავნეს მასალები რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ის“ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი. საკასაციო სასამართლომ ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ჩაებარებინა აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორისთვის, მაგრამ დღემდე უცნობია სასამართლოსთვის, ჩაბარდა თუ არა ის ადრესატს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა გადაუგზავნა განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე შესაბამის თარგმანთან ერთად რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო დაწესებულება „ს.პ.ს.ს.დ.ტ.ფ–ის“ შუამდგომლობა, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ქ.სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური