Facebook Twitter

საქმე №ას-586-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კ.მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება (რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 000 ლარის გადახდა) და ლ.ს–ვის (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2013 წლის მარტში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი გარიგება მოპასუხის კუთვნილი სასტუმროს გრანიტის ფილებით მოპირკეთების შესახებ.

2.2. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს მოცულობაზე, შესრულების ვადასა და ანგარიშსწორების პირობებზე. შეთანხმების თანახმად, ფილები უნდა დაგებულიყო 700 კვ.მ-ზე, ერთი კვადრატული მეტრის დაგების ღირებულება განისაზღვრა 30 ლარით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 21 000 ლარი.

2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ეტაპობრივად გადახდილი აქვს 4 500 ლარი.

2.4. 2014 წლის 31 მარტის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2013 წლის გაზაფხულზე შპს „S.h.“-ის დირექტორი - მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხის კუთვნილი სასტუმროს ეზოს საფარის კეთილმოსაწყობად დააგებდა სამშენებლო მასალა გრანიტს, ერთ კვადრატულ მეტრს 30 ლარად. აღნიშნულისათვის მოსარჩელემ ხსენებული სასტუმროს ეზოს კეთილმოსაწყობად მიიტანა ოთხი „ტრაილერი“ სამშენებლო მასალა - გრანიტი, რაც დაიგო 600 კვ.მ-ზე. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა თელავის რაიონულ პროკურატურას და განაცხადა, რომ მოპასუხეს მისთვის გაწეული სამუშაოების საფასური - 17 680 ლარი არ გადაუხდია.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 19 000 ლარის დაკისრება, საიდანაც 16 500 ლარი იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხოლო 2 500 ლარი - 180 კვ.მ-ზე დასაგები მასალის (ფილების) ღირებულება (კვ.მ - 14 ლარი), რაც მოსარჩელემ მოპასუხის შეკვეთით, საკუთარი ხარჯებით შეიძინა.

4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის, 19000 ლარის ნაცვლად, 17 680 ლარის დაკისრება მოითხოვა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 19 000 ლარის გადახდა დააკისრა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლი).

5. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი ორი თვალსაზრისით: 1. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობა და 2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება შესრულებული სამუშაოს საფასურის სრულად ანაზღაურების შესახებ. აპელანტის მტკიცებით, შემსრულებლის მიერ გრანიტით მოპირკეთდა არა 700 კვ.მ, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არის დადგენილი, არამედ 600 კვ.მ. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს მთლიანად აუნაზღაურა როგორც სასტუმროს გრანიტის ქვებით მოპირკეთების ღირებულება, ისე 180 კვ.მ-ის დასაგები ფილების ღირებულება (2 500 ლარი).

6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების მხარეთა მიერ ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე. სსსკ-ი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტებზე მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

8. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცება, რომ გრანიტის ფილებით მოაპირკეთა 700 კვ.მ, ემყარება მხოლოდ მის ზეპირ ახსნა-განმარტებას, რასაც მოპასუხე უარყოფს.

9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელის ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპს.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ზეპირი განმარტების საპირისპიროდ საქმეში წარდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ 600 კვ.მ მოაპირკეთა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და, საპირისპირო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის კუთვნილი სასტუმროს ეზოს საფარის კეთილმოსაწყობად დააგო არა 700 კვ.მ (როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არის დადგენილი), არამედ 600 კვ.მ სამშენებლო მასალა - გრანიტი და შესრულებული სამუშაოს მთლიანმა ღირებულებამ, შეთანხმებული ფასის გათვალისწინებით (ერთი კვ.მ - 30 ლარი), 18 000 ლარი შეადგინა.

12. საქმეში წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე (მოწმე ი.მ–ის ჩვენება), მათ შორის, მოპასუხის მოწმედ დაკითხვის შესახებ ოქმის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისათვის საკუთარი სახსრებით შეიძინა და მოპასუხეს გადასცა 180 კვ.მ მასალა, 2 500 ლარის საერთო ღირებულებით.

13. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა სულ - 20 500 ლარის ფულადი ვალდებულება (18 000+2 500=20 500).

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის 20 500 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ფაქტის საპასუხოდ მოსარჩელემ აღიარა მხოლოდ 4 500 ლარის მიღების (ანაზღაურების) ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილიც - 16 000 ლარიც (20 500 - 4 500 = 16 000 ლარი) გადაიხადა. ამ ნაწილში კი, მოპასუხის მტკიცება მხოლოდ მის ზეპირ განმარტებას ემყარება.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მომსახურების მთლიანი ღირებულება გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე) და განმარტა, რომ თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. სსკ-ის 429-ე მუხლი, რომელიც სისტემურად დასახელებული კოდექსის მეექვსე კარშია (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოთავსებული, არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ, დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი და იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას უფლება აქვს, კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია, გასცეს დასახელებული დოკუმენტი. ამგვარი საბუთის გამოთხოვის რაიმე ვალდებულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

16. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა (მოვალემ), მისი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოს სადავო თანხის - 16 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა, რაც სააპელაციო პრეტენზიას დაუსაბუთებლად აქცევს.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

22. საკასაციო საჩივრის თანახმად:

22.1.სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო მომსახურების ღირებულება გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით და განმარტა, რომ თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი და ფულადი ვალდებულების ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარვისას უფლება აქვს, კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც კრედიტორი ვალდებულია, გასცეს დოკუმენტი. მოპასუხემ არაერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელეს მოსთხოვა მსგავსი საბუთის გაცემა, თუმცა უარი მიიღო, რადგან, შპს-ს საგადასახადო დავალიანების გამო, ანგარიშფაქტურა ვერ გაიცემოდა. ნარდობის ხელშეკრულება დაიდო რა ზეპირი ფორმით, კასატორი ენდობოდა მოპასუხეს და როგორც ფილების, ისე სხვა ხარჯს ისტუმრებდა თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნული დადასტურდა პროკურატურაში გამოკითხვის ოქმებით და მოპასუხის ჩანაწერებით, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა გადახდილი თანხის დანიშნულება და რაოდენობა.

22.2.სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი, როგორც ფიზიკური პირი, არასათანადო მხარეა. ფაქტობრივად სასტუმრო, რომელიც მოსარჩელემ მოაპირკეთა, საჯარო რეესტრში შპს-ს საკუთრებად ირიცხება. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხესთან ნარდობის ხელშეკრულება დადო, როგორც შპს-ს დირექტორმა, სამშენებლო დაწესებულების, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორთან. გარიგება წერილობით ვერ გაფორმდა, რადგან ქვის დამმუშავებელ საზოგადოებას პრობლემები შეექმნა ბიუჯეტთან. შესაბამისად, მოსარჩელეც არასათანადო მხარეს წარმოადგენს. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ სსსკ-ის 84-85-ე მუხლებით, რაც არ განხორციელებულა.

23. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

24. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ფულადი დავალიანების უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ფაქტი, რასაც მოპასუხე, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, იმთავითვე უთითებდა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციური შინაარსი, რომლის მიხედვით, „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მითითებული დანაწესის ნორმატიული ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა, კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება (იხ., სუსგ №ას-425-408-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საკითხების შესახებ დამატებით იხ., სუსგ საქმე №ას-391-370-2013, 18 ნოემბერი, 2013 წელი, საქმე №ას-377-358-2013, პირველი ივლისი, 2013 წელი).

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გადაეცემა მოვალეს.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ საქმე №ას-517-490-2014, 15 სექტემბერი, 2014 წელი).

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება კი, სადავო გარემოების მტკიცების საკმარის საფუძველს არ ქმნის.

29. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოცემულ დავაში ჩაბმულია არასათანადო მოსარჩელე და მოპასუხე, რადგან საქმის მასალებიდან უტყუარად არ დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა არა ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებს შორის. ის გარემოება, რომ მხარეები შპს-ების დირექტორებს წარმოადგენენ, ცალსახად არ ადასტურებს, რომ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათ შორის მოლაპარაკება საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებით შედგა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ 2023 წლის 27 აპრილის №16881630726 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის 70% – 560 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს კ.მ–ს (პ/ნ N.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 აპრილის №16881630726 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის 70% – 560 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი