Facebook Twitter

საქმე №ას-669-2022 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჟ.მ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ე. (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – რ.კ–ნი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ.მ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ე–ის მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.09.2015 წელს გაფორმებული, ნოტარიუს რ.კ–ნის მიერ ნოტარიულად დამოწმებული, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა შემდეგ უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1600 კვ.მ., ს/კ: №.......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1000 კვ.მ., ს/კ: №......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 5000 კვ.მ., ს/კ: №......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 271 კვ.მ., მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: №......; მოსარჩელის ერთპიროვნული საკუთრების უფლების აღდგენა მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებად რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ნივთზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 3648 კვ.მ., მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, ს/კ: №.....

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 01.09.2015 წლამდე ჟ.მ–ნი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ......... საკუთრების უფლებით ფლობდა (კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ) სხვადასხვა ფართობის რამოდენიმე მიწის ნაკვეთს, მათ შორის 3648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, (საკადასტრო კოდით №.......), განთავსებულია რამოდენიმე შენობა, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი. ჟ.მ–ნმა გადაწყვიტა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №.......) მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან გაეყიდა ერთ-ერთი, უფრო ადრე აშენებული, მიმდებარე საქონლის სადგომ შენობასთან ერთად. ხსენებული უძრავი ქონების ყიდვის სურვილი გამოთქვა მოპასუხე - კ.ე–მა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კ.ე–ნი ჟ.მ–ნს გასაყიდ ქონებაში (1974 წელს აშენებულ სახლსა და მიმდებარე ბოსელში) გადაუხდიდა 11 000 აშშ დოლარს. 01.09.2015 წელს ნოტარიუსმა რ.კ–ნმა, ჟ.მ–სა და კ.ე–ნს შორის დასადები უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება შეადგინა და სანოტარო წესით დაადასტურა (სანოტარო მოქმედების №150937932). ნოტარიუს რ.კ–ნის მიერ შედგენილი და დადასტურებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული) თანახმად, ნასყიდობის საგნად რატომღაც დაფიქსირებულია იმ მომენტისათვის ჟ.მ–ნის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კ.ე–მა ერთპიროვნულად დაისაკუთრა ჟ.მ–ნის (ამ უკანასკნელის ნების საწინაღმდეგოდ) კუთვნილ, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .........მდებარე უძრავ ქონებებს (მიწის ნაკვეთებს): - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1600 კვ.მ. საკადასტრო კოდი №......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი №.......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 5000 კვ.მ. საკადასტრო კოდი №......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო), მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 271 კვ.მ. მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდი №.......; ხოლო რაც შეეხება, საკადასტრო კოდით №........ რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართით - 3648 კვ.მ. მდებარე მისამართზე - ნინოწმინდა, სოფელი ......, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობები: ა) საცხოვრებელი დანიშნულების - ობიექტი 1 (საცხოვრებელი), ობიექტი 2 (საცხოვრებელი 1), ობიექტი 3 (საცხოვრებელი 2), საერთო ფართი - 172,1 კვ.მ და ბ) არასაცხოვრებელი ფართი - ობიექტი 4 (ბოსელი) საერთო ფართი - 50.7 კვ.მ. ნოტარიალურად დადასტურებული ხელშეკრულების საფუძველზე, კ.ე–ნი გახდა სრულუფლებიანი თანამესაკუთრე ჟ.მ–თან ერთად (ასევე ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ).

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წელს თავდაპირველად ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ მოსარჩელე ჟ.მ–ნი და მოპასუხე კ.ე–ი, რომ მოსარჩელე მიყიდიდა მის საკუთრებაში არსებულ ძველ საცხოვრებელ სახლს, საქონლის ბოსელთან ერთად და ყველა მიწის ნაკვეთს, რომელიც მოცემულ სახლს ეკუთვნოდა საერთო ფართობით 1,25 ჰა, რაშიც მოპასუხეს მისთვის უნდა გადაეხადა 17 000 აშშ დოლარი სახლში არსებულ ავეჯთან ერთად, ავეჯის ღირებულებად განისაზღვრა 1000 აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 16 000 აშშ დოლარი, აღნიშნული უძრავი ნივთებიდან ერთ მიწის ნაკვეთში რეგისტრირებული ს/კ ........, რომელზეც განლაგებულია ფურნე, მასში მოპასუხეს უნდა გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, რაც უნდა ასახულიყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელსაც შემდგომში გადააფორმებდნენ. მოპასუხემ ჟ.მ–ნს ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ გადაუხადა 8 500 აშშ დოლარი, აღნიშნული უძრავი ქონებიდან ერთ მიწის ნაკვეთში რეგისტრირებული ს/კ ........ რომელზეც განლაგებულია ფურნე, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, უნდა შეედგინათ მინდობილობა, რაშიც ჩაიწერებოდა, რომ მოპასუხე აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო დარჩენილ 2500 აშშ დოლარს გადაიხდიდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები და მათზე განლაგებული შენობა ნაგებობები საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა კ.ე–ის საკუთრებად. ჟ.მ–ნს, ნოტარიუსსა და მოპასუხეს შორის შუამავლობდა ლ.კ–ნი, სწორედაც მან მიიყვანა ნოტარიუსთან და მან მიიყვანა ლ.ჩ–ნიც და ისე გაფორმდა ხელშეკრულება.

3.2. ნოტარიუსმა ნამდვილად შეადგინა 2015 წლის 1 სექტემბერს უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, მასზე ხელმოწერამდე ლ.კ–ნმა დანაცხადა, რომ ჟ.მ–ნმა არ იცოდა წერა-კითხვა, არ შეეძლო, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა და იკითხა, რომ მხარეები ხომ არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, რომ მის მაგივრად ხელშეკრულებაზე ხელი ლ.ჩ–ნს მოეწერა, რაზედაც კ.ე–მა განუცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი და ხელი მოაწერეს, ამის შემდეგ ოთხი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად, ხოლო ერთი თანასაკუთრებად. მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსს კანონი არ დაურღვევია, თუ ჟ.მ–ნმა ნამდვილად იცოდა წერა-კითხვა სომხურ ენაზე და დაუმალა ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ ეს დანაშაულია. ნოტარიუსი მოცემულ სიტუაციაში კეთილსინდისიერია და კანონი არ დაურღვევია. ხელშეკრულების მხარეებს და მასზე ხელისმომწერ პირებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქართული ენა და წერა-კითხვა, განემარტათ ზედმიწევნით ყველაფერი სომხურ ენაზეც და ქართულ ენაზეც, შემდეგ მათ ქართულად მოაწერეს ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას. მოპასუხეს უკანონოდ არაფერი დაუსაკუთრებია, გადაიხადა შეთანხმებული თანხა და დარეგისტრირდა მის მიერ შეძენილი ნივთების მესაკუთრედ სრულიად კანონიერად, მოსარჩელემ მიიღო შეთანხმებული თანხა და მოპასუხემ მიიღო კუთვნილი მიწის ნაკვეთები, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით 2015 წლის სექტემბრის თვეში, აღნიშნული დროიდან მოყოლებული ოჯახით მუდმივად ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, ფლობს და ამუშავებს მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად, არის კეთილსინდისიერი შემძენი და უკანონო არაფერი ჩაუდენია. აღნიშნული დროიდან გასულია სამი წელი და ოთხი თვე. ს/კ ....-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ამონაწერში და შესაბამის საკადასტრო გეგმაში იდენტიფიცირებულია ამ მიწაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რაც ნამდვილად იძლეოდა საშუალებას ხელშეკრულებაში განსაზღვრულიყო, აღნიშნული უძრავი ქონებიდან, კონკრეტულად რომელი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (ბოსელი) შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა ნასყიდობის საგანს, მაგრამ მოპასუხემ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა და ენდობოდა ლ.კ–ნს. მოპასუხემ ჟ.მ–ნს ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ გადაუხადა 8 500 აშშ დოლარი, აღნიშნული უძრავი ქონებიდან ერთ მიწის ნაკვეთში რეგისტრირებული ს/კ ......., რომელზეც განლაგებულია ფურნე, რაშიც უნდა გადაეხადა 6 000 აშშ დოლარი, უნდა შეედგინა მინდობილობა, რაშიც ჩაიწერებოდა, რომ აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო დარჩენილ 2500 აშშ დოლარს გადაიხდიდა მხოლოდ მას შემდეგ როცა ყველა ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობები საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა მოპასუხის საკუთრებად. ჟ.მ–ნს, ნოტარიუსსა და მოპასუხეს შორის შუამავალი იყო ლ.კ–ნი, რომელმაც მიიყვანა ნოტარიუსთან ლ.ჩ–ნიც. მოპასუხემ ჟ.მ–ნს გადაუხადა 16 000 აშშ დოლარი უძრავ ქონებაში, ხოლო 1000 დოლარი ავეჯში. 2017 წლის შემოდგომაზე ჟ.მ–ნმა წამოაყენა პრეტენზია, რომ მას სურდა თანასაკუთრებაში არსებული თავისი კუთვნილი შენობა-ნაგებობების ცალკე რეგისტრაცია, რაზეც მოპასუხე თანახმა იყო, მაგრამ მას არ სურდა მოპასუხისთვის დაეთმო ბოსელთან შესასვლელი, რის გამოც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მოპასუხე თანახმაა დღესაც, რომ შეთანხმდეს და მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობა გაიმიჯნოს და ცალკე დაირეგისტრიროს, მაგრამ მისცეს დოკუმენტალურად საშუალება, რომ ჰქონდეს ბოსელთან მისასვლელი გზა. ამასთან დენის აღმრიცხველი და მოხმარებული დენის ღირებულებას იხდის, როგორც თავისას ისე ჟ.მ–ნის თანხასაც.

4. მესამე პირის პოზიცია:

4.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.02.2019 წლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ნოტარიუსი რ.კ–ნი. მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე შესაგებელი არ წარადგინა, თუმცა სხდომაზე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება არის კანონიერი, კანონის ყველა მოთხოვნა დაცულია და საფუძველი, მისი ბათილად ცნობის შესახებ არ არსებობს.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 01.04.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჟ.მ–ნის წარმომადგენლების სარჩელი კ.ე–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის რ.კ–ნის მიერ ნოტარიალურად დადასტურებული (სანოტარო მოქმედების N150937932) 01.09.2015 წლის ჟ.მ–ნსა და კ.ე–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ჟ.მ–ნის წარმომადგენლებს დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. მოპასუხე კ.ე–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა. მოსარჩელე - ჟ.მ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1500 ლარი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, კ.ე–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის რ.კ–ნის მიერ ნოტარიალურად დადასტურებული (სანოტარო მოქმედების N150937932) 01.09.2015 წლის ჟ.მ–ნსა და კ.ე–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე კ.ე–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა. ჟ.მ–ნის სარჩელი კ.ე–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ჟ.მ–ნს კ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1730 ლარის გადახდა;

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი. სადავო ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც შედგენილია მხოლოდ ქართულ ენაზე, აუცილებლად უნდა შედგენილიყო სომხურ ენაზეც.

7.2. კასატორი მიუთითებს, რომ ჟ.მ–ნმა ნასყიდობის ხელშეკრულების არასწორად შედგენის შესახებ 2018 წლის სექტემბერში გაიგო, ხოლო სარჩელი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 4 იანვარს. თუ პირმა გარიგების დადების დროს დაუშვა არსებითი შეცდომა და ეს შეცდომა გამოწვეული იყო მოტყუებით, ასეთ შემთხვევაში სახეზეა, მოტყუებით დადებული გარიგება. სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ უსაფუძვლობას სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) წინაპირობების არ არსებობა განაპირობებს.

12. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მასსა და მყიდველს შორის დადებული გარიგების ბათილობის დასასაბუთებლად სსკ-ის 54-ე მუხლს მოიხმობს და სადავო ხელშეკრულებაში მისი ნება შეცდომით გამოვლინდა, შეცდომა კი ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დარღვევით იყო განპირობებული და დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ამორალურ, უზნეო და კანონსაწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობისათვის, საქმის გარემოებებითა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უცილობლად უნდა დასტურდებოდეს გარიგების ამორალური და უზნეო ბუნება თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

13. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. იმავე კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

14. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.

15. მოსარჩელის განმარტებით, მას, სინამდვილეში, არა ხუთი, არამედ მხოლოდ ერთი უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისება სურდა და ნება არასწორად, შეცდომით გამოთქვა. კასატორის საკასაციო პრეტენზია მიმართულია ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის წინააღმდეგ, რომელმაც ქონების არასწორი რაოდენობის უძრავი ნივთის შესყიდვით დადო კანონსაწინაააღმდეგო, ამორალური და უზნეო გარიგება. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ეფუძნება რა სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებისა და სტაბილურობის პრინციპს, მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში განსაზღვრავენ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს. მხარეთა თავისუფალი შეთანხმების საგანს წარმოადგენს ნასყიდობის საგნის რაოდენობაც. სადავო ხელშეკრულებითა და თავად ნოტარიუსის, რ.კ–ნის განმარტებით დგინდება, რომ მან, როგორც სომხური ენის მცოდნემ მხარეებს ხელშეკრულება მათთვის გასაგებ ენაზე თავად უთარგმნა. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება დაადასტურა მოსარჩელის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა ლ.კ–ნმაც. მართალია, ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის თარგმნაზე თანხმობის განცხადების შესახებ, სანოტარო აქტში პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა ზემოხსნებული ნორმის შესაბამისად, ივარაუდება, რომ მხარეები აღნიშნულს დაეთანხმნენ. მოსარჩელემ ნოტარიუსს განუმარტა, რომ მან, არა მარტო, ქართული ენა, არამედ წერა-კითხვაც არ იცოდა და სანოტარო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მის მიერვე შერჩეული ორი პირი - ლ.კ–ნი და ლ.ჩ–ნი მიიწვია. ამათგან, ლ.კ–ნმა ხელშეკრულებას ხელი მოსარჩელის ნაცვლად მოაწერა, ხოლო ლ.ჩ–ნმა შესრულებული სანოტარო მოქმედება დაამოწმა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმის შემოწმების შესაძლებლობა, რეალურად იცოდა თუ არა მოსარჩელემ წერა-კითხვა, ნოტარიუსს, ცხადია, არ ჰქონდა. ამ ვითარებაში, ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო სანოტარო მოქმედება ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვით შეესრულებინა, რაც მან განახორციელა კიდეც. ამრიგად, ნოტარიუსს არც ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნები არ დაურღვევია.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის გამო, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ნოტარიუსმა სანოტარო აქტზე ხელმოწერისას მხარეს სათანადოდ არ გააცნო სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოსარჩელე ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს, ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარე, რომელმაც არ იცის სანოტარო მოქმედების შესრულების ენა, თავად არის ვალდებული მიუთითოს ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოშობს სანოტარო მოქმედების თარჯიმნის მონაწილეობით შესრულების ვალდებულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის Nას-1237-2019 განჩინება).

17. სადავო ხელშეკრულება ნოტარიუსმა საჯარო აქტით დაამოწმა, ხელშეკრულების ტექსტი მხრეებს ხმამაღლა, მათ შორის, სომხურად წაუკითხა და დაადგინა, რომ იგი მათ ნება-სურვლის სრულად შეესაბამებოდა. სანოტარო მოქმედებაში მონაწილეობას მოსარჩელის ინიციატივით მიწვეული პირები - ლ.კ–ნი და ლ.ჩ–ნიც იღებდნენ. ხელშეკრულებას ხელი ორივე ამ პირმა ქართულად მოაწერა, რაც თავისთავად, ადასტურებს, რომ მათ სახელმწიფო ენა იცოდნენ; თუმცა ასეც რომ არ იყოს, იმის დადგენას, რომ ხელშეკრულების საგანს არა ერთი, არამედ ხუთი უძრავი ნივთი წარმოადგენდა, სახელმწიფო ენის ცოდნა არ სჭირდებოდა - თითოეული გასხვისებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, ფართი და ნასყიდობის ფასი ხელშეკრულებაში არაბული ციფრებით იყო მითითებული, ხოლო ის, რომ არც მან და არც მის მიერ ნოტარიუსთან წარდგენილმა პირებმა ციფრების ცნობა არ იცოდნენ, მოსარჩელეს არ მიუთითებია და დაუმტკიცებია. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი; ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

18. კასატორი მიუთითებს, რომ შეცილების საფუძვლის არსებობა 2018 წლის სექტემბერში შეიტყო, ხოლო სარჩელი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოშ წარდგენილია 2019 წლის 4 იანვარს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის მიხედვით, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. საგულისხმოა, რომ „შეცილების ვადა უნდა შემოწმდეს სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით (სასამართლო შესაგებელი). შეცილების ვადის გასვლის შემდეგ შეცილების უფლება ქარწყლდება და შეცილების განცხადება სამართლებრივი შედეგის არმქონეა“; ამასთან, „იმ შემთხვევაში, თუ შეცილების ადრესატი მხარე უთითებს, რომ შეცილების განცხადება ვადის დარღვევით იქნა გაცხადებული, მაშინ მასზე გადადის უფლებამოსილი პირის მიერ შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტის მტკიცების ტვირთი, ხოლო თავის მხრივ შეცილებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა დაასაბუთოს შეცილების საფუძვლის არსებობა და დაამტკიცოს, რომ შეცილება ერთი თვის ვადაში განახორციელა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ას-1181-2018 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის განმარტებებსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ხელშეკრულების შინაარსი, მაინცდამაინც, 2018 წლის სექტემბერში გაიგო და იგი მისთვის დადების დროისათვისვე არ იყო ცნობილი. კასატორი სადავო ხელშეკრულების დადებას თავად ესწრებოდა და მისი შინაარსი მოისმინა; ხელშეკრულებას ხელი მის მიერ წარდგენილმა ორმა პირმა მოაწერა და ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მას გადაეცა - სანოტარო აქტის თანახმად: „ხელშეკრულება შედგენილია 3 (სამ) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი სათანადო დანართებით ინახება ნოტარიუს რ.კ–ნის სანოტარო არქივში, დანარჩენი გადაეცათ მხარეებს“. მოსარჩელემ, ქართულად წერა-კითხვა უდავოდ არ იცოდა, თუმცა მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე ხელშეკრულების ტექსტს სხვისი დახმარებით მაინც გაცნობოდა და, არსებობის შემთხვევაში, შეცილების საფუძველი შეეტყო. ამრიგად, მითითებულ გარემოებათა ერთობლიობით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცილების ერთთვიანი ვადის დაცვით წარდგენა, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

19. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ხოლო კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან დავაზე არ გამოიკვეთა გარიგების ბათილობის სამართლებრივი წანამძღვრები, შესაბამისად, სსკ-ის 976.1-ე-979-ე მუხლების საფუძველზე უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის განკარგვის სფეროში დაბრუნების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჟ.მ–ნს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი თ.დ–ლი პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2426.00 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 17/05/2022), 70% – 1698.2 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი ზ.დ–ნი, პ/ნ .........) - 3285.00 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 27/07/2022), 70% – 2299.5 ლარი, სულ - 3997.7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი