საქმე №ას-639-2023
27 ივნისი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ....“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდეგში: წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მეიჯარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე შპს „ბ....–“-ის(შემდეგში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მოიჯარე“) მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.2 შპს ,,ბ....–“-ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, საიჯარო ქირის გადახდა, 2016 წლის 16 აპრილიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, 4796.85 ლარის ოდენობით;
1.3 შპს ,,ბ....“-ს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 16 ივლისიდან, 2019 წლის 4 მარტის მდგომარეობით - 5260 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა;
1.4 შპს ,,ბ....“-ს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს გადახდა, 2019 წლის 5 მარტიდან, საიჯარო ქირის დაბრუნებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ბ....“–ს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ქირის 4796.85 ლარის ანაზღაურება; პირგასამტეხლო: ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით; ასევე 2019 წლის 5 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (1900 ლარის) 0.05%-ის (0.95 ლარის) ოდენობით.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის 11-4/47 ბრძანებით დაკმაყოფილდა ელექტრონული განცხადება (QN1339833) და შპს „ბ......“-ს პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაეცა ქ.თბილისი, ......... N9-ში მდებარე 5კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ..N........) და ქ.თბილისი, ....... მდებარედ 143.21 კვ.მ ფართობის ხაზობრივი ნაგებობიდან (ს.კ. .........) 10 კვ.მ. ფართი, ღია კაფეს მოწყობის მიზნით. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით, საიჯარო პირობები - ბრძანების N2 დანართით.
4.2.2 ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენდა 1900 ლარს. სარგებლობის თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო თანაბარწილად, ყოველ 3 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი სამთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს გადახდის ვადის ათვლა განხორციელდებოდა საიჯარო ურთიერთობის გაფორმების მომენტიდან. საიჯარო პირობების 25.2. მუხლის მიხედვით, საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყვეტილიყო მესაკუთრის მიერ ცალმხრივად, ქირის გადაუხდელობის პირველივე შემთხვევაში. ამავე პირობების 22-ე მუხლის მიხედვით, კი სარგებლობის ქირის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით.
4.2.3 შპს „ბ....–“ ხელშეკრულების პირობებს გაეცნო 2015 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2016 წლის 16 იანვარს. შპს „ბ....–“-მა მხოლოდ ერთხელ (26.10.15.წ) განახორციელა 475 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდა.
4.2.4 მხარეებს შორის შეწყდა საიჯარო ურთიერთობა 2018 წლის 25 აპრილს.
4.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რითაც სასამართლომ დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 581-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, და მივიდა დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს შემცირება შეესაბამებოდა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და აღნიშნული ოდენობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი მექანიზმის სამართლებრივ ფუნქციას სრულად ასრულებდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად შეამცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა.
5.3 კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, შესაბამისად, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.
5.4 კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას კანონმდებელმა სწორედ სამართლიანობის, გონივრულობის და პროპორციულობის პრინციპებით იხელმძღვანელა და შეაფასა რა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაძლო დარღვევის შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიმდგარი ზიანი (საბიუჯეტო შემოსულობების მიუღებლობა, ქონების განკარგვის შესაძლებლობის შეზღუდვა.). გაითვალისწინა ყველაზე უფრო თანაზომიერი სანქცია, რომელიც არ უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
5.5 კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვის მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს, რომ ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0,1 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სწორედ ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომელსაც ორმაგი ფუნქცია გააჩნია ერთი მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია კი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც, საკასაციო პალატისათვის, სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი, წინამდებარე განჩინების ფაქტობრივი გარემოებები:
9.1.1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის 11-4/47 ბრძანებით დაკმაყოფილდა ელექტრონული განცხადება (QN1339833) და შპს „ბ......“-ს პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაეცა ქ.თბილისი, ...... ქუჩა N9-ში მდებარე 5კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ. N.........) და ქ.თბილისი, ...... ქ.N9-ის მდებარედ 143.21 კვ.მ ფართობის ხაზობრივი ნაგებობიდან (ს.კ. ........) 10 კვ.მ. ფართი, ღია კაფეს მოწყობის მიზნით. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით, საიჯარო პირობები - ბრძანების N2 დანართით.
9.1.2 ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენდა 1900 ლარს. სარგებლობის თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო თანაბარწილად, ყოველ 3 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი სამთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს გადახდის ვადის ათვლა განხორციელდებოდა საიჯარო ურთიერთობის გაფორმების მომენტიდან. საიჯარო პირობების 25.2. მუხლის მიხედვით, საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყვეტილიყო მესაკუთრის მიერ ცალმხრივად, ქირის გადაუხდელობის პირველივე შემთხვევაში. ამავე პირობების 22-ე მუხლის მიხედვით, კი სარგებლობის ქირის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით.
9.1.3 შპს „ბ....–“ ხელშეკრულების პირობებს გაეცნო 2015 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2016 წლის 16 იანვარს. შპს „ბ....–“-მა მხოლოდ ერთხელ განახორციელა 475 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდა.
9.1.4 მხარეებს შორის შეწყდა საიჯარო ურთიერთობა 2018 წლის 25 აპრილს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა, 2016 წლის 16 ივლისიდან - სარჩელის აღძვრის დროისთვის, 2019 წლის 4 მარტის მდგომარეობით, 5260 ლარის და 2019 წლის 5 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ქირის გადაუხდელობის/გადახდის ვადის დარღვევის გამო, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით,მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, პირგასამტეხლოს დაკისრება.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
12. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
13. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
14. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (იხ.სუსგ.საქმეNას-186-2021,25.03.2021წ.).
15. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ ან ეკონომიკურ ეფექტს.
16. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“. ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.“ (იხ. სუსგ. საქმე Nას-189-2022, 16.09.2022; Nას-1417-2018, 16.11.2020წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება ერთადერთხელ შეასრულა, დანარჩენ შემთხვევებში მას საიჯარო ქირის ღირებულება არ გადაუხდია, შედეგად სახეზეა არა თუ ნაკლიანი, არაჯეროვანი შესრულება, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა. საქმის წარმოების პერიოდში მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, ასევე განხილვის თითოეულ სტადიაზე კანონით დადგენილი წესით მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საქმის მსვლელობის ეტაპები, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული პრაქტიკის თანახმად კი პირგასამტეხლოს შემცირებისთვის აუცილებელია, მოპასუხე იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს კვალიფიციური შედავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან სახეზე არაა - ფიზიკური პირი, ვინც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესაძლოა სუსტ მხარეს წარმოადგენდეს, სასამართლო ვერ იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირებაზე.
19. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღუნიშნავს, რომ როდესაც მხარეები ბიზნესსუბიექტები არიან და სრული შესაძლებლობა აქვთ საქმის წარმოების ეტაპზე უზრუნველყონ თავიანთი უფლებების დაცვა, სასამართლოს ეზღუდება უფლებამოსილება, სამოქალაქო სამართლის პროცესში არსებულ წმინდა შეჯიბრებითობისა და პირთა თანასწორობის პრინციპების ორიგინალური განმარტებისგან განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბოს სუსტი მხარის დაცვის მოტივით, ამიტომ, ასეთ დროს, საქმის განხილვის შედეგი, უშუალოდ დამოკიდებული ხდება თითოეული მხარის შესაძლებლობებსა და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. შესაბამისად, როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია (იხ.სუსგ. საქმე Nას-189-2022, 13.11.2018წ.).
20. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება, ადეკვატურობა, სავარაუდოობა.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა (იხ.სუსგ. საქმე Nას-667-2023, 16.11.2023წ).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ ჰქონდათ პირგასამტეხლოს შემცირების ინდივიდუალური უფლებამოსილება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რომლის თანახმად, ქირის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით. ამგვარად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 5 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წლიური საიჯარო ქირა 1900 ლარის ოდენობით წარმოადგენდა თანაბარწილად, ყოველ 3 თვეში ერთხელ გადასახდელ თანხას, ყოველი სამთვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღიდან, საიჯარო ქირის(ნაწილის) გადაუხდელობა ქმნიდა გადახდის ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს. შესაბამისად, 2016 წლის 16 ოქტომბრიდან - 2017 წლის 16 იანვრის პერიოდზე საიჯარო ქირის (ნაწილის) გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო - 92 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 460 ლარს(92X5), 2017 წლის 16 იანვრიდან - 16 აპრილის ჩათვლით - 460 ლარს(92X5), 2017 წლის 17 აპრილიდან - 16 ივლისის ჩათვლით - 450 ლარს(90X5), 2017 წლის 17 ივლისიდან - 16 ოქტომბრის ჩათვლით, 455 ლარს(91X5), 2017 წლის 17 ოქტომბრიდან - 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით- 460 ლარი (90X5), 2018 წლის 17 იანვრიდან - 25 აპრილის ჩათვლით 495 ლარს (99X5) ხოლო, 2018 წლის 26 აპრილიდან- 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით, 1565 ლარს (313X5). რაც ჯამურად შეადგენს (460+460+450+455+460+460+495+1565=4805) 4805 ლარს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4805 ლარის გადახდა. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - 05.03.2019-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის, 0.1% დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ, როგორც ზემოთ განვითარებული მსჯელობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ფარგლებშიც, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა შეემცირებინა პირგასამტეხლოს პროცენტი, რადგან მოპასუხე, იურიდიულმა პირმა, არ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ შეამცირეს.
25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის რაოდენობის გათვალისწინებით, თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს, ამიტომ, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 05.03.2019-დან -გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელი თანხის (1900 ლარის) 0.1% დღეზე, დღეში არანაკლებ 5 ლარის ოდენობით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემცირებული პირგასამტეხლოს ფარგლებში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ....–“-ს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს - 4805 ლარის გადახდა; შპს „ბ....–“-ს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2019 წლის 05 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის (1900 ლარის) 0,1 %, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით გადახდა.
7. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. რადგან ამ შემთხვევაში, პირველი სასარჩელო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციებში, მოსარჩელე მხარეს დაეკისრება მხოლოდ პირველი ინსტანციაში გადასახდელი ბაჟი იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, კერძოდ - 143.9 ლარი; მეორე სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დააკმაყოფილა 1000 ლარის ნაწილში, რაც უცვლელად დატოვა სააპელაციო პალატამ, თუმცა საკასაციო სასამართლომ გაზარდა 4805 ლარამდე, შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს, იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, კერძოდ - 440 ლარი; რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, ის უნდა გამოითვალოს სამი წლის განმავლობაში გადასაცემი თანხის ოდენობიდან: რადგან პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა 1900 ლარის 0.05%-0.95 ლარის ყოველდღიური ანაზღაურება დააკისრეს მოპასუხეს, ამ ნაწილში მას უნდა დაეკისროს - 250 ლარი; ხოლო კასაციის ეტაპზე გადასახდელია იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, კერძოდ - 221,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ბ....–“-ს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 4805 ლარის გადახდა;
5. შპს „ბ....–“-ს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 05 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის (1900 ლარის) 0,1 %, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
7. შპს „ბ....–“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 1055,65 ლარის გადახდა.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე