Facebook Twitter

№ას-910-2023

21 მარტი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჟ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.კ–ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–ია“ (თავჯდომარე ს.ნ–ძე) (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ.ქ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნ.კ–ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იას“ (შემდეგში - მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იას“ 2021 წლის 07 ივნისის №2 კრების ოქმი;

1.2. შენობა №7, მდებარე: ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა №16; ქ. ქუთაისი, ........ (ფართი 26.38 კვ.მ.) ს/კ: ........, საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელე ჟ.ქ–ძის სახელზე.

2. მოპასუხე ნ.კ–მა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იამ“, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ჟ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იას“ 2021 წლის 7 ივნისის №2 კრების ოქმი, ხოლო, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელე ჟ.ქ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრიბვ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხეებმა - ნ.კ–მა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იამ“ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, ნ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; ამავე სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იას“ თავმჯდომარის ს.ნ–ძის სააპელაციო საჩივარიც დარჩა განუხილველი.

6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით, ჟ.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

8.1.1. ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/........ მე-4 შეს. N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2014 წლის 23 დეკემბერს დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–ია“ და მის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ს.ნ–ძე.

8.1.2. 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ.ქ–ძემ ჟ.ქ–ძეს მიჰყიდა ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს. N1-ში მდებარე, თავისი კუთვნილი უძრავი ქონება-საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 169.95 კვმ შენობა-ნაგებობის 6/14 ნაწილი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის საგანთან ერთად, მყიდველის საკუთრებაში გადადის მთელი საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის (შენობის ნაწილი, რომელიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება) ნაწილის შესაბამისი ნასყიდობის საგნის საერთო ფართის (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის) პროპორციული წილი.

8.1.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში, 2008 წლის 28 იანვარს, ნ.ქ–ძის დაკვეთით შედგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზში, რომელიც ხელმოწერილია და დამოწმებულია, მხოლოდ ამზომველი კომპანიის-შპს „ქ–ის“ უფლებამოსილი პირების მიერ და არ შეიცავს ამ ნახაზის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელ რაიმე სახის ჩანაწერს, დაფიქსირებულია, რომ, ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს N1-ში, ნ.ქ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება 6/14 ნაწილზე. აზომვით ნახაზზე მითითებულია, რომ ნ.ქ–ძის მფლობელობაში იმყოფებოდა 43,76 კვ.მ ფართის N3 დამხმარე ნაგებობა და 9,24 კვ.მ ფართის N6 დამხმარე ნაგებობა. N7 დამხმარე ნაგებებობის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ნახაზზე მითითებული არ არის.

8.1.4. ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს. N1-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ–იას“ 2021 წლის 07 ივნისის N2 კრების ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოპასუხე ნ.კ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს N1-ში მდებარე, ს/კ ....... საერთო სარგებლობის 903 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებული ორი დამხმარე ნაგებობა-03/1 ფართით-16.35 კვმ და 07/1 საერთო ფართით -26.38 კვმ.

8.1.5. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, 2021 წლის 15 ივნისის საკადასტრო ნახაზის მიხედვით, N7 დამხმარე ნაგებობა მდებარეობს 2008 წლის 28 იანვარს შედგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული N3 დამხმარე ნაგებობის ადგილზე, თუმცა ფართები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება; კერძოდ, 2008 წლის 28 იანვრის საკადასტრო აზომვით ნახაზზე N 3 ნაგებობის ფართი მითითებულია 43,76 კვ.მ, ხოლო 2021 წლის საკადასტრო ნახაზზე არსებული N7 ნაგებობის ფართი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად შეადგენს 26,38 კვმ-ს.

8.1.6. 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში უძრავ ქონებაზე გამყიდველის-ნ.ქ–ძის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში, ერთ-ერთი მითითებულია მუდმივმოქმედი კერძო ა–აჟის-შპს „ა–ი .....“-ის 25/12/2007 გადაწყვეტილება. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2021 წლის 18 აგვისტოს, საჯარო რეესტრში ჟ.ქ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს N1-ში მდებარე, 36,69 კვ.მ ფართის დამხმარე ნაგებობა N6.

8.1.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჟ.ქ–ძის შვილმა-ა.ქ–ძემ აჩვენა, რომ გასხვისებამდე ნ.ქ–ძე თავისი ოჯახით სარგებლობდა დამხმარე ფართით და აღნიშნულზე არავის არ ჰქონია დავა ან პრეტენზია. ჟ.ქ–ძის მიერ ქონების შეძენის შემდეგ, მოსარჩელემ გააგრძელა ფლობა და იყენებდა მას, როგორც სათავსოს. ამხანაგობის თავმჯდომარემ, ს.ნ–ძემ მას სთხოვა სადავო ფართით სარგებლობა, რაზეც დასთანხმდა და გაუღო კარი ნივთების შესანახად. ამის შემდეგ, ს.ნ–ძემ აღნიშნულ ფართს დაადო თავისი ბოქლომი და ჟ.ქ–ძე ვეღარ სარგებლობს.

8.1.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ.ყ–მა აჩვენა, რომ თავად ჟ.ქ–ძისგან იცის, რომ დამხმარე ფართი მისი იყო, რომლითაც ნ.ქ–ძე სარგებლობდა.

8.2. მოცემული საქმეზე სამართლებრივი დასაბუთების მიზნით, პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო სამართლებრივი ურთიერთობიდან, რაც დაკავშირებული იყო სადაო ფართზე-დამხმარე ნაგებობაზე საკუთრების უფლების ნამდვილობასთან. სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით კი, გამოსარკვევი იყო, არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრში სადავო დამხმარე ფართზე ჟ.ქ–ძის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. სადავო საკითხის დადგენის მიზნით სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით; ასევე, მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. ამასთან, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდათ მხარეებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებდნენ.

8.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა ქ.ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქ.ქუთაისი, ........ შესახვევი IV-ში მდებარე, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 26.38 კვმ საერთო ფართის N7 დამხმარე ნაგებობის (ს/კ: .......) თავის ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვას. ამ უფლების წარმოშობის დასადასტურებლად, უთითებდა 15.10.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მოწმეთა ჩვენებებსა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, ამ კანონის ამოქმედების დროისათვის სადავო დამხმარე ფართის ფაქტობრივ ფლობას ახორციელებდა ჟ.ქ–ძის ინდივიდუალური საკუთრების-საცხოვრებელი ფართის წინა მესაკუთრე-ნ.ქ–ძე, რომლისგანაც დამხმარე ნაგებობაზე მფლობელობა გადაეცა ჟ.ქ–ძეს. აღნიშნული კი, წარმოადგენდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სადავო ფართზე ჟ.ქ–ძის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

8.4. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლზე, ამავე კანონის (ამოქმედდა 2007 წლის 1 აგვისტოდან) მე-4 მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის უპირველესად, მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ უფლებების განსაზღვრას, რაც გააჩნდა ნ.ქ–ძეს ამხანაგობის წევრობის დროს. თუკი ნ.ქ–ძე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენდა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელს, რომელსაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე შეეძლო მოეთხოვა საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში მის მიერ საცხოვრებელი ფართის გასხვისებისას, შემძენზე გადავიდოდა ყველა ის უფლება, რაც გააჩნდა წინამორბედს. ახალ შემძენზე გადადიოდა არა მარტო უფლებები, არამედ ვალდებულებებიც. კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებდა ახალი მესაკუთრე პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალე.

8.5. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული, სანოტარო წესით დამოწმებული 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ქ–ძემ ჟ.ქ–ძეს მიყიდა ქ.ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქ.ქუთაისი, ........ შესახვევი IV-ში მდებარე, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი ბინა; კერძოდ, 169,95 კვ.მ შენობა-ნაგებობის 6/14 ნაწილი. ამ გარიგებით ჟ.ქ–ძემ, როგორც უფლებამონაცვლემ, შეიძინა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის (2007 წლის 11 ივლისი) დროისათვის ნ.ქ–ძის ყველა უფლება, მათ შორის, მფლობელობის დადასტურების შემთხვევაში, სადავო სამეურნეო სათავსოს პირად საკუთრებაში დარეგისტრირებისა და მისი ყველა ვალდებულება, რითაც 2008 წლის 15 ოქტომბრიდან გახდა ნ.ქ–ძის უფლებამონაცვლე.

8.6. პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად კანონით მინიჭებული უფლებისა, მოსარჩელემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ ქ.ქუთაისი, ........ შესახვევი IV-ში მდებარე, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 26.38 კვ.მ. საერთო ფართის N7 დამხმარე ნაგებობაზე (ს/კ: .........) ნ.ქ–ძის მფლობელობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ უნდა ყოფილიყო დადასტურებული.

8.7. მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის შვილის-ა.ქ–ძის, როგორც დაინტერესებული პირის ჩვენება პალატამ არ გაიზიარა. ასევე, პალატამ არ გაიზიარა მხოლოდ ერთი მოწმის, ნ.ყ–ის ჩვენება, რაც პალატის მოსაზრებით, ძირითადად ირიბ ჩვენებას წარმოადგენა, ვინაიდან მოწმის მითითებით, თავად ჟ.ქ–ძისგან იცოდა, რომ დამხმარე ფართი მისი იყო, რომლითაც თავდაპირველად ნ.ქ–ძე სარგებლობდა.

8.8. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო ქონებაზე წინა მესაკუთრის-ნ.ქ–ძის, ხოლო შემდეგ თავისი მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება, რის გამოც მისი მოთხოვნა 26.38 კვმ საერთო ფართის N7 დამხმარე ნაგებობის (ს/კ: ........) ჟ.ქ–ძის ინდივიდუალური საკუთრებად აღიარების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, რაც გამორიცხავდა ამ ქონებაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

8.9. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნავა, რომ 15.10.2008 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავდა ჩანაწერს (მითითებას) 2008 წლის 28 იანვარს შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ან დამხმარე შენობა-ნაგებობებზე ნ.ქ–ძის მფლობელობის თაობაზე; შესაბამისად, ნ.ქ–ძის მოთხოვნით ამზომველი კომპანიის მიერ შედგენილი ნახაზი, რაც კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, გამორიცხავდა ამ ნახაზზე დაფიქსირებული ფაქტების მოსარჩელის სასარგებლოდ გაზიარების შესაძლებლობას. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო დამხმარე ნაგებობა, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის (2007 წლის 11 ივლისი) დროისათვის, ისე 15.10.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაში განკარვა შესაძლებელი იყო ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, ამხანაგობის ყველა წევრის მიერ, ერთხმად (100%) მიღებული გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ ვითარებაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კი, გამორიცხავდა გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

8.10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჟ.ქ–ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არსებითად სწორი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ჟ.ქ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ჟ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა ქ.ქუთაისში, ........ ქუჩა N16 / ........ ქუჩა, შესახვევი IV, No1 (ს/კ ......) მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 26,38 კვ.მ. საერთო ფართის №7 დამხმარე ნაგებობაზე ჯერ წინა მესაკუთრის - ნ.ქ–ძის, ხოლო შემდგომ თავისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

11.2. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო პალატის განმარტებას, მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის ნაწილში.

11.3. ამასთან, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ქონების საკუთრება ამხანაგობის წევრთა 2/3 მიერ არ უნდა იქნას დადასტურებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

16. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო ფართის - შენობა №7, მდებარე: ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა №16; ქ. ქუთაისი, ........ შესახვევი IV, №1 (ფართი 26.38 კვ.მ.), ს/კ: ........ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვაზე უარის თქმის მართლზომიერება.

17. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავო ფართზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სადავო ფართის ფაქტობრივ ფლობას ახორციელებდა მისი ინდივიდუალური საკუთრების-საცხოვრებელი ფართის წინა მესაკუთრე-ნ.ქ–ძე, რომელმაც 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელეს მიჰყიდა ქ. ქუთაისში, ........ ქუჩა N16/ქუთაისი, ........ მე-4 შეს. N1-ში მდებარე, თავისი კუთვნილი უძრავი ქონება-საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 169.95 კვმ შენობა-ნაგებობის 6/14 ნაწილი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის საგანთან ერთად, მყიდველის საკუთრებაში გადადის მთელი საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის (შენობის ნაწილი, რომელიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება) ნაწილის შესაბამისი ნასყიდობის საგნის საერთო ფართის (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის) პროპორციული წილი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დამხმარე ნაგებობაზე მფლობელობა გადაეცა მას, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სადავო ფართზე მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.

18. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს მხოლოდ მაშინ ექნებოდა მითითებული ფართის საკუთრებაში მიღების საფუძველი, თუ იგი დაადასტურებდა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის (2007 წლის 11 ივლისი) დროისათვის, მისი ინდივიდუალური საკუთრების-საცხოვრებელი ფართის წინა მესაკუთრე - ნ.ქ–ძე წარმოადგენდა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელს.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია, მოთხოვნის საფუძვლად არსებული მისთვის ხელსაყრელი და სადავო ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტუროს.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო ქონებაზე (26.38 კვ.მ. საერთო ფართის N7 დამხმარე ნაგებობის ს/კ: .......) ვერც წინა მესაკუთრის - ნ.ქ–ძის, ხოლო შემდეგ, ვერც თავისი მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება, რაც სადავო ქონების მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი რელევანტური მტკიცებულება, ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებს, თუ ვინ ახორციელებდა სადავო ფართზე ფაქტობრივ ბატონობას. მოსარჩელეს სასამართლოსათვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, ვერც 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება განიხილება, რომელიც საერთოდ არ შეიცავს მითითებას სადავო ფართზე ნ.ქ–ძის მფლობელობის თაობაზე, ვერც 2008 წლის 28 იანვრისა და 2021 წლის 15 ივნისის საკადასტრო ნახაზები მათი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის გამო და ვერც დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები. ამ უკანასკნელთან მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მხრიდან მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმის ნაწილში, რამეთუ კასატორის მხრიდან საკასაციო საჩივარში არ არის განხორციელებული კვალიფიციური შედავება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი იმგვარი გარემოებების მიმართ, რომლებითაც იურიდიული სანდოობის, დამაჯერებლობისა და სარწმუნოობის კუთხით გამოირიცხა ა.ქ–ძისა და ნ.ყ–ის ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობა.

22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა ვერ გახდება ვერც კასატორის ის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სადავო ქონების საკუთრება ამხანაგობის წევრთა 2/3 მიერ არ უნდა იქნას დადასტურებული.

23. ზემოაღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას; განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც.

24. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე ხსნიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფების, სხვენებისა და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა, ხოლო იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

25. ამდენად, იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები, შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 1 ივლისი, 2015 წელი).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება გამოიტანა, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოსარჩელემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ჟ.ქ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N18842230654, გადახდის თარიღი 05.10.2023) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე