Facebook Twitter

საქმე №ას-203-2023 10 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ–რი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ნია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს ,,ს.ს.კ–ნიამ" სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ბ–რის" მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 46 905 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, შპს ,,ბ–რის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რის გამოც მის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა მოთხოვნა შეცილებული სასამართლო სხდომებზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.

8. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

8.1. შპს „ს.ს.კ–ასა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის 2019 წლის 16 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 369 408, 57 ლარს. 2019 წლის 18 ოქტომბერს შეთანხმების აქტით აღნიშნული მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ღირებულების ცვლილებაზე, კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულება დაკორექტირდა და გახდა 333 269, 09 ლარი. ტენდერის პირობების მიხედვით შესყიდვების ობიექტს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ......... გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა;

8.2. შპს ,,ს.ს.კ–ამ’’ ტენდერის სამუშაოების შესასრულებლად 2019 წლის 26 აგვისტოს მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ბ–რთან’’, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა შეესრულებინა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... გზების მოასფალტების სამუშაოები. ამ ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 330 000 ლარს, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისთვის ამ თანხიდან უნდა დაებრუნებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს 3%; მითითებული ტენდერის ფარგლებში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 295 753.97 ლარი, აქედან მოპასუხე მხარის მიერ შესრულებულია 259 000 ლარის სამუშაო;

9. შპს ,,ს.ს.კ–ა’’ მოითხოვს, მხარეთა შორის 26.08.2019 წლის აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ მიწოდებული პროდუქციისა და შესრულებული მომსახურების ღირებულების, ასანაზღაურებელი ნაწილის, 46 905 ლარის, მოპასუხე შპს ,,ბ–რისათვის’’ დაკისრებას.

10. საკასაციო პრეტენზიის ძირითადი ნაწილი მიემართება იმ გარემოებას, რომ მას არ მიეცა მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რის გამოც მის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა მოთხოვნა შეცილებული.

11. საკასაციო საამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან (წინაპირობებზე) მითითებას ისეთ ფაქტებზე, რომლებიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს (განუხორციელებელს ხდის) სარჩელით მოთხოვნილ შედეგს. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციურ შედავებას.

12. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).

13. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა, შესაგებელი, საერთოდ არ არის დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს. რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით, მართალია, არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნა ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით. პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, კასატორის მიერ წარმოდგენილია დაუშვებელი (დაუსაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1126-2023, 20.12.2023წ; N ას-1208-2023, 20.12.2023წ.).

15. რაც შეეხება შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 16 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტთან დადო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N62, სოფელ ......... გზების მოასფალტების სამუშაოების შესასრულებლად. მოსარჩელემ ტენდერის მოთხოვნების შესასრულებლად 2019 წლის 26 აგვისტოს მოპასუხესთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში გაუწია 25 000 ლარის ღირებულების ტექნიკით მომსახურება, ასევე, მიაწოდა შემდეგი პროდუქცია: 11 625 ლარის წვრილმარცვლიანი ა. ბეტონი, 3328 ლარის ქვიშა-ღორღი 0-40 მმ, 212.5 ლარის ღირებულების ქვიშა 0-5 მმ, 85 ლარის ღორღი 5-10 მმ, 26 105 ლარის მსხვილმარცვლოვანი ა.ბეტონი, მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკან დასაბრუნებელი შესრულების მომსახურების თანხის 3%, 7799,6 ლარი. მიწოდებული ტექნიკისა და პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 74 155 ლარი. ტენდერის ფარგლებში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 295 753.97 ლარი, საიდანაც მოპასუხეს შესრულებული აქვს 259 000 ლარი. თავის მხრივ, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 29 250 ლარის ბიტუმი, შესაბამისად, იმ მომენტისთვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 288 250 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა (ტრანსპორტის მომსახურება და პროდუქციის ღირებულება) – 74 155 ლარს. მთლიანი ვალდებულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს აუნაზღაურა 261 863.38 ლარი და, შესაბამისად, მოპასუხის მიმართ დარჩა 27 250 ლარის გადახდის ვალდებულება. მხარეებმა შეთანხმებით გადაფარეს ურთიერთარსებული ვალდებულებები, რომლის შედეგადაც მოპასუხეს დარჩა 46 905 ლარის დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა სწორად არის გადაწყვეტილი, და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს,

18. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–რის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ–რს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 27/01/2023წ. №1674823563 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2345.25 ლარის 70% – 1641.67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი