Facebook Twitter

საქმე №ას-1587-2023

27 ივნისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.....“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე შპს „ლ.....“-ის - (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", “მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:

1.1. მოპასუხე შპს „ლ.....“-ს მოსარჩელე საქართველოს შს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 12 000 ლარის გადახდა;

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ლ.....“-ს, საქართველოს შს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 1200 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ლ.....“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისრა 36 ლარი.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ.....“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N107. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 7 თებერვლიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით; ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც კვების ბლოკში იქნება დაშვებული, მომსახურების გაწევის დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება, ასევე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არანაკლებ სამ თვეში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული შემოწმება განმეორებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თანამშრომელი დაშვებულია კვების ობიექტზე სამუშაოდ;

4.2.2 ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა; ამასთან, მიმწოდებელმა არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოს დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის ჩატარება და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა;

4.2.3 ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

4.2.4 საქართველოს შს სამინისტროს 2023 წლის №MIA 2 23 00488967 წერილის თანახმად, შპს „ლ.....“-ის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.7 და 3.8 პუნქტებით განსაზღვრული დასკვნების წარდგენის ვადა. კერძოდ, ნაცვლად 2022 წლის 10 თებერვლისა დასკვნები წარდგენილ იქნა 2022 წლის 1 აპრილს - 50 კალენდარული დღის დარღვევით; აღნიშნული დარღვევისთვის შპს „ლ.....“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 12 000 ლარის ოდენობით და განესაზღვრა 30 დღის ვადა მის გადასახდელად; დარიცხული პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ არ ანაზღაურებულა.

4.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რითაც სასამართლომ დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, და მივიდა დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს სახით - 1200 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი და ამ გზით მისი შემცირება შეესაბამებოდა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და აღნიშნული ოდენობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი მექანიზმის სამართლებრივ ფუნქციას სრულად ასრულებდა.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ცალსახად დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე, ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან.

5.3 კასატორმა განმარტა, მხარისთვის იმთავითვე ცნობილი, იყო რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშება მოხდებოდა ხელშეკრულების ღირებულების და არა შესასრულებელი ვალდებულების ოდენობიდან. მხარემ, აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა ნების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე.

5.4 მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა.

5.5 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების პრევენციის მიზნით გამოიყენეს და არ ატარებდა სადამსჯელო ხასიათს. ამასთან, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას.

5.6 კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც, საკასაციო პალატისთვის, სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი, წინამდებარე განჩინების 4.2.1-4.2.4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

11. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

13. საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს ფუნქცია და დანიშნულება. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.სუსგ. №ას-1451-1371-2017,13.11.2018წ.).

14. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

15. სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე ხელშეკრულების მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლო, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე.

16. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, თუმცა ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება უკავშირდება მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებას, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლების დაკისრებას. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. აღნიშნულში მოიაზრება, სწორედ სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობამდე შემცირება.

17. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია და (იხ. სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 07 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ.....“-ს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №107. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, შს სამინისტროს მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც კვების ბლოკში იქნება დაშვებული, მომსახურების გაწევის დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება, ასევე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, უნდა გაიაროს აღნიშნული შემოწმება განმეორებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თანამშრომელი დაშვებულია კვების ობიექტზე სამუშაოდ; ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა; ამასთან, მიმწოდებელმა არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოს დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის ჩატარება და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა; ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

20. შპს „ლ.....“-ის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.7 და 3.8 პუნქტებით განსაზღვრული დასკვნების წარდგენის ვადა. კერძოდ, ნაცვლად 2022 წლის 10 თებერვლისა დასკვნები წარდგენილ იქნა 2022 წლის 1 აპრილს - 50 კალენდარული დღის დარღვევით.

21. ხელშეკრულების მე-9 მუხლის, 9.3 პუნქტის შესაბამისად, 3.7 და 3.8 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 80 000 ლარის, 0.15 %-ის ოდენობით.

22. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა, რაც მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულია ჯეროვნად. მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუფიქსირებია პრეტენზია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი ვალდებულების შესრულების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვადის გადაცილებით წარდგენილ დასკვნებში რაიმე დარღვევა დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მხოლოდ პროცედურული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში. რითაც არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის 12 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალია და არღვევს სამოქალაქო სუბიექტთა ურთიერთობის ბალანსს.

24. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2022 წლის 07 თებერვლის №107 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირებული, ათმაგი ოდენობით, 1200 ლარამდე.

25. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

7. პროცესის ხარჯები:

კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ

იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე