Facebook Twitter

საქმე№ას-1428-2023 5 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი– თ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – შპს „მ.ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ.ლ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან პირველი კასატორი), თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ.ფ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი კომპანია ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა, კომპანიის დირექტორის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელის აღდგენა კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე და მოპასუხე კომპანიისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 8 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ხელზე ასაღები ხელფასის 2 000 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე კომპანიამ, წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო, ამასთან დაეთანხმა მხარესთან შრომითი ურთიერთობის ფაქტს, ასევე, განმარტა, რომ ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1 960 ლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანიას, დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის 12 000 ლარის გადახდა.

4.2. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

4.2.1. დასაქმებული 2018 წლის აპრილიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე. ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1 960 ლარს.

4.2.2. მოსარჩელეს, კომპანიის დირექტორისგან 2019 წლის 2 მაისს ეცნობა, რომ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არასრულფასოვნად და არაჯეროვნად შესრულების გამო, იგი 2019 წლის 2 ივნისიდან გათავისუფლებულდა დაკავებული თანამდებობიდან.

4.2.3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4.4. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციაზე მსჯელობა წარმოადგენდა სშკ-ის 38-ე მუხლის (შრომის კოდქსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საფუძველზე.

4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი იყო მოპასუხე კომპანიის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მდგომარეობით, საფინანსო სამსახურში გათვალისწინებული იყო 1 მთავარი ბუღალტრის და 1 ბუღალტრის თანაშემწის შტატი. მოპასუხე კომპანიის დირექტორის განმარტებით, 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, საშტატო ნუსხაში მოცემული პოზიციები, მათ შორის, საფინანსო სამსახურში, სრულად არის შევსებული (ტ.3, ს.ფ. 198-202). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიაში, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული პოზიცია ვაკანტური არ იყო, რის გამოც, მისი აღდგენა თავდაპირველ სამუშაო ადგილზე შეუძლებელი იყო, ხოლო, კანონით გათვალისწინებული წესით განხილვის საგანი იყო მოსარჩელისთვის კომპენსაციის გზით უფლების აღდგენის საკითხის განსაზღვრა.

4.6. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის გაანგარიშებისთვის, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დასაქმებულის მოპასუხე კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობის, გათავისუფლებიდან ახალი სამსახურის დაწყების პერიოდის (მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2019 წლის მაისში, ახალ სამუშაო ადგილზე დასაქმდა 2019 წლის ივლისში (იხ:, ამონაწერი მიღებული შემოსავლების სამსახურიდან ტ.3, ს.ფ. 122-126) და მიღებული სახელფასო ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით, 12 000 ლარი მიიჩნია კომპენსაციის იმ გონივრულ ოდენობად, რაც იქნება მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შედეგად ადეკვატური და სრულად უზრუნველყოფდა იმ ზიანს, რაც მოსარჩელემ უკანონო გათავისუფლებით მიიღო.

4.7. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნაზე, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე განმარტა, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებების გათვალისწინებით, ადეკვატური და გონივრული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარისთვის 1 500 ლარის დაკისრება.

5. პირველი კასატორის მოთხოვნა

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5.2. დასაქმებულის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებაში გაზიარებულია მხოლოდ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია დასაქმებულის შემოსავლებთან დაკავშირებით.

5.3. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯებსაც ვერ ფარავს ის კომპენსაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დააკისრა დამსაქმებელ კომპანიას.

6. კომპანიის საკასაციო საჩივარი

6.1. კომპანიამ საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2. კასატორი კომპანიის განმარტებით, საქმის ხელახლა განხილვის დროს, თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენდა, რომ მოსარჩელე უკანონოდ იყო გათავისუფლებული და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი იყო, კომპენსაციის გონივრული ოდენობა უნდა დაეკისრებინა კომპანიისთვის. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დააკისრა კომპანიას კომპენსაცია.

6.3. კომპანიის საკასაციო საჩივრით სადავოდაა ასევე გამხდარი მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების არამართლზომიერად შეფასების საკითხი. დამსაქმებელი კომპანიის საკასაციო საჩივრის მიხედვით, დასაქმებული არღვევდა კომპანიის შინაგანაწესსა და კანონს და კომპანიას აყენებდა საგადასახადო რისკების წინაშე.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებებით წარმოებაშია მიღებული მხარეთა საკასაციო საჩივრები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დასაქმებულის იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობისა და მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების მართლზომიერების შეფასება.

10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების არამართლზომიერება ეჭვს არ იწვევს, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა გამოიკვლია დასაქმებულის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, ასეთის შეუძლებლობის გათვალისწინებით კი კომპენსაცია დააკისრა კასატორ კომპანიას დასაქმებულის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ-ები: N ას-475-456-2016, 24.06.2016 წ; N ას-890-857-2016, 9.10.2017 წ; N ას-641-2020, 18.09.2020წ; N ას-1746-2019, 09.10.2020წ N ას-259-2020, 29.12.2020წ; N ას-1726-2018, 05.02.2021წ; N ას-1208-2018, 18.02.2021წ; N ას-1280-2021, 11.03.2022წ.; Nას-703-2023, 30.10.2023წ.; Nას-983-2023, 26.01.2024წ.). აღნიშნულისგან გამონაკლისის სახით ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, რომელმაც უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ამ გარემოების მტკიცების ტვირთი დასაქმებულებს, (და არა დამსაქმებელს), ეკისრებათ. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეებმა უნდა დაამტკიცონ როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითონ, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებაა, გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებელს მართებს, მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთსა და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდარტზე იხ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20.07.2018წ; №ას-902-864-2014, 30.03.2015წ; №ას-475-456-2016, 24.06.2016წ; №ას-761-712-2017, 10.07.2017წ; №ას-1281-2021, 21.04.2022წ; №ას-1365-2021, 14.04.2022წ).

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის საფინანსო სამსახურში გათვალისწინებულია 1 მთავარი ბუღალტრის და 1 ბუღალტრის თანაშემწის შტატი. მოპასუხე დირექტორის წერილობითი განმარტებით, 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, საშტატო ნუსხაში მოცემული პოზიციები, მათ შორის, საფინანსო სამსახურში, სრულად არის შევსებული, რაც საპირისპირო შედავების არარსებობის პირობებში, დასტურდება წარმოდგენილი საშტატო ნუსხით (ტ.3, ს.ფ. 198-202).

13. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, და საპირისპირო დასაქმებულს არ დაუმტკიცებია, რომ მოპასუხე კომპანიაში არც თავდაპირველი სამუშაო ადგილი და არც ტოლფასი სამუშაო ადგილი არ იყო ვაკანტური, ამდენად მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია მხოლოდ კომპენსაციის დაკისრების გზით იყო შესაძლებელი.

14. საკასაციო სასამართლო მხარეთა პრეტენზიების პასუხად, კომპენსაციის დაკისრებისა და გამოანგარიშების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს:

14.1. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

14.2. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გასათვალისწინებელია, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორის სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18.12.2021წ., №ას-536-2021, 21.09.2021წ.). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. ,,საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები", გვ. 272, სუსგ: №ას-1623-2018, 29.01.2019 წ; N ას- 1772-2020, 12.03.2021წ.; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-931-20222, 6.10.2022წ; N ას-862-2023, 29.09.2023წ.).

15. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-1079-2022, 24.02.2023წ., ას-230-2022, 08.04.2022წ. №ას-931-2022 6.10.2022წ.). ვინაიდან, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად და გონივრული ოდენობით დააკისრა მოპასუხეს კომპენსაცია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულის მუშაობის ხანგრძლივობის, გათავისუფლებიდან ახალი სამსახურის დაწყების პერიოდის და მიღებული სახელფასო ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით, დაკისრებული კომპენსაცია 12 000 ლარის ოდენობით, გონივრულია, რაც მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების ადეკვატური საშუალება იქნება და რის გამოც ორივე კასატორის პრეტენზიები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

16. დასაქმებულის საკასაციო პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოითხოვა მტკიცებულებები რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დანაწესს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია.

17. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე 1.მუხლის მე-3 ნაწილი]. (შდრ: №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49). სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დამსაქმებლის შუამდგომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოსარჩელის დასაქმების შესახებ ფაქტის დადასტურების მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვას შუამდგომლობს და განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის შემჭიდროებულ ვადებში განხილვის სპეციფიკის გათვალისწინებით, დასაქმებულის გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე, მის მიერ ახალი სამუშაოს დაწყების და ერთობლივი შემოსავლების გამოკვლევის საკითხი, როგორც წესი, შესაძლოა წარმოიშვას სასამართლო დავის პერიოდშიც (რაც უნდა შეფასდეს, როგორც ახალი ფაქტობრივი გარემოება), რის გამოც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კომპანიის შუამდგომლობის საფუძველზე, დასაქმებულის გათავისუფლების შემდეგ, შემოსავლების სამსახურიდან მისი დასაქმების დამადასტურებელი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისა და გამოკვლევის თაობაზე დასაბუთებულია და არ არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს.

18. საკასაციო სასამართლო, კომპანიის საკასაციო პრეტენზიებზე გაამახვილებს ყურადღებას და დამატებით განმარტავს, რომ პრეტენზიების ძირითადი ნაწილი ბრძანების საფუძვლების მართლზომიერებასა და დასაქმებულის მიერ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებასა და უხეშ დარღვევას ეხებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ არის, ვინაიდან, ბრძანების არამართლზომიერად ცნობის ნაწილში საკასაციო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და ხელახალი მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

2. შპს „მ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

3. თ.ლ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ზ–ის (........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №19509185261, გადახდის თარიღი 25.11.2023) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. შპს „მ.ფ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1701072029, გადახდის თარიღი 27/11/2023) 600 ლარის 70% - 420 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ამირან ძაბუნიძე