Facebook Twitter

საქმე №ას-130-2023 05 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

სსაკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა (შემდეგში „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ–სის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 68'770.69 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის, 2021 წლის 19 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N102 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორის პერანგი, მოკლე სახელოთი, ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. მათ შორის, 8000 ცალი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 20 აპრილისა, 7607 ცალი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 05 მაისისა.

2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ: უბნის ინსპექტორის პერანგები - 8000 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 20 აპრილისა შემკვეთს სრულად მიეწოდა 2021 წლის 31 მაისს - 41 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხოლო, უბნის ინსპექტორის პერანგები - 7607 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 5 მაისისა შემკვეთს სრულად მიეწოდა 2021 წლის 5 ივლისს - 61 კალენდარული დღის დაგვიანებით.

2.3. დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 449 481.6 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც თანხობრივად შეადგინა - 68'770.69 ლარი (449 481.6*0.15%* (41+61)).

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, კერძოდ, ქვეყანაში დაიწყო კოვიდ პანდემია, ჩაიკეტა საზღვრები და მოხდა ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა, რამაც შეაფერხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულება.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს ვადის გადაცილების გამო ზიანი არ მიუღია, ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია და უნდა შემცირდეს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ლ–სის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ლ–სს“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 2736 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხის ვალდებულება შემსყიდველის მიმართ შესრულდა დაგვიანებით. თუმცა სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა ნაკისრი ვალდებულების ხასიათი, შესრულების ვადის დარღვევის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესი და სხვა გარემოებები, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს 68'770,69 ლარის ოდენობით მოთხოვნა არაგონივრული იყო და სცდებოდა სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე, აღნიშნა, რომ 22'464 და 14'832 ლარის ღირებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების კომპენსირებისთვის ადეკვატურ და გონივრულ სანქციას.

5.4. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 2736 ლარი, სრულად აკომპენსირებდა 41 და 61 კალენდარული დღით დაგვიანებული შესრულებით გამოწვეულ დისკომფორტს.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნდა დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდიანრე, თითოეული ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ამიტომ კასატორი ამტკიცებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებით აზრი დაეკარგა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლ–ს, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ლ–სს“ შორის 2021 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N102 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორის პერანგი, მოკლე სახელოთი, ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. მათ შორის, 8000 ცალი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 20 აპრილისა, 7607 ცალი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 5 მაისისა;

- მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ: 1. უბნის ინსპექტორის პერანგები - 8000 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 20 აპრილისა მიწოდებულია სრულად 2021 წლის 31 მაისს - 41 კალენდარული დღის დაგვიანებით; 2. უბნის ინსპექტორის პერანგები - 7607 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 5 მაისისა მიწოდებულია სრულად 2021 წლის 5 ივლისს - 61 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოპასუხეს შორის 2021 წლის 19 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N102 ხელშეკრულების 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 449'481.6 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს - 68'770.69 ლარს (449'481.6*0.15%* (41+61));

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელს გაეგზავნა 2021 წლის 28 დეკემბერს წერილი რომლითაც ეცნობა საჯარიმო სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ მომხდარა.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონშესაბამისობა. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. იხ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

14. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა (შესრულების ვადა) დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია, ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. თუმცა, სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა, მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

16. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

18. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ სამუშაოების ნაწილი, კერძოდ: უბნის ინსპექტორის პერანგები - 8000 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 20 აპრილისა შემკვეთს სრულად მიეწოდა 2021 წლის 31 მაისს - 41 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხოლო, უბნის ინსპექტორის პერანგები - 7607 ცალი, ნაცვლად 2021 წლის 5 მაისისა შემკვეთს სრულად მიეწოდა 2021 წლის 5 ივლისს - 61 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამასთან ხაზგასასმელია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 31 მაისის მიღება- ჩაბარების თანახმად, ვადაგადაცილებით მხოლოდ 780 ცალი პერანგის ჩაბარება მოხდა, რომლის ღირებულებაც ჯამში 22'464 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 28). ხოლო 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული მირება-ჩაბარების აქტიდან კი დგინდება, რომ დაგვიანებით მხოლოდ 515 ცალი პერანგის მიწოდება მოხდა, რომლის საერთო ღირებულებაც 14'832 ლარს შეადგენდა. ამ გარემოებების მიუხედავად, ირკვევა, რომ შემსყიდველმა პირგასამტეხლო გამოიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 449'48,6 ლარიდან, მაშინ, როდესაც ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ 37'296 ლარის სამუშაო. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ დამკვეთის ამგვარი მიდგომა ცალსახად ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ: Nას-164-160-2016, 28.07.2016 წ., ას-971-2019, 28.10.2019 წ.).

21. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულება საკმაოდ სოლიდურია, კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 449'48,6 ლარს, ხოლო დარღვეული ვალდებულება მცირედია - 37'296 ლარი. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კასატორს მთლიანი სახელშეკრულებო შესრულება აქვს მიღებული, მას შესრულების ჯეროვანობის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებას ვერ ექნებოდა პრევენციული ხასიათი. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კასატორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან გამოთვლა მხოლოდ მხარის დასჯას ემსახურება, გამოირიცხება სამოქალაქო კოდექსით ნაგულვები კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედების შესაძლებლობა, რაც დაკისრებულ პირგასამტეხლოს არამართლზომიერად აქცევს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართლებულად შეამცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა 2736 ლარამდე და არ არსებობს მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი