საქმე №ას-1572-2023 19 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ს–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2004 წლიდან მ.ბ–ძე (შემდგომში მოსარჩელე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო კ.ო–თან (შემდგომში მოსარჩელის მეუღლე ან მოსარჩელის ყოფილი მეუღლე). მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 5 შვილი.
2. 2018 წლის 19 აპრილს მოსარჩელის მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა ნ.ს–ი (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და მიაწოდა მოსარჩელესთან დაკავშირებული პირადი ხასიათის, პატივის/ღირსების შემლახველი ინფორმაცია.
3. სატელეფონო კომუნიკაციის შემდგომ მეუღლეებს შორის ფაქტობრივად შეწყდა საქორწინო/ოჯახური ურთიერთობა.
4. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონულ სამმართველოს. განცხადების საფუძველზე წარმოებული მოკვლევის დროს გამოიკითხა როგორც თავად განმცხადებელი, ასევე მოსარჩელის ყოფილი მეუღლე, მოპასუხე და სხვა პირები (მათ შორის ოჯახის წევრები, ნათესავები და ა.შ).
5. გამოკითხვისას მოსარჩელის ყოფილმა მეუღლემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს 11:46 საათზე მას ფარული ნომრით დაურეკა ქალბატონმა, 40 წამის განმავლობაში ესაუბრა და უთხრა, რომ მისი მეუღლე ღალატობდა. 11:51 საათზე ისევ დაურეკა და იგივე გაუმეორა. გაირკვა, რომ დაფარული ნომერი ეკუთვნოდა ვინმე ნ.ხ–ს, რომელმაც მასთან საუბრისას უარყო ზარის განხორციელების ფაქტი და განაცხადა, რომ მისი ტელეფონიდან დარეკა მეგობარმა, ნ.ს–მა (მოპასუხემ). მოსარჩელის ყოფილი მეუღლე დაუკავშირდა მოპასუხეს, რომელმაც საუბრისას დაიწყო ტირილი და განაცხადა, რომ შეეშალა ნომერი, მასთან არ რეკავდა და უბრალოდ დაემთხვა სახელები. მოსარჩელის ყოფილმა მეუღლემ ასევე მიუთითა, რომ მასთან კასპში მივიდნენ მოპასუხის ძმა, დედა და ბიძა და სთხოვეს ნ.ს–სათვის აღნიშნული შემთხვევის პატიება.
6. კასპის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვისას, ნ.ხ–მა დაადასტურა მოპასუხის მიერ მისი ტელეფონის გამოყენება და განმარტა, რომ ზარის ადრესატის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მეუღლემ დაურეკა და განუცხადა, რომ მითითებული ნომრიდან დაურეკეს და აცნობეს მეუღლის ღალატის შესახებ.
7. გამოკითხვისას მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს ნ.ხ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონით (.........) ორჯერ დარეკა ნომერზე ..... პირადი საკითხის გასარკვევად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნომერი არ ეკუთვნოდა იმ პიროვნებას, რომელთანაც რეკავდა. პირადი პრობლემების გამო თავად იყო აღელვებული და ზუსტად არ ახსოვს საუბრის შინაარსი „...რადგანაც იყო აღელვებულ მდგომარეობაში, შესაძლოა, მას მართლაც უთხრა მსგავსი რამ, ამის გამო იყო შეწუხებული, და ნანობს გაუაზრებელ საქციელს. მას არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არა აქვს, ვინმეს ოჯახის ღალატთან დაკავშირებით“... (ტ.2. ს.ფ.100-101).
8. სასარჩელო მოთხოვნა:
8.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხისთვის 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
8.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ მისი სახელის გატეხვისა და ოჯახის დანგრევის მიზნით გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, მოსარჩელეს გაუტეხა სახელი, რის გამოც, მან ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლო – მეუღლემ მიატოვა ხუთ შვილთან ერთად. სახელისგამტეხი ინფორმაცია გავრცელდა ნათესავებსა და მეზობლებში, ამასთან, აღნიშნულმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა შვილებზეც. მოსარჩელე დღემდე აუტანელ ნეგატიურ ემოციებს განიცდის და ფიქრობს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზე
9. მოპასუხის შესაგებელი:
9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაირი ცილისწამებლური ცნობები მოსარჩელის მიმართ არ გაუვრცელებია და სარჩელში მითითებული ინფორმაცია სიცრუეა. მოსარჩელე ცდილობს ხელოვნურად შექმნას აბსურდული სიტუაცია და მიიღოს თანხა მოპასუხისგან.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის, 5000 ლარის ანაზღაურება.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:
11.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის, 3000 ლარის ანაზღაურება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-18, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება - მოსარჩელის მეუღლეს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მიაწოდა პირადი ხასიათის, მოსარჩელის პატივის შემლახავი ინფორმაცია - ღალატის შესახებ და ეს ინფორმაცია გავრცელდა როგორც ნათესავებსა და მეზობლებში, ასევე აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს მოსარჩელის არასრულწლოვანმა შვილებმა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ქმედება ჩაიდინა გააზრებულად და მიზანმიმართულად, რამაც მოსარჩელესა და მის მეუღლეს შორის საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია, აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქმნიდა სამოქალაქო კოდექსის 18.2 და 18.6 მუხლებით გათვალისწინებული წესით მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობებს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა მისი ანაზღაურებით სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრევენციული დანიშნულება, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია, შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ნებისმიერი ოდენობის ფულადი თანხით კომპენსირება.
12.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ და, მეორე მხრივ, სანქციის პრევენციული დატვირთვისთვის, ნაცვლად საქალაქო სასამართლოს მიერ მიკუთვნებული 5000 ლარისა, გონივრულ ოდენობად უნდა მიჩნეულიყო 3000 ლარი.
13. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. საქმეში წარდგენილ მასალებში არსად ფიქსირდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მეუღლეს მოპასუხემ მიაწოდა მოსარჩელის პატივის შემლახავი ინფორმაცია. როდესაც სასამართლო მორალური ზიანის სახით მხარეს აკისრებს კომპენსაციას, უტყუარად, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
22. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს პატივისა და ღირსების, ასევე რეპუტაციის შელახვის გამო, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხემ მასზე გაავრცელა ღალატის შესახებ მცდარი ინფორმაცია, რის გამოც, მეუღლემ იგი მიატოვა. ეს ინფორმაცია გავრცელდა ნათესავებსა და ახლობლებში, შეიტყვეს არასრულწლოვანმა შვილებმაც, რის გამოც მოსარჩელე განიცდის ძლიერ სულიერ ტანჯვას
23. ამრიგად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის მე-18 (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან (მე-2 ნაწილი). ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად (მე-6 ნაწილი)), 413-ე (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) მუხლები. აღსანიშნავია, რომ ადამიანის პატივი და ღირსება პირადი ცხოვრების უფლებით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა - საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს (კონსტიტუციის მე-15 მუხლი).
24. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიზანი, უპირველესად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეული პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დაყენების უფლება გააჩნია პირს, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან რამდენიმე სიკეთის (პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან სხვ.) ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული კვალიფიკაციისათვის საკმარისია ამ ნორმით დაცული ერთ-ერთი სიკეთის ხელყოფაც, რომელიც კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს. არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (უარყოფა) და ასევე - არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თითოეულის არსებობისათვის საჭიროა ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე სიკეთე მაინც შეილახოს (იხ. სუსგ საქმე №ას-810-2019, 5 მარტი, 2021 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებით - მოსარჩელის მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციითა და მოსარჩელის შესახებ შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით - დაირღვა მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს ქმნიდა.
26. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ მოსარჩელის მიმართ შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარდგენილ, შსს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმზე, სადაც თავად მოპასუხე ადასტურებს, რომ მან სატელეფონო საუბრისას მოსარჩელის მეუღლეს, მართლაც მიაწოდა ინფორმაცია მეუღლის ღალატის შესახებ, რის გამოც, ნანობს კიდეც თავის საქციელს. ოქმში მითითებულია შემდეგი: „... მე დამიკავშირდა ნ.ხ–ი და მითხრა, რომ მას დაუკავშირდა კ.ო–ი, რომლის ნომერზე მე დავრეკე და უთხრა, რომ მისი ნომრიდან დაურეკა. ნ.ხ–ის გადმოცემით, მე კ.ო–ისთვის მითქვამს, რომ მისი მეუღლე მ. ღალატობდა მას. არ მახსოვს კონკრეტული სახელი ვუთხარი თუ არა მას. მე ვრეკავდი სხვასთან სრულიად სხვა საკითხზე. რადგანაც ვიყავი აღელვებულ მდგომარეობაში, შესაძლოა მე მართლაც ვუთხარი მსგავსი რამ. ამის გამო ვარ შეწუხებული და ვნანობ ჩემს გაუაზრებელ საქციელს. მე არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ მაქვს არავის მიმართ, რომ ვინმე საკუთარ ოჯახს ღალატობს...“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 26-27). უდავოდ დადგენილია ისიც, რომ ამ ფაქტის (მოპასუხისა და მოსარჩელის მეუღლის სატელეფონო საუბრის) შემდეგ, მოსარჩელის მეუღლემ მიატოვა ოჯახი და მოსარჩელე მარტო დარჩა თავის 5 შვილთან ერთად.
27. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-1477-1489-2011, 23 აპრილი, 2012წელი; სუსგ საქმე Nას-1149-1169-2011, 25 თებერვალი, 2013 წელი). მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად, მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება
28. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მეუღლისთვის მოსარჩელის ღალატის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებამ (რამაც მეუღლეთა შორის კონფლიქტი და, საბოლოოდ, ოჯახის დანგრევა გამოიწვია) ხელყო მოსარჩელის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლების მიხედვით, პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის მორალური ზიანის სახით, მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა. მოპასუხეს (კასატორს) კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და სარჩელის უარყოფის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
29. რაც შეეხება დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას, ვინაიდან კასატორი მითითებულ საკითხს საკასაციო საჩივრით არ შედავებია, საკასაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს მასზე.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
32. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის (მოპასუხის) მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 410-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე