საქმე №ას-1557-2022
02 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - ი.დ–ძე, მ.კ–ა
არასრულწლოვნები - ლ.დ–ძე, მ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებლების მოთხოვნა
1.1 თანხმობის მიღება არასრულწლოვანი შვილების ლ.დ–ძის (დაბ. 06.06.2013წ.) და მ.დ–ძის (დაბ. 04.04.2016წ.) სახელზე რიცხული (თანასაკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ფოთი, ......., ს/კ: ..........) განკარგვაზე (ნასყიდობის გზით).
1.2 2021 წლის 13 აპრილს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ი.დ–ძემ და მ.კ–ამ, რომლებმაც მოითხოვეს არასრულწლოვანი შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებაზე ნებართვის გაცემა. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობენ ი.დ–ძის მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ქ. ფოთი, ........ ბინა 13-ში.
1.3 2021 წლის 09 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განმცხადებლებს და მათ არასრულწლოვან შვილებს გადაეცათ თანასაკუთრებაში ბინა, მდებარე ქ. ფოთი, ........, ს/კ ..........
1.4 განმცხადებლებმა გადაწყვიტეს თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გასხვისება და მშობლების გვერდით ბინის შეძენა (ქ. ფოთი, .......), შემდგომში სურთ ბინების გაერთიანება და ცხოვრების ერთად გაგრძელება. გასაყიდი და შესაძენი ბინა როგორც ფართით, ასევე ოთახების რაოდენობის მხრივ არის თანაბარი მდგომარეობის.
1.5 გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი. ამავე განჩინებით არასრულწლოვნებს დაენიშნათ ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარების სამსახურიდან.
2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია არასრულწლოვნების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაცია სანაცვლო ფართის არასრულწლოვნების თანასაკუთრებად რეგისტრაციის პირობით.
3. არასრულწლოვნების ადვოკატი დაეთანხმა განმცხადებლების მოთხოვნას. მისი განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისება შეესაბამებოდა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს. ამასთან აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების მშობლებმა არასრულწლოვნების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თახის მიზნობრივად გამოყენების შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინონ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.დ–ძის და მ.კ–ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ი.დ–ძეს და მ.კ–ას მიეცათ თანხმობა არასრულწლოვანი შვილების ლ.დ–ძისა და მ.დ–ძის სახელზე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ფოთი, ........., ბინა №30, ს/კ: .........) განკარგვაზე (ნასყიდობის გზით). ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის ვადად განისაზღვრა 6 თვე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. განმცხადებლებს დაევალა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ცენტრს წარუდგინონ ინფორმაცია არასრულწლოვნების ქონების გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობით - ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა და მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტის გაუქმება, რომლითაც ი.დ–ძეს და მ.კ–ას დაევალათ წარუდგინონ სააგენტოს ინფორმაცია არასრულწლოვანი ბავშვების კუთვნილი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის განკარგვის მიზნობრიობის თაობაზე. შესაბამისად, არასრულწლოვნების ქონების გასხვისების შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
4.3 აპელანტმა, ასევე გაასაჩივრა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმის შესახებ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩეილს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებლებს (ი.დ–ძეს და მ.კ–ას) დევალათ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ცენტრს წარუდგინონ ინფორმაცია არასრულწლოვნების ქონების გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობით - ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინების (საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმის თაობაზე) გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5.2 პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შემოღებისას კანონმდებელმა ბავშვის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად აღსრულების მექანიზმების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა და სწორედ ხსენებული სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს სასამართლოს კონტროლის შემოღება ბავშვის ქონების გასხვისებისას, თუმცა უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე მონიტორინგის საკითხი კანონმდებელს არ განუსაზღვრავს (რაც შესაძლებელია, კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილსაც კი წარმოადგენდეს). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მშობლისთვის ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ასეთი დავალების პირობებშიც კი - სააგენტო მოკლებული იქნება საკითხზე რეალური და შედეგიანი რეაგირების როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ შესაძლებლობას. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა და აღნიშნა, რომ სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების გაუქმება არ ნიშნავს და არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების განმცხადებლის მიერ ბავშვის ინტერესების დარღვევით შესრულებას. თუკი ქონების განკარგვის შემდგომ ადგილი ექნება ბავშვის უფლებების დარღვევას და მიღებული სარგებლის არამიზნობრივ გამოყენებას, ასეთ ფაქტზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთო საფუძვლებით შეიძლება მოხდეს.
5.3 სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გალი-გულრიფშისა და ოჩამჩრე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ და მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩართვა მოცემულ საქმეში აუცილებელი იყო და ემსახურებოდა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დადგენას.
5.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის თანახმად, ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას; ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცენტრის სააპელაციო საჩივარი.
6.2. კასატორი სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში არსებულ განმარტებას სახელმწიფოს პოზიტიურ როლზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას ამ მიზნის მისაღწევად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვაზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
6.3. კასატორი განმარტავს, რომ ქონების განკარგვაზე ნებართვის გაცემის საქმეები ცალსახად უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო სააგენტოს დასკვნა ვერ განიხილება ამ ტიპის დოკუმენტად. დასკვნის მომზადება ხდება განმცხადებლების პოზიციის, არასრულწლოვანის მოსაზრების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი უდავო მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან იგი იმეორებს საქმეში ისედაც არსებულ მონაცემებს, ვერ დაადასტურებს ან ვერ უარყოფს ვერც ერთ ფაქტობრივ გარემოებას, ეფუძნება ვარაუდს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს ან პირიქით. ასევე, რთულია ქონების განკარგვის გადაუდებელ აუცილებლობაზე მსჯელობაც. შესაბამისად, ამ ტიპის დასკვნის მომზადება ფორმალურ ხასიათს ატარებს და იგი ვერ დაეფუძნება ჩაღრმავებულ კვლევებს, მტკიცებულებებს და ა.შ. აღნიშნულის შესაძლებლობას არც საქმის მასალები და არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რესურსი იძლევა. ყველა ეს გარემოება, სასამართლოსთვის ისედაც ცხადია საქმის მასალებით, არასრულწლოვანის გამოკითხვის და განმცხადებლების პოზიციების მოსმენითაც.
6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის სამოქალაქო საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა, იმ პირობებში, როდესაც არ არის შეჩერებული, შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე პრიმა მუხლზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამ მიზნების მიღწევისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად კი, არასრულწლოვნის უფლებების დაცვა, კომპეტენციის შესაბამისად, უნდა იქნეს დელეგირებული ყველა რგოლზე, მათ შორის, მნიშნელოვანი ფუნქცია საოჯახო დავებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ენიჭება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენა მხოლოდ საკითხის სრულყოფილი შესწავლით არის შესაძლებელი, ამ პროცესში კი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაწილეობა და მისი მოსაზრების მოსმენა განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა (იხ.სუსგ. №ას-1378-2021,05.04.2022წ.; №ას-1558-2022 01.03.2023წ.).
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მსგავსი ტიპის სამოქალაქო საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და განმარტავს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ძირითადი დანიშნულება არის იმ მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვა, რომლებიც ობიექტურ გარემოებათა საფუძველზე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დამოუკიდებლად დაიცვან თავიანთი უფლებები და შეასრულონ სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებები. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.“ სწორედ ამ უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტს წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. (იხ. სუსგ. Nას-967-916-2015 25.02.2016წ).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეშიც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ჩაბმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით იყო ნაკარნახევი. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა სააგენტოს დასკვნა და წარმომადგენლის განმარტება. შესაბამისად, სააგენტოს საქმეში მონაწილეობა უკანონოდ და უსაფუძვლოდ ვერ იქნება მიჩნეული.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ ამ დასაბუთების გასაქარწყლებლად კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
20. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე