Facebook Twitter

საქმე №ას-1542-2023

27 ივნისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი,“ „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - შპს ,,მ–სის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 16 830 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრება .

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 18.13 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს „მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა,

იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 2020 წლის 04 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს “მ–სს” შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, ამ უკანასკნელის ბალანზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით (41. NAT190021327_TOYOTA - LEXUS - პრეისკურანტი - ცვლილება (1).pdf) გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებსაპონი მასალების გამოყენებით.

4.2.2 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის შესაბამისად: "საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე";

4.2.3 შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე "TOYOTA LAND CRUISER PRADO" სახ.N ....... (J.........), მიმდინარე წლის 21 თებერვალს, შპს "მ–სის" მიერ, შეკეთებულ იქნა ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ექსპლუატაციაში ყოფნის დროს, მიმდინარე წლის 21 ივლისს, ავტომობილს კვლავ დაუფიქსირდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა და დაბრუნებულ იქნა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 ივლისსავე, შედგა დეფექტური აქტი, ხოლო მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2020 წლის 21 ივლისიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა - 2020 წლის 26 ივლისისა;

4.2.4 მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 26 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 06 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით;

4.2.5 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) ლარის 0.15%-ის ოდენობით (1020000*0.15%*11), რაც თანხობრივად შეადგენს 16 830 ლარს;

4.2.6 საქმეში წარმოდგენილი აქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 098.91 ლარი.

4.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რითაც სასამართლომ დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, და მივიდა დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს სახით - 18.13 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი (პირგასამტეხლოს დაანგარიშება არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან) და ამ გზით მისი შემცირება შეესაბამებოდა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და აღნიშნული ოდენობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი მექანიზმის სამართლებრივ ფუნქციას სრულად ასრულებდა. ამ კუთხით, სასამართლომ მიუთითა, რომ გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 098.91 ლარით. პირგასამტეხლოს დაანგარიშება სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა განხორციელებულიყო, რომლის 0.15% ყოველდღიურად 1.64 ლარს, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით კი, 18.13 ლარს (1098.91*0.15%*11 ლარი), შეადგენდა.

4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების პრევენციის მიზნით გამოიყენეს და არ ატარებდა სადამსჯელო ხასიათს. ამასთან, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების შესყიდვის საგნის მნიშვნელობაზე. კერძოდ, შესყიდვის ობიექტია შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, შესაბამისად, ავტომობილის დროულად მწყობრში დაბრუნება მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესია შემსყიდველისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1 2020 წლის 04 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს “მ–სს” შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, ამ უკანასკნელის ბალანზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით (41. NAT190021327_TOYOTA - LEXUS - პრეისკურანტი - ცვლილება (1).pdf) გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებსაპონი მასალების გამოყენებით.

10.2 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის შესაბამისად: "საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე";

10.3 შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე "TOYOTA LAND CRUISER PRADO" სახ.N ...... (......), მიმდინარე წლის 21 თებერვალს, შპს "მ–სის" მიერ, შეკეთებულ იქნა ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ექსპლუატაციაში ყოფნის დროს, მიმდინარე წლის 21 ივლისს, ავტომობილს კვლავ დაუფიქსირდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა და დაბრუნებულ იქნა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 ივლისსავე, შედგა დეფექტური აქტი, ხოლო მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2020 წლის 21 ივლისიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა - 2020 წლის 26 ივლისისა;

10.4 მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 26 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 06 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით;

10.5 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) ლარის 0.15%-ის ოდენობით (1020000*0.15%*11), რაც თანხობრივად შეადგენს 16 830 ლარს;

10.6 შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 098.91 ლარი.

11. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს.

14. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.სუსგ. №ას-553-2023 28.09.2023წ). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

17. პალატა ყურადღებას გაამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე "TOYOTA LAND CRUISER PRADO" სახ.N ....... (........), 2020 წლის 21 თებერვალს, შპს "მ–სის" მიერ, შეკეთებულ იქნა ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ექსპლუატაციაში ყოფნის დროს, 2020 წლის 21 ივლისს, ავტომობილს კვლავ დაუფიქსირდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა და დაბრუნებულ იქნა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 ივლისსავე, შედგა დეფექტური აქტი, ხოლო მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2020 წლის 21 ივლისიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა - 2020 წლის 26 ივლისისა. მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 26 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 06 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1020000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) ლარის 0.15%-ის ოდენობით (1020000*0.15%*11), რაც თანხობრივად შეადგენს 16 830 ლარს.

18. სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე ნარდობის ხელშეკრულების მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლო, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის გონივრულობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. თუმცა მითითებულია, რომ შეუსაბამოდ მაღალია საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამო თანხა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.№ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-1819-2019, 19.02.2020წ.; №ას-626-2021, 14.07.2021წ.).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან მომსახურება გაეწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 1 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამო თანხაა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დაანგარიშებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.15% ავტომანქანაზე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან (ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით ) და არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ–სმა’’ სახელშეკრულებო ვალდებულება 11 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. ასევე, დადგენილია, რომ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1098.91 ლარი. ამრიგად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ სწორედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. შესაბამისად, მოვალეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 18.13 (1098.91*0.15%*11) ლარის ოდენობით.

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

7. პროცესის ხარჯები:

კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ

იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე