საქმე №ას-196-2024
16 ივლისი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი,“ „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - შპს ,,მ–სის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 389692.50 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრება .
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ–სს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა N15 ხელშეკრულების არაჯეროვანი
შესრულებისთვის პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით.
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 15 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ–სს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT180019130 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული Toyota-ს და Lexus-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით (3.NAT180019130-TOYOTA-LEXUS-პრეისკურანტი- ცვლილება) გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. აღნიშნული პრეისკურანტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. წარმოდგენილი ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1165000 ლარს, ხოლო პრეისკურანტის ღირებულება - 2376535,15 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 იანვარი.
4.2.2 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა.
4.2.3 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადად, 3.2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროობისათვის განისაზღვრა არაუმეტეს 3 კალენდარული დღე. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადად, 3.2.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.
4.2.4 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის შესაბამისად საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2.5 2019 წლის 12 აგვისტოს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA LAND CRUISER PRADO", სახ. N ...., შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, მას დაუდგინდა გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.6 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 06 სექტემბრისა, გაეწია 2019 წლის 19 ოქტომბერს - 39 კალენდარული დღის დაგვიანებით. გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2673,12 ლარი.
4.2.7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 17 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: 2019 წლის 12 აგვისტოს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA LAND CRUISER PRADO", სახ. N ....., შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, მას დაუდგინდა გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2019 წლის 06 სექტემბრისა, შესრულდა 2019 წლის 19 ოქტომბერს - 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.8 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 156 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*39), რაც თანხობრივად შეადგენს 68 152,5 ლარს.
4.2.9 2019 წლის 22 აგვისტოს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA LANDCRUISER 70", სახ. N ....., შემოწმება/შეკეთებისსამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში,დაუდგინდა ძრავის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 08 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: 2019 წლის 22 აგვისტოს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA LANDCRUISER 70’’", სახ. N ......., შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, დაუდგინდა ძრავის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2019 წლის 06 სექტემბრისა, გაეწია 2019 წლის 26 ოქტომბერს - 50 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.11 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 1560 00 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*50), რაც თანხობრივად შეადგენს 87375 ლარს.
4.2.12 2019 წლის 11 ოქტომბერს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA HILUX", სახ. N ..... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, მას ესაჭიროებოდა ძრავაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.13 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 26 ოქტომბრისა, გაეწია 2019 წლის 21 ნოემბერს - 2 6 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.14 2020 წლის 23 ივნისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA CAMRY", სახ. №......./....., შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.15 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 28 ივნისისა, გაეწია 2020 წლის 31 აგვისტოს - 64 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 02 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: 2020 წლის 23 ივნისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA CAMRY", სახ. №...../.....,, შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.17 მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2020 წლის 28 ივნისისა, გაეწია 2020 წლის 31 აგვისტოს - 64 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.18 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1156000 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*64), რაც თანხობრივად შეადგენს 111840 ლარს.
4.2.19 2019 წლის 30 მაისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA CAMRY", სახ. №..... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.20 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 14 ივნისისა, გაეწია 2019 წლის 09 ივლისს - 25 კალენდარული დღის დაგვიანებით. გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 3706,50 ლარი.
4.2.21 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 ივლისის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: 2019 წლის 30 მაისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA CAMRY", სახ. №... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და 2019 წლის 14 ივნისისა, გაეწია 2019 წლის 09 ივლისს - 25 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.22 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1156000 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*25), რაც თანხობრივად შეადგენს 43687,5 ლარს.
4.2.23 2019 წლის 06 მარტს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA HILUX ", სახ. №..... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.24 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 09 მარტისა, გაეწია 2019 წლის 18 მარტს - 9 კალენდარული დღის დაგვიანებით. გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 143,1 ლარი.
4.2.25 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, 2019 წლის 06 მარტს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA HILUX", სახ. N.....,, შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და 2019 წლის 09 მარტისა, გაეწია 2019 წლის 18 მარტს - 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.2.26 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1156000 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*9), რაც თანხობრივად შეადგენს 15727,5 ლარს.
4.2.27 2019 წლის 19 ივლისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA RAV4", სახ. N ..... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის გაუმართავი მუშაობა, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი.
4.2.28 შპს „მ–სის“ მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 03 აგვისტოს, გაეწია 2019 წლის 13 აგვისტოს - 10 კალენდარული დღის დაგვიანებით. გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2611,79 ლარი. ცალი - 0 ლარი; ძრავის კომპლექტში ამოღება-ჩადგმა - 1 ცალი - 110,46 ლარი.
4.2.29 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: 2019 წლის 19 ივლისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA RAV4", სახ. №..... შემოწმება/შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს "მ–სის" სერვის ცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის გაუმართავი მუშაობა, რაზეც იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2019 წლის 03 აგვისტოს, გაეწია 2019 წლის 13 აგვისტოს - 10 კალენდარული დღის დაგვიანებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1156000 ლარის 0.15%-ის ოდენობით (1156000*0.15%*10), რაც თანხობრივად შეადგენს 17475 ლარს.
4.2.30 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის NMIA 2 20 03047740 წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ–სს’’ უნდა განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით. ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-5 ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადები, შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1165000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც დანართი N1-ის შესაბამისად, მთლიანობაში შეადგინა 389692,50 ლარი.
4.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რითაც სასამართლომ დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, და მივიდა დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს სახით - 3000 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი (პირგასამტეხლოს დაანგარიშება არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან) და ამ გზით მისი შემცირება შეესაბამებოდა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და აღნიშნული ოდენობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი მექანიზმის სამართლებრივ ფუნქციას სრულად ასრულებდა.
4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების პრევენციის მიზნით გამოიყენეს და არ ატარებდა სადამსჯელო ხასიათს. ამასთან, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების შესყიდვის საგნის მნიშვნელობაზე. კერძოდ, შესყიდვის ობიექტია შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, შესაბამისად, ავტომობილის დროულად მწყობრში დაბრუნება მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესია შემსყიდველისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი წინამდებარე განჩინების 4.2 – 4.2.30 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშების წესს. შესაბამისად, საკასაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს.
13. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.სუსგ. №ას-553-2023 28.09.2023წ). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
14. სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე ნარდობის ხელშეკრულების მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლო, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის გონივრულობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. თუმცა მითითებულია, რომ შეუსაბამოდ მაღალია საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამო თანხა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.№ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-1819-2019, 19.02.2020წ.; №ას-626-2021, 14.07.2021წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 15 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ–სს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT180019130 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული Toyota-ს და Lexus-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით (3.NAT180019130-TOYOTA-LEXUS-პრეისკურანტი-ცვლილება) გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების /საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. წარმოდგენილი ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1165000 ლარს.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან მომსახურება გაეწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამო თანხაა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დაანგარიშებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.15% თითოეულ ავტომანქანაზე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან (ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით ) და არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებიდან. დადგენილია, რომ გაწეული მომსახურება, შესრულებული სამუშაოს აქტებით, განისაზღვრა: კერძოდ, 1). "TOYOTA LAND CRUISER PRADO", სახ. N ..... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2673,12 ლარით. 2). "TOYOTA LANDCRUISER 70’’", სახ. N ..... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 3068,97 ლარით. 3). "TOYOTA HILUX",სახ. N ........ - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 6520,29 ლარით. 4). "TOYOTA CAMRY", სახ. N ...../.... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 306,91 ლარით. 5). "TOYOTA CAMRY", სახ. N ..... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 3706,50 ლარით. 6). "TOYOTA HILUX ", სახ. N ...... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 143,1 ლარით. 7). "TOYOTA RAV4", სახ. N ...... - გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2611,79 ლარით., შესაბამისად, გაწეული მომსახურების ღირებულებების 0.15%, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით: 1). "TOYOTA LAND CRUISER PRADO", სახ. N .... –2673,12X0,15%X39 – 156,38 ლარია; 2). "TOYOTA LANDCRUISER 70’’", სახ. N ......-WW - 3068,97X0,15%X26 – 119,69 ლარია. 3). "TOYOTA HILUX", სახ. N ....... - 6520,29X0,15%X26 – 254,30 ლარია. 4). "TOYOTA CAMRY", სახ. N ......./......... - 306,9X0,15%X64 – 29,47 ლარია. 5). "TOYOTA CAMRY", სახ. N ...... - 3706,50X0,15%X25 – 139 ლარია. 6). „TOYOTA HILUX ", სახ. N ....... - 143,1X0,15%X9 – 1,94 ლარია; 7). "TOYOTA RAV4", სახ. N ....... - 2611,79X0,15%X10 – 39,17 ლარია, რაც ჯამში შეადგენს 739,95 ლარს. (თუმცა, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - 3000 ლარის პირგასამტეხლოს ნაწილში, სასამართლოს მიერ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ).
18. მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. 19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ-ები: №ას-1382-2022, 01 მარტი, 2023, პ.68; №ას-1028-2021, 01 ივლისი, 2022). თუ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგ (იხ., სუსგ №ას-1293-2022 18 იანვარი, 2023 წელი, პპ:44-46).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა, 3000 ლარზე გაცილებით ნაკლებია, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო, მას მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
7. პროცესის ხარჯები:
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე