Facebook Twitter

საქმე №ას-1398-2022 27 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–რი “ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,ა–რი" სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 9522.05 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას.

2.1. კასატორის მტკიცებით, შპს ,,ა.“ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის, კერძოდ იგი ვალდებული იყო დროულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში - 2 კვირაში, თუმცა შემსრულებელმა 1 თვის დაგვიანებით შეასრულა ვალდებულება.

2.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. კერძოდ, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. მოცემულ შემთხვევაში, რაკი სასამართლომ დაადგინა შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, გაეზიარებინა აპელანტის მიერ წარმოგენილი დარიცხული პირგასამტეხლო და ის არ უნდა შეემცირებინა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მხრიდან ავტომობილების შეკეთების ვადების დარღვევამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დეპარტამენტის ფუნქციონირებას და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სათანადოდ პროპორციულია. კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ მხარეები შემთანხმდნენ ორმხრივი ვალდებულებებისა და სახელშეკრულებო პირობების დარღვევის რეგულირებაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მასში შეთანხმებული პირობები სავალდებულოა პარტნიორებისთვის.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

6.1. 2020 წლის 16 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე01/501/15 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ობიექტია: დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დანართი N1-ით გათვალისწინებული „SKODA”-ს მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი N2-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება), მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექნიკურ მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე ვრცელდებოდა გარანტია, ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

6.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების ვადისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით, შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში - სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის /დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, ექსპერტიზის. ჩატარების ვადად განისაზღვრა შემსყიდველის მიმართვიდან 10 კალენდარული დღე.

6.3. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მომსახურება ეხება ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კაპიტალურ რემონტს (აგრეგატის სრული

დაშლა აწყობის შემთხვევაში, როდესაც იცვლება სათადარიგო ნაწილების არანაკლებ 80%), მაშინ მომსახურების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 14 კალენდარული დღით.

6.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, სს „ს.ს.კ.კ–ას“ მიერ 2020 წლის 10 იანვარს გაიცა N022758 საბანკო გარანტია. გარანტიის თანხა შეადგენს 23 000 ლარს და მისი მოქმედების ვადაა 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით.

6.5. მოსარჩელე დეპარტამენტს 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში უწევდა ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებას.

6.6. ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის მარტის თვეში ავტომაქანა SKODAOCTAVIA-ს, სახ.N......., შეეცვალა აგრეგატი (ძრავი, მეორადი ძრავით). სამუშაოების შესრულებიდან 8 თვის შემდეგ - ნოემბრის თვეში, ზემოაღნიშნული ავტომანქანა შეყვანილ იქნა მოსარჩელის ავტოსერვისში. დათვალიერების აქტში აღნიშნულია, რომ ავტომობილის ძრავში იკლებს ზეთი, ავტომობილზე არ მუშაობს ტურბინა.

6.7. 2020 წლის 26 დეკემბრის სამუშაოს შესრულების აქტის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: დგუშის რგოლები (კომპლექტი), ბლოკის ჩამასრვა, ბლოკის ხეხვა, თავაკის ხეხვა და თავაკის სადები.

6.8. 2021 წლის 2 მარტს, დეპარტამენტმა სს „ს.ს.კ.კ–ასაგან“ (სს „გ.დ. ს–ო“) მოითხოვა 2020 წლის 10 იანვრის N022758 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფარგლებში, 3437.95 ლარის ანაზღაურება, რაც გარანტორმა აანაზღაურა. გარანტორმა, თავის მხრივ, მოსარჩელისგან მოითხოვა, რეგრესის წესით ზემოაღნიშნული თანხის ანაზღაურება.

6.9. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.

6.10. მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადა, კერძოდ, მარტის თვეში ავტომანქანა SKODA-OCTAVIA-სათვის შეცვლილი აგრეგატის (ძრავი, მეორადი ძრავით), საგარანტიო მომსახურების 14 დღიანი ვადა. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების 10.3. პუნქტის შესაბამისად, დაერიცხა პირგასამტეხლო 12 960 ლარი.

7. მოსარჩელის მოთხოვნაა, 2020 წლის 16 იანვარს მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 9522.05 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში გამოთხოვილი საგარანტიო თანხის - 3437.95 ლარის, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ არასწორად გამოქვითა 9522.05 ლარი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, ასევე, უკანონოდ გამოითხოვა გარანტისაგან საგარანტიო თანხა - 3437.95 ლარი. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს - 12960 (9522.05+3437.95) ლარის დაკისრების საფუძველი, რადგან მას არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს გაქვითვის და არც საგარანტიო თანხის გამოთხოვის უფლება მოპასუხეს არ გააჩნდა.

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელეს აუნაზღაურდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 9522.05 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხის - 3437.95 ლარის გამოთხოვა კანონიერად იქნა მიჩნეული და, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, შემსყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, მოვალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, 12960 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის 9522.05 ლარით უნდა შემცირებულიყო. შესაბამისად, კანონიერი არ იყო ამ თანხის გაქვითვა შემსყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში. ამასთან, რაკი შემცირებული პირგასამტეხლო - 3437.95 ლარი გადახდას ექვემდებარებოდა და შემსყიდველსაც სწორედ ამ ოდენობის საგარანტიო თანხა ჰქონდა გამოთხოვილი გარანტისაგან, არ არსებობდა მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების

საფუძველი. ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს აუნაზღაურდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 9522.05 ლარი. შესაბამისად, სწორედ ამ ნაწილში შეამოწმებს საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა შეათანხმეს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, რაც ეფუძნება სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებულ მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპს, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის საქმე Nას-708-678-2016, გადაწყვეტილება; 2016 წლის 13 აპრილოს საქმე №ას-1199-1127-2015, გადაწყვეტილება; 2015 წლის 06 მაისის საქმე №ას-222-209-2015, განჩინება).

10. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული სტანდარტით შეფასებისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო აღემატებოდა ხელშეკრულების ღირებულებას, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, არაგონივრული იყო და შემცირებას ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 12 960 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია. კერძოდ, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა გამოანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (რაც ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის საქმე Nას-164-160-2016, გადაწყვეტილება; 2019 წლის 28 ოქტომბრის საქმე Nას-971-2019, განჩინება). ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი