30 აგვისტო 2024 წელი
საქმე №ას-839-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელე - ლ.ა–ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოპასუხის - სს „ლ.ბ–ის“ მიმართ, ვალდებულების შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ა–მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს დ.მ–ს (მინდ. ტ.1; ს.ფ. 118) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... და 2024 წლის 26 ივლისს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
12. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს დ.მ–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... და 2024 წლის 26 ივლისს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2024 წლის 26 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 27 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 05 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი