საქმე №ას-791-2022
31 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდ/მეწარმე მ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ინდივიდუალურ მეწარმე მ.მ–ძეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2 368 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე მ.მ–ძეს შორის 2020 წლის 21 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/30 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვას.
2.2 ინდივიდუალურ მეწარმე - მ.მ–ძის მიერ, დარღვეულ იქნა №03.01/30/30 ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ეკისრება ჯარიმა - 2 368 ლარის ოდენობით. წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია დარიცხული ჯარიმა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს მ.მ–ძისთვის 2 368 ლარის დაკისრებას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1 მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ხელშეკრულების პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით, თუმცა, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი სკამები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს. მისივე მითითებით, თავდაპირველად დაამზადა 1 ცალი სკამი რკალისებრი სახელურებით, რაც ნიმუშის სახით წარუდგინა მოსარჩელეს. ნიმუში მოსარჩელის თანამშრომლებმა მოიწონეს და დაავალეს მსგავსი სკამების დამზადება და მონტაჟი, ქ. თბილისში ..... №103-თან არსებულ „ა.ბ–ში“. მოპასუხემ დაამზადა ნიმუშის ანალოგიური 11 სკამი (სულ 12) და დაამონტაჟა მითითებულ ბაღში.
3.2 მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაუსაბუთებლად და უკანონოდ დაიწუნა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო. მან დაიცვა ესკიზი №1-ში მითითებული პარამეტრები. ამასთან აღნიშნა, რომ ერთნაირად რკალისებრი საყრდენი უკანა ფეხის გაკეთება ესკიზ №1-ში მითითებულ პარამეტრებით ტექნიკურად შეუძლებელი იყო. შედუღების ნაკერები დამუშავებული იყო ხარისხიანად. იმასთან დაკავშირებით, რომ სკამის ხის დასაჯდომი ძელაკები იყო 95/25მმ. ძელაკებს დამუშავების და შეღებვის გამო, ბუნებრივი დანაკარგი აქვს, რის გამოც, შესაძლებელია ზუსტად 100/30 მმ არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ნიმუში მოიწონა და დაამზადებინა ანალოგიური სახის სკამები, შემდეგ კი უარი უთხრა შესრულებული სამუშაოს ჩაბარებაზე, მათ შორის იმ სკამის მიღებაზეც, რომელიც ნიმუშის სახით წარუდგინა.
3.3 მოპასუხე მიიჩნევს, რომ უკანონოა პირგასამტეხლოს დაკისრების მთხოვნა. ასევე უკანონოდ მიიჩნევს იმას, რომ მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების 8.2 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 12-ჯერ დაკისრებას, რადგან დამკვეთმა დავალება 12-ივე სკამზე ერთდროულად მისცა, შესრულებაც ერთდროულად განხორციელდა.
3.4 მოპასუხემ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო უარით გაწეულ შესრულების მიღებაზე, მოსარჩელემ მას მიაყენა ზიანი, მასალის ხარჯის და ტრანსპორტირების ღირებულების სახით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ინდივიდუალურ მეწარმე მ.მ–ძეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 172.80 ლარის გადახდა.
4.2 მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5.2 თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დამზადებული საპარკე სკამები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად. ეს გარემოებები კი მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენების წინაპირობაა. სასამართლომ მიუთითა, ხელშეკრულების 8.2 პუნქტზე რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე.
5.3 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხემ, თავისი საპასუხო წერილით მოსარჩელის მიერ ნაკლის გამოსწორების წინადადებით გაგზავნილ წერილზე, უარი განუცხადა მოსარჩელეს ნაკლის გამოსწორებაზე და მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება 9.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.4 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელირება მასზედ, რომ არსებობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ შეასრულა საპარკე სკამების დამზადებისა და მიწოდების სამუშაო 2020 წლის 07 თებერვლის წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადაში, 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. თუმცა, პალატამ დასძინა, რომ ორივე შემთხვევისთვის, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხისთვის დაეკისრებინა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
5.5 მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზნისა და დანიშნულების, ასევე სამოქალაქო სამართალში კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, პალატამ განმარტა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით (ვალდებულების დარღვევის ხარისხი, ვალდებულების შესრულების დრო და სხვა), მხარეთა ორმხრივი ნების გამოხატვის შედეგად დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ის 0.2 % -დან 0.02 %-მდე, ხოლო 8.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 5% – 0.3 %-მდე, მართებულად იქნა შემცირებული.
5.6 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1 კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2 კასატორი ვრცლად მსჯელობს პირგასამტეხლოს დანიშნულებაზე, მიზანსა და ფუნქციაზე და შესაბამისად, განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა ხელშეკრულების არცერთ პუნქტს, ეთანხმებოდა ხელშეკრულების შინაარსს და ადასტურებდა ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტს, გაურკვეველია სასამართლოებმა რატომ მიიჩნიეს მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ და რა მოტივით შეამცირეს იგი, მით უფრო მაშინ, როდესაც არსებობდა მაღალი დაცვის ღირსი - საჯარო ინტერესი, რომელიც მოპასუხემ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გზით, შელახა.
6.3 კასატორი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები სპეციფიკურია და სერიოზული გავლენა აქვთ საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. კასატორი ამტკიცებს, რომ თითოეულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, საჯარო ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერება.
11. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს... შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
13. 2020 წლის 21 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და ინდივიდუალურ მეწარმე მ.მ–ძეს (მიმწოდებელი) შორის, ელექტრონული ტენდერის NAT19002704 საშუალებით, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №03.01/30/30 ხელშეკრულება, რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
14. ხელშეკრულების №1 დანართით, განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ტექნიკური მახასიათებლები, ესკიზების სახით, ასევე ასახული იყო ხელშეკრულების დანართში - ესკიზი (ესკიზი №1 და ესკიზი №2).
15. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 32 000 ლარით. შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება, ასევე უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება- ჩაბარების აქტით.
16. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით, შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური კონტროლი. 5.3 პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
17. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2 %-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
18. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ხოლო 9.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; გ) თუ შემსყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ შემსყიდველი/მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
19. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 07 თებერვლის №18-0120038480 წერილით, ი/მ მ.მ–ძეს დაევალა, 2020 წლის 21 იანვარის №03.01/30/30 ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უზრუნველეყო ქალაქ თბილისში, ........ არსებულ „ა.ბ–ში“ რკალისებრი სახელურით, 12 ერთეული საპარკე სკამის მიწოდება.
20. მოპასუხემ, ნიმუშად დაამზადა 1 ცალი საპარკე სკამი, რომელიც შემოწმებული იქნა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ. 2020 წლის 13 იანვარს შედგენილი დათვალიერების აქტის მიხედვით, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილი დეკორატიული საპარკე სკამის ნიმუში, შეესაბამება და აკმაყოფილებს ელექტრონული ტენდერის NAT19002704 ტექნიკურ მახასიათებლებს.
21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 12 მარტის წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებისას დაფიქსირდა ზემოთ მითითებული ხარვეზები (წარდგენილი სკამის ხის დასაჯდომი ძელაკების სისქე უნდა ყოფილიყო 100X30მმ, ნაცვლად 95X25მმ-ისა, ასევე სკამის საყრდენი (უკანა ფეხი) უნდა ყოფილიყო ერთიანი მორკალვით და არა მკვეთრად კუთხოვანი, სადაც შედუღების ნაკერები უხარისხოდაა დამუშავებული). ამავე წერილით მ.მ–ძეს ეთხოვა, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 17 მარტის ჩათვლით, საკუთარი ხარჯებით, აღმოეფხვრა სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა დეფექტი.
22. 2020 წლის 16 მარტის წერილით, მოპასუხემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს აცნობა, რომ №18-01-0038480 წერილობითი დავალება მის მიერ შესრულებული იქნა სატენდერო დოკუმენტაციის სრული დაცვით, ხოლო სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკური თვალსაზრისით, შეუძლებელი იყო.
23. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის 2020 წლის 17 მარტის N18-0120077338 წერილით, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურს ეცნობა, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი სკამი არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებს, სამსახური მიზანწონილად არ მიიჩნევდა სკამების ჩაბარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით სამსახურს ეთხოვა მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ბ“ (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება) და „გ“ (თუ შემსყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას) ქვეპუნქტების შესაბამისად ცალმხრივად შეწყვეტა.
24. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის 2020 წლის 23 მარტის N18-01200831718 წერილით, მოპასუხეს ეცნობა, ხელშეკრულების შეწყვეტის და ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჯარიმის, ყოველ ჯერზე (12-ჯერ), ხელშეკრულების ღირებულების (32 000 ლარი) 0,2%-ის, ჯამში 768 ლარის, ასევე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის, ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის 1 600 ლარის დაკისრების თაობაზე.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, შესყიდვის ობიექტის განხორციელება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მოპასუხის მიერ მიწოდებული და დამონტაჟებული საპარკე სკამების მიღება, მოსარჩელეს, შესაბამისი აქტის შედგენით არ განუხორციელებია, თუმცა იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის დათვალიერების აქტით დასტურდება, რომ სამსახურმა მიიჩნია, რომ მ.მ–ძის მიერ წარმოდგენილი 1 საპარკე სკამის ნიმუში შეესაბამებოდა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფოს შესყიდვის ხელშეკრულების ტექნიკურ მოთხოვნებს(მოპასუხის განმარტებით, ნიმუშად მოწონებული საპარკე სკამიც ა.ბ–შია დამონტაჟებული, რასაც არ შედავებია მოპასუხე მხარე).
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხის მიერ დამზადებული საპარკე სკამების ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა. კერძოდ, წარდგენილი სკამის ხის დასაჯდომი ძელაკების სისქე უნდა ყოფილიყიო 100X30მმ, ნაცვლად 95X25მმ-ისა, ასევე სკამის საყრდენი (უკანა ფეხი) უნდა ყოფილიყო ერთიანი მორკალვით და არა მკვეთრად კუთხოვანი, სადაც შედუღების ნაკერები უხარისხოდაა დამუშავებული. მოპასუხემ უტყუარად უნდა დაადასტუროს ის შედავება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტურ გარემოებებს ეხება. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რაც საფუძველი იქნებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული გარემოებების უარსაყოფად.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შინაარსზე, რომლთაც მიმოწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა, რაც მიმწოდებლის მხრიდან არ განხორციელებულა. მითითებული გარემოებები კი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, გარდა შესრულების ვადის დარღვევისა, შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2 %-ის ოდენობით) პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს ქმნის.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებული, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
29. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).
30. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).
31. ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
32. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაწილობრივ სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არაპროპორციულად შემცირდა, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ მიმწოდებლის მიერ, ნიმუშის სახით წარდგენილი 1 ცალი სკამი დამკვეთის მიერ მოწონებული იქნა (იხ.გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ. 2020 წლის 13 იანვარს შედგენილი დათვალიერების აქტი; ს.ფ. 58), პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, მიმწოდებელს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს 11 სკამისთვის, რაც ჯამში შეადგენს 704 ლარს (32000X0,2%X11=704).
35. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ჯარიმის უსაფუძვლოდ შემცირების თაობაზე კასატორის პრეტენზიას. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; გ) თუ შემსყიდველისთვის ცნობილი განდა, რომ შემსყიდველი/მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).
37. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის განმარტებით (რასაც არ შედავებია მოსარჩელე მხარე), მან შეასრულა საპარკე სკამების დამზადების სამუშაო და 12 სკამი დამონტაჟებულია ა.ბ–ში(იხ. შესაგებელი; ს.ფ.63-71). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად სამუშაოთა შესრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობისა, ნაკლიანი შესრულების მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდის მიერ ფაქტობრივად გაწეულია. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატამ მოპასუხეს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დააკისრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით გათვალისწინებული ჯარიმა შემცირებული ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.3%), რასაც დაეთანხმა მოპასუხე, მას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო სასამართლო საკასაციო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და, უფლებამოსილია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ (სსსკ-ის 404.1, 409-ე მუხლები). არ არის გამორიცხული, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება/განჩინება არასწორია იმ ნაწილშიც, რომელიც არაა გასაჩივრებული და აპელანტის/კასატორის სასარგებლოდაა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის/საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს და ვერ გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას იმ ნაწილში, სადაც არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული სააპელაციო/საკასაციო პრეტენზია (შდრ: სუსგ-ას N ას-1288-2019, 04.03.2021. 157პ).
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეზე ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი არ არსებობს, რასაც ამ ნაწილში კასატორის პრეტენზიას უსაფუძვლოს ხდის.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული მუხლის დანაწესის შესაბამისად, თანხების გაქვითვის შედეგად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 62,85 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ი/მ მ.მ–ძეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 704 ლარის გადახდა;
5. ი/მ მ.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 62,85 ლარის გადახდა.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე