№ას-1183-2023
25 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.ფ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, ქმედების განხორციელების დავალება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ფ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „თ.ე–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. დაევალოს შპს „თ.ე–ის“ უკანონოდ შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენა და სამზარეულოში არსებული მრიცხველის გავლით, ამავე სამზარეულოს ფანჯრამდე მოყვანილი გაზის მილის დაერთება;
1.2. დაევალოს შპს „თ.ე–ის“ 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე- 33 თვის განმავლობაში უფლების ბოროტად გამოყენებით მიყენებული ზიანის - 189000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე შპს „თ.ე–იმ“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ს.ფ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ს.ფ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით, ს.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი სარჩელით, ს.ფ–ძის მოთხოვნას წარმოადგენდა უკანონოდ შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენა და სამზარეულოში არსებული მრიცხველის გავლით, ამავე სამზარეულოს ფანჯრამდე მოყვანილი გაზის მილის დაერთება. მოსარჩელის განმარტებით, ის აკონტროლებდა მოხმარებული გაზის ოდენობას სამზარეულოში არსებული მრიცხველის მეშვეობით, ხოლო გაზის მრიცხველების დაუსაბუთებელი სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისა და სადარბაზოდან მათი გარეთ გატანის შემდეგ, უწევდა ეზოში გასვლა და ღია სივრცეში გაზის მრიცხველის დათვალიერება. მოსარჩელე გაზის მიწოდების აღდგენას მრიცხველის მის ბინაში დატოვების გზით ითხოვდა, რადგან მოპასუხის ბრალეულობით, 2019 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე გაზმომარაგების გარეშე დატოვებამ და ელექტრომომარაგებაზე სრულად გადართვამ არსებითად გაუუარესა საყოფაცხოვრებო პირობები, მნიშვნელოვნად დააზარალა ფინანსურად, რამაც გაუსაძლისი გახადა ცხოვრება ხელმოკლე ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. მოსარჩელის მითითებით, ახალი ქსელის დამონტაჟებით დაირღვა მოსარჩელის უფლებები. მოპასუხის განმარტებით, კოპანიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა კოროზირებული, საფრთხის შემცველი გაზსადენის გაუქმება და მის ნაცვლად მოეწყო ახალი ალტერნატიული ქსელი. შპს „თ.ე–ის“, როგორც გაზის სექტორში ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდებაზე პასუხისმგებლობელ სუბიექტს ვალდებულება ეკისრებოდა განეხორციელებინა ყველა აუცილებელი ღონისძიება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიამ მყისიერად მოახდინა რეაგირება ტექნიკური შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად და ამასთანავე, საკითხთან დაკავშირებით მიიღო ზემდგომი ორგანოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მითითებაც, რომელმაც კომპანიას დაავალა უმოკლეს ვადებში მოეხდინა კოროზირებული ქსელის ჩანაცვლება ახალი ქსელით.
6.2. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენდა, რომ მოსარჩელე ს.ფ–ძე რეგისტრირებული იყო აბონენტად ქ. თბილისში, ........ (........) ქუჩა N42, ბინა N14-ში მდებარე უძრავ ქონებაში. აღნიშნულ მისამართზე შპს „ყ-თ–მა“ განახორციელა არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის მოყვანა გამართულ მდგომარეობაში და მრიცხველიდან გამავალი ქსელი მიყვანილ იქნა მობინადრის ფანჯრებამდე. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ ს.ფ–ძეს 2019 წლის სექტემბრიდან არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი. შპს „თ.ე–ის“ 2020 წლის 09 მარტის წერილით დგინდებოდა, რომ კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა მისამართზე არსებული მდგომარეობა და დადგინდა, რომ გაზსადენი იყო კოროზირებული. მომხმარებლების ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად განხორციელდა ერთოთახიან ბინებში გამავალი საფრთხის შემცველი გაზსადენის გაუქმება. კომპანიამ მოაწყო ახალი ალტერნატიული ქსელი და მოახდინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად მომხმარებელთა კუთვნილი ტერიტორიებიდან მრიცხველების გარეთ გატანა. მობინადრესთან (ს.ფ–ძე) კომპანიამ მოაწყო ახალი მრიცხველი. მრიცხველიდან გამავალი ქსელი მიყვანილ იქნა მობინადრის ფანჯრებამდე, მაგრამ ს.ფ–ძემ უარი განაცხადა ახალი ქსელიდან ბინაში გაზის შეყვანაზე და ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოითხოვა ძველი გაუქმებული (კოროზირებული) ქსელის მეშვეობით, რაც ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
6.3. საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ........ ქუჩა N42, ბინა N14-ში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია განხორციელდა ქსელზე არსებული კოროზიის გამო. აღნიშნული უდავო გარემოება კი, პალატის შეფასებით საფუძველს აცლიდა მოსარჩელის მოთხოვნას, რომ გაზმომარაგების მიწოდება აღდგენილიყო ძველი გაუქმებული (კოროზირებული) ქსელის მეშვეობით. დაუსაბუთებელი იყო ასევე, მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება განხორციელებულიყო ბინაში არსებული მრიცხველის საშუალებით, ვინაიდან, როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდებოდა, მოპასუხე კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად ასევე, განახორციელა მომხმარებელთა კუთვნილი ტერიტორიებიდან მრიცხველების გარეთ გატანა.
6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტზე და განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხეს კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნებოდა.
6.5. პალატის შეფასებით, მოსარჩელის ის არგუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაზით მომარაგება უნდა აღდგენილიყო ძველი მრიცხველის მეშვეობით, რათა კვლავ ჰქონოდა საშუალება გაკონტროლებინა რამდენს და შესაბამისად, რა საფასურის გაზს მოიხმარდა, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა და სადავო საკითხთან მიმართებით, პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების მე-2 (ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად), ამავე დადგენილების მე-6 (განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან), მე-7 (აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. ამასთან, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული) მუხლებზე.
6.6. აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა ასევე საოქმო განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვა მოწინააღმდეგე მხარისაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377–ე მუხლის ფარგლებში შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების წინმსწრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 02 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული განჩინება, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებული, კანონიერი იყო და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ მითითებული დოკუმენტები და ამ ფარგლებში დასადგენი გარემოებები (არის თუ არა შესაძლებელი ტექნიკური თვალსაზრისით გაზის მიწოდების აღდგენა ბინაში არსებული მრიცხველის საშუალებით), არ ემსახურებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული 02.11.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელში უკანონო ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რომლის არსებობაც მან ვერ დაადასტურა. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მოპასუხის მიერ განხორციელდა ქსელზე არსებული კოროზიის გამო, რაც უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ შეფასდებოდა.
6.8. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 477-ე მუხლებზე და განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი ახალი ქსელიდან ბინაში გაზის შეყვანაზე, ამასთან, არ დადასტურდა მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ფ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ს.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რომელი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ მოპასუხე კომპანიამ კანონმდებლობის დადგენილი ნორმების დაცვით გაიტანა მრიცხველები გარეთ, რაც დაუსაბუთებლად აქცევდა კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება განხორციელებულიყო მის ბინაში არსებული მრიცხველის საშუალებით.
9.2. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ კასატორმა თავად განაცხადა უარი ახალი ქსელიდან ბინაში გაზის შეყვანაზე და რომ გაზის მიწოდება ძველი, გაუქმებული ქსელის მეშვეობით მოითხოვა, რაც ტექნიკურად შეუძლებელი იყო. კასატორის მითითებით, იგი ითხოვს გაზის მიწოდების აღდგენას მის ბინაში არსებული მრიცხველის საშუალებით, ახალი გაზგამანაწილებელ ქსელზე დაერთებით, რაზედაც კასატორის შეფასებით, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა.
9.3. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მსჯელობას 2022 წლის 02 ნოემბრის საოქმო განჩინების (მოწინააღმდეგე მხარისაგან მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერებასთან მიმართებით. კასატორის მითითებით, მტკიცებულებების გამოთხოვით დადგინდებოდა ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო თუ არა შესაძლებელი გაზის მიწოდების აღდგენა ჩემს ბინაში არსებული გაზის მრიცხველის საშუალებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ყ-თ–ის“ მიერ, ქ. თბილისში, ........ ქუჩა N42, ბინა N14-ში, სადაც მოსარჩელე ს.ფ–ძე რეგისტრირებულია აბონენტად, არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია განხორციელდა ქსელზე არსებული კოროზიის გამო. კასატორი არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ ზემაღნიშნულ მისამართზე, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ განახორციელა არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის მოყვანა გამართულ მდგომარეობაში და მრიცხველიდან გამავალი ქსელი მიყვანილ იქნა მობინადრის ფანჯრებამდე. კასატორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ მას არასწორად ეთქვა უარი გაზის მიწოდების აღდგენაზე მის ბინაში (სამზარეულოში) არსებული მრიცხველის საშუალებით, ახალ გაზგამანაწილებელ ქსელზე დაერთებით.
16. კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ურთიერთობის პერიოდში მოქმედ, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე (საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო), ამავე მუხლის მე-5 (აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები), მე-7 (ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული) და მე-8 (თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება) ნაწილებზე, რომელთა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტებს და სტანდარტებს; მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას; ამასთან, დადგენილება იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მონტაჟის აუცილებლობა არ იკვეთება, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ, თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიამ გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე, განახორციელა მომხმარებელთა კუთვნილი ტერიტორიებიდან მრიცხველების გარეთ გატანა. აღნიშნულის საპირწონედ, არც საქმის მასალებითა და არც მოსარჩელის არგუმენტაციით, არ იკვეთება ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე დამონტაჟების აუცილებლობა. ამგვარ აუცილებლობად საკასაციო პალატა ვერ განიხილავს და არარელევანტურად მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ ის აკონტროლებდა მოხმარებული გაზის ოდენობას სამზარეულოში არსებული მრიცხველის მეშვეობით, ხოლო გაზის მრიცხველების დაუსაბუთებელი სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების და სადარბაზოდან მათი გარეთ გატანის შემდეგ უწევს ეზოში გასვლა და ღია სივრცეში გაზის მრიცხველის დათვალიერება. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელისათვის გაზის მრიცხველის შეცვლის (გარეთ გატანის) შედეგად რაიმე ხელშესახები ზიანის მიყენების რისკი ან ამგვარი რისკის წარმოშობის გონივრული საფრთხეები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსარჩელისათვის მის ბინაში (სამზარეულოში) არსებული მრიცხველის საშუალებით, გაზის მიწოდების აღდგენის შესაძლებლობაზე მსჯელობის საშუალებას მისცემდა, მით უფრო მაშინ, რომ კანონმდებლობა განაწილების ლიცენზიატს არსებული აღრიცხვის კვანძის ჩანაცვლებისათვის საჭირო ყველა ღონისძიების საკუთარი სახსრებით განხორციელებას ავალდებულებს (გარდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა).
18. რაც შეეხება კასატორის შედავებას 2022 წლის 02 ნოემბრის საოქმო განჩინების (მოწინააღმდეგე მხარისაგან მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლად, კასატორის მიერ მითითითებულ იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებების გამოთხოვით, დადგინდებოდა ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, იყო თუ არა შესაძლებელი გაზის მიწოდების აღდგენა მის ბინაში არსებული გაზის მრიცხველის საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნულ აბზაცებში უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ არ იკვეთება ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე დამონტაჟების აუცილებლობა, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა მასზედ, რომ შუამდგომლობაში მითითებული დოკუმენტები და ამ ფარგლებში დასადგენი გარემოებები, არ ემსახურებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენას. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული 02.11.2022 წლის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
19. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება. აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა, 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (ტ.2, ს.ფ. 120-193).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არცერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ს.ფ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (ტ.2, ს.ფ. 120-193).
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე